შირერი: “დამთავრდა ის დრო, როდესაც რუნი ინგლისის პირველი ფორვარდი იყო”

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა უეინ რუნი ევროპის ჩემპიონატზე წასაყვან ფეხბურთელთა გაფართოებულ შემადგენლობაში დაასახელა. ამ ფაქტს გამოეხმაურა “სამი ლომის” ყოფილი თავდამსხმელი ალან შირერი.

“ნაკრებში კაპიტნისთვის ადგილი ყოველთვის მოინახება, მაგრამ დამთავრდა ის დრო, როდესაც უეინი პირველი ფორვარდი იყო. იგი ჩამოქვეითდა. ჰარი კეინმა და ჯეიმი ვარდიმ ეს შანსი დაიმსახურეს.

აღნიშნულის მიუხედავად, ვთვლი, რომ რუნი კვლავ ითამაშებს ნაკრებში მნიშვნელოვან როლს, თუმცა ან ნახევარმცველის ან ათი ნომრის ამპლუაში”, – ციტირებს შირერის სიტყვებს “ლეკიპი”.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელები ევრო-2016-ის ჯგუფურ ეტაპზე რუსების, სლოვაკებისა და უელსების წინააღმდეგ ითამაშებენ.

შირერი: “არსენალმა” პრემიერლიგის მოსაგებად უმაღლესი დონის ფორვარდი უნდა დაიმატოს”

ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ალან შირერი მიიჩნევს, რომ ლონდონის “არსენალმა” ჩემპიონობისთვის უმაღლესი დონის ფორვარდი უნდა დაიმატოს. ინგლისელის აზრით, სწორედ ასეთი ფეხბურთელი აკლია არსენ ვენგერის გუნდს.

“არსენალი” ინგლისის პრემიერლიგას ვერ მოიგებს მანამ, სანამ არ დაიმატებს უმაღლესი დონის თავდამსხმელს, რომელსაც სეზონში 25-30 გოლის გატანა შეეძლება. მთელი სეზონის განმავლობაში ამას ვამბობ. “არსენალს” სჭირდება უმაღლესი კლასის ორი მოთამაშე”, – ციტირებს შირერის სიტყვებს “მირორი”.

 

ალან შირერმა ბლატერის გადადგომის შემდეგ იხუმრა

“ნიუკასლ იუნაიტედის” ლეგენდარულმა თავდამსხმელმა ალან შირერმა ფიფას პრეზიდენტის პოსტიდან იოზეფ ბლატერის გადადგომის შემდეგ გაიხუმრა.

“კარგი ამბავია ის, რომ ბლატერი მიდის. ცუდი ამბავია ის, რომ გავიგე, ბლატერი “ნიუკასლს” ჩაიბარებს”, – დაწერა სოციალურ ქსელში შირერმა.

შეგახსენებთ, რომ ზეპ ბლატერმა ფიფას ხელმძღვანელის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა.

ფიფას რიგგარეშე კონგრესი მიმდინარე წლის დეკემბრიდან 2016 წლის მარტამდე არსებულ პერიოდში ჩატარდება და ახალ პრეზიდენტსაც დროის ამ მონაკვეთში აირჩევენ. მანამდე ფიფას კვლავ ბლატერი უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ ზეპ ბლატერი ფიფას 1998 წლიდან უდგას სათავეში. 29 მაისს ის მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტად მეხუთე ვადით აირჩიეს.

 

ალან შირერი: “ბრენდან როჯერსმა მხოლოდ ერთი წარმატებული ტრანსფერი განახორციელა”

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და “ნიუკასლ იუნაიტედის” ყოფილმა კაპიტანმა ალან შირერმა, რომელიც დღესდღეობით საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს, “ლივერპულის” სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა. მისი თქმით, მერსისაიდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა 2012 წლიდან მხოლოდ ერთი წარმატებული ტრანსფერი განახორციელა.

“მე ვიტყოდი, რომ მხოლოდ კოუტინიოს ტრანსფერი გამოდგა წარმატებული. დანიელ სტარიჯს ტრავმის გამო საკმაოდ დიდი პერიოდი გაუცდა.

“ლივერპულს” კარგი სატრანსფერო პოლიტიკა არ აქვს, რაც, ალბათ, არის მიზეზი გუნდის წარუმატებლობისა.

