პორტუგალიის 19-წლამდელთა თავკაცმა საქართველოს ნაკრები შეაქო

პორტუგალიის ნაკრების 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედგარ ბოჟესმა საქართველოსთან განვლილი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„რთული მატჩი იყო, საქართველოს ნაკრებს ვულოცვავ. თქვენი გუნდის მთავარ მწვრთნელსაც ვუთხარი, რომ შემადგენლობაში მებრძოლი ფეხბურთელები ჰყავს. დღეს ამაყი ვარ, რადგან ასეთი გუნდის დამარცხება მოვახერხეთ. ამ გუნდს საოცრად მებრძოლი ხასიათი აქვს.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ჩემმა გუნდმა ისე ვერ ითამაშა, როგორც საჭირო იყო და როგორც ჩვენ გვსურდა. საპირისპიროდ, საქართველომ ძალიან კარგი ფეხბურთი აჩვენა და იბრძოლა. ვიმეორებ, ასეთი თამაშის მოგებით გახარებული ვარ. საფინალო სასტვენის შემდეგ ამოვისუნთქე.

ასევე მსურს, რომ საქართველო არამხოლოდ დღევანდელი, არამედ ჯამში განვლილ მატჩებში ნაჩვენები ფეხბურთის გამო შევაქო. ესპანეთთან პირველ თამაშს დიდი ინტერესით ვუყურე. იმ შეხვედრაში საქართველომ ანგარიშით 1:4 წაგება არ დაიმსახურა. კარგ გზაზე დგახართ, რისთვისაც კომპლიმენტს იმსახურებთ“, – აღნიშნა ედგარ ბოჟესმა.

დევდარიანი: „სამწუხაროდ, ზარანდია ვერ გაიზარდა“

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ელიტრაუნდის მეორე მატჩი შეაფასა, რომელშიც მისი გუნდი პორტუგალიასთან ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

„საყურებლად ძალიან საინტერესო თამაში გამოვიდა. ყველა დაიღალა იმ ფრაზით, რომ კარგად ვითამაშეთ და დავმარცხდით, თუმცა დღეს ჩვენი შტაბის მიერ გაწეული სამუშაოთი და ფეხბურთელების მეირ ნაჩვენები თამაშით ამაყი ვარ. პორტუგალია და ესპანეთი თავის ასაკში საუკეთესო გუნდები არიან.  ჩვენი ჩემპიონატის ტემპის გათვალისწინებით, ბოლო თხუთმეტ წუთში სათამაშოდ მზად არ ვართ, რაზეც წინა თამაშის შემდეგაც და იქამდეც ვისაუბრე

ყველა ცვლილება იძულებითი გამოგვივიდა – სამივე მოთამაშე მოედნიდან დაღლილობის გამო გავიყვანე. ვთვლი, რომ პრობლემა სწორედ ამაშია – ჩვენ დავიღალეეთ.

ამ ასაკში თუკი ვინმე ნიჭიერი იყო, შანსი და თამაშის საშუალება მივეცი. ჩემი აზრით, ამით ეროვნულ ნაკრებსაც დავეხმარეთ, რადგან პიროვნული და საფეხბურთო თვისებების დახმარებით, ამ ფეხბურთელებს შორის მთავარ გუნდში თამაში ბევრს შეუძლია. ჩემი მთავარი მიზანი სწორედ ეს არის. რა თქმა უნდა, შედეგიც მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო პრიორიტეტული ამ ბიჭების სწორ გზაზე დაყენებაა.

ზარანდია პირველ თამაშშიც დისკვალიფიკაციის გამო გვაკლდა. შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩში მან უაზრო ყვითელი ბარათი მიიღო. ესპანეთთან მისი ყოფნის შემთხვევაში, ვფიქრობ, სულ სხვა შედეგს მივიღებდით. ის თურქეთთანაც დაგვაკლდება. სამწუხაროდ, ის ვერ გაიზარდა. იმედია, ეს მალე შეიცვლება“, – განაცხადა დევდარიანმა.

საქართველო დაძაბულ ბრძოლაში პორტუგალიასთანაც დამარცხდა

ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მეორე მატჩი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა პორტუგალიასთან ჩაატარა, რომელმაც პირველ ტურში თურქეთი ანგარიშით 6:1 გაანადგურა. რაც შეეხება გიორგი დევდარიანის გუნდს, შეგახსენებთ, რომ მან ესპანეთთან ანგარიშით 1:4 წააგო.

მატჩი ქართველებისთვის ცუდად დაიწყო – მე-3 წუთზე შულაიას მხრიდან მასედოს წაქცევისთვის მთავარმა მსაჯმა გოშაძის კარის მიმართლებით პენალტი დანიშნა, რომლის ზუსტად შესრულება პედრო როდგირესს არ გასჭირვებია – 0:1.

