ტიმო ვერნერი:”უმაღლესი დონის ფეხბურთელი რომ გახდე, დიდ კლუბში უნდა თამაშობდე”

“რედ ბულ ლაიფციგისა” და გერმანიის საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელმა, ტიმო ვერნერმა, პრესასთან რამდენიმე ძალიან საინტერესო თემაზე ისაუბრა და კლუბიდან წასვლის შესაძლებლობაზე მიგვანიშნა.

“ჯერ ჩემს თავს მსოფლიო დონის ფეხბურთელად არ მივიჩნევ. ჩემი გადმოსახედიდან, ასეთი შეიძლება იყოს ლევანდოვსკი, სუარესი და გრიზმანი. მათ დონეზე რომ ვითამაშო, უფრო ძლიერ კლუბში ყოფნა მჭირდება.

გულწრფელი რომ ვიყო, ნაბი კეიტა მსოფლიოს დონის ფეხბურთელი “ლაიფციგში” თამაშით ვერ გახდა. მაგრამ, შესაძლოა, ამ დონეს “ლივერპულში” ყოფნისას მიაღწიოს.

კლუბის გამოცვლა? წინ კიდევ 4-5 სეზონი მაქვს, რათა ჩემი შესაძლებლობები დავამტკიცო და საუკეთესოთა შორის დავიკავო ჩემი ადგილი,” – აცხადებს ვერნერი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს გერმანელი შემტევი “მილანს”, “ლივერპულსა” და “რეალს” დაუკავშირეს.

“ლივერპული” ვერნერის ტრანსფერში 100 მილიონს იხდის

“ლივერპულის” ხელმძღვანელები მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე გეგმავენ “ლაიფციგის” თავდამსხმელის, ტიმო ვერნერის გადაბირებას, რომლითაც ამავდროულად “რეალი”, “ატლეტიკო” და “არსენალია” დაინტერესებული.

22 წლის გერმანელი ფეხბურთელის ტრანსფერს “ლაიფციგის” უფროსები 100 მილიონ ევროდ აფასებენ. გერმანულ კლუბსა და ვერნერს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2020 წელს ეწურება, თუმცა გერმანელებს კონტრაქტის გახანგრძლივება 2022/23 წლამდე სურთ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ “ლივერპულმა” “ლაიფციგთან” უკვე შეათანხმა ნაბი კეიტას ტრანსფერი. გერმანული კლუბის ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შემთხვევაში “წითლებს” ამ ტრანსფერში 75 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

“ლაიფციგის” დირექტორი: “პრემიერ ლიგაში 30 მილიონის გადახდა უკვე უფასო ტრანსფერად აღიქმება”

“ლაიფიციგის” სპორტულმა დირექტორმა, რალფ რანგნიკმა პრემიერ ლიგისა და ბუნდესლიგის თავისებურებები ერთმანეთს შეადარა და ინგლისური კლუბების სატრანსფერო პოლიტიკასაც გაჰკრა კბილი.

“ნამდვილად არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ პრემიერ ლიგა ბუნდესლიგაზე უკეთესი ჩემპიონატია. მხოლოდ, ტოპ-6 გუნდი არის უკეთესი, რადგანაც იქ ექვსი “ბაიერნი” თამაშობს.

ინგლისში კი ტრანსფერში 30 მილიონის გადახდა უფასო ტრანსფერად აღიქმება, ბუნებრივია, განსხვავება ძალიან დიდია,” – აცხადებს რანგნიკი.

გასული წლის აღმოჩენა, ახლადდაარსებული “ლაიფციგი” ბუნდესლიგის 25 ტურში დაგროვებული 39 ქულით ახლა მეექვსე პოზიციას იკავებს.

ნაბი კეიტა სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს (ვიდეო)

გერმანული “ლაიფციგის” შემტევი ნახევარმცველი, ნაბი კეიტა სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს მას შემდეგ, რაც “ბორუსია მიუნხენგლადბახთან” მატჩში კრისტოფ კრამერს სერიოზული ტრავმა მიაყენა.

