2014-2015 წლების სეზონი სუპერთასით დასრულდება

სუპერლიგის2014-2015 წლების სეზონი 31 მაისს, სუპერთასის გათამაშებით დასრულდება. სეზონის ბოლო ტიტული გაზაფხულის ბოლო დღეს გათამაშდება. ლეგენდარული მოთამაშისა და მწვრთნელის, ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდი და თბილისის „დინამო“გაითამაშებენ.

სწორედ ამ გუნდებმა გაინაწილეს მიმდინარე სეზონის 2 უმთავრესი ტიტული: შსს-აკადემია სუპერლიგის ჩემპიონი გახდა,„დინამომ“ კი თასის გათამაშებაში იმარჯვა. წლების მანძილზე არსებული ტრადიციის თანახმად, სუპერთასიც ჩემპიონმა და თასის მფლობელმა უნდა გაითამაშონ. სუპერთასის მატჩი  31 მაისს, სპორტკომპლექს „არენაში“, 18:00 საათზე დაიწყება.

სპორტის სასახლე 22 მაისიდან ფინალურ სერიას უმასპნიძლებს

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ფინალური სერია სტარტს 22 მაისს, თბილისის სპორტის სასახლეში აიღებს. შეგახსენებთ, რომ გადამწყვეტ სერიაში, რომელიც 3 მოგებამდე ტარდეება, ერთმანეთის წინააღმდეგ მოქმედი ჩემპიონი თბილისის “დინამო” და “შსს-აკადემია” წარსდგებიან.

ნახევარფინალებში დამარცხებული “რუსთავი” და “ბათუმი” კი  მესამე ადგილს გაითამაშებენ. ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლა 2 მოგებამდე გაგრძელდება. მოედნის უპირატესობა რეგულარულ ჩემპიონატში მე-4 ადგილზე გასულ ,,რუსთავს” აქვს, შესაბამისად, პირველი მატჩი 22 მაისს რუსთავში გაიმართება, საპასუხო შეხვედრას კი ბათუმი 24 მაისს უმასპინძლებს.

 

დინამო ფინალში შსს-აკადემიას შეუწყვილდა

სუპერლიგის ორივე ფინალისტი ცნობილია. საჩემპიონო სერიაში გასულ „შსს-აკადემიას“ დღეს „დინამო“ შეუერთდა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა რუსთავში, ნახევარფინალური სერიის მე-4 მატჩი დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში მოუგეს მასპინძლებს და ფინალში გავიდნენ.

დინამოელთათვის გადამწყვეტი შეხვედრა ძალიან დააბული გამოდგა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. რუსთაველები ჯერ იგებდნენ, შემდეგ 10 ქულით ჩამორჩნენ, მესამე პერიოდში კი 13 ქულითაც დაწინაურდნენ. ბოლო პერიოდში ისევ დინამოელებმა იძალეს და თამაშის გადარჩენა მასპინძლებს მოუხდათ.

მატჩის დასრულებამდე 1 წუთით ადრე მასპინძლები 70:74 აგებდნენ, თუმცა დაცვის ხარჯზე მოახერხეს დნამოელთა შეტევების მოგერიება და ჯერ ცეკვავამ საჯარიმო სროლებით ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა, შემდეგ კი ფორსირებული ეტევით მასპინძელთა ცენტრმა გიორგი ყველაშვილმა ძირითადი დროის დასრულებამდე 1,5 წამით ადრე ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.

ძირითადი დრო 74:74 დასრულდა და ოვერტაიმში კიდევ უფრო დაძაბული ბრძოლა გაჩაღდა. ორმხრივი შეტევები წარუმატებლად, შეცდომებით სრულდებოდა და „დინამომ“ დამატებითი დროის პირველსავე წუთზე რომ ჩააგდო 3-ქულიანი, მისი საოვერტაიმო მონაგარიც ეს იყო. სამაგიროდ, დინამოელები დაცვაში ირჯებოდნენ კარგად და რუსთაველებს ექსტრახუთწუთეულში მხოლოდ 2 ქულა ჩააგდებინეს.

