ჩისკო ესპანეთის მესამე ლიგის გუნდში გადავიდა

თბილისის „დინამოს“ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ჩისკო მუნიოსი ესპანეთის სეგუნდა B-ს მესამე ჯგუფში მოასპარეზე ტარაგონას „ჰიმნასტიკში“ გადაბარგდა.

როგორც კლუბის ოფიციალური საიტი წერს, მხარეებმა კონტრაქტი 2016 წლამდე გააფორმეს. ოფიციალურად ჩისკოს ახალ კლუბში სამშაბათს, ადგილობრივი დროით, 12 საათსა და 30 წუთზე წარადგნენ.

ამჟამად „ჰიმნასტიკი“ 29 ქულით გათამაშების ცხრილის მესამე ადგილზე იმყოფება და პირველ ადგილზე მყოფ „ჰერკულესს“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ ჩისკო „დინამოში“ 2011 წლის ზაფხულში გადაბარგდა და ამ პერიოდში თბილისურ კლუბთან ერთარ ორჯერ საქართველოს ჩემპიონი, ორჯერ საქართველოს თასისა და ერთხელ ქვეყნის სუპერთასის გამარჯვებული გახდა. „ლურჯ-თეთრების“ მაისურით თავისი ბოლო მატჩი ესპანელმა 11 დეკემბერს ჩაატარა, როდესაც „დინამო“ სუპერთასის შეხვედრაში საჩხერის „ჩიხურას“ შეხვდა. აღსანიშნავია, რომ ერთადერთი გოლი ხსენებულ თამაშში 90-ე წუთზე სწორედ ჩისკომ გაიტანა.

ჩისკო საუბრობს საქართველოზე

Speak Up About Georgia („ისაუბრე საქართველოზე“) ახალი პროექტია, რომლის არსი საქართველოში მყოფი სხვადასხვა ერის მოქალაქეების ჩაწერა და იმის გაგებაა, თუ რას ფიქრობენ ისინი საქართველოზე, რა განსხვავებებს ნახულობენ საკუთარ და ამ ქვეყნის ერის წარმომადგენელ პირებს შორის. რა სირთულეები ექმნებათ მათ საქართველოში ყოფნისას, რა დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს ქვეყანას, რას ურჩევდნენ ქართველ ერს. ამ  საგანმანათლებლო ინფორმაციული პროექტის მიზანი საქართველოში მაცხოვრებელ უცხოელთა მხარდაჭერით ჩვენი ქვეყნის პოპულარიზება და საქართველოს შესახებ ობიექტური ინფორმაციის გავრცელებაა.

აღნიშნული პროექტის სტუმარია „დინამო თბილისის“ ესპანელი თავდამსხმელი ჩისკო მუნიოსი. ქვემოთ მოცემული ვიდეომასალიდან შეიტყობთ, რას ურჩევდა „დინამო თბილისის“ წარმატებული ფეხბურთელი დამწყებ მოთამაშეებს?! რატომ არის ყოველი დღე განსაკუთრებული მისთვის საქართველოში?! რომელია მისი საოცნებო გუნდი და როგორ ხედავს ის ფეხბურთის მომავალს საქართველოში?! ინტერვიუ მოცემულია ქართული სუბტიტრებით.

როგორც პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი რატი ქირია გვეუბნება, მომავალში დაგეგმილია სხვა უცხოელი ფეხბურთელების ჩაწერაც, მანამდე კი „ისაუბრე საქართველოზე“ ჩისკოსთან ერთად.