ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოსა და გერმანიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი (0:2) არასაფეხბურთო მოვლენებითაც დაგვამახსოვრდება. კერძოდ, სტადიონის უსაფრთხოების სამსახურმა დაკისრებულ მოვალეობას თავი ღირსეულად ვერ გაართვა. ხუმრობა ხომ არ არის, ერთი მატჩის მიმდინარეობისას მოედანზე შვიდი (!) ქომაგის შეჭრა. აქედან სამი გულშემატკივარი მინდორზე ერთდროულად შევარდა. ზოგი ჯაბა კანკავას ბუცს ემთხვია, ზოგი გიორგი ლორიასკენ გაეშურა, ზოგი კი სულაც გერმანელებთან ჩასაკონად იყო მოედანზე გამოსული. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მოედანზე ნებისმიერ მსურველს შეეძლო “გასეირნება”.
ზედმეტი საუბარი არ სჭირდება იმას, რომ როდესაც ამ დონის შეხვედრას მასპინძლობ, უსაფრთხოების სამსახური მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ეს ყველაფერი დღეს არ დაწყებულა. ჯერ კიდევ გერმანელთა წინასამატჩო ვარჯიშზე შევარდა მოედანზე ახალგაზრდა მამაკაცი ბასტიან შვაინშტაიგერთად შესახვედრად. სტადიონზე ყველას კარგად უნდა ჰქონდეს თავისი ფუნქცია გათვითცნობიერებული და პირველ რიგში, სწორედ უსაფრთხოების სამსახურის პერსონალს. ურიგო არ იქნებოდა მათთვის ამ მატჩამდე გარკვეული ტრენინგის ჩატარება იმის სასწავლად, რომ ისინი სტადიონზე მხოლოდ გამოსაჩენად არ დგანან. როგორც ჩანს, ესაჭიროებათ. უეჭველია, ამის გამო საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გარკვეულ სანქციებს მიიღებს. მათთვის კი, ვისაც სტადიონზე უსაფრთოების უზრუნველყოფა ევალება, იმედია, ეს ჩავარდნა კარგ გაკვეთილად იქცევა.