პერიშიჩმა მთავარი მიზეზი დაასახელა, რის გამოც “ინტერში” დარჩა

მილანის “ინტერის” ხორვატი შემტევი, ივან პერიშიჩი აღიარებს, რომ საკმაოდ ახლოს იყო კლუბის დატოვებასთან, მაგრამ ლუსიანო სპალეტიმ დაარწმუნა, რომ დარჩენა საუკეთესო ვარიანტი იყო. პერიშიჩმა ეს განცხადება “კიევოსთან” მოპოვებული გამარჯვების (5-0) შემდეგ გააკეთა.

“მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიტანს, მთავარია გუნდმა მოიგოს. ასე უნდა გავაგრძელოთ, თუ გვინდა, რომ სეზონი წარმატებულად დავასრულოთ. ამ მომენტს დიდი ხანი ველოდებოდით და ახლა ჩვენი მიზანი “იუვენტუსის” დამარცხებაა.

სპალეტიმ ყველა ფეხბურთელი ერთად შეგვკრიბა და გვითხრა, რომ თითოეული ჩვენგანი სჭირდებოდა, რაც დღესაც დამტკიცდა. ყველამ შეძლო ამ გამარჯვებაში თავისი წვლილის შეტანა.

სპალეტი ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია, რის გამოც დარჩენა გადავწყვიტე, მან დამარწმუნა,” – აცხადებს პერიშიჩი, რომლის გუნდიც ამ დროისთვის სერია ა-ს სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციაზე იმყოფება.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 14 აგვისტო


“ჩელსი” ვან დეიკისთვის წინადადებას ამზადებს

ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის “ჩელსი” ვან დეიკის შესაძენად 50-მილიონიან წინადადებას ამზადებს. “არისტოკრატები” დარწმუნებულები არიან, რომ “საუთეჰმპტონი” შეთავაზებას დათანხმდება.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის დღიდან, ვან დეიკს იურგენ კლოპის “ლივერპულში” გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ მხარეები ფასზე ვერ მორიგდნენ.


“ბარსელონა” აზარისთვის 120 მილიონს ამზადებს

Diario Gol-ის მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელებმა ყურადღება ლონდონის “ჩელსის” ბელგიელ ვარსკვლავზე, ედენ აზარზე გადაიტანეს.

როგორც იცით, აზარის გარშემო არსებულ სიტუაციას კარგა ხანია, რაც მადრიდის “რეალიც” აკვირდება. მაგრამ, ესპანური პრესის ცნობით, ამ დროისთვის “ბარსელონა” უფრო დაწინაურებულ პოზიციაში იმყოფება.

ყველაფერთან ერთად, ანტონიო კონტეს ძალიან სურს “ბარსელონას” კუთვნილებაში მყოფი სერხი რობერტოს გადაბირებაც, რომელიც შესაძლოა, აზარის ტრანსფერის შემადგენელი ნაწილიც გახდეს.


“ბარსას” დიბალა აღარ აინტერესებს

კატალონიის “ბარსელონამ” ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელი შემტევის, პაულო დიბალასთვის ბრძოლაზე ხელი აიღო.

Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბარსელონაში” თვლიან, რომ პაულო ლეო მესის ვერ შეეწყობა, რაც ტრანსფერის ჩაშლის მთავარ მიზეზს წარმოადგენს.


უელბეკი “ევერტონში”?

ოლივიე ჟირუს ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, მერსესაიდის “ევერტონის” ხელმძღვანელებმა ყურადღება დენი უელბეკზე გადაიტანეს, რომელიც ამ დროისთვის “არსენალის” ღირსებას იცავს.


“ჩელსის” პერიშიჩის დამატებას გეგმავს

Daily Mirror-ის მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები “მანჩესტერ იუნაიტედს” ივან პერიშიჩის ტრანსფერისთვის შეებრძოლებიან.

როგორც იცით, მილანის “ინტერი” ყველაფერს აკეთებს ხორვატი შემტევის შესანარჩუნებლად, თუმცა თუ ლონდონელები 60 მილიონ ევროზე მეტის გადახდაზე თანხმობას განაცხადებენ, ყველაფერი უფრო გამარტივდება.


