იკარდიმ “ინტერთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა (ფოტო)

მილანის “ინტერის” თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

22 წლის ფეხბურთელმა “ნერიაძურისთან” ახალი შრომითი ხელშეკრულება 2019 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

იტალიის ჩემპიონატის დასრულებულ გათამაშებაში მაურო იკარდიმ 36 მატჩი ჩაატარა და 22 გოლით ლუკა ტონისთან ერთად საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

არგენტინელი ფეხბურთელი “ინტერში” 2013 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 48 შეხვედრა ჩაატარა, 27 გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა გააკეთა.

Icardi

იკარდიმ გადაწყვეტილება მიიღო

იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იუწყება, რომ მილანის “ინტერის” თავდამსხმელი მაურო იკარდი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას დათანხმდა.

ახალი შრომითი ხელშეკრულება 2019 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში. ფეხბურთელი სეზონში 4 მილიონ ევროს მიიღებს. ოფიციალურმა მხარემ ეს ინფორმაცია უახლოესი ათი დღის განმავლობაში უნდა დაადასტუროს.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ფეხბურთელით ლონდონის “ჩელსი” იყო დაინტერესებული.

მიმდინარე სეზონში მაურო იკარდიმ ყველა ტურნირზე ერთად 45 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა.

 

იკარდი: “მოხარული ვარ, რომ გადამწყვეტი გოლი გავიტანე”

იტალიის ჩემპიონატის 32-ე ტურში მილანის “ინტერმა” “რომა” ანგარიშით 2:1 დაამარცხა. გამარჯვების გოლი შეხვედრის 88-ე წუთზე მაურო იკარდიმ გაიტანა, რომელმაც მატჩის შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდება.

“მოხარული ვარ, რომ გადამწყვეტი გოლი გავიტანე, თუმცა ეს მანამდე უნდა გაგვეკეთებინა. გუნდმა მანჩინის დავალება შეასრულა. მთელი ძალით ვიბრძოდით. დერბიშიც ანალოგიური სიტუაცია იყო, მაგრამ მაშინ გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ზაფხულში კლუბის ხელმძღვანელობა “ინტერს” გააძლიერებს და შემდეგ პირველი ადგილისთვის ვიბრძოლებთ”, – იკარდის სიტყვებს TMW ციტირებს.

 

2015 წელს “ინტერიდან” გოლებს მხოლოდ ლეგიონერები იტანენ (ვიდეო)

იტალიის ჩემპიონატის 30-ე ტურში მილანის “ინტერმა” სტუმრად “ვერონა” ანგარიშით 3:0 დაამარცხა. გოლები მაურო იკარდიმ და როდრიგო პალასიომ გაიტანეს, ავტოგოლი კი მასპინძელთა ბერძენმა მცველმა მორასმა ჩაიწერა.

ამრიგად, “ნერიაძურის” რიგებიდან ყველა ტურნირზე ერთად გატანილი ბოლო 31 გოლიდან ყველა ლეგიონერთა ანგარიშზეა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2015 წელს “ინტერის” მხრიდან იტალიელ ფეხბურთელს გოლი არ გაუტანია.

იკარდი: “თუ “ინტერს” ჩემი გაყიდვა მოუნდება, ჩავალაგებ ბარგს და წავალ”

მილანის “ინტერის” თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ განაცხადა, რომ “ნერიაძურიში” ყველაფერი აკმაყოფილებს, თუმცა თუ კლუბი მის გაყიდვას გადაწყვეტს, მისთვის არც ეს იქნება პრობლემა.

“მოქმედი კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ჯერ კიდევ სამი წელია დარჩენილი. თუ შეთანხმებას მივაღწევთ (საუბრობს ხელფასის მომატების შესახებ – რედ.), ყველანი კმაყოფილები ვიქნებით. თუ რომელიმე სხვა კლუბს ჩემი ყიდვა მოუნდება, “ინტერს” უნდა დაუკავშირდეს. თუ “ნერიაძურის” ჩემი გაყიდვის სურვილი გაუჩნდება, ჩავალაგებ ბარგს და წავალ.

სხვა შემთხვევაში, მილანში დავრჩები. აქ ყველაფერი მაკმაყოფილებს და ბედნიერი ვარ. ჩემი ოჯახი აქ თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.

როდესაც “ინტერთან” კონტრაქტს ვაფორმებდი, მსურდა, რომ კლუბისთვის ჩემი მნიშვნელობა მეჩვენებინა. შეგვიძლია ახალ პირობებზე შევთანხმდეთ, რაც ჩემთვისაც კარგი იქნება და “ინტერისთვისაც”, – განაცხადა იკარდიმ CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ცნობისათვის, 22 წლის არგენტინელ თავდამსხმელს “ინტერთან” მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2019 წლის 30 ივნისს ეწურება.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 27 მატჩში მაურო იკარდიმ 15 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

იკარდიმ პენალტი პანენკას სტილში გაიტანა

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი, რომელიც “ნაპოლისა” და მილანის “ინტერს” შორის გაიმართა, ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. ბოლო გოლი “ნერიაძურის” თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმის წყალობით გაიტანა. არგენტინელმა ფეხბურთელმა პენალტი პანენკას სტილში შეასრულა.

 

იკარდი “ინტერის” დატოვებას არ აპირებს

მილანის “ინტერის” თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ განაცხადა, რომ ჯერჯერობით კლუბის გამოცვლას არ აპირებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა არგენტინელი ფეხბურთელით წამყვანი ევროპული კლუბები არიან დაინტერესებულნი.

