ჩხოროწყუში რომ ფეხბურთი ძალიან უყვართ და ეს რაიონი რომ გამოირჩევა გულშემატკივრების დასწრების მხრივ, ახალი ამბავი არაა. შარშან, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მეორე ლიგაში იყო გუნდი, 3-4 ათასი ჩხოროწყუელი აქტიურად უჭერდა მხარს სტადიონზე თავის ფეხბურთელებს, დიდი ნაწილი გასვლით თამაშებზეც დაჰყვებოდა გუნდს..
“სამეგრელო” ახლა პირველ ლიგაში ასპარეზობს და არც თუ ურიგოდ. გულშემატკივარი კი ტრადიციულად ახალ სეზონშიც თავის გუნდს გვერდში უდგას. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ბოლოსწინა ტურში, ზუგდიდის “ოდიშისა” და “სამეგრელოს” შორის გამართული მატჩი არასასიამოვნო ინციდენტით დასრულდა. შეხვედრა ზუგდიდელებმა 3-2 მოიგეს, მაგრამ ჩხოროწყუელები უსამართლო მსაჯობის მსხვერპლი გახნდენ, თავად განსაჯეთ, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ზვიად ტუღუშმა სტუმრებს ორი ფეხბურთელი, მთავარი მწვრთნელი და მწვრთნელის ასისტენტი გაუგდო. როგორც შემდგომში გაირკვა, მსაჯმა აშკარა შეცდომები დაუშვა და ისიც დაისაჯა ერთთვიანი დისკვალიფიკაციით, მაგრამ, ჩხოროწყუელების თქმით, არაობიექტური მსაჯობის გამო, მათი გუნდი დაზარალდა და აწი გვიანია.
თუ რა მოხდა ზუგდიდში და რა მიზნები აქვს “სამეგრელოს” მიმდინარე ჩემპიონატში, ამ საკითხების გასარკვევად ჩხოროწყუში ჩასვლა “სამეგრელო” – “ვიტ-ჯორჯიას” თამაშს დავამთხვიეთ.
როგორც თავში ვთქვით, ამ მატჩზეც სამაგალითო იყო დასწრება და ქომაგობა. ლამაზი სანახავი იყო ასევე სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი ქომაგთა გუნდები, სხვადასხვა გამამხნევებელი შეძახილებით და ბანერებით გოგო-ბიჭები. ეს იმის ფონზე, როცა უმაღლესი ლიგის ბევრ თამაშზე, სადაც ლიდერი გუნდები თამაშობენ, დასწრება 200-300 კაცია…
შეხვედრა კი საინტერესო გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, რასაც “სამეგრელოს” და “ვიტ-ჯორჯიას” კიპერებს უნდა უმადლოდნენ ორივე გუნდის ფეხბურთელები. რამდენიმე ურთულესი ბურთის მოგერიება შესძლეს ჯონი შეროზიამ და “სამეგრელოს” გუნდის კარის დარაჯმა აკმელ ჩარლემანმა.
მატჩის შემდგომ კი გუნდის მთავარ მწვრთნელთან გიზო შენგელიასთან ჩავწერეთ ინტერვიუ, რომელიც დისკვალიფიკაციის გამო გულშემატკივრების ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს საკუთარი გუნდის თამაშს.
“ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა ზუგდიდში. ამ ფეხბურთის ფედერაციამ კიდევ ერთხელ დაგვანახა თავისი სახე. ზუსტად რა ფედერაციაც გვყავს, ის მსაჯობა იყო. ასეთი მიდგომა ისევ და ისევ ქართულ ფეხბურთს მიაყენებს ზიანს და დღეს თუ “სამეგრელოს” გუნდს გაუკეთებენ ამას, ხვალ არავინაა დაზღვეული, რომ შემდეგი იქნება. იმედი მაქვს, მალე შეიცვლება ფეხბურთის ფედერაციის ხემძღვანელობა და მოვა ღირსეული კაცი კობიაშვილის სახით. ჩვენ დღეს სტადიონზე გამოტანილი ბანერით კიდევ ერთხელ დავადასტურეთ კობიაშვილის მიმართ მხარდაჭერა და პატივისცემა. “სამეგრელო” მხარს უჭერს ლევან კობიაშვილის კანდიდატურას, ჩვენ გვჯერა მისი პროფესიონალიზმის.
რაც შეეხება “სამეგრელოს” მომავალს. ჩვენ მთავარი ამოცანა პირველ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. რა თქმა უნდა, ყველა თამაშში მაქსიმუმს გავიღებთ და ვნახოთ, რა იქნება. აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ერთგულ, აქტიურ გულშემატკივრებს, რომლებიც მართლაც რომ ასრულებენ მეთორმეტე მოთამაშის როლს”.