ცნობილაძემ “საბურთალოსთან” გაახანგძლივა

“საბურთალოს” ფეხბურთელმა დაჩი ცნობილაძემ თბილისურ კლუბთან კონტრაქტი გაახანგძლივა. ამის შესახებ გუნდის ოფიციალური გვერიდ იტყობინება.

2018 წელს კვლავ დედაქალაქელთა შემადგენლობაში ითამაშებს. ამპლუით მცველი უკვე ერთი წელია “საბურთალოში” თამაშობს. ამ ხნის განმავლობაში 23 წლის ფეხბურთელმა ქალაქელთა შემადგენლობაში 28 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა მოახერხა.

შეგახსნებთ, რომ აქამდე დაჩი “სამტრედიაში” “მეტალურგში” და “სიონში” თამაშობდა.

 

ოფიციალურად: დაჩი ცნობილაძე “საბურთალოს” ფეხბურთელია

ქართული კლუბები მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას განაგრძობენ.

სამტრედიის “სამტრედიას” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი, დაჩი ცნობილაძე თბილისის “საბურთალოში” ითამაშებს. 22 წლის ფეხბურთელმა ტრანსფერი Fanebi.Com-ს თავად დაუდასტურა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ნახევარმცველმა კარიერა 2012 წელს  რუსთავის “მეტალურგში” დაიწყო. ერთი წლის შემდეგ, იგი თბილისის “ლოკომოტივში” გადაბარგდა, თუმცა 2013 წელსვე ცნობილაძე რუსთავულ კლუბში დაბრუნდა. 2014-2015 წლებში დაჩი “სიონში” გამოდიოდა. ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში კი იგი “სამტრედიას” ღირსებას იცავდა.

ცნობილაძე: „ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ“

საქართველოს უმაღლესი ლიგის მეოთხე ტურამდე თბილისის „დინამო“ და „სამტრედია“ სატურნირო ცხრილს 100-პროცენტიანი შედეგით ლიდერობდნენ. „დინამოელებმა“ მეოთხე ტურში მარტვილის „მერანს“ ანგარიშით 4:1 სძლიეს და წარმატებული სერია გააგრძელეს, სამტრედიელები კი თბილისში „საბურთალოსთან“ ანგარიშით 2:3 დამარცხდნენ. აღნიშნული მატჩის შეფასება „სამტრედიას“ ახალგაზრდა ნახევარმცველ დაჩი ცნობილაძეს ვთხოვეთ, რომელმაც ამ შეხვედრაში სტუმართა მხრიდან ერთ-ერთი გოლი გაიტანა.

„თამაში დაძაბული იყო, საწყის წუთებში გაგვიჭირდა, რასაც კონცენტრაციის დაკარგა და გოლის გაშვება მოჰყვა. წაგების მიზეზი მთელ რიგ შემთხვევებში უყურადღებოდ თამაში და მომენტების გამოუყენებლობა იყო. ძალიან ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, რომელიც ლოგიკურ დასასრულამდე ვერ მივიყვანეთ.

დღეს ბურთის კონტროლი და კომბინაციური თამაში ვერ გამოგვივიდა. წინა მატჩებში, ამ მხვრივ, გაცილებით კარგად გამოვიყურებოდით. ჩემი აზრით, ეს ჩვენი ბრალია, რადგან მეორე ტაიმში, როდესაც მობილიზება შევძელით და ჩვენს სათამაშო სტილს დავუბრუნდით, მეტი მომენტიც შევქმენით“, – გვიამბო ცნობილაძემ.

ამ წაგების შემდეგ „სამტრედია“ ცხრა ქულით მეოთხე ადგილზე დაეშვა. შემდეგ ტურში გიორგი ცეცხლაძის გუნდი „მერანს“ მიიღებს, მანამდე კი თასის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში ცხინვალის „ლიახვს“ უმასპინძლებს.

ცნობილაძე “სიონში” გადავიდა

რუსთავის “მეტალურგის” ერთ-ერთი ლიდერი დაჩი ცნობილაძე კარიერას ბოლნისის “სიონში” გააგრძელებს.

ბოლნისური კლუბის ვებგვერდის ცნობით მხარეებს შორის შეთანხმება გუშინ შედგა, დღეს კი 19 წლის ფეხბურთელმა “სიონთან” ერთად პირველად ივარჯიშა.

ახალგაზრდა ნახევარმცველმა, რომელსაც ხშირად დაცვაში უწევდა თამაში, ჩემპიონატის პირველ ეტაპზე “მეტალურგის” რიგებში 5 გოლის გატანა შეძლო, რაც კლუბში საუკეთესო შედეგი იყო.

 

დაჩი ცნობილაძე: “ტაქტიკურად გამართულად ვითამაშეთ”

“ვიტ ჯორჯიასთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჩვენ კითხვებს “მეტალურგის” ფეხბურთელმა, დაჩი ცნობილაძემ უპასუხა.

დაჩი ცნობილაძე: “კარგი მატჩი გამოვიდა. დამაკმაყოფილებებლი ანგარიშით გავიმარჯვეთ. კარგია, რომ ასეთი შეხვედრა ჩავატარეთ. მეორე ნახევარში დაცვიდან ვითამაშეთ და გუნდს დაეტყო, რომ ტაქტიკურად გამართულად თამაშობდა. შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში ბურთზე კონტროლიც დავაწესეთ, რამაც საბალოოდ ჯამში დადებითი შედეგი მოგვიტანა.

