ბორისოვის “ბატე” პრაღის “სლავიასთან” დამარცხდა – გვილია ისევ სკამზეა

დღეს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში სლავიას “პრაღა” ბორისოვის “ბატეს” დაუპირისპირდა. ამ უკანასკნელში თამაშობს ქართველი ფეხბურთელი, ვაკო გვილია. ჩვენი ნაკრების ნახევარცველს სათადარიგოთა სკამიდან მოუწია მთელი შეხვედრის ყურება.

მატჩი დაძაბული გამოდგა და ერთადერთი გოლი გავიდა. მისი ავტორი ჩეხური კლუბის გამოცდილი თავდამსხმელი, მილან შკოდა გახდა. მან მე-20 წუთზე თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან მოახერხა გოლის გატანა.

აქვე გეტყვით, რომ მომდევნი მატჩი ორ აგვისტოს, უკვე ბორისოვში, “ბორისოვ არენაზე” თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

ქეცბაია: “პრაღაში დადებითი შედეგისთვის ჩამოვედით”

დღეს უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩები გაიმართება. თემურ ქეცბაიას მიერ დამოძღვრილი აპოელი პრაღაში ადგილობრივი “სპარტას” წინააღმდეგ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში აპოელი შინ გელზენკირხენის “შალკესთან” ანგარიშით 0:3 განადგურდა. “სპარტა” გასვლაზე ტრიპოლისის “ასტერასს” დაუზავდა — 1:1.

მიუხედავად ცუდი სტარტისა, ქეცბაიას სჯერა, რომ ჯგუფიდან გამსვლელი ორი გუნდის ვინაობა ეტაპის ბოლოს გადაწყდება.

“ჯგუფური ეტაპი ჯგუფის უკანასკნელ მატჩამდე გრძელდება. აქ დადებითი შედეგისთვის ჩამოვედით. გარკვეული პრობლემები გვაქვს, თუმცა პრობლემები ყოველთვის არის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პრობლემები მოედანზე არ გამოჩნდეს”, – აღნიშნა თემურ ქეცბაიამ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

აპოელმა 26 სექტემბერს კვიპროსის ჩემპიონატში “არისი” ანგარიშით 4:0 გაანადგურა. “სპარტა” 27 სექტემბერს ეროვნულ ჩემპიონატში თანაქალაქელ “სლავიასთან” 0:1 დამარცხდა.

თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ აპოელის სამწვრთნელო შტაბმა ჩეხური გუნდის ბოლო მატჩი დეტალურად გაარჩია და საჭირო დასკვნები გააკეთა.

“სპარტამ” რამდენიმე კარგი ფეხბურთელი დაიმატა და ახლა ჩვენი მეტოქე უფრო ძლიერია, ვიდრე გასულ წლებში იყო. ამას ჩეხეთის ჩემპიონატში მათი პოზიციაც ადასტურებს (სატურნირო ცხრილის ლიდერია – ავტ). მოწინააღმდეგის რამდენიმე საშინაო და გასვლითი მატჩი ვნახეთ, მათი უკანასკნელი მატჩი დეტალურად გავარჩიეთ. მათ შეუძლიათ გატანა, თუმცა ბევრ გოლსაც უშვებენ. “სპარტა” ის გუნდია, რომელსაც შეუძლია, მცირე შეცდომის გამო დაგსაჯოს”, – ციტირებს ქეცბაიას სიტყვებს cyprusscore-ი.

მატჩი “სპარტასა” და აპოელს შორის დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და მას პაველ გილის თავკაცობით პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.