კავაზაშვილი: “სამწუხაროა, რომ ხვიჩას რუსეთიდან უკანმოუხედავად გაქცევას აიძულებენ”

საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და მოსკოვის “ტორპედოს” ყოფილმა მეკარემ ანზორ კავაზაშვილმა ინტერნეტპორტალ Metaratings.ru-სთან კომენტარი გააკეთა რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, თითქოს ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახს ემუქრებიან იმის გამო, რომ 21 წლის ფეხბურთელს რუსეთი ამ დრომდე არ დაუტოვებია. კავაზაშვილმა ქართულ-რუსულ ურთიერთობებზეც ისაუბრა.

“ეს რა არის? ჩემთვის გაუგებარია ცალკეული პიროვნებების ქმედებები, რომელთაც სხვა ქვეყნებში მყოფი ქართველების დაშინება შეუძლიათ. ეს ნამდვილი დანაშაულია! ასე არ შეიძლება. დღეს საქართველოში 30 ათასზე მეტი რუსი იმყოფება. გავიგე, რომ ზოგიერთ რესტორანში ხულიგნობით არიან დაკავებულნი – ამბობენ, რომ რუსებს არ ემსახურებიან, თუმცა ეს ერთეული შემთხვევებია! დანარჩენი ქართველები, ადამიანურები მიდიან და სჯიან მათ, ვინც ასეთ წარწერებს აკეთებენ.

აღშფოთებული ვარ! ასე როგორ შეიძლება?! ოჯახის მიმართ მუქარა მხოლოდ არასწორი ქმედება არაა. ვინც ამას ბედავს, ყველანი ციხეში უნდა ჩასვან! ქართველებისა და რუსების ერთმანეთის საწინააღმდეგოდ განწყობა აბსურდია, ჩვენ ერთმორწმუნე ერები ვართ, მთელი ცხოვრება ერთმანეთს ვუჭერდით მხარს. რა გამოდის? სადამდე დაეცა მსოფლიო?

გაიგეთ, რომ ხვიჩას კი არა, მის ოჯახს, მის მშობლებს ემუქრებიან. თუ საქართველოში არ დარჩება, შესაძლოა, მისი ოჯახის წევრებს რაღაც დაუშავონ. ვფიქრობ, მას რუსეთის დატოვება მოუწევს. ეს გუნდისთვის დარტყმაა, თანაც “რუბინი” ახლა არც ისე კარგად თამაშობს. ეს სულელური წაგებები გუნდზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს.

ხვიჩა კარგი ბიჭია. სამწუხაროა, რომ ასეთ ასაკში ბიჭს აიძულებენ, უკანმოუხედავად გაიქცეს, იქ, სადაც მას არ სურს. დღესდღეობით საქართველოში საფეხბურთო დონე ძალიან დაბალია! ის რუსეთში ავითარებს ოსტატობას. მას “რუბინის” შემდეგ გაეხსნა კარი როგორც კარგ მოსვოკურ გუნდებში, ასევე ევროპაში. ძალიან სამწუხაროა”, – თქვა კავაზაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებით იტალიური “ნაპოლი” არის დაინტერესებული.

ანზორ კავაზაშვილი – გამოჩენილი მეკარე

რამდენიმე წლის წინ დაიწერებოდა, როგორც საბჭოთა ფეხბურთის გამოჩენილი მეკარის შესახებ. ახლა კი ვწერთ – როგორც ქართული და, პირველ რიგში, რუსული ფეხბურთის მეკარის შესახებ.

რუსულისა, რამდენადაც სსრკ ჩემპიონატებში გამართული 274 შეხვედრიდან 269 მან ჩაატარა რუსეთის გუნდებში: ლენინგრადის “ზენიტში”(30), მოსკოვის “ტორპედოსა”(165) და “სპარტაკში”(74).

სწორედ აქ მოიპოვა მან ფეხბურთის ავტორიტეტული სპეციალისტებისა და გულშემატკივრების აღიარება.

ყოველივე კი დაიწყო ბათუმში, სადაც იგი დაიბადა და თბილისში, სადაც თამაშობდა ადგილობრივ ჭაბუკურ გუნდში(1956), ხოლო შემდეგ “დინამოს” ძირითად შემადგენლობაში(1957-1959). ანზორმა იმთავითვე მიიპყრო ყურადღება თავისი
“რეაქტიულობით” და მაღალი კლასის მეკარის სხვა თვისებებით. მას ბრწყინვალე მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, რაც მთლიანად გამართლდა უკვე იმ დროს, როცა იგი რუსულ კლუბებში თამაშობდა.

საქმე ის იყო, რომ თბილისის “დინამოში” მისი მისვლის დროისთვის ამოდიოდა კიდევ ერთი გამოჩენილი მეკარის სერგო კოტრიკაძის ვარსკვლავი(იგი ოთხი წლით უფროსი იყო ანზორზე) და ახალბედასა უპირატესად, სათადარიგოთა სკამზე უხდებოდა ჯდომა, ამიტომ იყო, რომ ლენინგრადიდან მიწვევისთანავე იგი ჩაირიცხა “ზენიტში”, სადაც გამოდიოდა წელიწადზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში.

ნიჭის ნამდვილი გაფურჩქვნა და, შესაბამისად, აღიარება ანზორმა მოსკოვის “ტორპედოსა”(1961-1968) და “სპარტაკის” შემადგენლობაში(1969-1971) გამოსვლების პერიოდში მოიპოვა.

კავაზაშვილი სსრკ ორგზის ჩემპიონია(1965, 1969) და ასევე ორგზის თასის მფლობელი(1968, 1971). იგი ქვეყნის საუკეთესი მეკარედ იყო აღიარებული(1965, 1967), შედიოდა ლევ იაშინის სიმბოლურ კლუბში(163 მატჩი გოლის გარეშე) და სსრკ ნაკრებში(1965-1970), სადაც 30 შეხვედრა ჩაატარა(მათ შორის 1966 და 1970 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე).

ფეხბურთელის კარიერის უკანასკნელი შეხვედრები კი ანზორ კავაზაშვილმა ქუთაისის “ტორპედოში” ჩაატარა(1972).

დაიწყო საქართველოში და დაამთავრა საქართველოში!