“დავრჩები თუ არა “ინტერში”? კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე და კიდევ სამი წელი დამრჩა. ასე რომ, არსად წასვლას არ ვაპირებ. სხვა დანარჩენი საკითხებით ჩემი აგენტია დაკავებული”, – იკარდის კომენტარი Football-italia-მ გამოაქვეყნა.

 

“ინტერი” იკარდის შესაძლო შემცვლელად ჟინიაკის კანდიდატურას განიხილავს

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი” იუწყება, რომ “მარსელის” თავდამსხმელი ანდრე-პიერ ჟინიაკი მილანის “ინტერის” ყურადღების არეალში მოხვდა.

წყაროს ცნობით, არის იმის საფრთხე, რომ მაურო იკარდიმ “ნერიაძურისთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვას. მილანური გუნდის მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი არგენტინელის შესაძლო შემცვლელად სწორედ 29 წლის ფრანგი თავდამსხმელის კანდიდატურას მოიაზრებს.

ცნობისთვის, საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ანდრე-პიერ ჟინიაკმა 24 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.

 

კონფლიქტი “ინტერში”? რა მოხდა მოედანზე იკარდისა და ოსვალდოს შორის

იტალიის სერია A-ს XVII ტურში ტურინის “იუვენტუსსა” და მილანის “ინტერს” შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. ორივე გოლი არგენტინელმა თავდამსხმელებმა გაიტანეს: მასპინძელთაგან თავი კარლოს ტევესმა გამოიჩინა, სტუმართაგან კი – მაურო იკარდიმ.

მატჩის მიწურულს სტუმრებს დაწინაურების შანსიც მიეცათ, თუმცა მაურო იკარდიმ ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფ პაბლო ოსვალდოს ბურთი არ გადააწოდა და ეპიზოდი თავად დაასრულა არაზუსტი დარტყმით. იკარდის ამ გადაწყვეტილებამ ოსვალდოს გაღიზიანება გამოიწვია, უმალ მიიჭრა თანაგუნდელთან და რომ არა ფრედი გუარინი, შესაძლოა, ახალგაზრდა თანაგუნდელს ფიზიკურადაც შეხებოდა.

მატჩის შემდეგ აღნიშნულ ინციდენტზე კომენტარი იკარდიმ გააკეთა.

“ასეთი მომენტები მოედანზე ხდება ხოლმე. მინდორს მიღმა ჩვენ შორის არავითარი პრობლემა არ არის. არასწორად მოვიქეცი, მისთვის ბურთი უნდა მიმეცა. ვიგრძენი, რომ ეპიზოდის საკუთარ თავზე აღება შემეძლო და ამიტომაც გავრისკე.

რაც შეეხება გოლის მომენტს, გუარინმა კარგი პასი მომცა და მეც, საბედნიეროდ, ბურთის კარის ბადეში გახვევა შევძელი. მოპოვებული ქულა ფასეულია, თუმცა გამარჯვებაც შეგვეძლო. სამწუხაროა, რომ შანსები ვერ გამოვიყენეთ”, – ციტირებს იკარდის სიტყვებს Football-italia.

“ატლეტიკოს” სატრანსფერო მიზანი — იკარდი ან სოლდადო

მადრიდის “ატლეტიკო” დამდეგ სატრანსფერო პერიოდში კიდევ ერთი უმაღლესი დონის თავდამსხმელის დამატებას აპირებს.

კერძოდ, საუბარია ორ კანდიდატურაზე: მილანის “ინტერის” ფორვარდ მაურო იკარდიზე და “ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავდამსხმელ რობერტო სოლდადოზე. ამ უკანასკნელის დამატება გაცილებით ადვილი უნდა იყოს, ვინაიდან ესპანელი ფეხბურთელი “დეზების” ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება. თუმცა, იკარდი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ თავდამსხმელად ითვლება და რა თქმა უნდა, მადრიდელებისთვის ახალგაზრდა არგენტინელი ფორვარდი უფრო მისაღები ვარიანტია.

 

მარადონა: „ჩემს დროს იკარდის კარგად მიბეგვავდნენ“

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ მილანის „ინტერის“ 20 წლის არგენტინელი თავდამსხმელი მაურო იკარდი გააკრიტიკა. მარადონას თქმით, იკარდიმ „კატანიას“ კიდევ ერთ არგენტინელ ფორვარდ მაქსი ლოპესს მეუღლე წაართვა.

არგენტინის ერთ-ერთი ტელევიზიის 27 წლის წამყვანი და მოდელი ვანდა ნარა დიდი ხნის განავლობაში მეგობრობდა იკარდისთან, ბოლოს კი, მის გამო ქმარიც მიატოვა, რომლისგანაც სამი შვილი ჰყავს. ეს ფაქტი მარადონას ყურადღების არეალში მოექცა, რომელმაც ყველაფერში იკარდი დაადანაშაულა.


„იკარდი მოღალატეა. ის სტუმრად დადიოდა მაქსი ლოპესთან, მეგობრულად ესაუბრებოდა მას, ბოლოს კი ცოლი წაართვა. იცით, რას უზამდნენ ასეთ ადამიანს ჩემს დროს? ალყას შემოარტყამდნენ და კარგადაც მიბეგვავდნენ“, – ციტირებს მარადონას სიტყვებს არგენტინული პრესა.

ბექა დოგრაშვილი