“ტრაბზონსფორმა” ათკაციანი “რაბოტნიჩკის” ბარიერი ვერ დაძლია (ვიდეო)

უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში შოთა არველაძის “ტრაბზონსფორმა” მაკედონიური “რაბოტნიჩკის” ბარიერი ვერ დაძლია. წყვილის პირველი შეხვედრა ბალკანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. არველაძემ იმ მატჩის შემდეგ თქვა, შინ მოვიგებთ და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლებას ჩვენ მოვიპოვებთო, თუმცა ასე არ მოხდა.

მართალია, უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ თურქი ქომაგები ცოტა შეფიქრიანდნენ, თუმცა 55-ე წუთზე მასპინძელთა 21 წლის ნახევარმცველმა ოქაი იოქუშლუმ დაახლოებით ისეთი გოლი გაიტანა, 2007 წელს შოთა არველაძემ შოტლანდიის ნაკრებს რომ შეუგდო. ორი მატჩის ჯამში წონასწორობა აღდგა. თურქები კიდევ უფრო გააქტიურდნენ, ამას ისიც დაემატა, რომ სტუმართა მცველ დუშკო ტრაიჩევსკის 65-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი უჩვენეს და მოედნიდან გააძევეს. “რაბოტნიჩკი” მთელი ძალით თავს იცავდა და როგორც იტყვიან, გაძლებაზე იყო, “ტრაბზონსფორმა” კი რამდენიმე რეალური მომენტი შექმნა, თუმცა ხან მაკედონიელთა მეკარე დანიელ ბოჟინოვსკი თამაშობდა ბრწყინვალედ, ხანაც თურქი ფეხბურთელები სცოდავდნენ ბოლო მომენტში. შეხვედრის ძირითადი დრო “ტრაბზონსფორის” გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა, რის შემდეგაც დამატებითი ტაიმები დაინიშნა. მართალია, უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა შეცვლაზე შესული კირე მარკოსკი 112-ე წუთზე თავის მეურვეს დაუსხლტა, თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და ორი მატჩის ჯამში სტუმრებს უპირატესობა მოუპოვა. დარჩენილ დროში თურქებს ერთი გოლიც არ ჰყოფნიდათ, თუმც ვერც იმ ერთი გოლის გატანა ვერ მოახერხეს და ევროსარბიელს გამოეთიშნენ.

ვის შეხვდება ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში “რაბოტნიჩკი”, ეს დღეს გასამართ წილისყრაზე გახდება ცნობილი.

ევროპის ლიგა
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი
მეორე მატჩი:
“ტრაბზონსფორი” — “რაბოტნიჩკი” 1:1 (0:0) (ორი მატჩის ჯამში 1:2)

გოლები: იოქუშლუ 55′ — მარკოსკი 110′.
გაფრთხილებები: კონსტანტი 64′, დენის ილმაზი 78′, მბია 80′, კარდოსო 112′ — ტრაიჩევსკი 44′, ალტიპარმაკოვსკი 64′, ილიოსკი 65′, პეტროვიჩი 86′.
გაძევება: ტრაიჩევსკი 65′ (“რაბოტნიჩკი”).

უეფამ შოთა არველაძე თურქეთის საუკეთესო ლეგიონერთა ათეულში შეიყვანა

თურქეთის სუპერლიგაში რობინ ვან პერსის, ლუკას პოდოლსკისა და სამუელ ეტოოს გადასვლის შემდეგ უეფას ოფიციალური ვებგვერდის კორესპონდენტებმა გადაწყვიტეს, ადგილობრივი ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერების ათეული შეედგინათ. ამ სიაში “ტრაბზონსფორის” ყოფილი თავდამსხმელი და ამჟამად გუნდის მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძეც მოხვდა, რომლის შესახებაც წერია:

“შავიზღვისპირულ კლუბში გადმოსვლამდე მასზე ცოტა რამ თუ იყო ცნობილი, თუმცა მალევე გამოავლინა ნიჭი და გოლების გატანაც დაიწყო. 1995 წელს მოიგო თურქეთის თასი, 1995/96 წლების სეზონში კი 25 გატანილი გოლით ჩემპიონატის ისტორიაში მეორე უცხოელი ბომბარდირი გახდა”.

შოთა არველაძის გარდა თურქეთის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერთა სიაში მოხვდნენ: გეორგე ჰაჯი (“გალათასარაი”/რუმინეთი, 1996–2001); ალექსი (“ფენერბაჰჩე”/ბრაზილია, 2004–12); გეორგე პოპესკუ (“გალათასარაი”/რუმინეთი, 1997–2001); დიეგო ლუგანო (“ფენერბაჰჩე”/ურუგვაი, 2006–11); დიდიე დროგბა (“გალათასარაი”/კოტ დივუარი, 2012–14); ტომაშ სივოკი (“ბეშიქთაში”/ჩეხეთი, 2008–15); პიერ ვან ჰოიდონკი (“ფენერბაჰჩე”/ჰოლანდია, 2003–05); მარიო ჟარდელი (“გალათასარაი”/ბრაზილია, 2000-01); კლაუდიო ტაფარელი (“გალათასარაი”/ბრაზილია, 1998–2001).

