უკრაინული ინტერნეტპორტალი Tribuna.com-ი იუწყება, რომ ფრანგულმა “რეიმსმა” ჯაბა კანკავას ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი ნახევარმცველის სანაცვლოდ დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” 1,2 მილიონი დოლარი (1 მილიონი ევრო) უნდა მიეღო, თუმცა შემდეგ ტრანსფერი შეფერხდა. როგორც კანკავამ აღნიშნა, უკრაინულმა კლუბმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა.
გუშინ “რეიმსი” და “დნიპრო” საბოლოოდ შეთანხმდნენ სატრანსფერო ღირებულებაზე. ფრანგები საქართველოს ნაკრების კაპიტნის სანაცვლოდ 1,5 მილიონ ევროს გადაიხდიან.
დღეს 29 წლის ქართველი ნახევარმცველი ვარჯიშზე გუნდს დაემშვიდობა, უახლოეს პერიოდში კი საფრანგეთში გაემგზავრება.
შეგახსენებთ, რომ ჯაბა კანკავა “დნიპროში” 2007 წლიდან ირიცხება. მან გუნდთან ერთად უკრაინის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიგო (2013/14), ითამაშა ევროპის ლიგის ფინალშიც (2014/15).