საქართველოს მორიგი სუპერთასი, რომელიც უცნაურ დროს ტარდება

ხუთშაბათს, 11 დეკემბერს, საქართველოს 2014 წლის სუპერთასის მატჩი გაიმართება, რომელშიც, შარშანდელი მატჩის მსგავსად, ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და საჩხერის „ჩიხურა“ შეხვდებიან. 2013 წლის 22 დეკემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარებული მატჩი სოსო ფრუიძის გუნდის გამარჯვებით დასრულდა – ერთადერთი გოლი შეხვედრის 57-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა გაიტანა.

ზოგადად კი, საქართველოს სუპერთასს საკმაოდ უცნაური ისტორია აქვს. წესით, უამრავ სხვა ქვეყანაში, თუ ეს შეხვედრა ამ პერიოდში ტარდება, მაშინ ამ ქვეყანაში ჩემპიონატი ზამთარი-შემოდგომის სისტემით ტარდება. თუმცა, არა საქართველოში… საბედნიეროდ, უშუალოდ ჩემპიონატი შემოდგომა-გაზაფხულის სისტემით ტარდება, რითაც ქართული ფეხბურთი ერთ პრობლემას ავტომატურად იცილებს, სამაგიეროდ, ბევრი სხვა პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. წარმოიდგინეთ, რა რთული იქნებოდა სეზონის დაწყება იმ გუნდებისთვის, რომელთა სტადიონებზეც ცუდი მინდორია ან რომლებსაც საშინაო მატჩების ჩატარება რეგულარულად ნეიტრალურ სტადიონებზე უწევთ. მსგავსი კლუბები დღევანდელ 16-გუნდიან ჩემპიონატში დღეს მრავლადაა… არსებობს განათების პრობლემაც, რაზეც თუნდაც ის მეტყველებს, რომ რამდენიმე სტადიონიდან სატელევიზიო რეპორტაჟის წარმოება რთულია. ამის გამო დეკემბერში და თებერვალში მატჩები ადრე იწყება.

ქართულ ფეხბურთში მუდმივი და ჯერჯერობით არაფრის მომტანი ცვლილებების ჩამოთვლა რომ მოგვინდეს, ალბათ, საკმაო დროის დახარჯვა მოგვიწევს. სამწუხაროა, რომ ამ ცვლილებებს სათანადო შედეგი ჯერჯერობით არ მოუტანიათ. როგორც უკვე აქამდე ერთ-ერთ სტატიაში აღვნიშნეთ, 16-გუნდიანმა ჩემპიონატმა თავისი უარყოფით მხარეები ამ მცირე პერიოდში უკვე გვაჩვენა. საქართველოს დამოუკიდებელი ჩემპიონატის შექმნის პერიოდიდანვე უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა მუდმივად იცვლებოდა, იყო შემთხვევებიც, როდესაც გუნდი სეზონის მიმდინარეობისას არსებობას წყვეტდა. მსგავს მაგალითს დღევანდელ ჩემპიონატში ქუთაისის „ტორპედო“ წარმოადგენს. მართალია, კლუბი არ დაშლილა, თუმცა მისი რიგები მწვრთნელთან და სპონსორ „ვისოლთან“ ერთად უამრავმა ფეხბურთელმა დატოვა.

როდესაც საქართველოს სუპერთასის უცნაურ ისტორიაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, მისი ჩატარების თარიღს ვგულისხმობთ. უმაღლესი ლიგის გუნდების რაოდენობის არ იყოს, აქაც მუდმივი ცვლილებებია, ოღონდ ეს ცვლილებები მატჩის ჩატარების თარიღთანაა დაკავშირებული. თუ შარშანდელი სუპერთასი დეკემბერის ბოლოს ჩატარდა, 2013 წელს, „ზესტაფონისა“ და გორის „დილას“ შეხვედრა 22 თებერვალს შედგა. იმავე „ზესტაფონმა“ „გაგრასთან“ 2012 წლის სუპერთასისთვის საერთოდ 29 მაისს ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ 2000 წლიდან 2004 წლამდე საქართველოს სუპერთასი არც კი ჩატარებულა.

ასეთი არასტაბილურობა, როგორც ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის, ასევე უშალოდ ქართული კლუბებისთვის მხოლოდ ზარალის მომტანია. წესით, ეს მატჩი სეზონს უნდა ხსნიდეს და წინა სეზონის ტრიუმფატორები ახალ სათამაშო წელს სწორედ ამ შეხვედრით უნდა ხსნიდნენ. უცხოეთში ბევრი გუნდი სუპერთასს სწორედ ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად იყენებს. ეს შეხვედრა მოახლოებულის სეზონისთვის მოსამზადებლად მართლად კარგია, რადგან ერთმანეთს უშუალო კონკურენტები უპირისპირდებიან და მათ ერთმანეთის მინუსებისა და პლუსების გაგების კარგი შესაძლებლობა აქვთ. შემთხვევით არაა, რომ სუპერთასზე ბევრი გუნდი ძირითადი შემადგენლობით არ გამოდის.

იმედი ვიქონიოთ, რომ უახლოეს წლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დადებით ცვლილებას ამ მხვრივაც შეიტანს. მანამდე კი, ხვალინდელ მატჩს დაველოდოთ, რომელიც მართლაც საინტერესო უნდა იყოს. „დინამომ“ ჩემპიონატში ბოლო ორი მატჩი წააგო (ერთ-ერთი სწორედ „ჩიხურასთან“). კახა გოგიჩაიშვილის ფეხბურთელებს არამხოლოდ ბოლო დროინდელი ცუდი სტატისტიკის გამოსწორების, არამედ, შარშან სუპერთასის წაგებისთვის რევაშის აღების შანსი აქვთ. ამავდროულად „ჩიხურა“, მოგების შემთხვევაში, საქართველოს სუპერთასს ზედიზედ მეორედ დაეუფლება და მეოთხე ქართული კლუბი გახდება, რომელიც ამ წარმატებას მაიღწევს. აქამდე სუპერთასი ზედიზედ ორჯერ თბილისის „დინამომ“ (1996 და 1997 წლებში), თბილისის „ამერმა“ (2006, 2007) და „ზესტაფონმა“ (2011, 2012) მოიგეს.

ყველაზე მეტჯერ სუპერთასი თბილისის „დინამომ“ მოიგო. „მტკივრისპირელებმა“ აქამდე რვაჯერ ითამაშეს და ხუთი მატჩი მოიგეს. მეორე ადგილს ორ-ორი თასით „ზესტაფონი“ და „ამერი“ იყოფენ, თუმცა, თბილისურ კლუბთან განსხვავებით, ზესტაფონელები სუპერთასზე სამჯერ გამოვიდნენ (2008 წელს „ზესტაფონმა“ სუპერთასის თამაში „დინამოსთან“ წააგო).