სამ წუთში დევდარიანის გუნდმა მარცხენა ფლანგიდან შეუტია, თევზაძის ჩაწოდებას ბერიძე გამოეხმაურა, თუმცა მისი დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. სამ წუთში შულაიას შორეული დარტყმა მეტოქის კარს სულ მცირე მანძილის ასცდა.

მე-18 წუთზე პორტუგალიას ჩვენი კარის აღების კიდევ ერთი შანსი ჰქონდა – გოშაძემ საჯარიმოში შეჭრილი მასედოს დარტყმულის მოგერიება მოახერხა.

21-ე წუთზე ხარაიშვილმა მარცხნიდან გოშთელიანი პასით მოამარაგა, ამ უკანასკნელის დარტყმულს კი მეკარე ჟოელი გაუმკლავდა. ერთ წუთში გოშთელიანმა ბურთი უკვე საპირისპირო ფლანგიდან მიიღო, მაგრამ გოლამდე კვლავ ცოტა დააკლდა. 26-ე წუთზე ზარანდიამ შორიდან დარტყმა სცადა, რაც კვლავ უშედეგოდ დასრულდა, ხუთ წუთში კი ხარაიშვილს გოლის გატანის შანსი კვლავ მეკარემ არ მისცა.

33-ე წუთზე საჯარიმო ხაზთან პედრო როდრიგესმა შულაია წააქცია, მსაჯმა სახიფათო ჯარიმის ნაცვლად ქართველს სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი უჩვენა. ერთ წუთში ჟოტა გოშაძესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ დარტყმა ვერ მოასწრო – ქართველმა მეკარემ მას აჯობა და ბურთს მშვიდად დაეუფლა.

39-ე წუთზე მეტოქის წაქცევისთვის ყვითელი ბარათი ზარანდიამაც მიიღო.

ხუთ წუთში ოთარ კიტეიშვილის ჩინებული დარტყმა მეკარემ მოიგერია, დანიშნული კუთხური შედეგად თავისი შანსი მალანიამ გამოიყენა, რომელმაც ზუსტად დაარტყა – ამჯერად ჯოელმა თავის გუნდს ვერ უშველა – 1:1.

პორტუგალიელებმა მეორე ტაიმის პირველივე წუთზე პირველი ცვლილება გამოიყენეს, დალსიოს ადგილი ფლავიო სილვამ დაიკავა. როგორც აღმოჩნდა, პორტუგალიის მთავარმა მწვრთნელმა ედგარ ბორჟესმა ცვლილება გამოიცნო… მანამდე კი მეტოქის საჯარიმოში გოშთელიანმა ხარაიშვილის პასი მიიღო და მეკარესთან პირისპირ გასულს გოლის გატანა არ გაუჭირდა – 2:1, საქართველო დაწინაურდა!

56-ე წუთზე პორტუგალიას მეორე ცვლილების გამოყენებაც მოუწია, რენატო სანჩესის ადგილი ჟილ დიასმა დაიკავა.

რაც შეეხება გიორგი დევდარიანის ცვლილებებს, პირველად მან 61-ე წუთზე თევზაძე ჩაბრაძით შეცვალა.

69-ე წუთზე ჟოტას გოლის გატანამდე სულ ცოტა დააკლდა, რომ არა გაგი მარგველაშვილის კარგი თამაში, პორტუგალიელთა 18 ნომერი, სავარაუდოდ, ანგარიშის გათანაბრებას შეძლებდა. ერთ წუთში ბორჟესის გუნდმა ჩვენი კარი მაინც აიღო – მიუხედავად იმისა, რომ საჯარიმოში ფლავიო სილვას რამდენიმე მცველი ხელს უშლიდა, შეცვლაზე შესულმა მოთამაშემ „მაკრატელას“ შესრულება და გოლის გატანა მაინც მოახერხა – 2:2…

აღსანიშნავია, რომ ექვს წუთში მესამე და გადამწყვეტი გოლი პორტუგალიის მხრიდან კვლავ შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელმა გაიტანა. ამჯერად საჯარიმოში შესულ ჟილ დიასს გოშაძის კარის აღება არ გასჭირვებია – ნელი დარტყმით ბურთი კარის ბადეში აღმოჩნდა.

დარჩენილ დროში მოედანზე დაძაბულობამ პიკს მიაღწია. 87-ე წუთზე კამათისთვისა და ბურთის სროლისთვის დევდარიანის გუნდის კაპიტანმა ლუკა ზარანდიამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო – საქართველო კაცნაკლული დარჩა. აღსანიშნავია, რომ ესპანეთთან პირველი მატჩი ზარანდიამ ასევე დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.

შეხვედრის ბოლო წუთზე ქართველებმა ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი ვერ გამოიყენეს. ხარაიშვილის კუთხურს თავური დარტყმით მარგველაშვილი გამოეხმაურა, რომლის დარტყმული მეკარემ მოიგერია, ჟოელი დამატებაზე გოშთელიანის დარტყმულსაც გაუმკლავდა, ანგარიში უცვლელი დარჩა, ცოტა ხანში მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა – 2:3 და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა კვლავ დასანანი მარცხი განიცადა.