სპალეტი: “პერიშიჩს შეუძლია, წავიდეს”

მილანის “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ “ნერაძურის” ხელმძღვანელები მზად არიან შესაბამისი შეთავაზების მიღების შემთხვევაში გუნდიდან ივან პერიშიჩი გაუშვან.

“პერიშიჩი ფანტასტიკური ფეხბურთელია და მისი მომავალი ჩემს ხელშია. დიდი ალბათობით, მე მას შევინარჩუნებ.

თუმცა, თუ კლუბი შესაბამის შეთავაზებას მიიღებს, ჩვენ მზად ვართ, გავუშვათ ის. საუბარია თანხის რაოდენობაზე, რამეთუ მისი წასვლის შემთხვევაში, გუნდის გაძლიერება მოგვიწევს,” – აცხადებს სპალეტი.

როგორც ცნობილი ხდება, “წითელი ეშმაკები” იტალიურ კლუბს 48 მილიონ ფუნტს სთავაზობენ ხორვატი ფეხბურთელის სანაცვლოდ.

აქვე იხილეთ სტატია თემაზე: ანალიზი: სჭირდება “მანჩესტერ იუნაიტედს” ივან პერიშიჩი?

ანალიზი: სჭირდება “მანჩესტერ იუნაიტედს” ივან პერიშიჩი?

“მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ინტერს” შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ივან პერიშიჩის ტრანსფერის თაობაზე უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

როგორც იცით, ჟოზე მოურინიოსთვის ხორვატი გარემარბის დამატება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი უმთავრესი მისია იყო და ამისთვის “წითელი ეშმაკების” ხელმძღვანელები ახლაც ყველაფერს აკეთებენ.

უცხოური წყაროები აქტიურად იწერებიან “წითელი ეშმაკების” ახალ შეთავაზებებზე. ბოლო ცნობების მიხედვით, ინგლისელები “ინტერს” 40 მილიონ ფუნტს სთავაზობენ, მაგრამ “ნერაძური” მაინც უარზეა.

ჯანლუკა დიმარციოს ისიც კი გაიგო,რომ “ოლდ ტრაფორდელები” მზად არიან ტრანსფერში ანტონი მარსიალის განათხოვრებაც ჩართონ, მაგრამ მილანური კლუბის პოზიცია მაინც უცვლელია.

სჭირდება “მანჩესტერ იუნაიტედს” ივან პერიშიჩი?

ფაქტია, რომ ჟოზე მოურინიოს განკარგულებაში მყოფ ფეხბურთელთა უმეტესობა ერთნაირად აზროვნებს: მნიშვნელობა არა აქვს, იქნება ეს ხუან მატა, მარსიალი, ჰენრიკ მხითარიანი, ჯესი ლინგარდი თუ მარკუს რეშფორდი, ბურთის მიღების შემთხვევაში ისინი მაშინვე ცენტრისკენ იწყებენ მოძრაობას. ეს “წითელი ეშმაკების” შეტევებს ადვილად პროგნოზირებადს ხდის.

“იუნაიტედს” კრეატიული ფეხბურთელი ესაჭიროება, რომელსაც ფლანგებიდან უყვარს შეტევა და ხშირ შემთხვევაში მოულოდნელ გადაწყვეტილებებსაც იღებს. 28 წლის ხორვატი ფეხბურთელი კი ზუსტად ასეთია, რამეთუ მას თავისუფლად შეუძლია რთული სიტუაციებიდან გამოძრომა.

დორტმუნდის “ბორუსიას” ყოფილი ფეხბურთელი შეტევისუნარიანობით ყოველთვის გამოირჩეოდა, ის ყოველთვის აიძულებს მცველს ფლანგისკენ იმოძრაოს და თანაგუნდელებს ამით დიდი სივრცე შეუქმნას. საკმაოდ შედეგიანია მისი ჩაწოდებები და ამ დროს ის თავს უფრო კომფორტულად გრძნობს, ვიდრე “იუნაიტედის” რომელიმე ამჟამინდელი ფეხბურთელი.