მათ უნდა დაიმატონ მსოფლიო დონის ფეხბურთელები, თუმცა შარშან, როდესაც გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობდა, გუნდმა ასეთი ტრანსფერები ვერ განახორციელა და ახლა, როდესაც მერსისაიდელები ტურნირს მიღმა არიან, ამ მოთამაშეების გაფორმება კიდევ უფრო გაუჭირდებათ”, – შირერის კომენტარი “მირორმა” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ბრენდან როჯერსმა “ლივერპული” 2012 წელს ჩაიბარა. ამ ხნის განმავლობაში მან 24 ფეხბურთელი დაიმატა, ტრანსფერებში 211 მილიონი ფუნტ სტერლინგი დახარჯა, აქედან 8.5 მილიონი – კოუტინიოს შესაძენად.

შირერს ნიუკასლში ძეგლს დაუდგამენ

ინგლისელმა ბიზნესმენმა და “ნიუკასლ იუნაიტედის” ყოფილმა თავმჯდომარემ ფრედი შეპარდმა განაცხადა, რომ კლუბი საუკეთესო ბომბარდირ ალან შირერს ქალაქში ძეგლს დაუდგამს.

“მოქანდაკე ტომ მეილი დავიქირავეთ. შირერი “ნიუკასლის” ისტორიაში უდიდესი ფეხბურთელია. აი, ამიტომ გადავწყვიტეთ მისთვის ძეგლის დადგმა. მან უნდა მიიღოს ქალაქის აღიარება. ჩვენ ვთვლით, რომ ახლა ამისთვის შესაფერისი დროა.

მრავალი განცხადება მივიღეთ იმის შესახებ, თუ სად უნდა დაიდგას სკულპტურა. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ჯერ ძეგლი დამზადდება, შემდეგ კი შესაფერის ადგილს მოვძებნით”, – შეპარდის სიტყვები “გარდიანმა” გამოაქვეყნა.

ფრედი შეპარდმა ისიც განაცხადა, რომ შირერის ძეგლის დამზადებას დააფინანსებს.

შეგახსენებთ, რომ ალან შირერი “ნიუკასლის” ღირსებას 1996-დან 2006 წლამდე იცავდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 206 გოლი გაიტანა. შირერის სანაცვლოდ “კაჭკაჭებმა” იმ დროს რეკორდული თანხა 15 მილიონი ფუნტი გაიღეს.

 

პრემიერლიგაში თავით გატანილი გოლების რაოდენობით კრაუჩი შირერს მიუახლოვდა

ინგლისის პრემიერლიგის 25-ე ტურში “სტოკ სიტისა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გამართულ მატჩში (1:4) მასპინძელთა თავდამსხმელმა პიტერ კრაუჩმა 38-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. ინგლისელი ფორვარდისთვის ეს პრემიერლიგაში თავური დარტყმით გატანილი 45-ე გოლია.

ინგლისის უმაღლეს დივიზიონში თავური დარტყმით გატანილი გოლების რაოდენობით კრაუჩი მხოლოდ “ნიუკასლ იუნაიტედის” ყოფილ თავდამსხმელ ალან შირერს ჩამორჩება (46). აქტივში თავით გატანილი 45 გოლი აქვს “ქოვენთრი სიტისა” და “ასტონ ვილას” ყოფილ ფორვარდ დიონ დაბლინსაც. თავით ოდნავ ნაკლები გოლი გაუტანიათ ლეს ფერდინანდსა (40) და დუაიტ იორკს (38).

შირერი: “იმედია, რუნი ჩემს რეკორდს ვერ დაამხობს”

ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი, “ნიუკასლ იუნაიტედის” ყოფილი ფორვარდი ალან შირერი გამოტყდა, რომ არ სურს, “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა უეინ რუნიმ პრემიერლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით მისი რეკორდი დაამხოს.

ცნობისთვის, შირერმა თავის დროზე 260 გოლის გატანა შეძლო, რუნის ამ მაჩვენებლამდე 79 გოლი აკლია.

Alan Shearer - Wayne Rooney

“იმედი მაქვს, რუნი ჩემს რეკორდს ვერ დაამხობს. მომწონს, რომ ეს რეკორდი მე მეკუთვნის. თუ რუნი ფორმაში იქნება, მას, რა თქმა უნდა, ამ რეკორდის დამყარება შეუძლია. ეს იმაზეც არის დამოკიდებული, თუ რა პოზიციაზე გამოიყენებს გუნდის მთავარი მწვრთნელი მას. ამასთანავე, უნდა ვთქვა, რომ რუნის გულმხურვალე გულშემატკივარი ვარ. ის მხოლოდ 29 წლის არის და ჩემი რეკორდის დამხობა მართლაც შეუძლია”, – შირერის სიტყვები ჟურნალმა Fourfourtwo-მ გამოაქვეყნა.