გიორგი ხარაიშვილის გოლი და საგოლე პასი შვედეთის ჩემპიონატში (ვიდეო)

29 აპრილს, შვედეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში გიორგი ხარაიშვილის “გიოტებორგი” საკუთარ მოედანზე აიკ-ს დაუპირისპირდა და მეტოქე 3:0 დაამარცხა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ქართველი ფეხბურთელი იყო. ხარაიშვილმა პირველი ტაიმის დამატებით წუთზე საჯარიმო დარტყმით გოლი გაიტანა და შეხვედრაში ანგარიში გახსნა. 65-ე წუთზე 22 წლის შემტევმა ნახევარმცველმა საგოლე გადაცემაც მიითვალა, მისი პასის შემდეგ მასპინძელთა უპირატესობა ორამდე კარლსონ-ლაგემირმა გაზარდა.

6 ტურის შემდეგ, “გიოტებორგი” შვედეთის 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილს იკავებს.

ხარაიშვილის გოლი

საგოლე გადაცემა

ლეგიონი: “გიოტებორგში” ხარაიშვილის დებიუტი “მალმიოს” წინააღმდეგ შედგა

გუშინ შვედეთის თასზე ერთმანეთს “მალმიო” და “გიოტერბორგი” დაუპირისპირდნენ.

მატჩი დაძაბული გამოვიდა და ერთადერთი გატანილი გოლით დასრულდა. მისი შეგდება “მალმიოს” მოთამაშემ, დანიელმა ლასე ნიელსენმა შეძლო. საბოლოოდ, სწორედ მასპინძლებმა იმარჯვეს და შემდეგ ეტაპზეც გავიდნენ. საგულისხმოა, რომ სტუმარი გუნდის შემადგენლობაში თბილისის “საბურთალოს” ყოფილი კაპიტნის, გიორგი ხარაიშვილის დებიუტი შედგა. იგი მოედანზე 79-ე წუთზე შვედი ვიქტორ ვერნერსონის მაგივრად შევიდა.

გეტყვით, რომ ქართველის გუნდი მომდევნ მატჩს უკვე 24 მარტს გამართავს. “იორგრიტეს” წინააღმდეგ ჩანიშნული დაპირისპირება ამხანაგური იქნება.

გიორგი ხარაიშვილი: “მადლობა აღიარებისთვის და დაფასებისთვის”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიურ დაჯილდოვებაზე, სადაც სხვადასხვა ნომინაციაში წლის საუკეთესო ფეხბურთელები დასახელდნენ, ნახევარმცველის პოზიციაზე საუკეთესო გახდა “საბურთალოს” ფეხბურთელი გიორგი ხარაიშვილი.

კლუბის კაპიტანმა და 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელმა შემდეგი განაცხადა: “სასიხარულოა, რომ აღნიშნულ ნომინაციაში გავიმარჯვე. ამავდროულად, საპასუხისმგებლო ტიტულია. მადლობა ამ ღონისძიების ორგანიზატორებსა და იმ ადამიანებს, ვინც საუკეთესოდ დამასახელა. ვეცდები გავამართლო მათი იმედები. მადლობა აღიარებისთვის და დაფასებისთვის.”


“მადლობა ჩემ საყვარელ “საბურთალოს”, სადაც მშვენიერი ატმოსფერო სუფევს და ყველანაირი პირობაა იმისა, რომ თავი ფეხბურთელად იგრძნო,” – ამბობს ხარაიშვილი.

“საბურთალომ” “დილას” სძლია

დღეს ეროვნული ლიგის 22-ე ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა. “თენგიზ ბურჯანაძეზე” ადგილობრივმა “დილამ” თბილისის “საბურთალო” მიიღო.

მატჩის პირველ ნახევარში გოლი არ გასულა.

მეორე ტაიმში, 55-ე წუთზე სტუმართა ლიდერმა, გიორგი ხარაიშვილმა გამოიჩნა თავი და ანგარიში გახსნა. მე-80 წუთზე ბიძინაშვილმა ორამდე გაზარდა სხვაობა.