სტატისტიკისთვის გეტყვით, რომ ივან პერიშიჩმა გასულ სეზონში 239-ჯერ სცადა ჩაწოდება. მარსიალმა, მხითარიანმა და ლინგარდმა კი საერთო ჯამში 129-ჯერ.

ალბათ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ ხორვატიის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს ორივე ფეხით შეუძლია თამაში, თანაც თანაბრად კარგად, რაც მას დრიბლინგისას საკმაოდ დიდ უპირატესობას აძლევს.

შედეგად, ერთი-ერთზე ყოფნისას, პერიშიჩის მეტოქეს ძალიან უჭირს მისი შემდგომი სვლების პროგნოზირება, როგორც ამას ფოტოზე ვხედავთ.

ასეთ შემთხვევაში, ანტონი მარსიალი, რომელიც მარჯვენა ფეხით თამაშობს, ცენტრისკენ გადაწყვეტდა ბურთის წაღებას, წითელი ისრის მიმართულებით.

პერიშიჩი კი სხვაგვარად მოიქცა…

როდესაც საჯარიმოში მის წინააღმდეგ მეტოქე აღმოჩნდა, მან რამდენიმე ფინტი გამოიყენა მეტოქის დასაბნევად, რომ ვერ გამოეცნო, თუ რა მიმართულებით გააგრძელებდა სვლას, რაშიც მას ხელს მისი ტანის აგებულებაც უწყობს. მარჯვნივ თუ მარცხნივ? მეტოქე ვერაფერს ხვდება.

პერიშიჩმა თავისი არჩევანი გააკეთა, მეტოქემ კი ვერაფერი გააწყო – ხორვატი ფეხბურთელის გამჭოლ გადაცემას კი ედერი გამოეხმაურა, რომელმაც ერთი მარტივი შეხებით ბურთი “უდინეზეს” კარის ბადესი მოათავსა. ეს ერთ-ერთია იმ 8 საგოლე გადაცემიდან, რომელიც პერიშიჩმა სერია ა-ს გასულ სეზონში გააკეთა – “იუნაიტედში” კი ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა მარსიალისა და ერერას ანგარიშზეა (6-6).

ასეთი შესაძლებლობების ფონზე, გასაკვირი სულაც არაა, რომ პერიშიჩმა 2016/17 წლების სეზონის გათამაშებაში 61 საგოლე შანსი შექმნა იტალიის პირველ ჩემპიონატში, მეტი ვიდრე მოურინიოს რომელიმე ფეხბურთელმა – ამასთან ყველაზე ახლოს პოგბა იყო (57).

აღსანიშნავია ისიც, რომ პერიშიჩის მსგავსმა შესაძლებლობებმა სრულად უნდა შეავსოს “წითელ ეშმაკთა” ახალწვეული, რომელუ ლუკაკუ, რომელიც მსგავსს პასებს ასპროცენტიანი სიზუსტით იყენებს.

ყველაფერთან ერთად, პერიშიჩს მეტოქის საჯარიმოში ადგილის მოძებნის განსაკუთრებული უნარიც გააჩნია.

“კალიარისთან” გამართული მატჩის ამ მომენტში პერიშიჩმა მოედნის ხედვისა და ინტელექტის უმაღლესი დონე გამოავლინა – როგორც კი დაინახა, რომ მისი მეტოქე მისკენ იწყებდა მოძრაობას, ის საპირისპირო მიმართულებით გაიქცა და საკმაოდ მარტივად მოხვდა საჯარიმოში.

ედერის ბრწყინვალე გადაცემამ კი ის მეკარესთან მარტო დატოვა, ხორვატმაც არ დააღალატა თავისი თანაგუნდელი და ანგარიშიც გახსნა.

გასულ სეზონში პერიშიჩმა 11 გოლი გაიტანა, “იუნაიტედში” კი მასზე მეტი გოლის შეგდება მხოლოდ იბრაჰიმოვიჩმა შეძლო – 17. ხორვატმა 104-ჯერ დაარტყა კარის მიმართულებით, შვედმა 115-ჯერ.

