“პარი სენ-ჟერმენის” შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მსოფლიო სასურსათო პროგრამაში ჩაერთო და სპეციალურ ვიდეოკლიპში შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაში მისი მონაწილეობის შესახებ ისაუბრა.
საფრანგეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში “კანის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (2:2) ზლატანმა გატანილი გოლის შემდეგ მაისური გაიხადა და საზოგადოებას ახალი ტატუ უჩვენა. ამისთვის მთავარმა არბიტრმა ფეხბურთელს ყვითელი ბარათი მისცა, თუმცა შვედმა თავდამსხმელმა მოგვიანებით განმარტა, რომ სხვეულზე იმ 50 უცხო ადამიანის გვარი ამოისვირინგა, რომელთაც შიმშილთან ბრძოლა უწევთ.
“რომ შემეძლოს, ყველას გვარს გამოვისახავდი, დღესდღეობით შიმშილის წინააღმდეგ 805 მილიონი ადამიანი იბრძვის. მათ შორის ბევრი ბავშვია. ისინი ომებს, სტიქიურ უბედურებებსა და უკიდურეს სიღარიბეს განიცდიან. მე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მყავს მხარდამჭერები. დღეიდან მინდა, რომ ეს მხარდაჭერა იმ ადამიანებმა იგრძნონ, რომლებსაც ეს მართლაც სჭირდებათ. ასე რომ, როდესაც ჩემს სახელს გაიგონებთ, მათზე იფიქრებთ. როდესაც მე დამინახავთ, იმათ დაინახავთ”, – ამბობს ვიდეოკლიპში იბრაჰიმოვიჩი.