საბოლოოდ, “საბურთალომ” 2-0 იმარჯვა. მას 32 ქულა აქვს და მეოთხეზეა, “დილა” 22-ით მერვეზეა.

 

ვის მიუძღვნა გუშინდელ მატჩში სამქულიანი გოლი გიორგი ხარაიშვილმა? – ექსკლუზიური ინტერვიუ “საბურთალოს” კაპიტანთან

გუშინ საქართველოს ჩემპიონატის 27-ე სეზონის პირველმა ტურმა აიღო სათავე. მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე, ცხინვალის “ცხინვალი” ტურნირის დებიუტანტ “საბურთალოსთან” 1-2 დამარცხდა.

Fanebi.Com-თან კომენტარი “საბურთალოს” კაპიტანმა და გამარჯვების გოლის მომტანმა, გიორგი ხარაიშვილმა გააკეთა.

– გიორგი, პირველ რიგში გილოცავ გამარჯვებას. საბურთალომ უმაღლეს ლიგაში პირველი მატჩი ჩაატარა, როგორ შეაფასებდით გუშინდელ დღეს?

– გაიხარე. გუნდისთვის, რომელიც სადებიუტო მატჩს ატარებს უმაღლეს ლიგაში, რა თქმა უნდა, ამას დაძაბულობა და ნერვილობა მოჰყვება. პირველ ტაიმში დაგვეტყო კიდეც ეს და გოლიც გავუშვით. მაგრამ, მეორე ტაიმში რწმენით და მონდომებით ანგარიში შემოვატრიალეთ ჩვენს სასიკეთოდ.

– მოდი, დავიწყოთ თავიდან. რამდენი წელია დადიხარ ფეხბურთზე, რომელ გუნდში მოხვდი პირველად და თუ შეგიძლია გაიხსენო ვინ იყო შენი პირველი მწვრთნელი?

– ათი წელია, რაც ფეხბურთზე დავდივარ. “ოლიმპში” ვიყავი პირველად და ჩემი პირველი მწვრთნელი შოთა ჭეიშვილი იყო.

– რამდენი წლის იყავი, როდესაც საბურთალომ აგიყვანა? მოგვიყევი ამ ტრანსფერის ისტორია.

– ხუთი წელიწადი “ოლიმპში” ვითამაშე, მაგრამ კონტრაქტი “საბურთალოსთან” მქონდა. 2009-ში სწორედ “საბურთალოში” გადავედი.

– გყავს თუ არა ადამიანი, რომელსაც მთავარ სტიმულატორად აღიქვამ?

– ჩემი ყველა ძვირფასი ადამიანი ჩემთვის დიდი სტიმულია.

– მოდი, ახლა ისევ გუშინდელ მატჩს დავუბრუნდეთ. სამქულიანი გოლი გუშინდელ დაპირისპირებაში სწორედ შენ გაიტანე. რა გრძნობა დაგეუფლა გატანილი გოლის შემდეგ და მიუძღვენი თუ არა ის ვინმეს?

– სასიხარულოა, რა თქმა უნდა, როდესაც ასეთ მატჩში, სამქულიან, გადამწყვეტ გოლს იტან, მითუმეტეს ბოლო წუთებზე. გუშინდელი გოლი და თამაშიც თავიდანვე ვიცოდი ვისთვის უნდა მიგვეძღვნა. გუშინ, ჩვენს დირექტორს, კახა ჭუმბურიძეს დაბადების დღე ჰქონდა. ცოტა კი ვინერვიულეთ, მაგრამ მაინც კარგი საჩუქარი გამოგვივიდა.

– წარმატებული სტარტი სეზონზე ყოველთვის მოქმედებს. გუნდმა გამარჯვებით დაიწყო. რა იქნება “საბურთალოს” მიზანი მიმდინარე სეზონის განმავლობაში?

– ახალგაზრდული გუნდი ვართ და გამოცდილების მხრივ პირველი სეზონი გაგვიჭირდება, მაგრამ როგორც გუშინ, ყველა თამაშისთვის მოსაგებად გავალთ. ჩვენზე რაც დამოკიდებული იქნება, მაქსიმუმს გავაკეთებთ.