ინციდენტი მატჩის 83-ე წუთზე მოხდა, როდესაც საჰაერო ორთაბრძოლაში ჩართულ კრამერს ნაბი კეიტამ ფეხი სახეში გაარტყა. კეიტა, რომელიც მომავალი სეზონიდან “ეინფილდელთა” რიგებში უნდა ჩაირიცხოს, უმალ გააგდეს მოედნიდან.

გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ კი დღეს ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია მისი სასჯელის ვადის გაზრდის შესახებ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ “ლაიფციგს” კეიტა “აუგსბურგის”, “კიოლნისა” და “ფრანკფურტის” წინააღმდეგ გასამართ მატჩებში ვერ დაეხმარება.

ტიმო ვერნერმა დიდი კლუბები დაასახელა, სადაც შესაძლოა, კარიერა გაგრძელოს

“ლაიფციგის” ახალგაზრდა გერმანელმა თავდამსხმელმა, ტიმო ვერნერმა, რომელმაც გასულ სეზონში ბუნდესლიგის მატჩებში 21 გოლის გატანა მოახერხა, თავის მომავალზე ისაუბრა.

“ჯერჯერობით, “ლაიფციგთან” ერთად თავს კარგად ვგრძნობ. ამიტომაც ვფიქრობ, რომ მომავალი ერთი,ორი ან სამი წლის მანძილზე კლუბს არ გამოვიცვლი.

რა თქმა უნდა, დიდ კლუბში თამაში ძალიან მინდა, მაგრამ ჯერჯერობით აქაც ყველაფერი კარგად მიდის და მჯერა, რომ სულ მალე “ლაიფციგიც” დიდ კლუბთა ელიტაში შევა.

ესპანეთში მაქსიმუმ სამი გრანდია:”ბარსელონა”, “რეალი” და “ატლეტიკო”. ინგლისში უფრო მეტი: “არსენალი”, “ჩელსი”, “ტოტენჰემი”, “ლივერპული”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “მანჩესტერ სიტი”. “ბაიერნიც” მათ კატეგორიას მიეკუთვნება, მაგრამ მე ამ საკითხზე ნამდვილად არ ვფიქრობ.

კონტრაქტის გახანგრძლივების შეთავაზებას რა თქმა უნდა, გავეცანი. მართალია, ჯერ ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ ვგეგმავ, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ ზაფხულში კლუბს დავტოვებ.

ფეხბურთში მოვლენები სწრაფად ვითარდება, არავინ იცის რა მოხდება ხვალ,” – აცხადებს ვერნერი.

ნაბი კეიტამ “ჰამბურგთან” მატჩში ტრავმა მიიღო

“ლაიფციგსა” და “ჰამბურგს” შორის გამართულ მატჩში ნაბი კეიტამ ტრავმა მიიღო, რის გამოც ამ დღეებში სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება მოუწევს.

როგორც იცით, ნაბი კეიტა, რომელიც მომავალ სეზონში მერსესაიდის “ლივერპულის” რიგებში ჩაირიცხება, ბოლო დროს საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და “ჰამბურგის” კარში შესანიშნავი გოლის გატანაც შეძლო.

შესაბამისად, “ლაიფციგისათვის” ძალიან მნიშვნელოვანია, შეძლებს თუ არა კეიტა ჩემპიონთა ლიგაზე, “მონაკოს” წინააღმდეგ თამაშს. ბუნდესლიგის მეოთხე ტურში კი კეიტას გუნდს “მიუნხენგლადბახელების” წინააღმდეგ მოუწევს თამაში.

რომელი გუნდები იღებენ მონაწილეობას ემირატების თასის 2017 წლის გათამაშებაში?

ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ლონდონის “არსენალის” სტადიონზე კვლავ უმასპინძლებს ემირატების თასის გათამაშებას, რომელიც 2007 წლიდან ყოველწლიურ ხასიათს ატარებს.

როგორც იცით, ემირატების თასი წინასაზენო, მინი-ტურნირია, რომელშიც მონაწილეობას “არსენალი” და მათ მიერ მოწვეული სამი უცხოური კლუბი იღებს მონაწილეობას.

წელს ლონდონელებმა გერმანული “ლაიფციგი”, ესპანური “სევილია” და პორტუგალიური “ბენფიკა” მოიწვიეს. მატჩები 29-30 ივლისს გაიმართება.

