ინგლისის ეროვნული გუნდის მოთამაშემ სანაკრებო კარიერა დაასრულა

რამდენიმე საათის წინ, ინგლისის ნაკრების უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯეიმს მილნერმა ოფიციალურად განაცხადა ეროვნული გუნდიდან წასვლის შესახებ.

“ამ გადაწყვეტილების მიღება ურთულესი იყო.  ვფიქრობ, სწორი ნაბიჯი გადავდგი, როგორც ჩემთვის, ასევე, რა თქმა უნდა, ჩემი ქვეყნისთვისაც. მინდა, სემსა (ელარდაისი. ავტ.) და ბიჭებს წარმატებები ვუსურვო,” – განაცხადა 30 წლის ბრიტანელმა.

აქვე გეტყვით, რომ მილნერის დებიუტი ინგლისის ნაკრებში 2009 წელს შედგა. მან 61 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. იგი ევროპისა და მსოფლიოს 2-2 ჩემპიონატზე იმყოფებოდა. თუმცა, 2016 წელს საფრანგეთში მხოლოდ 3 წუთით იასპარეზა.

მილნერმა პირველი და ერთადერთი გოლი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მოლდოვის წინააღმდეგ 2014 წლის “მუნდიალის” საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიტანა.

 

სტივი ჯი — “ლივერპულის” გულის ფეთქვა

“ლივერპულს” ჰყავს მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი და მას სტივენ ჯერარდი ჰქვია. მერსისიადულ გუნდის კაპიტანი თანამედროვე ფეხბურთის ნამდვილი მოვლენაა, ყველასგან გამორჩეული ფიგურაა. მას აქვს უნარი და შესაძლებლობა, გაარღვიოს ნებისმიერი გუნდის დაცვა, გაიტანოს მოედნის ნებისმიერი წერტილიდან.

რა შეგვიძლია ვთქვათ ჯეროს შესახებ ისეთი, რაც აქამდე არ უთქვამთ? მისი ელეგანტურობა, მისი სიძლიერე, ბურთის ბრწყინვალე კონტროლი, ბარიერების დაძლევის უნარი ყველას კარგად მოეხსენება. ჯერარდი ყოველთვის საომრადაა შემართული, მეგობრებს თავგანწირვის საუკეთესო მაგალითს აძლევს. მას აქვს უდიდესი ფიზიკური ძალა და უნარიც შესწევს მისი გამოყენებისა. ის პირველი წუთიდან უკანასკნელამდე იბრძვის მოედანზე, ინარჩუნებს საწყის ტემპს და დიდ ფიზიკურ ძალასაც ხარჯავს. ხშირად იგი კომბინაციებსაც თვითონ იწყებს და თვითონვე აგვირგვინებს ხოლმე. ჯერარდი მოედანზე ამინდის შემქმნელია. სტივი ჯი გუნდის მესაჭეა, უდიდეს გავლენას ახდენს მოთამაშეების სულიერ მხნეობაზე, მისი საბრძოლო განწყობა გადამდებად მოქმედებს როგორც ფეხბურთელებზე, ასევე გულშემატკივრებზე. ის ასევე დიდებულად თამაშობს უბურთოდ. ჯერარდი გააფრთებული იბრძვის უკანასკნელ წუთამდე, საჭირო დროს უკან ჩამოდის და თამაშობს როგორც მცველი. მოქმედებს გუნდურად და თავის გაწირვაც შეუძლია თამაშის გადასარჩენად. აქვს ორიენტაციის უტყუარი გრძნობა. ჯერარდი იბრძვის მთელ მოედანზე, მაგრამ ამავდროულად არ კარგავს ღირსების გრძნობას. სწორედ ამიტომ ის საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობს როგორც თანაგუნდელებში და გულშემატკივრებში, ასევე მეტოქე გუნდის ფეხბურთელებში.

Gerrard

1998 წლის 29 ნოემბერს – ზუსტად 16 წლის წინ “ლივერპულში” სტივენ ჯერარდის დებიუტი შედგა. “ბლექბერნ როვერსის” წინააღმდეგ მატჩის უკანასკნელ წუთზე მოედანზე პირველად გამოჩნდა ჯერარდი, ფეხბურთელი, რომელსაც ათ წელიწადზე ნაკლები დასჭირდა იმისთვის, რომ კლუბის თილისმა გამხდარიყო.