საქართველო U19 – პორტუგალია U19 2:3

გოლები: მალანია 45′, გოშთელიანი 49′ – როდრიგესი 3′ (პენ.), ფლავიო სილვა 70′, დიასი 76′

საქართველო: გოშაძე, მალანია, მარგველაშვილი, ტაბიძე, თევზაძე (ჩაბრაძე 61′), ხარაიშვილი, კიტეიშვილი, ზარანდია, გოშთელიანი, ბერიძე (კვირკვია 71′), შულაია (მოხევიშვილი 75)

პორტუგალია: ჟოელი (კაპ), ჟორჟე სილვა, ვერდასკა, პედრო როდრიგესი, რენატო სანჩესი (ჟილ დიასი 56), მასედო (ალეშანდრე სილვა 72′), ჟოაო ლიმა, დალსიო (ფლავიო სილვა 46′), ანდრე ჰორტა, პაულო ენრიკე, ჟოტა

გაფრთხილებები: შულაია 32′, ზარანდია 39′, კიტეიშვილი 61′, ჭანტურია 84′, ზარანდია 87′  გოშთელიანი 89′ – ჟილ დიასი 67′, ალეშანდრე სილვა 84′, ჟოტა 88′

ელიტრაუნდის მესამე და ბოლო შეხვედრას ჩვენი 19-წლამდელები ოთხშაბათს, სამ ივნისს გამართავენ, მათი მეტოქე თურქეთის ნაკრები იქნება, რომელიც დღეს გამანადგურებელი ანაგრიშით ესპანეთთანაც დაამრცხდნენ – „ფურია როხამ“ 5:0 გაიმარჯვა.

დევდარიანი: „მარცხის მიუხედავად, მოთამაშეებს მადლობას ვუხდი“

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის პირველი მატჩი შეაფასა, რომელშიც მისი გუნდი ესპანელ თანატოლებთან ანგარიშით 1:4 დამარცხდა.

„ჩემთვის დამაწყნარებელია, რომ მეორე ტაიმში გუნდმა უკეთესად ითამაშა. გაჩნდება კითხვა, რატომ ვერ ვითამაშეთ ასე პირველ ნახევარში? ეს ვერც მე და ვერც ფეხბურთელებს ვერ გამოგვივიდოდა, გამომდინარე იქედან, რომ ესპანეთის ნაკრებს თითქმის ერთი წლის განამვლობაში არ უთანაშია. ბოლო დროს ამ გუნდმა მხოლოდ გერმანიასთან ითამაშა. პირველ ტაიმს დაზვერვითი ხასიათი ჰქონდა და უნდა გაგვეგო, როგორ ითამაშებდა მეტოქე. ამისთვის მეორე ნახევარში ცვლილებები უნდა გამოგვეყენებინა.

მეორე გოლის ეპიზოდში მეტოქეს გაუმართლა, თუმცა ჩვენი ფეხბურთელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამის მიუხედავად, მეორე ტაიმში მათ გააზრებული ფეხბურთი აჩვენეს. ბოლო წუთებში კონცენტრაცია არ გვეყო. შესაძლოა, ეს გულშემატკივარს არ აინტერესებდეს და ის გუნდისგან მხოლოდ მოგებას ელოდება, მაგრამ ამას თავისი მიზეზი აქვს.

მქონდა გეგმა, რომელმაც დღეს არ გაამართლა. პირველ ტაიმში მეტოქის თამაშის შესწავლა და კონტრშეტევების მაქსიმალურად გაოყენება მსურდა. სამი მომენტი გვქონდა, თუმცა ტექნიკური წუნის გამო გოლის გატანა ვერ შევძელით.

საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ მადლობას ვუხდი, შემადგენლობაში მისი 11 აღზრდილი გვყავს. ამ კლუბმა სეზონის განმავლობაში მხოლოდ ოთხ მატჩში ითამაშა, დანარჩენ შეხვედრებს ფეხბურთ ნაკლებათ ჰქვიათ. პირველი ლიგის ტემპს და დინამიკას შენიშნავდით. შეადარეთ მათ ის მოთამაშეები, რომლებიც ესპანეთის წამყვან გუნდებში თამაშობენ და დღეს ჩვენ წინააღმდეგ გამოვიდნენ.