საბოლოოდ „დინამომ“ 1 ქულით – 77“76 იმარჯვა და სერიაში მესამე, ფინალის საგზურის ტოლფასი გამარჯვება მოიპოვა. გამარჯვებულთაგან 16 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო ილია ლონდარიძე გახლდათ, 15 ქულა მიითვალა ბესო ლეჟავამ, ხოლო გიორგი გამყრელიძემ სამმაგი დუბლის ზღვარზე 13 ქულით, 9 მოხსნით და 9 პასით გაიარა.

ფინალური სერია, რომელშიც მოქმედი ჩემპიონი „დინამო“ „შსს-აკადემიას“ შეხვდება, 22 მაისს დაიწყება.

რუსთავი – დინამო   76:77

მატჩისშემდგომი კომენტარები

მიხეილ ბერუაშვილი, „რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი:

„ძალიან დაძაბული მატჩი იყო, რომელიც 1 ქულის სხვაობით დასრულდა. სამწუხაროდ, ჩვენ დავმარცხდით და სერია დავთმეთ“.

ირაკლი ხოშტარია, „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი:

„ეხლა შემიძლია დინამოს თითოეულ მოთამაშეს ფინალში გასვლა მივულოცო. მადლობა მათ, ბიჭებმა ძალიან მაგრად ითამაშეს, ბოლომდე იბრძოლეს და მართლაც საამაყო გამარჯვება მოიპოვეს. რუსთავში ზედიზედ 2 გამარჯვების მოპოვება ძალიან ძნელია და ეს ჩვენ შევძელით. ეხლა ვეცდებით, დავისვენოთ და ფინალურ სერიას მობილიზებით შევხვდეთ“.

შსს აკადემიამ ნახევარფინალური სერია დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო

22-ქულიანი სხვაობით დასრულდა სუპერლიგის ნახევარფინალური სერია „შსს-აკადემიასა“ და და „ბათუმს“ შორის. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა აკადემიელებმა აჭარულ გუნდს ყველა მეოთხედი მოუგეს და, საბოლოოდ, 106:84 იმარჯვეს.

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ბათუმელებმა აღიარეს, რომ მათ გუნდს დაცვაში ასე ცუდად ამ სეზონში არ უთამაშია. მართლაც, აკადემიელებმა დავით უსტიაშვილის გუნდს 106 ქულა ჩაუგდეს და ეს საპლეიოფო მატჩისთვის მართლაც ბევრია.

აკადემიელებს უპირატესობა ჰქონდათ როგორც ფარქვეშ, ისე პერიმეტრზე. თბილისურმა გუნდმა ბათუმელებზე მეტი ბურთი მოხსნა, 5-ით მეტი სამქულიანი ჩააგდო და 8-ით მეტი ჩაჭრა მიითვალა. დაკარგვები ბათუმელებს 7-ით მეტი ჰქონდათ და ყველაფერი ზემოთქმულის გათვალისწინებით, საბოლოოდ, დაფიქსირერებული ანგარიში ლოგიკურია.

„შსს-აკადემიაში“ 21 ქულით საუკეთესო იყო გიორგი ცინცაძე, 17 ქულა დააგროვა გიორგი შარაბიძემ, 15 ჰქონდა ბექა ჩიკვილაძეს, ხოლო ნიკა მეტრეველმა და აკაკი ლომოურმა 14-14 ქულა მოაგროვეს, მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა.  „ბათუმში“ 26 ქულით ბიჯეი იანგი გამოირჩა, ნიკ კელოგის ანგარიშზე 17 ქულა დაგროვდა, ირაკლი მიქელაძემ პირად ანგარიშზე 11 ქულა ჩაიწერა.