პერიშიჩს საჯარიმოს გარედანაც უყვარს მოულოდნელი დარტყმების განხორციელება. მან გასულ სეზონში საჯარიმოს გარედან 24-ჯერ გაისროლა ბურთი, თუმცა ერთიც ვერ გაიტანა, რაც მის მინუსად შეიძლება ჩაითვალოს.

გავიხსენოთ “ტორინოსთან” ჩატარებული მატჩის ერთ-ერთი ეპიზოდი, როდესაც ივანს ოთხი თანაგუნდელი ეხსნებოდა, მან კი კარის მიმართულებით გადაწყვიტა დარტყმა. დარტყმა საშინელი აღმოჩნდა.

იგივე მოხდა “პალერმოსთან” მატჩშიც. ივანმა არც მაურო იკარდისა და არც სხვა თანაგუნდელების გარჯა არ დააფას და თავად გადაწყვიტა მომენტის დაგვირგვინება.

ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ფული “წითელი ეშმაკებისთვის” პრობლემას არასდროს წარმოადგენდა, მაგრამ საკითხავი ისაა, მართლა სჭირდება თუ არა “მანჩესტერ იუნაიტედს” ივან პერიშიჩი…

“ინტერს” პერიშიჩი აზიაში მიყავს

სპეკულაციები უცხოურ პრესაში ივან პერიშიჩის მომავალთან დაკავშირებით კვლავ გრძელდება – როგორც უკვე გაცნობეთ, რამდენიმე დღის წინ ხორვატმა ფეხბურთელმა “ინტერის” ბანაკი მოულოდნელად დატოვა, რამაც ეჭვები კიდევ უფრო გააძლიერა, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაფერი თავის კალაპოტს უბრუნდება.

როგორც ცნობილი ხდება, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ სამიზნედ მონათლული ივან პერიშიჩი “ინტერს” აზიაში მიჰყავს, სადაც “ნერაძურიმ” რამდენიმე ამხანაგური მატჩი უნდა ჩაატაროს.

28 წლის ფეხბურთელი “ინტერში” “ვოლფსბურგიდან”, 2015 წელს აღმოჩნდა და კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. “მანჩესტერ იუნაიტედი” კი მის ტრანსფერში 48 მილიონ ფუნტს იხდის.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 16 ივლისი


ლემარს “არსენალში” უნდა

საფრანგეთის ჩემპიონის, “მონაკოს” რიგებში მოთამაშე ტომას ლემარს კლუბის დატოვება სურს. Daily Star-ის ცნობით, ლემარმა არჩევანი კარიერის ლონდონის “არსენალში” გაგრძელებაზე გააკეთა.

“მეთოფეები” კი მზად არიან ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერში 45 მილიონი ფუნტი დააბანდონ.


სტარიჯმა ჩინეთში გადასვლაზე უარი განაცხადა

Sunday People-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ჩინეთში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე, “ბეიჟინ გოანმა” დანიელ სტარიჯს საკმაოდ მსუყე წინადადებით მიმართა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ჩინურ კლუბს სათავეში როჯერ შმიდტი უდგას და სწორედ ის ხელმძღვანელობდა მოლაპარაკებებს ინგლისელი ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე.


“მანჩესტერ იუნაიტედი” დე ხეას სანაცვლოდ კროოსს ითხოვს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მადრიდის “რეალს” ულტიმატუმს უყენებს. როგორც ცნობილი ხდება, პორტუგალიელი სპეციალისტი მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემს დე ხეას კლუბიდან წასვლის უფლებას, თუ მის ნაცვლად ტონი კროოსს მიიღებს.


პერიშიჩმა “ინტერის” ბანაკი დატოვა

იტალიურ პრესაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ივან პერიშიჩმა “ინტერის” ბანაკი გაურკვეველი მიზეზების გამო დატოვა, რისი მიზეზიც შესაძლოა, მასსა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებს შორის მოლაპარაკებების მიმდინარეობა იყოს.