ფეხბურთელებს ამ მარხს ვერ დავაბრალებ,  გულშემატკივარი არ ვარ და კარგად ვიცი, თუ რამ გამოიწვია ეს შედეგი. ჩვენი გუნდი ფიზიკურ მომზადებაში აშკარად მოიკოჭებს. ბოლო ორი გოლი სწორედ ამიტომ გავუშვით. როდესაც იღლები, შეცდომების რაოდენობა იმატებს. იგივეს რამდენიმე ფეხბურთელზე გეტყოდით, რომელთა გუნდები სეზონის მიმდინარეობისას დაიშალნენ. ასეთ პირობებში მადრიდის „რეალის“ მოთამაშეთა წინააღმდეგ გამოსვლა ძალიან რთულია.

ჩემს ფეხბურთელებს მეორე ტაიმში ნაჩვენები თამაშისთვის დიდ მადლობას ვუხდი. რამდენიმე შეცდომას თუ არ ჩავთვლით, მეორე ნახევარში გაცილებით უკეთესად ვითამაშეთ“, – განაცხადა დევდარიანმა.

ქართველების დასანანი მარცხი ესპანეთთან

დღეს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის პირველი მატჩი ჩაატარა. პირველ დღეს გიორგი დევდარიანის გუნდის მეტოქე ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრები იყო, რომელთანაც ქართველები, სამწუხაროდ, ანგარიშით 1:4 დამარცხდნენ.

არადა, უკვე მეექვსე წუთზე საქართველოს ანგარიშის გახსნა შეეძლო – გიორგი ხარაიშვილის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი ესპანელთა კედელში მდგომ ერთ-ერთ ფეხბურთელს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა. მე-14 წუთზე მარკო ასენსიომ მარჯვენა ფლანგიდან შეუტია და შორიდანაც დაარტყა, ბურთი რიკოშეტით მის ერთ-ერთ თანაგუნდელს მოხვდა და ანგარიშიც გაიხსნა – 1:0

ხუთ წუთში ასენსიომ საქართველოს კარის მიმართლებით დარტყმა კიდევ ერთხელ სცადა – ამჯერად არაზუსტად. 25-ე წუთზე იმავე ასენსიომ საჯარიმო დარტყმა შეასრულა, რომელსაც მეკარე გოშაძე უპრობლემოდ დაეუფლა. ექვს წუთში საქართველოს კარის მიმართლებით თავდამსხმელმა კარასკომაც დაარტყა, თუმცა ბურთი კერძევაძეს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა, ორ წუთში კი საპირისპირო  ფლანგიდან ხესუს ვალეხომ მცველებს აჯობა და ზუსტად დაარტყა – 2:0.

35-ე წუთზე საქართველოს ანგარიშის სხვაობის შემცირების შანსი ჰქონდა, როდესაც ხარაიშვილი მეტოქის საჯარიმოსკენ სწრაფად მიეშურა, თუმცა მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია. ცოტა ხანში ხარაიშვილმა მეტოქის კარისკენ კვლავ დაარტყა, მეკარისთვის პრობლემა არც ამ დარტყმულის აღება ყოფილა.

პირველი ნახევრის ბოლო წუთზე კი გიორგი თევზაძემ მეტოქის საჯარიმოში ბურთი მიიღო და მცველების უყურადღებობით ისარგებლა და ზუსტადაც დაარტყა – მეკარე ამჯერად უძლური აღმოჩნდა – 2:1.

აღსანიშნავია, რომ მეორე ნახევარში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თამაშის ხარისხი გაცილებით კარგი აღმოჩნდა. დევდარიანის გუნდს არაერთი მომენტი შეექმნა, რაზეც დიდი გავლენა ორმაგმა ცვლილებამაც იქონია. მეორე ნახევრის პირველივე წუთიდან გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კერძევაძის ნაცვლად მოედანზე ლადო მოხევლიშვილი-ჩიკვილაძე გამოიყვანა, ხოლო ჭანტურიას ადგილი გოშთელიანმა დაიკავა.

48-ე წუთზე ასენსიოს დარტყმული გოშაძის კარს დიდი მანძილით ასცდა. 56-ე წუთზე ხარაიშვილი ცენტრიდან დაიძრა და ყველა მეტოქეს გასცდა, თუმცა მისი დარტყმული ესპანელთა ერთ-ერთ მცველს მოხვდა, დანიშნული კუთხურის შედეგად კი მეკარე სალვა ბურთს უპრობლემოდ დაეუფლა. ცოტა ხანში გიორგი ბერიძის დარტყმა მეტოქის კარს სულ მცირე მანძილით ასცდა. მეორე ნახევარში აქტიურ ფეხბურთელთა შორის დავდარიანის გუნდის რიგებიდან გიორგი თევზაძის, გოშთელიანისა და ბერიძის გამორჩევა შეიძლება.

65-ე წუთზე მოია მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა გოშაძემ მას დასწრებაზე აჯობა. 72-ე წუთზე გოშთელიანმა და ბერიძემ კარგი შეტევა გაითამაშეს, თუმცა საბოლოო დარტყმის შემდეგ მხოლოდ კუთხურით დავკმაყოფილდით. ერთ წუთში ჯემალ ტაბიძემ „მაკრატელა“ დაარტყა, თუმცა დარტყმული საკმაოდ ნელი აღოჩნდა.

