იტალიის სერია A-ს 23-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მილანის “ინტერმა” თანაქალაქელი “მილანი” ანგარიშით 3:0 დაამარცხა და მასთან სხვაობა 4 ქულამდე გაზარდა. მატჩის შესახებ “ნერაძურის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ისაუბრა.
“შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს იყო უმაღლესი დონის დერბი. ფეხბურთელები მართლაც კარგად მოქმედებდნენ. ვაგრძელებთ იმ გზას, რომელზეც წელიწადნახევრის წინ დავდექით.
ვულოცავ სტეფანო პიოლისა და “მილანს” იმას, რასაც მიაღწიეს.
ფსიქოლოგიური თვალსაზრისით “ჯენოასთან” და “პარმასთან” გასამართი მატჩები უფრო მაღელვებს. საკმაოდ მძიმე თამაშები იქნება. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ნამდვილად გავაკეთეთ თვისობრივი ნახტომი და შეგვიძლია გათამაშების დასრულებამდე ლიდერის პოზიციის შენარჩუნება.
მწვრთნელის ამოცანა გუნდის ყველა ნაწილის აწყობა და იდეების გაზიარებით მოთამაშეთა დახმარებაა. ბურთით და მის გარეშე თამაშის თაობაზე სპეციფიკური მოსაზრებები გაგვაჩნია. განსაკუთრებით ვამაყობ ივან პერიშიჩისა და კრისტიან ერიქსენის პროგრესით. ნიკოლო ბარელა თავიდანვე ყველაფერში გაერკვა. სხვებს კი, მაგალითად ერიქსენს, უფრო მეტი დრო დასჭირდათ.
ძირითად კონკურენტებს პირისპირ დაპირისპირებაში ვაჯობეთ. დღევანდელმა მატჩმა აჩვენა, რომ სერიოზული პროგრესი გვაქვს”, – ციტირებს კონტეს სიტყვებს DAZN.