ჩვენს საუკუნეში “ლივერპულთან” თუ ვინმე ასოცირდება, პირველ რიგში ეს ჯეროა. ჯერარდი, რომელმაც მთელი თავისი საფეხბურთო კარიერა, ნიჭი და შესაძლებლობა “ლივერპულს” მიუძღვნა, “ენფილდროუდელთა” ამ საუკუნის მთავარი ტიტულის შემოქმედად შეიქმნა. ჩემპიონთა ლიგის 2005 წლის ფინალში მთელი თავისი არსით გამოისახა “ლივერპულისა” და ჯერარდის სული.

ერთადერთი რამ, რაც სტივიმ საკლუბო დონეზე ამ დრომდე ვერ მოიგო, ეს პრემიერლიგის თასია, შარშან ასე ახლოს რომ იყო მის დასაკუთრებასთან.

ჯერარდს “ლივერპულის” რიგებში თითქმის 700 შეხვედრა აქვს ჩატარებული, ინგლისის ნაკრების ფორმა კი 114-ჯერ მოირგო. დაგვეთანხმებით, აქტივში ასეთ შედეგებს მხოლოდ გამორჩეული მოთამაშეები თუ მოაგროვებენ.

Gerro

ჯეიმი კარაგერი (“ლივერპულის” ყოფილი ფეხბურთელი):
“სტივი ჯი “ენფილდის” ისტორიაში ყველაზე დიდი ფეხბურთელია. ჩემთვის დიდი პატივია მის გვერდით თამაში. სტივი არის ფეხბურთელი, რომელიც ყოველ 10 ან 15 წუთში გუნდისთვის რაიმე სასიკეთო ქმედებას სჩადის, ეს შეიძლება იყოს მეტოქის შეჩერება, დიდებული ჩაწოდება, დარტყმა ან თავით თამაში”.

ზინედინ ზიდანი (მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი):
“არის თუ არა ჯერარდი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო? შეიძლება მას ლიონელ მესისა და რონალდუს მსგავს ყურადღებას არ აქცევენ, მაგრამ ის ერთ-ერთი საუკეთესოა. თუ მისი დარის მოთამაშე არ გყავთ, რომელსაც ოთახში ყველაფრის დალაგება შეუძლია, მაშინ გუნდი წარმატებას ვერ მიაღწევს. ჯერარდი გულის ფეთქვაა”.

ჟერარ ულიე (“ლივერპულის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი):
“სტივენ ჯერარდი ეს “ლივერპულია”, რადგან კლუბის ხარისხს ის განსაზღვრავს. ის ძალზედ სწრაფია და საჭირო გადაცემას დროულად აკეთებს”.

დევიდ ტომპსონი (“ლივერპულის” ყოფილი ფეხბურთელი):
“ვფიქრობ, ის ნომერ პირველია, ამას გულწრფელად გეუბნებით. ის გენეტიკურად დაჯილდოებული ფეხბურთელია, რისი წყალობითაც ამ დონემდე მიაღწია. მე მას ნომერ პირველად მივიჩნევ, რაც პრემიერლიგაში მეტად რთულად მოსაპოვებელი წოდებაა. მისი გონებრივი ძალა და ერთგულება კლუბის ახალგაზრდა მოთამაშეებს იდეალურ მაგალითს აძლევს”.

გრემ ტეილორი (ინგლისის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი):
“ჩემი აზრით, ის მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ნახევარმცველია”.

პელე (ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი):
“ჩემთვის ის მსოფლიოს ერთ-ერთი სუპერნახევარმცველია. ჯერარდი შესანიშნავი ფეხბურთელია”.

კაკა (“მილანისა” და მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი):
“ჩემი აზრით, ბრწყინვალე ფეხბურთელია. ის თანამედროვე მოთამაშეა, რადგან დარბის, აკეთებს საჭირო პასებს, იცის ჩაწოდება, იტანს გოლებს და მოედანზე არის ლიდერი. ასე რომ, მე მის თანაგუნდელობას ვისურვებდი”.

ალექს ფერგიუსონი (“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი):
“თუ როი კინის იდეალური შემცვლელის ვინაობას მკითხვათ, გეტყვით, რომ ეს ჯერარდია. ის ინგლისში ყველაზე გავლენიანი ფეხბურთელია”.