ხარაიშვილი: „უმაღლეს ლიგაში თავის გამოჩენა და თამაში უფრო გაგვიადვილდება“

მიმდინარე სეზონში „საბურთალოს“ სახით საქართველოს პირველი ლიგის A ჯგუფს ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს ამჟამად 44 ქულა აქვს და უახლოეს მდევრებს „ჭიათურასა“ და სტუ-ს 15 ქულით უსწრებს. საბურთალოელთა რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილია, რომელმაც 12 გოლი გაიტანა და თანაგუნდელ გურამ გუშთელიანთან ერთად ჯგუფის ბობმარდირთა დავას 12 გოლით ლიდერობს. გიორგი ინტერვიუზე დაგვთანხმდა და რამდენიმე კითხვაზე გვიპასუხა.

– მიმდინარე სეზონში „საბურთალო“ მართლაც ბრწყინვალედ გამოდის და უახლოეს მდევარს 26 ქულით უსწრებს. როგორ შეაფასებდი შენი გუნდის გამოსვლას?

რაც დაგეგმილი გვქონდა, ყვალაფერი გამოგვივიდა. უმაღლესში გადასვლა გვინდა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. პირველივე წრეში საკმოდ წინ ვართ, მაგრამ მეორეში ბევრად მოვუმატებთ. არ არის გუნდი, რომლის დამარცხებაც არ შეიძლება, უბრალოდ, აქ გუნდები შედარებით მეტს იბრძვიან. ვფიქრობ, უმაღლესში თავის გამოჩენაც და ფეხბურთის თამაშიც უფრო გაგვიადვილდება.

– ამჟამად გურამ გოშთელიანთან ერთად ჯგუფისა და გუნდის ბომბარდირი ხარ. გამართლდა თუ არა მიმდინარე სეზონის დაწყების წინ შენი მოლოდინი?

სიმართლე რომ გითხრათ, ბომბარდირთა დავას არც ვუყურებ. მთავარია, გუნდმა მოიგოს. ორივეს მოლოდინი გამართლდა, კარგ ფორმაში ვართ და მაქსიმუმს ვაკეთებთ.

– წელს გატანილ გოლებს შორის განსაკუთრებულად რომელიმე თუ დაგამახსოვრდა?

„მაჭახელასთან“, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ბოლო წუთებზე გოლი გავიტანე. ეს განსაკუთრებული სამი ქულა იყო.

– როგორი განწყობაა გუნდში? უკვე ფიქრობთ თუ არა შემდგომ სეზონზე და სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

წელს ერთი თამაში დავრჩა და ბოლომდე კარგი განწყობა გვექნება. არ ვფიქრობთ, რომ უკვე უმაღლესში გადასულები ვართ, ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა და არ ვიცით, რა მოხდება. მოდუნება არ შეიძლება, უფრო უნდა მოვუმატოთ. თებერვალში თურქეთში შეკრებას გავივლით.

– ოქტომბერში 19-წლამდელთა ნაკრებში სამჯერ ითამაშე. რამდენად კმაყოფილი დარჩი საკუთარი თამაშით?

გუნდში და ნაკრებში ჩემი თამაში ძალიან განსხვავდება. ნაკრებს სხვა დატვირთვა აქვს და ბევრად პასიურიც ვარ, ჩემი შესაძლებლობების 50%-საც ვერ ვამჟღავნებ

– რომელიმე უცხოური კლუბიდან შემოთავაზება თუ გქონია?

რამდენიმე გუნდზე წერდნენ და საუბრობდნენ, თუმცა პირადად ჩემთვის არავის არაფერი არ უთქვამს

– და ბოლოს, არ შემიძლია ეროვნულ ნაკრებზეც არ გკითხო. იხილავდი თუ არა მის სათავეში კონკრეტულად რომელიმე მწვრთნელს?

ვერ გეტყვით. ნამდვილად არ ვიცი, თუ ვინ უფრო კარგად მოერგება ფეხბურთელებს. მგონი, ეს არავინ იცის.