ოფიციალურად: ანდრე შურლე “ფულჰემის” ღირსებას დაიცავს

დორტმუნდის “ბორუსიას” გერმანელი ნახევარმცველი ანდრე შურლე ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდება. ეს უკანასკნელი მომავალ ორ სეზონს არენდის წესით “ფულჰემის” რიგებში გაატარებს.

როგორც ცნობილი ხდება, ანდრე შურლე, რომელსაც ლონდონის “ჩელსის” რიგებში თამაშის გამოცდილებაც აქვს, თავის ახალ კლუბში 14-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

რაც შეეხება უშუალოდ გასულ სეზონს, 27 წლის შურლემ “ბორუსიას” მაისურით 18 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში, გაიტანა 1 გოლი და აქტივში ჩაიწერა 4 საგოლე გადაცემა.

ანდრე შურლე, შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

საკმაოდ გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, The Guardian-ის ცნობების მიხედვით, ლონდონური “ვესტ ჰემის” ხელმძღვანელებს გუნდის შეტევითი პოტენციალის გაძლიერება სურთ და ამ მიზნით ანდრე შურლეს ტრანსფერის გახორციელებას გეგმავენ.

27 წლის ფეხბურთელს აქამდეც არაერთხელ უწინასწარმეტყველებდნენ დორტმუნდის “ბორუსიას” დატოვებას, სადაც ის სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდის. გერმანელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 8-ჯერ მოირგო “ბორუსიას” მაისური ოფიციალურ შეხვედრაში.

შურლეს უკვე აქვს ინგლისის პრემიერ ლიგაში თამაშის საკმაოდ კარგი გამოცდილება – ეს უკანასკნელი 2013-15 წლებში ლონდონის “ჩელსის” ღირსებას იცავდა. “არისტოკრატთა” მაისურით ჩატარებულ 44 მატჩში მან 11 გოლისა და 2 საგოლე გადაცემის ჩაწერა შეძლო აქტივში.

დორტმუნდის “ბორუსიას” შურლე 2016 წლის ზაფხულში შეუერთდა “ვოლფსბურგიდან”. მხარეებს შორის არსებულ კონტრაქტს კი ვადა 2020/21 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება.

“ბორუსიაში” პიერ-ემერიკ ობამეიანგის შემცვლელად ანდრე შურლეს მოისაზრებენ

ტომას ტუჰელი ადასტურებს ინფორმაციას, რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგის არყოფნის პერიოდში, თავისი შესაძლებლობების დემონსტრირების საშუალება “ჩელსის” ექს-ფორვარდს, ანდრე შურლეს მიეცემა.

როგორც იცით, პიერ-ემერიკ ობამეიანგის მთავარი საზრუნავი ამ დროისთვის კონტინენტური პირველობაა, სადაც ეს უკანასკნელი გაბონის ნაკრების ღირსებას იცავს.

“ანდრე შურლე დასაწყისიდანვე შეუტევს, თუ რა თქმა უნდა, რამე მოულოდნელი არ მოხდება. მას ფორვარდის როლის მორგება მოუწევს. ეს მისთვის ბრწყინვალე შანსია, გვაჩვენოს, თუ რა შეუძლია მას.”

დორტმუნდის “ბორუსია” ბუნდესლიგის 16 ტურის შემდეგ 27 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში კი მათი მეტოქე ბრემენის “ვერდერი” იქნება.

ტუხელი: “ანდრე შურლე ჰენრიკ მხითარიანის ბრწყინვალე ჩამნაცვლებელია”

“ბორუსია დორტმუნდის” მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჰანდრე შურლეს სრულფასოვნად შეუძლია ჰენრიკ მხითარიანის ჩანაცვლება, რომელიც “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა.

“მხითარიანის წასვლით, ისეთი ფეხბურთელი დავკარგეთ, რომელსაც ორივე ფლანგზე შეეძლო თამაში. ასეთი ფეხბურთელი არც ისე ბევრია დღევანდელ სამყაროში. შურლე კი ერთ-ერთი მათგანია.

ასეთ ფეხბურთელებს ეგოისტური სურვილები არ აწუხებთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბევრი გოლი არ გააქვთ.

მცველებისთვისაც გაცილებით უფრო ადვილია თამაში, როდესაც შენს წინ ასეთი ფეხბურთელი დგას. სწორედ ამიტომაც დავიმატეთ შურლე.” – განაცხადა დორტმუნდელთა თავკაცმა.

„ჩელსიმ“, შესაძლოა, შურლე გაყიდოს

ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ანდრე შურლეს თამაშით უკმაყოფილოა.

ლონდონელები უკვე ახლა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ფიქრობენ. შესაძლოა, პორტუგალიელი სპეციალისტისთვის პრიორიტეტად სწორედ გერმანიის ნაკრების მოთამაშის გაყიდვა გახდეს.

თავად ფეხბურთელს იანვარში გუნდიდან წასვლა არ სურს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე გერმანულ კლუბს მასთან კონტრაქტის გაფორმების სურვილი აქვს.

შურლოეს შესაძლო შემცვლელის სახით, ლონდონელები დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველ მარკო როისსა და „ფიორენტინას“ მოთამაშეს ხუან კუადრადოს განიხილავენ.