გორდონ სტრაჩანი: “ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა”

შოტლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გორდონ სტრაჩანმა საქართველოს ნაკრებთან წაგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

“ჩემი აზრით, დღეს ჩვენი თამაში მოსაგებად საკმარისი არ იყო, თუმცა არ წაგებას ვიმსახურებდით. ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა. ვფიქრობ, სანამ გოლს გავუშვებდით, ჩვენს კართან სერიოზული ხიფათი არ შექმნილა. გადამწვყეტ მომენტებში ცოტა დაგვაკლდა. ყოველთვის ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც გინდა. ვწუხვართ, რომ დავმარცხდით, თუმცა ჩვენ მიზნის მიზნის მიღწევის შანსი ისევ გვაქვს.

ქართველთა მეკარეს თამაშში ჩართვა ხშირად არ უწევდა. ჩვენი კომბინაციებით ფონს გასვლა ვერ შევძელით.

სიცხის ფაქტორი შეიძლება გასამართლებლად გამოვიყენოთ, მაგრამ ეს არასწორი იქნება. ჩვენ ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც გვსურდა.

რა თქმა უნდა, საწმუხაროა, რომ შეხვედრა ვერ მოვიგეთ, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი გვაქვს. ასეთ სიტუაციაში ადრეც ვყოფილვართ.

სამი მატჩი დაგვრჩა სათამაშო. უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მაქსიმალურად კარგ შედეგს მივაღწიოთ. მარცხი მალევე უნდა დავივიწყოთ და მომავალზე ვიფიქროთ.”

გორდონ სტრაჩანი: “2007 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა”

საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან გასამართი მატჩის წინა დღეს, შოტლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გორდონ სტრაჩანმა პრესკონფერენცია გამართა.

“შესაძლოა, ხვალინდელი მატჩი მნიშვნელოვანი გამოდგეს ან საერთოდ მას არანაირი მნიშვნელობა არ მიენიჭოს. იმედია, ბოლო თამაშის წინაც ამას მკითხავენ. ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი გვაქვს.

არ მესმის ის შეხედულება, რომ ხვალ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. მე უკვე გადაწყვეტილი მაქვს, ვინ ითამაშებს ხვალ. ფეხბურთელებმა ჯერ შემადგენლობის შესახებ არაფერი იციან. გადაწყვეტილების მიღება რთული იყო, რადგან სათადარიგოთა სკამზე ბევრი ძლიერი მოთამაშე დარჩება.

ჩვენ კლიმატური პირობები გავითვალისწინეთ და მსუბუქად ვივარჯიშეთ. რაც შეეხება ტაქტიკას, ამ შემთხვევაში სიცხის ფაქტორს გავითვალისწინებთ.

გლაზგოში ჩატარებულ მატჩში, საქართველომ კარგად ითამაშა. მეტოქემ გუნდური თამაში დაგვიპირისპირა. ვფიქრობ, ხვალ ზუსტად იგივე სიტუაცია იქნება.

2007 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. თბილისში გამართული მატჩის შემდეგ დიდი დრო გავიდა.”

შოტლანდიის მწვრთნელი: „საქართველო სახიფათო მეტოქედ რჩება“

შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის გორდონ სტრაჩანის ერთ-ერთი თანაშემწე სტიუარტ მაკოლი საქართველოსთან ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის ოპტიმისტურადაა განწყობილი. მაკოლის თქმით, გუნდს კონტინენტის პირველობაზე გასვლის იმედი არ დაუკარგავს.

„მართალია, უელსთან და სერბეთთან მარცხით დავიწყეთ, თუმცა შემდგომ ხორვატიას ამხანაგური მატჩი მოვუგეთ და მომდევნო შეხვედრებში თამაში გავაუმჯობესეთ. ირლანდია დავამარცხეთ და პოლონეთში მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა დავუწიეთ.

ერთადერთი, რაც ახლა გაგვაჩნია, რწმენაა. როგორც სამწვრთნელო შტაბს, ისე მოთამაშეებსა და გულშემატკვირებს, წარმატების მიღწევის გვჯერა. უბრალოდ, ჩვენთვის სასურველი შედეგისთვის უნდა ვიბრძოლოთ“, – თვლის მაკოლი.

გარდა ამისა, სპეცილისტმა ასევე საქართველოს ნაკრების თავკაცის კახა ცხადაძის შესახებ ისაუბრა.

„საქართველოს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, ამიტომ გუნდმა, შესაძლოა, განსხვავებული თამაში და ტაქტიკა შემოგვთავაზოს.

საქართველომ პოლონეთთან 0:4 წააგო, თუმცა 89-ე წუთამდე მხოლოდ ერთბურთანი სხვაობით აგებდა, რის შემდეგაც რობერტ ლევანდოვსკიმ ჰეთთრიკი შეასრულა. იმ შეხვედრაში ქართველებს გოლის გატანა შეეძლოთ. დიახ, მათ რამდენიმე მოთამაშე დაკარგეს, მაგრამ ეს გუნდი ჩვენთვის მაინც სახიფათო მეტოქედ რჩება“, – დაასრულა მაკოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებებს შორის შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ პარასკევს, 20:00 საათზე დაიწყება.