„შსს-აკადემია“ ნახევარფინალურ სერიაში 1:0 დაწინაურდა, მორიგი შეხვედრა კი ხვალ, 14 მაისს, კვლავ სპორტის სასახლეში გაიმართება.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

კოტე ტუღუში(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი): მოხარული ვარ, რომ გავიმარჯვეთ. მოლოდინი გვქონდა, რომ რთული თამაში იქნებოდა და ასეც მოხდა, იოლი ნამდვილად არ ყოფილა. ძალიან დაძაბული და ნერვიული თამაში გადავიტანეთ გუშინწინ ,,სოხუმის’’ წინააღმდეგ. ამის მიუხედავად, ბიჭებმა მოახერხეს მობილიზება, ძალების აღდგენა და მოედანზე მომზადებულები გავედით. დავამარცხეთ საკმაოდ ძლიერი მეტოქე, ,,ბათუმი’’ სერიოზული გუნდია, კარგი მწვრთნელი ჰყავს. ჩვენ პირველი ნაბიჯი გადავდგით ფინალისკენ, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს. ხვალ უფრო მეტად დაძაბულ შეხვედრას ველოდებით და ვეცდებით, მომზადებულები ვიყოთ.

დავით უსტიაშვილი(,,ბათუმის’’ მთავარი მწვრთნელი): რა თქმა უნდა, ველოდებოდით რთულ თამაშს. ,,შსს აკადემია’’ საკმაოდ ძლიერი გუნიდა, დღეს,ფაქტობრივად, ყველა კომპონენტში წავაგეთ. 106 ქულა მგონი არასდროს მიგვიღია. ეს ჩვენი ბრალიცაა და მეტოქის ძალიან კარგი თამაშისაც. ვეცდებით, ხვალ უფრო საინტერესო და კარგი თამაში ვაჩვენოთ, პირველ რიგში კი დაცვაში შეცდომები გამოვასწოროთ.

ავთანდილ ელიაშვილი(,,ბათუმი’’): პირველ რიგში, მივულოცავ მოწინააღმდეგეს გამარჯვებას,ძალიან კარგად ითამაშეს. ჩვენ კი ასე ცუდად დაცვაში აქამდე არ გვითამაშია. შევეცდებით, შემდეგ თამაშებში ეს შეცდომები და ხარვეზები გამოვასწოროთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ.

შსს-მ ნახევარფინალისკენ გაიხედა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდმა მეოთხედფინალის მესამე მატჩი 103:77 მოუგო „სოხუმს“ და სერიაში 2:1 დაწინაურდა.

მატჩის პირველი ნახევარი საკმაოდ თანაბარ და უკომპრომის ბრძოლაში წარიმართა, თუმცა შესვენების შემდეგ კოტე ტუღუშის შეგირდებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს, რაც გამარჯვების საწინდარიც გახდა.

შსს-მ განსაკუთრებით კარგად მესამე მეოთხედში ითამაშა, რომელიც 38-18 მოიგო, რის შემდეგაც სოხუმელებმა დაშვებული შეცდომების გამოსწორება ვეღარ მოახერხეს.

„შსს-აკადემიაში“ 22 ქულით საუკეთესო იყო გიორგი შარაბიძე, 17 ქულა მიითვალა ბექა წივწივაძემ, ხოლო ნიკა მეტრეველის ანგარიშზე 16 ქულა და 14 მოხსნა დაგროვდა. სოხუმელთაგან 17 ქულით და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა გიორგი ჯგერენაიამ, 16 ქულით დაასრულა მატჩი გრიგოლ შვანგირაძემ.

სერიის მე-4 მატჩი, რომელიც შესაძლოა გადამწყვეტის აღმოჩნდეს, ხვალ, 9 მაისს, სპორტის სასახლეში 14:00 საათზე გაიმართება.

გიორგი შარაბიძე: “გუშინდელი მარცხის შემდეგ დასკვნები გამოვიტანეთ”

“შსს-აკადემია” – “სოხუმის” შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გუნდების კალათბურთელებმა, გიროგი შარაბიძემ და გრიგოლ შვანგირაძემ გააკეთეს.

