დავიდსი: “იმედია, ზიზუ “რეალს” იმავეს გაუკეთებს, რაც მე გამიკეთა”

ტურინის “იუვენტუსის”, “ბარსელონასა” და ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ედგარ დავიდსმა მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის დანიშვნის შესახებ კომენტარი გააკეთა.

“ზიდანს თავის ახალ პოსტზე წარმატებებს ვუსურვებ. იმედია, ზიზუ “რეალს” იმავეს გაუკეთებს, რაც მე გამიკეთა. რა გამიკეთა მე? მან თამასა ზემოთ ასწია, რის შემდეგაც უკეთ ავთამაშდი”, – დაწერა დავიდსმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ზიდანი და დავიდსი ერთად “იუვენტუსში” თამაშობდნენ.

 

ედგარ დავიდსმა “ოქროს ბურთის” ფავორიტი დაასახელა

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა ნახევარმცველმა ედგარ დავიდსმა “ოქროს ბურთის” ფავორიტი დაასახელა.

“მიმდინარე წლის უმეტეს პერიოდში ლეო მესი საუკეთესო იყო, ამიტომ ჯილდოს მას გადავცემდი. იგი ფენომენალური მოთამაშეა. დანარჩენ ფეხბურთელებს მოცდა მოუწევთ, სანამ მესი პოზიციებს არ დათმობს.
როდესაც საუკეთესო მოთამასის ჯილდო ზინედინ ზიდანმა მოიგო, იგი მეორე დღეს “იუვენტუსის” ბაზაზე მოვიდა და კლუბის უკლებლივ ყველა წევრს საჩუქრები მოგვიტანა. ეს არასოდეს დამავიწყდება” – დავიდსის კომენტარი ფიფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” ჯილდოზე წარდგენილნი არიან “ბარსელონას” თავდამსხმელები ლიონელ მესი და ნეიმარი, აგრეთვე მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ. დაჯილდოების ცერემონია 2016 წლის 11 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება.

 

დავიდსი: “მესი ანომალიაა, რონალდუ – უბრალოდ სპორტსმენი”

ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ედგარ დავიდსმა “ოქროს ბურთის” პრეტენდენტთა შესახებ ისაუბრა.

“მესი ანომალიაა. მას შეუძლია დრიბლინგი, გოლების გატანა, გადაცემის გაკეთება. მას თავისებური ხედვა აქვს, ესმის ფეხბურთი.

კრიშტიანუ რონალდუ უბრალოდ სპორტსმენია. იგი ძალიან ბევრს შრომობს, მაგრამ შესაძლებელია თუ არა ბევრი მუშაობით მესის დამარცხება? არა, ეს შეუძლებელია. შესაძლებელია თუ არა, გახდე ისეთი, როგორიც არის რონალდუ? დიახ, გარკვეულწილად ეს შესაძლებელია.

ნეიმარი ჯერ მზად არ არის იმისთვის, რომ მესი და რონალდუ შეცვალოს, თუმცა თითქმის იმავე დონეზეა”, – განაცხადა დავიდსმა FIFA TV-ს ეთერში.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონია 2016 წლის 11 იანვარს ჩატარდება.

 

ედგარ დავიდსი: “ბალოტელის დახმარება მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია”

“მილანის” ყოფილი ნახევარმცველი ედგარ დავიდსი თვლის, რომ მარიო ბალოტელის ჩვეულ დონეზე დაბრუნება შეუძლია, ამისთვის კი მტკიცე ხასიათი უნდა გამოავლინოს. შეგახსენებთ, რომ იტალიელი თავდამსხმელი “როსონერიში” ამ ზაფხულს დაბრუნდა და იჯარის წესით თამაშობს.

“ერთადერთი ადამიანი, ვისაც ბალოტელის დახმარება შეუძლია, თავად ბალოტელი გახლავთ. როდესაც კლუბს იცვლი, შექმნილ ვითარებას სწორად აფასებ და მწვრთნელის პატივისცმით სარგებლობ, საქმე გაცილებით იოლდება.

ყველაფერი სწორედ მასზე იქნება დამოკიდებული. მინახავს ფეხბურთელები, რომლებსაც მისი ნიჭის ნახევარი ჰქონდათ და თავიანთი კლუბების ლიდერები გამხდარან. ყველაზე მთავარი მენტალიტეტია”, – დავიდსის სიტყვები “ლა გაძეტა დელო სპორტმა” გამოაქვეყნა.

“მილანი” უახლოეს მატჩს იტალიის სერია A-ს ეგიდით თანაქალაქელი “ინტერის” წინააღმდეგ გამართავს. ასე რომ, “როსონერიში” დაბრუნების შემდეგ ბალოტელის დებიუტი შესაძლოა, მისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ შედგეს.

 

ედგარ დავიდსმა მოთამაშის კარიერა დაასრულა

ცნობილმა ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ედგარ დავიდსმა კარიერა დაასრულა.

40 წლის ფეხბურთელი ინგლისურ კლუბ „ბარნეტში“ მოთამაშე-მწვრთნელის ფუნქციას ასრულებდა. უკანასკნელ მატჩში, რომელიც ინგლისის მეხუთე დივიზიონის კლუბმა „სოლსბერი სიტის“ წინააღმდეგ გამართა (3:1), დავიდსი მოედნიდან გააძევეს. ეს ამ სეზონში ჰოლანდიელი ფეხბურთელის უკვე მესამე გაძევება იყო. დავიდსმა აღნიშნა, რომ ინგლისში მსაჯები მას უსამართლოდ ექცევიან და კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებაც მიიღო. ახლა ის მთლიანად სამწვრთნელო მუშაობით დაკავდება.

შეგახსენებთ, რომ დავიდსი იცავდა „აიაქსის“, „იუვენტუსის“, „მილანის“, „ინტერის“, „ბარსელონას“, „ტოტენჰემისა“ და „კრისტალ პალასის“ ღირსებას. მას მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა, უეფას თასი, უეფას სუპერთასი, აგრეთვე იტალიისა და ჰოლანდიის ჩემპიონატები.

ბექა დოგრაშვილი