 

შოთას “ტრაბზონსფორი” “რაბოტნიჩკისთან” დამარცხდა (ვიდეო)

უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში შოთა არველაძის “ტრაბზონსფორი” მაკედონიურ “რაბოტნიჩკისთან” ანგარიშით 0:1 დამარცხდა. ეს ერთადერთი გოლი შეხვედრის 23-ე წუთზე მასპინძელთა კაპიტანმა ბლაჟე ილიოსკიმ გაიტანა. განმეორებითი მატჩი ტრაბზონში, 6 აგვისტოს შედგება.

“რაბოტნიჩკიმ” ზუსტად ისე ითამაშა, როგორც მოველოდით. ვფიქრობ, ჩვენ უკეთ ვითამაშეთ, მით უფრო მეორე ტაიმში, როდესაც გოლის გატანის რამდენიმე მომენტი შეგვექმნა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. ამის მიუხედავად, სანერვიულო არაფერია. ვფიქრობ, რომ საპასუხო შეხვედრაში გავიმარჯვებთ და მომდევნო ეტაპზე გავალთ”, – ციტირებს არველაძის სიტყვებს ekipa.

ევროპის ლიგა
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი
პირველი მატჩი:
“რაბოტნიჩკი” — “ტრაბზონსფორი” 1:0 (1:0)

გოლი: ილიოსკი 23′.
გაფრთხილებები: ილიოსკი 9′, ვუიჩიჩი 51′ — მეჯანი 5′, ულუდაგი 55′, იოკუშლუ 89′, ჰურმაჯი 90′.

 

არველაძის “ტრაბზონსფორი” ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა (ვიდეო)

ლუქსემბურგში “დიფერდანჟსა” და “ტრაბზონსფორს” შორის უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი გაიმართა. შოთა არველაძის გუნდმა მეტოქე ამჯერადაც დაამარცხა და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც მაკედონიურ “რაბოტნიჩკის” შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ, ლატვიის “იელგავას” ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 2:1 მოუგო.

რაც შეეხება “დიფერდანჟსა” და “ტრაბზონსფორს” შორის გამართულ მატჩს, ანგარიში შეხვედრის მე-19 წუთზე სტუმართა მცველმა სალიჰ დურსუნმა თავური დარტყმით გახსნა. 81-ე წუთზე ომარ ერ რაფიკმა გაათანაბრა, თუმცა თურქებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სონერ აიდოღდუს მიერ გატანილი გოლის წყალობით მაინც გაიმარჯვეს.

ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე “რაბოტნიჩკისა” და “ტრაბზონსფორს” შორის პირველი მატჩი 30 ივლისს, მაკედონიაში გაიმართება. საპასუხო შეხვედრა ტრაბზონში, 6 აგვისტოს შედგება.

ევროპის ლიგა
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი
მეორე მატჩი:
“დიფერდანჟი” — “ტრაბზონსფორი” 1:2 (ორი მატჩის ჯამში 1:3)

გოლი: ერ რაფიკი 81′ — დურსუნი 19′, აიდოღდუ 90+3′.
გაფრთხილება: დურსუნი 88′.

 

არველაძემ მოგებით დაიწყო (ვიდეო)

“ტრაბზონსფორის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე შოთა არველაძის დებიუტი წარმატებული გამოდგა. ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქულმა გუნდმა ლუქსემბურგის “დიფერდანჟი” მიიღო და ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

შოთას გუნდმა მატჩი თავიდანვე აქტიურად დაიწყო, თუმცა დაგეგმილი სწრაფი გოლის გატანა ვერ შეძლო. სტუმრები დიდი ძალებით იცავდნენ თავს. მიუხედავად ამისა, “ტრაბზონსფორმა” ანგარიშის გახსნა შეხვედრის პირველივე ნახევარში შეძლო. 44-ე წუთზე საჯარიმო დარტყმა უნაკლოდ შეასრულა მეჰმეთ ექიჯიმ.

მატჩის მეორე ტაიმიც მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა გოლი აღარ გასულა.

წყვილის საპასუხო შეხვედრა ლუქსემბურგში 23 ივლისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე “ტრაბზონსფორის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2 ივლისიდან მუშაობს. მისი თანაშემწე გიორგი დევდარიანი გახლავთ.

 

ევროპის ლიგა
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი
პირველი მატჩი:
“ტრაბზონსფორი” — “დიფერდანჟი” 1:0 (1:0)

გოლი: ექიჯი 44′.
გაფრთხილებები: მუსა ნიზამი 28′, სეფა ილმაზი 65′ — ბუკვიჩი 35′.