 

გიორგი შარაბიძე: “გუშინდელი მარცხის შემდეგ დასკვნები გამოვიტანეთ და დღეს გამარჯვება მოვიპოვეთ. სოხუმი ძლიერი გუნდია და მომდევნო შეხვედრებში უფრო მეტად დავიხარჯებით დადებით შედეგის მოსაპოვებლად.” 

გრიგოლ შვანგირაძე: “შსს ძლიერი გუნდია. ამიტომ, გადაღლილობის ფონზე და ტრავმირებული მოთამაშეებით მათთან მოგება რთულია. იმედი გვაქვს, მომდევნო შეხვედრაში უკეთესი სურათი იქნება” 

შსს-მ თამაშების ჩაწყობისთვის ქართველი ფეხბურთელები დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქართველი ფეხბურთელები დააკავა. როგორც შსს-ს განცხადებაში ვკითხულობთ, დაკავებულები არიან “სტუ თბილისის” პრეზიდენტი, საჩხერის “ჩიხურას” ყოფილი სელექციონერი, ქუთაისის “ტორპედოს” ყოფილი ფეხბურთელი და ხარაგაულის “ჩხერიმელას” მოქმედი ფეხბურთელები.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თბილისსა და ქუთაისში კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროფესიული სპორტული შეჯიბრებების მონაწილეთა მოსყიდვის ფაქტზე დააკავეს: საფეხბურთო კლუბ „სტუ თბილისის“ პრეზიდენტი ოთარ შენგელია, საფეხბურთო კლუბ “საჩხერის ჩიხურას“ ყოფილი სელექციონერი და ყოფილი ფეხბურთელი დავით გენძეხაძე, აზიური ტოტალიზატორის – „ibcbet“-ის წარმომადგენელი ამიერკავკასიაში ომარ ნ, საფეხბურთო კლუბ „ხარაგაულის ჩხერიმელას“ მოქმედი ფეხბურთელები – გიორგი გ. და თემურ ს, საფეხბურთო კლუბ „ქუთაისის ტორპედოს“ ყოფილი ფეხბურთელი გიგა ბ, ასევე ორი პირი – იოსებ გ. და გიორგი კ, რომლებიც მოსყიდვაში მონაწილეობდნენ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული პირები 10 000 ლარიდან 20 000 ლარამდე თანხის სანაცვლოდ, წინასწარ ურიგდებოდნენ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილე სხვადასხვა გუნდის წარმომადგენლებს კონკრეტული საფეხბურთო მატჩების სასურველი შედეგით დასრულებისთვის. შემდეგ, წინასწარ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ონლაინ ტოტალიზატორებში შესაბამის ფსონებს ათავსებდნენ და მოგებულ თანხას ერთმანეთში ინაწილებდნენ.

გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 203-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს)”, – აცხადებს შსს.

“დინამოს” ზედიზედ მეორე მარცხი

საკალათბურთო სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრას დღეს სპორტის სასახლემ უმასპინძლა. ქვეყნის მთავარ სპორტულ არენაზე ერთმანეთის წინააღმდეგ შსს-აკადემია და თბილისის დინამო წარსდგნენ.

შეხვედრა პირველივე წუთებიდან ტუჩუშის გუნდის უპირატესობით წარიმართა. აკადემიელებმა საკმაოდ სოლიდური უპირატესობის მოპოვება პირველივე მეოთხედში შეძლეს, თუმცა ბოლო წამზე “დინამოს” 4-ქულიანი შეტევის შემდეგ სხვაობა 5 ქულამდე შემცირდა – 23-18.