როგორც იცით, “წითელი ეშმაკები” საკმაოდ სერიოზულად არიან დაინტერესებულები “ვოლფსბურგის” ყოფილი შემტევის ტრანსფერით და მზად არიან “ნერაძურის” 45 მილიონი ევრო გადაუხადონ.


“მილანს” მოდრიჩიც მოუნდა

Calciomercato-ს ცნობით, “მილანის” ხელმძღვანელები ლეონარდო ბონუჩის გადაბირების შემდეგ, მადრიდის “რეალის” ხორვატი ნახევარმცველის, ლუკა მოდრიჩის ტრანსფერზე გადაერთვნენ.

როგორც ცნობილი ხდება, მოდრიჩი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე გულშემატკივრობდა სერია A-ს გიგანტს და მიუხედავად ჩემპიონთა ლიგის საგზურის არქონისა, მაინც დიდია შანსი მან კარიერა “სან სიროზე” გააგრძელოს.


რა თქვა იურგენ კლოპმა პერიშიჩზე 2012 წელს?

ინგლისური “ლივერპულის” მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპსა და ივან პერიშიჩს, რომელსაც საკმაოდ აქტიურად აკავშირებენ “ენფილდზე” გადასვლასთან, 2012 წელს არც ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდა.


“პერიშიჩის წუწუნი”

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც პერიშიჩმა ხორვატიის ერთ-ერთ ტელევიზიასთან “იწუწუნა”: “კლუბში არსებული ამჟამინდელი სიტუაციით კმაყოფილი რა თქმა უნდა ვერ ვიქნები. გასულ წელთან შედარებით, მოედანზე არც ისე ხშირად მიწევს ყოფნა.

ჩვენი ურთიერთობა? მასთან არც ვსაუბრობდი. ის საუკეთესოა გერმანიაში, ნომერი პირველი, ამას ყველა აღიარებს. ის, რასაც ბოლო წლებში მივაღწიეთ მართლაც რომ უნიკალურია.

გუნდში ბრწყინვალე ატმოსფეროა, მაგრამ ფაქტია, რომ მას 3-4 ფავორიტი ფეხბურთელი ჰყავს, რომელთანაც ყველაფერს განიხილავს,” – განაცხადა პერიშიჩმა Nora-TV-სთან საუბრისას.


კლოპის პასუხი

კლოპმა კი ხორვატ ფეხბურთელს მალევე გასცა პასუხი.

“პროფესიონალი ფეხბურთელი ყოველთვის უკმაყოფილოა, როდესაც ბევრს ვერ თამაშობს. თუ ის პირს მოკეტავს, ეს მისთვისვე იქნება უკეთესი.

წუწუნი, თანაც საჯაროდ, ნამდვილად ბავშვური საქციელია,” – აცხადებდა იურგენ კლოპი.


შედეგად, პერიშიჩი მალევე გაყიდეს “ვოლფსბურგში”, თუმცა მანამდე, მას 15 000 ევროს გადახდა მოუწია ჯარიმის სახით. “ვოლფსბურგში” კი ის ნამდვილ ვარსკვლავად იქცა, ახლა კი ის “ინტერის” ღირსებას იცავს.

“მანჩესტერ იუნაიტედი” პერიშიჩის სანაცვლოდ 60 მილიონს იხდის

მილანის “ინტერის” შემტევმა ნახევარმცველმა, ივან პერიშიჩმა შესაძლოა, კარიერა ინგლისში, კერძოდ კი “მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელოს.

როგორც ცნობილი ხდება, უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მანჩესტერული გრანდის ხელმძღვანელები 28 წლის ხორვატი ფეხბურთელის აგენტთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

უცხოური გამოცემების ცნობით, “ინტერის” ვინგერის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს ინგლისური კლუბის მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო გამოთქვამს.

“წითელი ეშმაკები” მზად არიან, ივან პერიშიჩის სანაცვლოდ 60 მილიონი ევროც გადაიხადონ, რაზეც იტალიელებს უარის თქმა ნამდვილად გაუჭირდებათ.

