საქართველოს უმაღლესი ლიგის მეორე წრის პირველი ტურის ბოლო მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგა, სადაც „ლოკომოტივმა“ „ჩიხურას“ უმასპინძლა. შეხვედრა, ფრედ, 2:2 დასრულდა.
ამ ანგარიშის მიუხედავად, შეხვედრა ბევრი სახიფათო მომენტით არ გამორჩეულა. მე-15 წუთზე სულთანიშვილმა „ჩიხურას“ კარის მიმართლებით დარტყმა შორიდან სცადა. მე-18 წუთზე სტუმართა ანალოგიური დარტყმის ჯერი დადგა, რომელიც დენის დობროვოლსკიმ შეასრულა. ერთ წუთში საჩხერელთა ნახევარმცველი მსგავსი დარტყმით კვლავ გამოირჩა – ისევ უშედეგოდ.
25-ე წუთზე „ლოკომოტივის“ კარის მიმართლებით ჯარიმა დაინიშნა, ჩაწოდების შემდეგ „ლოკომოტივის“ საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, ბურთი საბოლოოდ კირკიტაძეს მიუვიდა, რომელმაც მეკარისაგან შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა და ანაგრიშიც გახსნა.
38-ე წუთზე მსგავსი გოლი „ლოკომოტივმა“ გაიტანა – გაბაშელიშვილმა, ჯარიმის შემდეგ, „ჩიხურას“ მცველთა და მეკარის შეცდომით ისარგებლა.
პირველი ტაიმი ანგარიშით 1:1 დასრულდა.
მეორე ტაიმის მეორე წუთზე კუჭუხიძის თავური დარტყმა მეკარე თევდორაძემ კუთხურზე მოიგერია, რომელმაც ასევე ხიფათი გამოიწვია – რეხვიაშვილს დარტყმულს „რკინიგზელთა“ მცველები გადაეღობდნენ. ცოტა ხანში, კუთხურის შემდეგ, გეთიაშვილის თავური დარტყმული სტუმართა კარს სულ მცირედით ასცდა.
77-ე წუთზე სტუმრები კვლავ დაწინაურდნენ და გოლი ისევ სტანდარტული მდგომარეობის დახმარებით გაიტანეს – თავი ლაშა ჩიკვაიძემ გამოიჩინა. ხუთ წუთში „ლოკომოტივის“ სწრაფი შეტევა საჯარიმოში მყოფი კიკნაძის ზუსტი დარტყმით დასრულდა – 2:2.
89-ე წუთზე სამურქასოვი „ჩიხურას“ საჯარიმოში“ შევიდა, მაგრამ სუსტად დაარტყა. შემდეგ ეპიზოდში კი გოლის გატანა უკვე ფრუიძის გუნდს შეეძლო, როცა მარცხენა ფლანგიდან რეხვიაშვილის პასის შემდეგ საჯარიმოში მყოფმა ჭანკოტაძემ ერთი შეხებით დაარტყა, მაგრამ თევდორაძემ ბურთის მოგერიება შეძლო.
ამრიგად, 15 ქულით „ლოკომოტივი“ მეთორმეტე ადგილზე დარჩა, „ჩიხურა“ კი 27 ქულით მეშვიდეა.
შემდეგ ტურში „ჩიხურა“ „საბურთალოს“ უმასპინძლებს, „ლოკომოტივს“ კი „დინამო არენაზე“ „დინამოსთან“ დერბი ელის.
„ლოკომოტივი“ – „ჩიხურა“ 2:2
გოლები: გავაშელიშვილი 38′, კიკნაძე 82′ – კირკიტაძე 25′, ჩიკვაიძე 77′
„ლოკომოტივი“: თევდორაძე, ჩიტეიშვილი, ჭანტურია (სამურქასოვი 61′), გეთიაშვილი, გავაშელიშვილი (კიკნაძე 74′), ქიქავა, სულთანიშვილი, მზევაშვილი (ცხადაძე 41′), მახარაძე, ბენაშვილი, არდაზიშვილი
„ჩიხურა“: კუპატაძე, კირკიტაძე (კუჭუხიძე 46′), რეხვიაშვილი, განუგრავა, დეკანოიძე, კორიფაძე, ჭეჭელაშვილი (ენუქიძე 46′, ჭანკოტაძე 72′), სარდალიშვილი, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, კაშია
გაფრთხილებები: ჭანტურია 13′, ბენაშვილი 49′, ქიქავა 67′, ჩიტეიშვილი 72′ – განუგრავა 63′, ჭანკოტაძე 81′