აზერბაიჯანში მომხდარ ინციდენტს “გაბალა” სპეციალური განცხადებით ეხმაურება

უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “გაბალასა” და “დინამო თბილისს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას მომხდარ ინციდენტს აზერბაიჯანული კლუბი სპეციალური განცხადებით ეხმაურება. კლუბმა განცხადება ორ ენაზე – აზერბაიჯანულად და ქართულად გამოაქვეყნა.

“გაბალას” განაცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“უეფას ევროპის ლიგის გათამაშების ფარგლებში 09.07.2015 წელს ჩატარებული მატჩის “გაბალა” – “დინამო თბილისი” დროს მომხდარი შემთხვევის გამო დიდი სინანულის და მწუხარების გრძნობა განვიცადეთ. მატჩის დაწყებამდე უმაღლეს დონეზე იქნა განხორციელებული უსაფრთხოების ზომები, მაგრამ აზერბაიჯანისა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების მოწინააღმდეგე ძალებმა, როგორც თბილისში ასევე გაბალას ქალაქის სტადიონზე, თავიანთი საქმე გააკეთეს. ერთი პროვოკატორი ჯგუფის მხრიდან საქართველოს სახელმწიფო ატრიბუტების შეურაცხყოფა და პოლიტიკური ლოზუნგების წამოყენება ამ პროვოკაციის ერთ ერთ ნაწილად უნდა მივიჩნიოთ. როგორც ადრე, ასევე ეხლაც ჩვენს ქვეყნებს შორის ახლო თანამშრომლობას, და ჩვენი ხალხის მრავალწლიან მეგობრობაზე ზეგავლენას ეს დასაგმობი ფაქტი ვერ მოახდენენ.
გუშინდელი მატჩის წინ და შემდეგ ორივე კლუბების წარმომადგენლებს შორის მიუხედავად მატჩის შედეგისა არ ყოფილა დაძაბული ურთიერთობები, ეს მოედანზეც ჩანდა ფეხბურთელებს შორის.

ჩვენ გვინდა რომ, ასეთი ქმედებების ჩამდენები ორივე ქვეყანაში დადგინდება და შესაბამის სასჯელს მიიღებენ.

კიდევ ერთხელ ვგმობთ მომხდარს და უდიდეს სინანულს გამოვხატავთ”.

 

“დინამო თბილისი” გაბალაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით უეფას მიმართავს

უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “გაბალასა” და “დინამო თბილისს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას მომხდარ ინციდენტს თბილისური კლუბის მმართველი დირექტორი ნიკა ჯღარკავა გამოეხმაურა.

“იქიდან გამომდინარე, რომ ყველანი მატჩზე ვიყავით კონცენტრირებულნი, ფაქტი 100 პროცენტით არ შეგვიმჩნევია. მომხდარი საჭიროებს გაანალიზებას. კლუბის მხრიდან, რა თქმა უნდა, შესაბამისი განცხადება გაკეთდება. მომხდართან დაკავშირებით უეფასაც მივმართავთ”, – განაცხადა ნიკა ჯღარკავამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩის მიმდინარეობისას აზერბაიჯანელმა გულშემატკივრებმა ტრიბუნაზე გამოფინეს ბანერები, რომლებზედაც საქართველოს ქალაქები აზერბაიჯანის ტერიტორიად იყო მოხსენიებული. გარდა ამისა, მასპინძლებმა საქართველოს დროშა სტადიონზევე დაწვეს. მთელი მატჩის განმავლობაში მათი მხრიდან ქართველი ქომაგების მისამართით შეურაცხმყოფელი შეძახილები ისმოდა.