იბრაჰიმოვიჩმა “რეიმსთან” გამართული მატჩი შეაფასა

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში “რეიმსსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ პარიზელთა ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩი რამდენიმე დღის წინათ თავს შეუძლოდ გრძნობდა, იგი ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი სრულად ჩაამთავრა. შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში შვედ ფეხბურთელს გოლის გატანის კარგი შანსი მიეცა, თუმცა ახლო მანძილიდან თავური დარტყმის შემდეგ ბურთი მიზანს ასცდა. იბრაჰიმოვიჩმა მოედანი ამჯერადაც გატანილი გოლის გარეშე დატოვა, უგოლო სერია კი უკვე 419 წუთამდე გაიზარდა.

“კარგად ვარ, დღეს თავს უკეთ ვგრძნობ, სათამაშო დროც მომეცა. ამ კვირაში ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა, თუმცა ვგრძნობ, რომ უწინდელ დონეზე ვბრუნდები.

დღეს გატანა შემეძლო, თუმცა რაღაც არ გამომივიდა. ეს “რაღაც” უნდა გამოვასწორო. ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ასე რომ, მეტს არ ვიმსახურებდით. ყოველ სამ დღეში თამაში ადვილი არ არის, თუმცა წინ ხანგრძლივი სეზონია და ყველა ფრონტზე ვიბრძვით”, – იბრაჰიმოვიჩის კომენტარი L’Equipe-მა გამოაქვეყნა.

 

“რეიმსის” თავკაცი: “კანკავას არ გავუკვირვებივარ”

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში “რეიმსი” საკუთარ მოედანზე “პარი სენ-ჟერმენს” დაუხვდა და მეტოქეს ანგარიშით 1:1 დაუზავდა. ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი სრულად ჩაამთავრა მასპინძელთა ქართველმა ლეგიონერმა ჯაბა კანკავამ, რომელმაც შეხვედრის მე-4 წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ უხეშობისთვის ყვითელი ბარათიც მიიღო. ჩვენებური ერთ-ერთი გამორჩეული იყო მასპინძელთა შორის, არაერთხელ ჩაშალა პარიზელთა შეტევა და ადგილობრივი პუბლიკისგან მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.

მატჩის შემდეგ კანკავას თამაში “რეიმსის” თავკაცმა ოლივიე გუჟანმაც შეაფასა:

“კანკავას არ გავუკვირვებივარ. მან საერთაშორისო მატჩებში თავი კარგად წარმოაჩინა. მისგან სწორედ ასეთ თამაშს მოველოდი”.