მეორე მეოთხედში ტუღუშის გუნდის დომინირება კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. გადამწყვეტ უპირატესობას კი შსს მესამე მეოთხედში დაეუფლა. საბოლოოდ ტუღუშის შეგირდებმა გამანადგურებელი გამარჯვება 91-63 მოიპოვეს, “დინამო” კი ზედიზედ მეორე ტურში დამარცხდა.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 27 ქულით აკაკი ლომოური გახდა, რომელმაც 7 სამიანის ჩაგდება მოახერხა. მასპინძელთა შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული ნიკა მეტრეველიც გახლდათ (20 ქულა). “დინამოდან” ყველაზე შედეგიანები 15 ქულით ამყრელიძე და 16 ქულით შერმანი იყვნენ.

 

შსს აკადემია 91-63 დინამო თბილისი

სრული სტატისტიკა

ირაკლი ხოშტარიას პრესკონფერენცია

კოტე ტუღუშის პრესკონფერეცია

მეხუთე ტური დაძაბული მატჩით დასრულდა

სუპერლიგის მე-5 ტურის უკანასკნელ შეხვედრაში ერთმანეთის წინააღმდეგ “შსს-აკადემია” და “ოლიმპი” წარსდგნენ. გამოცდილი და ახალგაზრდული გუნდის დაპირისპირება საკმაოდ საინტერესო სანახავი გამოდგა.

“ოლიმპმა” პირველივე წუთებიდან მოიპოვა უპირატესობა და საკმაოდ ძლიერ მეტოქეს ტოლსწორად ფაქტობრივად მთელი მატჩის განმავლობაში ეთამაშებოდა. პირველი ნახევარი სულაც კაზანჯიანის შეგირდების გამარჯვებით, 37:30 დასრულდა.

დიდი შესვენების შემდეგ “აკადემია” გააქტიურდა და ანგარიშიც გაათანაბრა, ხოლო გადამწყვეტ უპირატესობას მასპინძლები დასკვნით მეოთხედში დაეუფლნენ და საბოლოოდ მატჩი ათქულიანი უპირატესობით მოიგეს.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გიორგი შარაბიძე გახდა, რომელმაც საკუთარ გუნდს 21 ქულა შესძინა. აღსანიშნავია, რომ “შსს”-ს ცენტრს ორმაგ დუბლამდე მხოლოდ ერთი მოხსნა დააკლდა. “ოლიმპის” შემადგენლობაში კი ქულები თითქმის ყველა მოთამაშეზე გადანაწილდა. შედეგიანი ტყორცნის შესრულება მხოლოდ ნიკოლოზ ლომიძემ ვერ შეძლო.

შსს აკადემია 82-72 ოლიმპი

აკადემიამ სოხუმს აჯობა

სპორტის სასახლეში გამართულ სუპერლიგის მესამე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთის წინააღმდეგ „შსს-აკადემია“ და „სოხუმი“ წარსდგნენ. მატჩის წინ ორივე გუნდის დამრიგებელი ოპტიმისტურად იყო განწყობილი, თუმცა როგორც მოგვიანებით  გაირკვა ამის საფუძველი კოტე ტუღუშს უფრო ჰქონდა.

შეხვედრის პირველი მეოთხედი თანაბრად წარიმართა და საბოლოოდ ნომინალური მასპინძლების მცირე, 4-ქულიანი უპირატესობით დასრულდა. სოხუმელთა შემაგენლობაში ტრადიციულად ჩლაიძე გამოირჩეოდა, ხოლო ტუღუშის გუნდში თამაში საკუთარ თავზე რამდენიმე მოთამაშემ აიღო. მეოთხედის ბოლო წუთზე გუნდებმა ზუსტი სამიანები გაცვალეს. ფარღალავას ზუსტ ტყორცნას შეტევის ბოლო წამზე ლომოურმა უპასუხა.

მეორე პერიოდი სოხუმელებმა აქტიურად დაიწყეს და ფაღალავა-ჯგერენაიას ძალისხმევით ჩამორჩენაც აღმოფრქვეს და დაწინაურებაც მოახერხეს.  თუმცა, შეხვედრის საერთო სურათი არ შეცვლილა და საკმაოდ თანაბრად, ქულა-ქულაში მიმდინარე მატჩის პირელი ტაიმი სოხუმელთა მინიმალური გამარჯვებით, 42:43 დასრულდა.

