დღეს, გორის ცენტრალურ სტადიონზე ცხინვალის “ლიახვსა” და “თბილისს” შორის ამხანაგური მატჩი შედგა. “ლიახვი”, რომელიც ძირითადად ეთნიკურად ოსი სპორტსმენებით არის დაკომპლექტებული, მთავრობის წევრებისა და ვეტერანი ქართველი ფეხბურთელებისგან შემდგარ გუნდს შეხვდა. “თბილისის” კაპიტანი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახლდათ, რომელიც თავდასხმის ხაზში მოქმედებდა და მატჩში 3 გოლიც გაიტანა. მეორე ტაიმში პრემიერი “ლიახვის” შემადგენლობაში გადავიდა. “თბილისის” კარს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე იცავდა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს კახა კალაძემ, ლევან ყიფიანმა, ლევან კობიაშვილმა, გიორგი დემეტრაძემ, ლევან ცქიტიშვილმა, გიორგი ქინქლაძემ, ალექსანდრე იაშვილმა, ლაშა სალუქვაძემ, ალექსანდრე ამისულაშვილმა, კახა ცხადაძემ, დავით მუჯირმა და სხვებმა. ტაიმები 30-30 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოოდ, მატჩი ფრედ, ანგარიშით 4:4 დასრულდა.
“ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ ოსებსა და ქართველებს შორის ნდობა აღდგეს, ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი. ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია, რაც მოხდა წლების წინათ, ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ წარსულს უნდა ჩავაბაროთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
“ჩვენმა ქვეყანამ გადადგა ნაბიჯი ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებისკენ. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ საფეხბურთო კლუბი ცხინვალის “ლიახვი”, რომლის შემადგენლობაშიც თამაშობენ ქართველი და ცხინვალიდან გამოსული ოსი ფეხბურთელები. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნება და ჩვენ ერთობლივი ძალებით წარმატებას მივაღწევთ”, – აღნიშნა “ლიახვის” დირექტორმა სოსო რომელაშვლმა.
ცხინვალის “ლიახვი” საქართველოს მეორე ლიგაში ასპარეზობს და 4 ჩატარებული მატჩიდან ოთხივე გამარჯვებით დაასრულა.
ფოტოები: Kakha Kaladze კახა კალაძე