სეზონის დასაწყისში ფინანსური პრობლემები იყო, თუმცა უკვე არის სასიკეთო ძვრები, რაც გუნდის თამაშზეც აისახა.

ცნობილაძე: „პოლონეთთან სასურველი შედეგის მიღწევის ძალა შეგვწევს“

რუსთავის „მეტალურგი“ ამჟამად უმაღლესი ლიგის მეცხრე ადგილს იკავებს. მიმდინარე სეზონში რუსთაველთა რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული 20 წლის ნახევარმცველი დაჩი ცნობილაძეა, რომელიც გულშემატკივრებს 17-წლამდელთა და 19-წლამდელთა ნაკრებებში გამოსვლით უნდა ახსოვდეს. დაჩიმ საქართველოს პირველობის მიმდინარე გათამაშებაში ოთხი გოლი გაიტანა, რითაც ამჟამად თავისი გუნდის ბომბარდია. ფეხბურთელი ინტერვიუზე დაგვთანხმდა და რამდენიმე კითხვაზე გვიპასუხა.

– მიმდინარე სეზონში „მეტალურგის“ მართლაც გამორჩეული მოთამაშე ხარ, რაზეც არამხოლოდ გატანილი გოლების რაოდენობა მეტყველებს. თვითონ როგორ შეაფასებდი საკუთარ გამოსვლას?

ჩემი პირველი სრულფასოვანი სეზონია „მეტალურგში“ და ვფიქრობ, რომ როგორც გუნდი, ასევე მეც, წარმატებით ვთამაშობთ. კონკრეტულად ჩემს თამაშს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ თამაშიდან თამაშემდე ვპროგრესირებ, რაც ვალერი კილასონიას დამსახურებაა, მისგან დიდ ნდობას ვგრძნობ. გოლებს რაც შეეხება, მოხარული ვარ, რომ ოთხჯერ გავიტანე და გუნდის წარმატებაში პატარა წვლილი შევიტანე.

– უმაღლესი ლიგის ამჟამინდელი სატურნირო ცხრილი მართლაც ძალიან მჭირდოა. ამჟამად „მეტალურგი“ 16 ქულით მეცხრე ადგილზეა, თუმცა, ყველაფერი, რამდენიმე ტურში, შესაძლოა, როგორც სასიკეთოდ, ასევე უარესობისკენ შეიცვალოს. რა მიზნები აქვს დასახული კლუბს?

მართლაც, თითოეულმა ქულამ, შეიძლება, პოზიციის მნიშვნელოვანი შეცვლა გამოიწვიოს. რაც შეეხება გუნდის მიზანს, ჩვენი მიზანი ჩემპიონატის სტარტზე, ახალგაზრდული ასაკიდან და კლუბში ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ გვაქვს მაღალი ადგილების დაკავების პრეტენზია. გამოჩნდა, რომ პრობლემების მიუხედავად, გუნდს უმაღლეს ლიგაში წარმატებულად თამაში შეუძლია.

– როგორც ვახსენეთ, მიმდინარე სეზონში ოთხი გოლი გაიტანე. მათ შორის რომელიმეს განსაკუთრებულად ჰომ ვერ გამოარჩევდი?

ოთხი გოლიდან ზოგი გამართლების, ზოგიც კი, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გავიტანე. გამოვარჩევდი პირველ ტურში ბათუმის „დინამოსთან“ გატანილ გოლს, რომელიც, როგორც ლამაზი, ასევე გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა. თანაც, უმაღლეს ლიგაში ეს ჩემი პირველი გოლი იყო.

– „მეტალუგი“ ბოლო ორ მატჩში დამარცხდა. ისახება თუ არა ეს გუნდის მდგომარეობაზე თუნდაც ვარჯიშების დროს?

ჩვენი გუნდი ძალიან მეგობრული და ერთიანია. თითოეული ფეხბურთელი თამაშის წაგების შემდეგ უფრო კონცენტრირებული და მობილიზირებულია, რათა წარუმატებელი სერია, რაც შეიძლება მალე შევწყვიტოთ. ცუდი თამაში კი, ვარჯიშებზე გავლენას არ ახდენს.

– გულშემატკივარს თავი ჯერ კიდევ 17-წლამდელთა და 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში თამაშით დაამახსოვრე. როგორ გაიხსენებდი იმ პერიოდს?

17-წლამდელებში თამაში ისე ვერ გამოგვივიდა, როგორც ჩვენ და გულშემატკივარს გვსურდა, მაგრამ რადიკალურად განსხვავებული შედეგი 19 წლამდე ნაკრებში მივიღეთ, რაც ევროპის ჩემპიონატზე აისახა. ნაკრების თითოეული ფეხბურთელისთვის ნამდვილად წარმატებული პერიოდი იყო. უფრო მეტის მიღწევა შეგვეძლო, რისი პოტენციალიც ნამდვილად გვქონდა, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენა ვერ მოვახერხეთ.

და ბოლოს, რახან ასაკობრივ ნაკრებზე გკითხე, არ შემიძლია, ეროვნულ ნაკრებსაც არ შევეხო. საინტერესოა, შენი პოლონეთთან მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებული პროგნოზი…

რა თქმა უნდა, რთული მატჩი იქნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ პოლონეთთან სასურველი შედეგის მიღწევის ძალა შეგვწევს. მოახლოებულ თამაშში ჩვენს ნაკრებს წარმატებას ვუსურვებ.