ფოთის „კოლხეთის“ შემადგენლობაში მატებაა – კლუბს ნახევარმცველები ამბერკ ინჯიბაშვილი და უკრაინელი ლეგიონერი ნიკიტა პოლულიახი შეუერდნენ. ორივე მოთამაშე ფოთურ კლუბში აგენტ ირაკლი ხვედელიანის დახმარებით მოხვდა.
ინჯიბაშვილი განვლილი სეზონის მეორე ნახევრიდან „გაგრაში“ თამაშობდა. 23 წლის შუახაზელმა ამ პერიოდში 16 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
„დღეს „ზუგდიდთან“ ანგარიშით 3:0 მოგებული მატჩის მეორე ნახევარში ვითამაშე. უმაღლესი ლიგის კლუბში თამაში პირველი ლიგის კლუბში თამაშისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. რა თქმა უნდა, ძირითად შემადგენლობაში თამაშს ვისურვებდი. მოხარული ვარ, რომ „კოლხეთში“ დავბრუნდი, კარიერა სწორედ აქ დავიწყე. კონტრაქტს ხვალ გავაფორმებთ, ხვალვე შეთანხმების დეტალებს დავაზუსტებთ“, – განუცხადა Fanebi.com-ს ინჯიბაშვილმა.
უკრაინელი ნიკიტა პოლულიახი კი თავდაპირველად სინჯებზე „მერანში“ იყო, თუმცა, საბოლოოდ, ფოთელებს შეუერთდა. 23 წლის ნახევარმცველი უკრაინის 17, 18, 19 და 21-წლამდელთა ნაკრების წევრიც იყო. პოლულიახს უკრაინის უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილებაც აქვს – ის დონეცკის „მეტალურგის“ შემადგენლობაში გამოდიოდა. სამწუხაროდ, პოლულიახს ტრავმის გამო მნიშვნელოვანი პერიოდი გაუცდა. 2014/15 წლების სეზონის მეორე ნახევარში მან იჯარით უკრაინის პირველი ლიგის ალჩევსკის „სტალში“ გაატარა, თუმცა სეზონის მეორე ნახევრიდან კლუბს ფინანსური პრობლემები გაუჩნდა.
„აქ ჩემი აგენტის დახმარებით მოვხვდი. „კოლხეთთან“ უკვე სამი სპარინგ მატჩის ჩატარება მოვასწარი. გუნდში კარგად მიმიღეს, აქ კარგი მდგომარეობაა. თავდაპირველად „მერანში“ ვისინჯებოდი, თუმცა შეთანხმება ვერ მოვახერხეთ. მოგეხსენებათ, საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ვთამაშობ. კონტრაქტს ხვალ მოვაწერთ ხელს, ჯერჯერობით ერთწლიან შეთანხმებას გავაფორმებთ“, – გვიამბო პოლულიახმა.