ლაპორტა: “გუნდიდან მესის გაშვებას არ ვნანობ”

“ბარსელონას” პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ საკლუბო ტელეარხის ეთერში გუნდის ყოფილი თავდამსხმელის, ლიონელ მესის ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

“კლუბიდან მესის გაშვება ჩემი ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო. ამ გადაწყვეტილების მიღება არ მინდოდა. მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა მაშინ სიტუაციამ ასე გვაიძულა. მესის თაობაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მიწევდა, მაგრამ ამას არ ვნანობ. კლუბზე მეტი არავინაა. შექმნილმა რეალობამ დარტყმა მოგვაყენა. რას ვიზამთ?!

“ბარსელონას” ისტორია გრძელდება. თავჩაუხრელი მუშაობითა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებით წარმატებულ გზაზე დაბრუნება კვლავ შეგვიძლია. სწორედ ამას ვაკეთებთ ახლა”, – აღნიშნა ლაპორტამ.

როგორც მოგეხსენებათ, ლეო მესიმ “ბარსელონა” 2021 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და “პარი სენ-ჟერმენს” შეუერთდა, რომელთანაც კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით. 34 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში პარიზული კლუბის ფორმით 24 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ლაპორტა: “დღევანდელი “რეალის” გვარდიოლას “ბარსასთან” შედარება უადგილოა”

“ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა ხუან ლაპორტამ განაცხადა, რომ ამჟამინდელი “რეალისა” და ხოპეს გვარდიოლას დროინდელი “ბარსელონას” ერთმანეთთან შედარება უადგილოა.

“გვარდიოლას გუნდი საშემსრულებლო თვალსაზრისით ხელოვნების დონემდე იყო აყვანილი. სანამ “რეალი” ყველა ტიტულს არ მოიგებს და “ნოუ კამპზე” ანგარიშით 6:2 არ გაიმარჯვებს, მანამდე რაიმე შედარებაზე საუბარი ზედმეტი იქნება.

“რეალს” მშვენიერი გუნდი ჰყავს, მაგრამ გვარდიოლას “ბარსა” საუკეთესო იყო”, – ციტირებს ლაპორტას სიტყვებს “მუნდო დეპორტივო”.

ლაპორტამ “ბარსელონაში” მოურინიოს შესაძლო მიწვევაზე კომენტარი გააკეთა

2016 წელს “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, რომელშიც კლუბის ყოფილი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტაც აპირებს კენჭისყრას.

რამდენიმე დღის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თუ ლაპორტა კატალონიური კლუბის პრეზიდენტი გახდება, ის გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოურინიოს მიწვევას ეცდება და ამის შესახებ მას პორტუგალიელი სპეციალისტის აგენტ ჟორჟე მენდეშთან საუბარიც ჰქონდა, თუმცა ლაპორტამ ეს ცნობა უარყო.

“მომწონს იოჰან კრუიფის სამწვრთნელო ფილოსოფია. რაც შეეხება მოურინიოს, ის პროფესიონალია, პატივს ვცემ, მაგრამ ჟორჟე მენდეშთან საუბრისას მისი სახელი არც მიხსენებია. მოურინიოს აგენტს კარგად ვიცნობ, ჩვენ დიდი ხნის ნაცნობობა გვაკავშირებს და ხანდახან სხვადასხვა თემებს განვიხილავთ ხოლმე”, – ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Goal.com-ი.

 

მოურინიომ შესაძლოა, 2016 წელს “ბარსელონა” ჩაიბაროს

შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ ბრიტანული “დეილი ექსპრესი” წერს, რომ შესაძლოა, 2016 წელს ლონდონის “ჩელსის” ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ “ბარსელონა” ჩაიბაროს.

საქმე იმაში გახლავთ, რომ ფეხბურთის პორტუგალიელ სპეციალისტს კატალონიური გუნდის თავკაცის პოსტზე ჟოან ლაპორტა ხედავს, რომელიც 2016 წელს “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.

ლაპორტას ნათქვამიც აქვს, რომ მოურინიოს დიდ პატივს სცემს და მის აგენტთან შესანიშნავი ურთიერთობაც აქვს.

წყაროს ცნობით, თუ ლაპორტა კატალონიური კლუბის პრეზიდენტი გახდება, ის გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოურინიოს მიწვევას ეცდება, თუმც რამდენად დათანხმდება პორტუგალიელი შემოთავაზებას, ეს სხვა საქმეა.