79-ე წუთზე კი ესპანელებმა საქართველოს ნახევარზე არეულობით ისარგებლეს და სხვაობის გაზრდა კვლავ შეძლეს.

დარჩენილ დროში დევდარიანის შეგირდებს მეტოქის კარის აღების კარგი შანსი ჰქონდათ – ხარაიშვილის კუთხურის შემდეგ მარგველაშვილმა თავით დაარტყა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა.

მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მეორე წუთზე კი ესპანელებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს – თავი შეცვლაზე შესულმა საგმა გამოიჩინა.

საბოლოოდ, 4:1 და ჩვენმა 19-წლამდელებმა ელიტრაუნდი დასანანი მარცხით დაიწყეს. შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი კვირას, 31 მაისს, პორტუგალისთან გამართავს, რომელმაც დღეს თურქეთი ანგარიშით 6:1 გაანადგურა.

ესპანეთი – საქართველო 4:1 (2:1)

გოლები: ვილემსენი 14′, ვალეხო 27′, მნაიორალი 79′, საგი 90+2′ – თევზაძე 45′

ესპანეთი: სალვა, მარინი, კარისოლი, პერესი, ფერნანდესი (სასონი, 56), სალასი, მოია, ვილესმენი, ლასარო, გუიე (კასკანტე, 68), კარასკო (საგი, 68).

საქართველო: გოშაძე, მალანია, ჩაბრაძე (შულაია, 80), მარგველაშვილი, ტაბიძე, თევზაძე, ხარაიშვილი, კიტეიშვილი, ჭანტურია (მოხევიშვილი-ჩიკვილაძე), კერძევაძე (გოშთელიანი, 46), ბერიძე.

გაფრთხილება: ტაბიძე 27′ , შულაია 81′ – ფერნანდესი 41′, ლასარო 63′

ედგარ ბორგესი: “იმედი მაქვს, რომ ქართველი გულშემატკივრები ხარისხიან ფეხბურთს იხილავენ”

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 29 მაისიდან 3 ივნისამდე თბილისში გასამართი ელიტრაუნდისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია შედგა. ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ედგარ ბორგესი უპასუხა.

ედგარ ბორგესი: “ძალიან დიდი პატივია ასეთი გუნდების წინააღმდეგ თამაში. ამ ეტაპზე ყველა გუნდი ძალიან ძლიერია. სწორედ ამიტომ მას ელიტ რაუნდი ეწოდება. ჩვენს მეტოქეებზე ბევრს არ ვილაპარაკებ. ყველას ძალიან დიდ პატივს ვცემ. იმედი მაქვს, რომ ქართველი გულშემატკივრები ხარისხიან ფეხბურთს იხილავენ და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ჯგუფში ღირსეული გაიმარჯვებს.” . 

U17: ქართველი ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ

ევროპის 17 წლამდელთა ჩემპიონატის ელიტრაუნდის მესამე ჯგუფის ბოლო დღის მატჩები დღეს გაიმართა. “მიხეილ მესხზე” უკრაინელი და ქართველი ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ. როგორც მოგეხსენებოდათ, ჩვენი შანსი ჩვენს ხელთ იყო, ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად უკრაინელები უნდა დაგვემარცხებინა და დავამარცხეთ კიდეც! მატჩის სწრაფმა და ერთადერთმა გოლმა ქართველ ახალგაზრდებს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოუტანა. შეხვედრის ის ერთადერთი გოლი მე-6 წუთზე გავიდა. მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან მყოფმა ვანო წილოსანმა ორი უკრაინელი ტექნიკურად ჩამოიშორა, საჯარიმოში ბრწყინვალედ შეიჭრა და ბურთი კარის წინ მდგარ, უყურადღებოდ დარჩენილ ალეკო მზევაშვილს გადააწოდა, რომელსაც გოლის გატანა აღარ გასჭირვებია.

გაშვებული გოლის შემდეგ მცირე უპირატესობა უკრაინელებმა მოიპოვეს, თუმც ჩვენი გუნდის სწრაფი კონტრშეტევები გაცილებით მწვავედ ხასიათდებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა დღეს გაცილებით უკეთ ითამაშეს, ვიდრე წინა ორ შეხვედრაში. მინიმუმამდე იყო დაყვანილი შეცდომები, გუნდი უფრო რაციონალურად თამაშობდა, რაშიც დიდია მთავარი მწვრთნელის, ვასილ მაისურაძის დამსახურება.