“ლაიფციგი” – “სევილია”, “არსენალი” – “ბენფიკა” – 29 ივლისი
“ლაიფციგი” – “ბენფიკა”, “არსენალი” – “სევილია” – 30 ივლისი

“ბაიერნმა” უკვე მოიგო ბუნდესლიგა?

მართალია, ბუნდესლიგის ტიტულისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ისტორია გვარწმუნებს, რომ “რეკორდმაისტერი” სეზონის ბოლოს კიდევ ერთხელ იზეიმებს ჩემპიონობას.

ბავარიელებმა ბოლო გამარჯვებას დღეს, რობერტ ლევანდოვსკის მიერ გაფორმებული დუბლისა და დუგლას კოშტას გოლის წყალობით მიაღწიეს და უახლოეს მდევართან, “ლაიფციგთან” 10-ქულიანი ჰანდიკაპი შექმნეს.

აღსანიშნავია, რომ ეს უდიდესი ჰანდიკაპია, რომელიც “ბაიერნს” მიმდინარე სეზონში ჰქონია, რასაც “ლაიფციგის” გმირობას უნდა ვუმადლოდეთ.

რაც შეეხება ჩემპიონობას, საგულისხმოა, რომ ბუნდესლიგის ბოლო 10 ტურში 10-ქულიანი დეფიციტი ლიდერთან ჯერ არავის აღმოუფრხვია.

აქვე შეგახსენებთ, რომ “ბაიერნი” ზედიზედ ოთხი წელია ამ ტიტულს იგებს.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (2 იანვარი)

სლავენ ბილიჩი გუნდის გაძლიერებას შეინ ლონგის დამატებით აპირებს

“ვესტ ჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, სლავენ ბილიჩმა მიზნად გუნდის შეტევითი პოტენციალის გაძლიერება დაისახა, რომლის შესასრულებადაც “ჩაქუჩები” “საუთჰემპტონისა” და ირლანდიის საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავის, შეინ ლონგის გადაბირებას აპირებენ.

“ლივერპულმა” “ლაიფციგის” ფორვარდს დაუმიზნა

იურგენ კლოპი ბუნდესლიგის მარკეტს კვლავ არ ეშვება. ამჯერად, გერმანელმა სპეციალისტმა “ლაიფციგის” ფორვარდი, სემილ ფორსბერგი ამოიღო მიზანში. 25 წლის ფორვარდმა წლევანდელ სეზონში 5 გოლისა და 8 საგოლე გადაცემის ჩაწერა მოახერხა აქტივში, რაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ ის “წითლების” რადარზე გამოჩენილიყო.

“მარსელი” დიმიტრი პაიეში 40 მილიონს იხდის

დიმიტრი პაიე შესაძლოა, საკმაოდ ხმაურიანი ტრანსფერის ნაწილი გახდეს, რომლისკენაც ფრანგული “მარსელი” მიისწრაფვის. Telefoot-ის ცნობით, ფრანგები მზად არიან “ვესტ ჰემის” ფრანგ შემტევში 40 მილიონი ევრო გადაიხადონ.

Untitled-1

“ევერტონს” დრის მერტენსის ყიდვა უნდა

Daily Star-ის ცნობით, “კამფეტები” “ნაპოლისთვის” 12 მილიონი ფუნტის შეთავაზებას აპირებენ დრის მერტენსის სანაცვლოდ. წყაროს ცნობით, მერსესაიდელებს უნდათ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაიფორმონ მერტენსი, რომელსაც ამავდროულად “ბაიერნის”, “აიაქსისა” და “ლივერპულის” ხელმძღვანელებიც აკვირდებიან.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” პეპეს დაადგა თვალი

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი მცველის, კეპლერ პეპეს გადაბირებას აპირებს. ბრიტანულ Sun-ს თუ დავუჯერებთ, “წითელ ეშმაკებს” ამ საქმეში კონკურენციას ჩინური სუპერ ლიგის კლუბებიც უწევენ.

