ჩისკო ესპანეთის მესამე ლიგის გუნდში გადავიდა

თბილისის „დინამოს“ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ჩისკო მუნიოსი ესპანეთის სეგუნდა B-ს მესამე ჯგუფში მოასპარეზე ტარაგონას „ჰიმნასტიკში“ გადაბარგდა.

როგორც კლუბის ოფიციალური საიტი წერს, მხარეებმა კონტრაქტი 2016 წლამდე გააფორმეს. ოფიციალურად ჩისკოს ახალ კლუბში სამშაბათს, ადგილობრივი დროით, 12 საათსა და 30 წუთზე წარადგნენ.

ამჟამად „ჰიმნასტიკი“ 29 ქულით გათამაშების ცხრილის მესამე ადგილზე იმყოფება და პირველ ადგილზე მყოფ „ჰერკულესს“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ ჩისკო „დინამოში“ 2011 წლის ზაფხულში გადაბარგდა და ამ პერიოდში თბილისურ კლუბთან ერთარ ორჯერ საქართველოს ჩემპიონი, ორჯერ საქართველოს თასისა და ერთხელ ქვეყნის სუპერთასის გამარჯვებული გახდა. „ლურჯ-თეთრების“ მაისურით თავისი ბოლო მატჩი ესპანელმა 11 დეკემბერს ჩაატარა, როდესაც „დინამო“ სუპერთასის შეხვედრაში საჩხერის „ჩიხურას“ შეხვდა. აღსანიშნავია, რომ ერთადერთი გოლი ხსენებულ თამაშში 90-ე წუთზე სწორედ ჩისკომ გაიტანა.

ჩისკოს წერილი

… ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს აქ გუშინ ჩამოვედი. გუშინდელი დღესავით მახსოვს, თუ როგორ მაფიქრებდა ოჯახისგან მოშორებით ყოფნა, პირველ დღეებში. თავიდან მაფიქრებდა ენის ბარიერიც, უცხო კულტურა, უცხო მხარე და ადამიანები- რამდენად კარგად შევეწყობოდი მე მათ და რამდენად ადვილად მიმიღებდნენ ისინი მე. მაგრამ ამ სამ ნახევარმა წელიწადმა აქაურობა ჩემს სახლად აქცია. ზუსტად არც კი მახსოვს, როგორ გაქრა ყველა კითხვის ნიშანი და როგორ ვიგრძენი აქ თავი შინაურად, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ეს ჩემი სახლიცაა.

მინდა მადლობა გადავუხადო დინამოს თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც თავი განსაკუთრებულ ადამიანად მაგრძნობინეს და მეტწილად მათი დამსახურებაცაა ის, რომ დღეს ასე მასევდიანებს თბილისიდან წასვლა.

დინამოში გატარებული ყოველი დღე, კლუბის წევრებთან თუ თანამშრომლებთან შეხვედრა განსაკუთრებული იყო ჩემთვის. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას იმის დამტკიცებისათვის, რომ დინამო ერთი დიდი ოჯახია. განსაკუთრებული მადლობა მათ ვინც ჩრდილში აკეთებენ დინამოს საქმეს, ვინც არც მოედანზე და არც ტელევიზორის ეკრანებზე არ ჩანან, მაგრამ მუხლჩაუხრელად შრომობენ დინამოს უკეთეს გუნდად ჩამოყალიბებისათვის და მისი ყოველდღიურობის გასალამაზებლად. მადლობა იმ ბიჭებს ვის გვერდითაც ამდენი შეხვედრა ჩავატარე, ვისთან ერთადაც განვიცდიდი და მიხაროდა. მადლობა მწვრთნელებს და გუნდის პერსონალს, ყველა მათგანს ერთი რამ აერთიანებდა – ეს იყო დინამო და სურვილი ის უკეთეს გუნდად ექციათ. უღრმესი მადლობა დინამოს ქომაგებს, რომელთა მხარდაჭერა და სიყვარულიც ყოველთვის დამატებითი მოტივაცია იყო ჩემთვის.

ცალკე მინდა მადლობა ვუთხრა გუნდის პრეზიდენტს, რომელმაც ყველანაირი წინაპირობა შექმნა, დინამოს ძველი დიდების დასაბრუნებლად და მჯერა, შორს არ არის ის დღე, როცა მისი და დინამოს გულშემატკივრის ოცნება ასრულდება.

მივდივარ, მაგრამ არ გემშვიდობებით. მე ხომ ამ წლებმა დინამოს განუყოფელ ნაწილად მაქცია.

ჩისკო 28

FCDinamo.GE

ჩისკომ “ჩიხურას” კარში გატანილი გოლის შემდეგ იტირა (ვიდეო)

ჩისკო მუნიოსის მიერ “ჩიხურას” კარში კარიერის ბოლო მატჩის უკანასკნელ წუთზე გატანილი გამარჯვების გოლი ესპანელი ფეხბურთელისთვის საკმაოდ ეცმოიური გამოდგმა. შეგახსენებთ, “დინამომ” წლის ბოლო ოფიციალურ შეხვედრაში სუპერთასის მოპოვება შეძლო და კაპიტანი დიდი ფეხბურთიდან გააცილა. 

ჩისკო საუბრობს საქართველოზე

Speak Up About Georgia („ისაუბრე საქართველოზე“) ახალი პროექტია, რომლის არსი საქართველოში მყოფი სხვადასხვა ერის მოქალაქეების ჩაწერა და იმის გაგებაა, თუ რას ფიქრობენ ისინი საქართველოზე, რა განსხვავებებს ნახულობენ საკუთარ და ამ ქვეყნის ერის წარმომადგენელ პირებს შორის. რა სირთულეები ექმნებათ მათ საქართველოში ყოფნისას, რა დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს ქვეყანას, რას ურჩევდნენ ქართველ ერს. ამ  საგანმანათლებლო ინფორმაციული პროექტის მიზანი საქართველოში მაცხოვრებელ უცხოელთა მხარდაჭერით ჩვენი ქვეყნის პოპულარიზება და საქართველოს შესახებ ობიექტური ინფორმაციის გავრცელებაა.

აღნიშნული პროექტის სტუმარია „დინამო თბილისის“ ესპანელი თავდამსხმელი ჩისკო მუნიოსი. ქვემოთ მოცემული ვიდეომასალიდან შეიტყობთ, რას ურჩევდა „დინამო თბილისის“ წარმატებული ფეხბურთელი დამწყებ მოთამაშეებს?! რატომ არის ყოველი დღე განსაკუთრებული მისთვის საქართველოში?! რომელია მისი საოცნებო გუნდი და როგორ ხედავს ის ფეხბურთის მომავალს საქართველოში?! ინტერვიუ მოცემულია ქართული სუბტიტრებით.

როგორც პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი რატი ქირია გვეუბნება, მომავალში დაგეგმილია სხვა უცხოელი ფეხბურთელების ჩაწერაც, მანამდე კი „ისაუბრე საქართველოზე“ ჩისკოსთან ერთად.