“პარტიზანის” თავკაცი: “დილასგან” განსხვავებულ თამაშს მოველით”

ხვალ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის “დილასა” და ბელგრადის “პარტიზანს” შორის საპასუხო მატჩი გაიმართება. სერბები საქართველოს დედაქალაქში დღეს დილით ჩამოფრინდნენ, მატჩისთვგის თბილისშივე ემზადებიან.

“პარტიზანის” მთავარმა მწვრთნელმა ზორან მილინკოვიჩმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ხვალ “დილასგან” პირველი მატჩისგან განსხვავებულ თამაშს მოელის.

“გვინდა, რომ ორი მატჩის ჯამში “დილას” ვაჯობოთ. ბელგრადში დადებით შედეგს მივაღწიეთ, რაც მიზნის გასაიოლებლად მნიშვნელოვანი იყო. “დილასგან” პირველი მატჩისგან განსხვავებულ თამაშს ველოდებით. ბელგრადში მეტოქისგან ბევრი არაფერი გვინახავს და სიფრთხილე გვმართებს.

“პარტიზანს” ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის ამბიცია აქვს. იქამდე მისასვლელი გზა იოლი არ არის, თუმცა მიზნის მისაღწევად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

მომენტების გამოყენების მხრივ პრობლემები გვქონდა, ბევრი შანსი გავუშვით ხელიდან. პირველ შეხვედრაში უფრო მეტს ვიმსახურებდით, თუმცა ეს ფეხბურთია. შესაძლოა, გაგვიმართლა კიდეც, მაგრამ სათქმელია ისიც, რომ სერბეთის ჩემპიონატის პირველ ტურში გაცილებით ეფექტიანად ვიმოქმედეთ (“პარტიზანმა” “მეტალაცი” ანგარიშით 4:0 დაამარცხა – ავტ).

ბელგრადიდან დღეს დილით ჩამოვედით. დიდი გზა გამოვიარეთ და გადავწყვიტეთ, რომ თბილისში დავრჩენილიყავით. გორამდე ჩასვლა დამატებით დროს მოითხოვდა. ჩვენი მიზანი არ იყო, რომ მთელი დრო მოგზაურობაში დაგვეხარჯა. ვიცით, რომ გორი კარგ ადგილას მდებარეობს, ამიტომ ადაპტაციის პრობლემა არ უნდა გვქონდეს”, – განაცხადა “პარტიზანის” თავკაცმა.

მატჩზე დასასწრები ბილეთები 5 და 10 ლარი ღირს. შეხვედრა ხვალ, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე, 16:30 სთ-ზე დაიწყება და მას დანიელ სტეფანსკის ხელმძღვანელობით პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი სერბების მინიმალური გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

„პარტიზანის“ თავკაცი: „გორის „დილა“ რუსული სტილია გუნდია“

ბელგრადის „პარტიზანის“ მთავარმა მწვრთნელმა ზორან მილინკოვიჩმა პრესკონფერენციაზე გორის „დილასთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ერთთვიანი მუშაობის შემდეგ სეზონის სტარტს მოუთმენლად ველით. საქართველოს ჩემპიონს პატივს ვცემთ. ამ გუნდს კარგი თამაშის ჩვენება შეუძლია, თუმცა იგივე ამბიცია ჩვენც გაგვაჩნია. ცოტა ხნის წინ მეტოქემ სამი დახურული მატჩი ითამაშა, მაგრამ მასზე საკმარისი ინფორმაციის მოპოვება მაინც მოვახერხეთ. მჯერა, რომ შემდეგ ეტაპზე გავალთ. სიტუაცია პირველი შეხვედრის შემდეგ უფრო ნათელი გახდება. „პარტიზანს“ ხვალინდელი მატჩის შემდეგ მეორე ეტაპზე გასვლის შანსების გაზრდა სურს, მაგრამ წინ კიდევ ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა გველის. პირველი თამაშის შემდეგ უფრო გვეცოდინება, თუ როგორ ვითამაშოთ.

„დილას“ რუსული სტილი ეტყობა – მოთამაშეები ბევრს დარბიან, მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან კარგია, რაზეც შედეგები მეტყველებენ. ამის მიუხედავად, მგონია, რომ მათთან სათამაშოდ მზად ვარ. სამწუხაროდ, როგორც აღვნიშნე, „დილას“ თამაშის ყურება ვერ შევძელით.

ფაბრიციოს გარდა, ამ მატჩისთვის ყველა მზადაა. იმედია, ის შემდეგი კვირის მიმდინარეობისას დაგვეხმარება.

მსურს, ჩვენს გულშემატკივრებს მხარდაჭერა ვთხოვო. წინ საინტერესო სეზონი გველის, „პარტიზანს“ ის მიზნები აქვს, როგორიც დიდ კლუბს შეეფერება“, – განაცხადა მილინკოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ „პარტიზანი“ – „დილას“ შეხვედრა დღეს, თბილისის დროით, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.