რაც შეეხება მატჩის მეორე ტაიმს, გუნდები გარდამავალი უპირატესობით თამაშობდნენ. ორივე ნაკრებს ჰქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა, თუმცა მატჩი დასრულდა ისე, როგორც უნდა დასრულებულიყო: მაისურაძის გუნდმა დასახული ამოცანა შეასრულა, ჩვენ მოვიგეთ, “სიკვდილის ჯგუფში” პირველ ადგილზე დავრჩით და მოვიპოვეთ ევროპის ჩემპიონატის საგზური. ცალკე აღნიშვნის ღირსია ჩვენი გუნდის თავდამსხმელი დათო ჯიქია, რომელმაც გოლის გატანა ვერ მოახერხა, თუმცა ყველა ეპიზოდში მაქსიმუმი გაიღო, ფეხბურთელმა ბოლომდე იბრძოლა, დახარჯა მთელი ენერგია, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ მატჩის შემდეგ, როცა კომენტარი ვთხოვეთ, მას უბრალოდ მეტყველების უნარი წართმეული ჰქონდა. მადლობის ღირსია გუნდის თითოეული ფეხბურთელი, სამწვრთნელო შტაბი და პერსონალი. მათ ევროპის საუკეთესო რვა გუნდს შორის ადგილი დამსახურებულად მოიპოვეს, რითაც საქართველოს უდიდესი სიხარული მიანიჭეს.

ვასილ მაისურაძე: “ეს წარმატება უდიდესი შრომის შედეგად მოვიპოვეთ. ბევრი ვერც კი იფიქრებდა, რომ ამ ჯგუფიდან გავიდოდით, თუმცა ყველაფერი სწორად გავაკეთეთ და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოვიპოვეთ. სლოვენიაში კი ვეცდებით, რომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში კიდევ ერთი ახალი ფურცელი ჩავწეროთ”.

ნიკა ჭანტურია (გუნდის კაპიტანი): “მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს. ძალიან დაძაბული მატჩი გამოდგა და დღეს ჩვენ გაგვიმართლა. სწრაფი გოლის გატანა მოვახერხეთ, რითაც უპირატესობა განვიმტკიცეთ”.

ალეკო მზევაშვილი: “ამ გოლის ავტორი მარტო მე არ ვარ, დღეს ყველამ ყველაფერი დავდეთ ისევე, როგორც წინა თამაშებში და ამიტომაც მოვიპოვეთ შემდეგი ეტაპის საგზური. ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, ფეხბურთი გავაცოცხლეთ და ხალხი სტადიონს დავაბრუნეთ”.

ალექსანდრე ადამია: “ამ გამარჯვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არამარტო ქართული ფეხბურთისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის. მადლობას ყველას!”

ცნობისთვის, 17-წლამდე ფეხბურთელებს შორის ევროპის ჩემპიონატი სლოვენიაში 4-დან 16 მაისამდე გაიმართება.

უკრაინა-საქართველო 0:1

უკრაინა: სარნავსკი, კაჩარაბა, ბურდა, ხარატინი, ტანკოვსკი (გაბელოკი 52′), ტიშენკო (რადჩენკო 54′), ვეტროვი (მირანიანი 61′), სობოლი, პოლეენკო, ბილონოგი, ლაზაროვიჩი.
მთავარი მწვრთნელი: ოლექსანდრ პეტრაკოვი.

საქართველო: ადამია, კაკაბაძე, ჭანტურია, სამხარაძე, პაპუნაშვილი, წილოსანი (მესხი 61′), ახვლედიანი (დარციმელია 41′), ცინცაძე (აბურჯანია 70′), ჯიქია, მზევაშვილი, გურეშიძე.
მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე.
გოლი: მზევაშვილი 6′.
გაფრთხილებები: ბურდა 8′, ხარატინი 47′ – ჭანტურია 14′, დარციმელია 57′, სამხარაძე 73′.

მთავარი მსაჯი: მარკუს ჰამეტერი (ავსტრია).

“ბორის პაიჭაძის” სტადიონზე კი ინგლისის 17-წლამდელთა ნაკრები ესპანელებმა ანგარიშით 4:0 გაანადგურეს. პირენეელებმა ოთხივე გოლი მატჩის მეორე ტაიმში გაიტანეს: ანგარიში 45-ე წუთზე ივან კალერომ გახსნა. ორ წუთში ესპანელთა უპირატესობა ალეხანდრო გრიმალდომ გაზარდა. 57-ე წუთზე სერხი სამპერმა შორი მანძილიდან დარტყმული ბურთი გოლად აქცია. უკვე მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ხოსე გაიამ ინგლისელთა განადგურებას წერტილი დაუსვა – 0:4.

ესპანეთი-ინგლისი 4:0

ესპანეთი: ბლანკო, ბელერინი, საესი, რუისი, გრიმალდო (გაია 76′), ხაიმე სანჩესი, ხოაკინი, სამპერი (კოტანი 80+1′), ბორხა, ბუსტოსი (კასტილიეხო 68′), კალერო.
მთავარი მწვრთნელი: სანტიაგო დენია.