ასეთი ანგარიში შესვენებისთვის განკუთვნილი 12 წუთის გარდა, თამაშის განახლებიდან  3 წუთის განმავლობაში არ შეცვლილა მესამე პერიოდში პირველი ქულები შარაბიძემ მოიპოვა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა, თუმცა“აკადემიას“ ცენტრმა მალევე პერსონალურთან ერთად ტექნიკურიც მიიღო და 5 პერსონალურით მოედანი ნაადრევად დატოვა. საინტერესოა, რომ ყველაზე შედეგიანი მოთამაშის გასვლა „შსს“-ს არ დაეტყო. ტუღუშის შეგირდებმა, მნიშვნელოვანი უპირატესობაც სწორედ ამ დროს, ფაცაციას და ჩიკვილაძის კარგი თამაშის წყალობით მოიპოვეს, რომელიც გადამწვეტ მეოთხედში წივწივაძე-ლომორუის ზუსტი ტყორცნებით კიდევ უფრო გაზარდეს. საბოლოოდ ტუღუშის გუნდმა 11-ქულიანი (85-74) სხვაობა დააფიქსირა და სეზონში მეორე გამარჯვებაც მოიპოვა.

„შსს“-ს შემადეგნლობაში ყველაზე შედეგიანი ბექა წივწივაძე გახდა (18 ქ.), ხოლო „სოხუმს“ 27 ქულით ჩლაიძემ ულიდერა.

”შსს აკადემიამ” სუპერლიგა ”მგზავრები-არმიის” ძლევით დაიწყო

საკალათბურთო სუპერლიგა დაიწყო. პირველი ტურის ოთხივე მატჩი თბილისის სპორტის სასახლეშია დანიშნული, რომელთაგანაც პირველი შეხვედრა დასრულდა. ეროვნული ჩემპიონატის პირველ მატჩში ერთმანეთს „მგზავრები-არმია“ და „შსს-აკადემია“ შეხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ „შსს-აკადემიას“ გასული 3 სეზონის მანძილზე „არმიაში“მომუშავე კოტე ტუღუში წვრთნის. არმიელებს კი სასტუმროთა ქსელ „მგზავრების“ სახით სპონსორი გამოუჩნდათ და შესაბამისად, სახელწოდებაში აღნიშნული ბრენდი ჩაემატათ.

სეზონის დასაწყისში გუნდებს მომზადების დონე აკლიათ და შეცდომებიც ამითაა განპირობებული. ორმხრივი შეცდომებით მიმდინარე შეხვედრაში აკადემიელებმა იძალეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ „მგზავრები-არმია“ პირველ ნახევარში მეტოქეს არაფერს უთმობდა.

მესამე პერიოდში „შსს-აკადემიის“ უპირატესობა გამოიკვეთა. რეზო როგავა, ბექა წივწივაძის და ლევან ფაცაციას ძალისხმევით აკადემიელებმა აღნიშნული მეოთხედი 24:16 მოიგეს და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ 63:49 დაწინაურდნენ. ფარქვეშ კარგად ირჯებოდა შსს-ს ფორვარდი იოსებ ბიბილური, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა – 12 ქულა, 9 მოხსნა მიითვალა.

საბოლოოდ „შსს-აკადემიამ“ 82:71 იმარჯვა და სუპერლიგაში პირველი გამარჯვება ჩაიწერა. აკადემიელებს რეზო როგავამ ულიდერა 21 ქულითა და 6 პასით. 15 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი მიითვალა ლევან ფაცაციამ, წივწივაძის ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა. „მგზავრებში“ 23 ქულით საუკეთესო მერაბ ბოქოლიშვილი იყო, ხოლო დავით მაისურაძის ანგარიშზე ორმაგი დუბლი – 11 ქულა და 10 მოხნა დაგროვდა.

