დე როსი დერბის გამოტოვებს

„რომას“ ნახევარმცველი დანიელე დე როსი „ლაციოსთან“ რომაული დერბისთვის გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს.

ამავდროულად პრინციპული შეხვედრისთვის მზად ალესანდრო ფლორენცი იქნება. მართალია, დიდი ალბათობით, ის შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს.

ორივე ნახსენებმა ფეხბურთელმა ტრავმა ლევერკუზენის „ბაიერთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში მიიღო.

აღსანიშნავია, რომ „ლაციოს“ ნახევარმცველი მარკო პაროლო დაუბრუნდება.

რომაული დერბი ერთი დღით გვიან ჩატარდება

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ „ლაციოს“ ხელმძღვნალობის თხოვნა დააკმაყოფილა და „რომასთან“ შეხვედრა ერთი დღით გადადო.

შეხვედრა ადგილობრივი დროით 18:00 საათზე (თბილისის დროით, 20:00 საათზე) დაიწყება.

ცნობისთვის, „ლაციომ“ „დერბი დელა კაპიტალეს“ ჩატარების თარიღის შეცვლა მას შემდეგ ისურვა, რაც იტალიის თასის ფინალური მატჩის თარიღი შეიცვალა.

„რომა“ ტოტის დუბლით დერბიში მარცხს გადაურჩა

„რომასა“ და „ლაციოს“ შორის იტალიის სერია ა-ს მე-18 ტურის ცენტრალურმა მატჩმა გულშემატკივართა იმედი გაამართლა.

შეხვედრა ნომინალური მასპინძლების აქტიური თამაშით დაიწყო და პირველ ოც წუთში „ჯალოროსიმ“ „ლაციოს“ კარს რამდენიმეჯერ სახიფათოდ შეუტია, თუმცა ანგარიში მაინც სტეფანო პიოლის გუნდმა გახსნა – 25-ე წუთზე ფელიპე ანდერსონის მეტოქის საჯარიმოში ჩინებულ ჩაწოდებას სტერფანო მაურის ზუსტი დარტყმა მოჰყვა – 0:1. ოთხ წუთში ანდერსონმა კვლავ გაიბრწყინა, ამჯერად ბრაზილიელმა თვითონ დაარტყა და თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.

მეორე ნახევრის უკვე მე-3 წუთზე „რომამ“ ანგარიშის სხვაობის შემცირება შეძლო – ფრანჩესკო ტოტიმ ფედერიკო მარკეტი უშანსოდ დატოვა. ამის შემდეგ „ჯალოროსის“ ფეხბურთელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ, რამაც შედეგი მოიტანა. 64-ე წუთზე „ლაციოს“ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ფრანჩესკო ტოტიმ ბრწყინვალე გოლით დააგვირგვინა – 2:2! გატანილი გოლი „იმპერატორმა“ „სელფით“ აღნიშნა. დარჩენილ დროში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. ყველაზე სახიფათო მათ შორის 89-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც „რომას“ კარს შეცვლაზე შესულმა მიროსლავ კლოზემ დაუმიზნა, თუმცა რუდი გარსიას გუნდი მეკარე მორგან დე სანქტისმა გადაარჩინა.

საბოლოოდ, 2:2 და ამ ფრით „რომა“ მინიმუმ ოთხი საათით ქულების რაოდენობით პირველ ადგილზე მყოფ „იუვენტუსს“ გაუთაბარდა, რომელიც დღეს გასვლაზე „ნაპოლის“ შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

რაც შეეხება „ლაციოს“, პიოლის გუნდი 31 ქულით მესამე ადგილზე დარჩა, თუმცა „ნაპოლის“ მოგების შემთხვევაში გუნდი მეოთხე ადგილზე აღმოჩნდება.