ინგლისი: უილისი, გორდონი, ლეო ჩამბერსი, ჰეიდენი, შოუ, კალუმ ჩამბერსი (გრემი 51′), სვიფტი (უოლასი 52′), ვუდლენდი, რობინსონი (ბენეტი 64′), ჰიუზი, აკპომი.
მთავარი მწვრთნელი: ჯონ პიკოკი.

გოლები: კალერო 44′, გრიმალდო 47′, სამპერი 57′, გაია 80+3′.
გაფრთხილებები: რუისი 63′, კასტილიეხო 71′, – ლეო ჩამბერსი 53′, შოუ 80′.
მთავარი მსაჯი: ნიკოლაი იორდანოვი (ბულგარეთი).

ჯგუფის საბოლოო ცხრილი:
1. საქართველო  3 2 1 0 3:1 7
2. ესპანეთი          3 1 2 0 7:3 5
3. ინგლისი           3 1 0 2 1:5 3
4. უკრაინა             3 0 1 2 2:4 1

 

ელიტრაუნდი (მე-3 ჯგუფი): დღე მეორე

დღეს, უეფას 2012 წლის 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მე-3 ჯგუფის მეორე ტურის მატჩები გაიმართა და საბედნიეროდ, ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ წარიმართა. ქართველმა ახალგაზრდებმა “მიხეილ მესხზე” ინგლისელი თანატოლები მიიღეს. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ფიზიკურად ძლიერ ბრიტანელებთან მეტად გაგვიჭირდებოდა, თუმც ჩვენმა ბიჭებმა მრისხანე მეტოქეს არაფერი დაუთმეს და დაძაბულ პაექრობაში მათი დამარცხებაც მოახერხეს. გუნდებმა 80 წუთის განმავლობაში ბურთი უგოლოდ აგორავეს, მატჩს ისეთი პირიც უჩანდა, რომ მხარეები ერთმანეთს საყაიმო ანგარიშით დაშორდებოდნენ, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ქართველი ახალგაზრდების ლამაზი კომბინაცია გოლით გიორგი პაპუნაშვილმა დააგვირგვინა. დღევანდელ შეხვედრაში ჩვენს გუნდს მწვრთნელის ხელი აშკარად ეტყობოდა. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების თამაშში წინა მატჩისგან გასხვავებით გაცილებით ნაკლები შეცდომა შეინიშნებოდა, ფეხბურთელები მოქმედებდნენ უფრო გუნდურად. დღევანდელ შეხვედრაში ერთადერთი უარყოფითი ფაქტი ის გახლდათ, რომ მატჩის შემდეგ გახარებული გულშემატკივრები მოედანზე შეცვივდნენ, რის გამოც შესაძლოა, უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მკაცრად დასაჯოს.

“მინდა დიდი მადლობა გადავიხადო გულშემატკივარს. დღეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ და ვიმედოვნებ, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზურს მივიღებთ”, – ეს სიტყვები გოლის ავტორს ეკუთვნის.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების დამრიგებელმა ვასილ მაისურაძემ ინგლისთან გამარჯვება იმ გმირების ხსოვნას მიუძღვნა, რომლებიც სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ინგლისელების დამარცხებით მართლაც დიდი ნაბიჯი გადადგეს დასახული მიზნისკენ და იმედია, ჩვენი ბიჭები ბოლო ტურში უკრაინასთან ღირსეული თამაშით ჯგუფის პირველ ადგილს არავის დაუთმობენ.

საქართველო – ინგლისი 1:0

საქართველო: ადამია, კაკაბაძე, დვალი, ჭანტურია, სამხარაძე, ჭეჭელაშვილი (ცინცაძე 77′), პაპუნაშვილი, წილოსანი, ჯიქია (დარციმელია 51′), გოროზია, მზევაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე.

ინგლისი: უილისი, უები, ინისი (ლეო ჩემბერსი 75′), ჰეიდენი, გრემი (ბენეტი 41′), სვიფტი, კალუმ ჩემბერსი, შოუ, კალუმ რობინსონი, ჯები (ჰიუზი 73′), აკპომი.
მთავარი მწვრთნელი: ჯონ პიკოკი.

გოლი: პაპუნაშვილი 80+3′.
გაფრთხილებები: გოროზია 35′, დვალი 37′, წილოსანი 39′, ჭეჭელაშვილი 80+3′ -კალუმ ჩემბერსი 51′, ბენეტი 52′, ჰეიდენი 59′, სვიფტი 71′.
მთავარი მსაჯი: კრის რაიხი (ლუქსემბურგი).