სრული სტატისტიკა 

 მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ბუბა ბერიშვილი(,,მგზავრები-არმიის’’ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, ყველას ვულოცავ სეზონის დაწყებას. რაც შეეხება ჩვენს თამაშს, დრო არ გვქონდა სათანადოდ მოსამზადებლად, ფორმაში შესასვლელად და ეს დღეს კარგად გამოჩნდა. ვეცდებით მომავალში გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომები. ,,შსს აკადემიას’’ კი დამსახურებულ გამარჯვებას მივულოცავ.

კოტე ტუღუში(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი): მეც შევუერთდები მილოცვას. ჩვენმა გუნდებმა ყველაზე ბოლოს დავიწყეთ შეკრება და დაკომპლექტება, ყველაზე მეტი პრობლემა გვქონდა და ეს თამაშზეც აისახა. სასიხარულოა, რომ პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ, ჩემთვის არ იყო მარტივი მათ წინააღმდეგ თამაში, ამ გუნდში არაერთი სასიამოვო და კარგი წელი მაქვს გატარებული. პირადად ბუბას და მთელ გუნდს ვუსურვებ წარმატებებს, ახალგაზრდული, კარგი გუნდია, მჯერა, რომ ბევრის მიღწევა შეუძლიათ და სეზონსაც წარმატებით გამოიყენებენ.

მერაბ ბოქოლიშვილი(,,მგზავრები-არმია’’): პირველ რიგში, მივულოცავ ,,შსს აკადემიას’’ გამარჯვებას. ჩვენი გუნდისთვის პირველი თამაში იყო, მოთამაშეების უმეტესობას ერთად არასდროს გვითამაშია, ზოგი სუპერლიგაშიც პირველად ასპარეზობს, თან ორი კვირაც არ არის, რაც ვარჯიში დავიწყეთ. ამიტომ ველოდებოდით შეცდომებს, სეზონი ახლა დაიწყო, გავაანალიზებთ ჩვენს ხარვეზებს და მოვუმატებთ. მარტივი თამაში ჩვენთან არც ერთ გუნდს არ ექნება.

ბექა წივწივაძე(,,შსს აკადემია’’): მეც გილოცავთ ყველას ახალი სეზონის დაწყებას. როგორც კოტემ აღნიშნა, სულ რაღაც ერთი კვირაა, რაც ორივე გუნდი შეიკრიბა და ყველაზე მეტი პრობლემები ჩვენ გქვონდა. ამიტომ, სასურველი ფორმისგან ჯერ შორს ვართ. შევეცდებით, ყოველი ვარჯიში მაქსიმალურად გამოვიყენოთ, დღითიდღე მოვუმატოთ ხარისხს და კარგი თამაში ვაჩვენოთ.

superleague.ge

სფფ-ის ოფიციალური განცხადება კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დიდი ხანია აქტიურად თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. წლის განმავლობაში, სფფ-მ ოფიციალური წერილით რამდენჯერმე მიმართა შსს-ს და სთხოვა უეფადან მიღებული ინფორმაციის გადამოწმება საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში საეჭვო მატჩებთან დაკავშირებით.

რამდენიმე კვირის წინ, შედგა შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებსა და შსს-ს ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელებს შორის, სადაც კიდევ ერთხელ დაისვა საკითხი ჩაწყობილი მატჩების გამოძიებასთან დაკავშირებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა საქმეში გასარკვევად ორ კვირიანი ვადა ითხოვეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს გაწეული სამუშაოსთვის და თანამშრომლობისთვის. გამოძიება გრძელდება და იმედი გვაქვს, ამ კორუფციულ გარიგებებში მონაწილე ყველა პირი და მხარე სათანადოდ აგებს პასუხს.

სფფ-ის პრესსამსახური