რა მიზნით ეწვია ჟოზე მოურინიო ხორვატიას?

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ხორვატიას ესტუმრა და ხორვატებსა და უკრაინელებს შორის გამართულ საფეხბურთო დაპირისპირებასაც დაესწრო.

პორტუგალიელის ეს ვიზიტი პრესაში მალევე დაუკავშირეს “ინტერის” ხორვატი ნახევარმცველის, ივან პერიშიჩის ტრანსფერს, თუმცა ჟოზემ ეს ინფორმაცია უარყო.

“არანაირი ფარული მიზეზი არ არსებობს. აქ დასვენებების მიზნით და ჩემი მეგობრების სანახავად ჩამოვედი, მათ შორის პრედრატ მიატოვიჩისა და დავორ შუკერისაც.

ვიცი, ყველას გონია, რომ აქ ფეხბურთელებზე დასაკვირვებლად ჩამოვედი, მაგრამ დღეს ამისათვის მრავალი სხვა საშუალება არსებობს და აქ ჩამოსვლა სულაც არ არის საჭირო. მე მათ, ყველას ვიცნობ,” – აცხადებს პორტუგალიელი.

“ვოლფსბურგი” კევინ დე ბრუინისა და ივან პერიშიჩის გაყიდვას ნანობს

გერმანული “ვოლფსბურგის” სპორტული დირექტორი კლაუს ალოფსი აღიარებს, რომ გერმანულმა კლუბმა კევინ დე ბრუინისა და ივან პერიშიჩის გაყიდვით შეცდომა დაუშვა.

“წარსულში რამდენიმე ისეთი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომლებიც წარმატებულები არ გამოდგნენ. ” – განუცხადა ალოფსმა Sport Bild-ის ჟურნალისტებს.

“დე ბრუინისა და ივან პერიშიჩის გაყიდვა მხოლოდ ფინანსური თვალსაზრისიტ იყო გამართლებული, თუმცა ახლა ამას ნამდვილად ვნანობთ.

მართალია, შემოსული თანხით მათი ჩამნაცვლებლები შევიძინეთ, რომლებთაც ფურცელზე ყველაფერი უკეთესობისკენ უნდა წაეყვანათ, თუმცა არჩევანში არ გაგვიმართლა. ჩავფლავდით.”

პერიშიჩი “ინტერის” ფეხბურთელი მომავალ კვირაში გახდება?

“ვოლფსბურგის” გარემარბი იტალიაში მაინც გადავა.

რამდენიმე საათის წინ “ინტერმა” მონტენეგროელი შემტევის, სტევან იოვეტიჩის დამატება გამოაცხადა და დიდი ალბათობით, მას პერიშიჩიც მიჰყვება.

ხორვატის აგენტი, ტონჩი მონტიჩი საუბრობს “ინტერში” შესაძლო ტრანსფერზე, თუმცა ჟურნალისტებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

ივან პერიშიჩის სატრანსფერო ღირებულება 18 მილიონი ევროა.

აგენტი: “ინტერმა პერიშიჩზე შეთავაზება გააკეთა”

“ვოლფსბურგის” ნახევარმცველს შანსი აქვს სერია ა-ში გადასვლის.

“ინტერმა გააკეთა შეთავაზება ივანზე,”-განუცხადა ფეხბურთელის წარმომადგენელმა ტონჩი მარტინჩმა Bild-ს.

“ტრანსფერი შედგება მაშინ შედგება, როდესაც ფეხბურთელის და იტალიური კლუბის მხარე შეთანხმებას მიაღწევს. ჩემი კლიენტი იტალიაში გადასვლით დაინტერესებულია”.

“რობერტო მანჩინი ყველანაირად ცდილობს პერიშიჩის გაფორმებას. ჩვენ გვახარებს “ნერაძურის” ინტერესი და ამავდროულად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს “ვოლფსბურგთან”, ახალი კონტრაქტის თაობაზე”.

26 წლის ფეხბურთელს გერმანელებთან ხელშეკრულება 2017 წლამდე აკავშირებს.