“ასტონ ვილა” “მიდლსბროს” შეუთანხმდა

“ასტონ ვილასა” და “მიდლსბროს” ხელმძღვანელებმა რუდი ჟესტედეს ტრანსფერთან დაკავშირებულ შეთანხმებას მიაღწიეს. Sky Sports-ის ცნობით, “მიდლსბრომ” რუდის სანაცვლოდ 6 მილიონი ფუნტი გადაიხადა. ჟესტედეს სამედიცინო შემოწმება ჯერ არ გაუვლია.

ჰალსტენბერგი: “ლაიფციგი” კლოპის “ბორუსიას” წააგავს”

მარსელ ჰალსტენბერგის, ბუნდესლიგის მფრინავი “ლაიფციგის” ფეხბურთელის თვალსაზრისით, თავისი გუნდი დაახლოებით ისეთივე ტიპის ფეხბურთს თამაშობს, რომელსაც იურგენ კლოპი ერთ დროს “ბორუსიას” ათამაშებდა.

“ლაიფციგი” ისეთივენაირად თამაშობს ფეხბურთს, როგორაც იურგენ კლოპი ათამაშებდა “დორტმუნდს”.

“ლაიფციგში” მომუშავე ხალხი ახალგაზრდების მუშაობას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს. მომდევნო მატჩისთვის მაქსიმალურად ვემზადებით და ყველანაირი სახის ცვლილებისთვის ვართ მზად.

შეუძლებელია იმის წარმოდგენა, თუ რამდენად პროფესიონალურ სამუშაოს ასრულებენ აქ. დორტმუნდელთა მეორე გუნდში ვთამაშებდი და სხვაობა ნამდვილად შესამჩნევია.”

ული ჰიონესმა ანჩელოტის პოტენციური ჩამნაცვლებელი დაასახელა

ული ჰიონესს სჯერა, “ბაიერნის” მეორე გუნდის ექს-ფეხბურთელი, რალფ ჰაზენჰიუტლი საკმარისად ძლიერია იმისათვის, რომ მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩაიბაროს.

შეგახსენებთ, რომ რალფი ამჟამად “ლაიფციგის” მთავარი მწვრთნელია, რომელიც თავისი ბრწყინვალე ასპარეზობით მთელ მსოფლიოს აკვირვებს.

“რალფ ჰაზენჰიუტლი “ლაიფციგში” საკმაოდ კარგად მუშაობს. თუ გერმანულად მოსაუბრე მწვრთნელის მოყვანაზე ვფიქრობთ, ის ერთ-ერთია სამ კანდიდატთაგან.

მართალია, “ბაიერნის” ახალი მწვრთნელის თემა დღის წესრიგში არ დგას, თანაც მას ცოტა მეტი გამოცდილებაც ესაჭიროება, რათა ახალგაზრდებთან მუშაობის კუთხით გაუმჯობესდეს.” – განაცხადა ულიმ.

“დრეზდენი” “ლაიფციგთან” მატჩში მომხდარი ინციდენტების გამო 60 000 ევროთი დააჯარიმეს

“დინამო დრეზდენი” გერმანიის თასის ეგიდით, 20 აგვისტოს გამართულ მატჩში მომხდარი ინციდენტების გამო 60 000 ევროთი დააჯარიმეს.

როგორც იცით, “რედ ბულის” მიერ დაფინანსებული კლუბი გერმანიაში დიდი პოპულარობით ვერ სარგებლობს. ამასთანავე, გერმანული ბუნდესლიგის ახალწვეულ კლუბს ფანების მიმართ უპატივცემულობაშიც სდებენ ბრალს.

პროტესტი “ლაიფციგის” პოლიტიკისადმი “დრეზდენის” გულშემატკივრებმა მოედანზე ხარის მოჭრილი თავის სროლითა და რამდენიმე შეურაცხმყოფელი ბანერის გამოფენით გამოხატეს.

გარდა ამისა, გერმანიის თასის დისციპლინარულმა კომიტეტმა დრეზდენელთა გულშემატკივართათვის სტადიონის კარები ჩაკეტა – მომდევნო მატჩში, რომელიც 20 ნოემბერს უნდა გაიმართოს, “დინამო” ცარიელი სტადიონების ფონზე ითამაშებს.