“რომას” ლაზარეთი წამყვანი მოთამაშეებით შეივსო

“რომას” უახლოეს მატჩებში წამყვანი მოთამაშეები დააკლდება.

გუნდის კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ ბარძაყის ტრავმა მიიღო. ვეტერანმა ფეხბურთელმა, რომელსაც დღეს 39 წელი შეუსრულდა, იტალიის სერია A-ს VI ტურში “კარპის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (5:1) მოედანზე მხოლოდ 9 წუთი დაჰყო. ტოტიმ დაზიანება სწორედ იმ არეში მიიღო, რომელზეც ორი წლის წინათ მიღებული ტრავმის შედეგად იარა აქვს. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ იტალიელ ფეხბურთელს ლაზარეთში ყოფნა ორი თვით მოუწევდა, თუმცა დაზიანება ამდენად სერიოზული არ გამოდგა.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც “რომას” უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება, ედინ ჯეკო გახლავთ. ბოსნიელმა თავდამსხმელმა მარჯვენა მუხლის მყესი დაიშავა.

გუშინდელ მატჩში ტრავმა მიიღო გუნდის ნახევარმცველმა სეიდუ კეიტამაც, რომელმაც მოედანი შეხვედრის 21-ე წუთზე დატოვა. მალელ ფეხბურთელს ბარძაყის პრობლემა აქვს და ორი კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

 

კეიტა: “იუვეს” პატივს ვცემ, მაგრამ “ბარსაში” ერთ დროს მოთამაშე ხალხს მისი არ გვეშინია”

ხვალ იტალიის სერია А-ს 25-ე ტურის დასკვნითი და ცენტრალური მატჩი დედაქალაქში შედგება, სადაც ადგილობრივი “რომა” გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერ “იუვენტუსს” მიიღებს. დამდეგი შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა “რომას” ნახევარმცველმა სეიდუ კეიტამ.

“იუვენტუსს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ “ბარსელონაში” ერთ დროს მოთამაშე ხალხს არაფრის არ გვეშინია.

მე ამ მატჩს საჩემპიონო ბრძოლაში გადამწყვეტ შეხვედრად მივიჩნევ. ეს უბრალო სიტყვები არ გეგონოთ. გამარჯვების შემთხვევაში, ჩემპიონობისთვის შანსს ვინარჩუნებთ.

თუ სტადიონი მხარს დაგვიჭერს, ჩვენ არ გავჩერდებით და გამარჯვების შანსიც გვექნება.

მე ძალზედ მგრძნობიარე ვარ, ზოგჯერ ფანატიზმშიც ვვარდები. უკვე წარმომიდგენია, რა მოხდება ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში”, – ციტირებს კეიტას სიტყვებს Goal.com-ი.

მატჩი “რომასა” და “იუვენტუსს” შორის ხვალ, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.