კიტეიშვილი: “პირველი გოლის შემდეგ მეტოქე გატყდა”

თბილისის “დინამომ” “ჩემპიონთა ლიგის” მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საკუთარ მოედანზე ერევნის “ალაშკერტს” უმასპინძლა და სომხური კლუბი ანგარიშით 2-0 დაამარცხა. გოლები ოთარ კიტეიშვილმა და გიორგი ქვილითაიამ გაიტანეს.

პირველი გოლის ავტორმა Fanebi.Com-თან ისაუბრა…

“ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ფავორიტები ვიყავით და, რა თქმა უნდა, მოსაგებად გავედით მოედანზე. მეტოქე  თავიდანვე აგრესიულად ცდილობდა თამაშს, თუმცა გავიტანეთ თუ არა პირველი გოლი, მარტივად რომ ვთქვათ, ისინი გატყდნენ. ამის შემდეგ ჩვენ ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით. ამან შედეგი გამოიღო და პენალტი დაინიშნა ჩვენს სასარგებლოდ. საბედნიეროდ, ქვილითაიამ გამოიყენა თერთმეტრიანი და ორამდე გავზარდეთ უპირატესობა. მეტოქესაც ჰქონდა მომენტები, მაგრამ ჩვენ თავს კარგად ვიცავდით.”

“საბოლოოდ, იმას ვიტყვი, რომ 2-0 ჩვენთვის სასურველი შედეგია. უპირველესი დავალება გოლის არგაშვება იყო, რაც კარგად შევასრულეთ. გამომდინარე იქედან, რომ ორ ბურთიანი უპირატესობა გვაქვს, თუ ვინმემ უნდა იფიქროს გოლებზე მეორე თამაშში, ეს “ალაშკერტია”. ჩვენი მთავარი ამოცანა განმეორებით შევხედრაში საკუთარი კარის მშრალად შენახვა იქნება,” – განუცხადა Fanebi.Com-ს დღევანდელ მატჩში პირველი გოლის ავტორმა.