დღევანდელი დღის მეორე მატჩი “ბორის პაიჭაძის დინამო არენაზე” ესპანეთისა და უკრაინის 17-წლამდელთა ნაკრებებს შორის შედგა. შეხვედრა მეტად დრამატულ ვითარებაში წარიმართა და სტადიონზე მისულ მაყურებელს მოწყენის საშუალება არ მიეცა. მატჩში უკრაინელები დაწინაურდნენ, პირინეელებმა ამჯერადაც სწრაფი გოლი გაუშვეს, გოლით მე-8 წუთზე მაქსიმ ტიშენკო გამოირჩა. მატჩის მე-16 წუთზე უკრაინის ნაკრების კარის მიმართულებით დანიშნული თერთმეტმეტრიანის რეალიზება სერგი სამპერმა ვერ მოახერხა, თუმცა სამიოდ წუთში ივან კალერომ მაინც მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. შეხვედრის 34-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ამჯერად ესპანეთის კარის მიმართულებით დაინიშნა, თუმცა მისი გოლად ქცევა ვერც ამჯერად მოახერხეს. პენალტი გუნდის თავ იგორ ხარატინს გაუცუდდა. გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. მაყურებელი მატჩის მეორე ნახევარშიც შემტევი ფეხბურთის მომსწრე გახდა, სახიფათო მომენტი ხან ერთ კართან იქმნებოდა, ხანაც მეორე კართან. საბოლოოდ, გოლი 71-ე წუთზე გავიდა, უკრაინელები დაწინაურდნენ, თავი დმიტრო ბილონოგმა გამოიჩინა, თუმცა სლავებს დიდი ხანი სიხარული არ ეწერათ. ზუსტად ერთ წუთში ალვარო ბასტოსმა ლამაზი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და მატჩის წერტილიც დასვა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე პირველები უკრაინელები გამოცხადდნენ.

მათი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოლექსანდრ პეტრაკოვმა შემდეგი განაცხადა: “ძალიან კარგი მატჩი გამოდგა. გუნდებმა თანაბარი თამაში აჩვენეს. დღეს მიღწეული რეზულტატით კმაყოფილი ვარ. მობრძანდით ჩვენი ნაკრების მომავალ შეხვედრაზეც. კარგ თამაშს გპირდებით. ალბათ, იცით ჩვენი ხასიათის შესახებ”.

ესპანელთა დამრიგებელმა სანტიაგო დენიამ კი აღნიშნა: “რთული მატჩი გამოდგა. მეტად მძიმე ჯგუფში მოვხვდით. აქ ყველა გამარჯვებისთვის იბრძვის”.

დენიამ მცირე კომენტარი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებზეც გააკეთა: “ძალიან ბრძოლისუნარიანი გუნდი გყავთ, საქართველოს კარგი ფეხბურთელები ჰყავს და საერთოდ, თქვენს გუნდში პოტენციალი შეინიშნება”.

ბოლოს კი ესპანელთა თავკაცმა მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასაც გადაუხადა: “ტურნირი კარგად ორგანიზებულია, რისთვისაც ქართველებს მადლობას გიხდით”.

 

ესპანეთი-უკრაინა 2:2

ესპანეთი: ბლანკო, ბელერინი, საესი, ხაიმე სანჩესი, გაია (გრიმალდო 41′), სამპერი, კასტილიეხო (იგლესიასი 55′), კოტანი, არგუესი (სერანო 68′), ბუსტოსი, კალერო.
მთავარი მწვრთნელი: სანტი დენია.

უკრაინა: სარნავსკი, ბურდა, ხარატინი, ტკაჩუკი, ტანკოვსკი (ლაზაროვიჩი 38′), ტიშჩენკო (ვეტროვი 75′), გაბელიუკი, მირანიანი (რადჩენკო 58′), ლუხტანოვი, პოლეჩენკო, ბილონოგი.
მთავარი მწვრთნელი: ოლექსანდრ პეტრაკოვი.

გოლები: ტიშჩენკო 8′, კალერო 19′, ბილონოგი 72′, ბუსტოსი 73′.
მე-17 წუთზე სამპერმა ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე).
33-ე წუთზე ხარატინმა ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე).
გაფრთხილება: კასტილიეხო 50′, სერანო 77′ – ტკაჩუკი 48′, ხარატინი 62′.
მთავარი მსაჯი: ნიკოლაი იორდანოვი (ბულგარეთი).

ამრიგად, ჯგუფს სათავეში საქართველოს ნაკრები 4 ქულით ჩაუდგა, 3 ქულა აქვს ინგლისის ნაკრებს, მესამე პოზიციას 2 ქულით ესპანელები იკავებენ, უკრაინელებმა კი აქტივში პირველი ქულა დღეს ჩაიწერეს.

ჯგუფის დასკვნითი ტური შაბათს გაიმართება და ორივე მატჩი თანადროულად, 14:00 საათზე დაიწყება. “მიხეილ მესხზე” ერთმანეთს საქართველოსა და უკრაინის 17-წლამდელთა გუნდები დაუპირისპირდებიან, “ბორის პაიჭაძეზე” კი ინგლისელები ესპანელებთან გაარკვევენ ურთიერთობას.