კიტეიშვილი: “ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც წინ ახალი ნაბიჯი უნდა გადადგა”

ოთარ კიტეიშვილმა, თბილისის “დინამოდან” გრაცის “შტურმში” გადასვლის შემდეგ გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა.

“დინამოში 3.5 წელიწადი გავატარე და ეს არის კლუბი, რომელიც მუდამ ჩემს გულში იქნება. როგორც ფეხბურთელმა და როგორც პიროვნებამ ამ კლუბში უდიდესი გამოცდილება მივიღე. ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც წინ ახალი ნაბიჯი უნდა გადადგა. ვთვლი, რომ ეს მომენტი ჩემთვის ახლა დადგა. დინამოში ყოფნის მანძილზე იყო იმედგაცრუებაც და იყო დიდი სიხარულიც და ტიტულები- ეს ყველაფერი მუდამ დარჩება ჩემს გულში.

მინდა მადლობა გადავუხადო გუნდის ხელმძღვანელობას, კლუბის პრეზიდენტის – რომან ფიფიას თამადობით, რომსაც მუდამ ქონდა ჩემი იმედი. ასევე ყველა იმ ფეხბურთელს, მწვრთნელსა და გუნდში მომუშავე პერსონალს, რომელთა დამსახურებაცაა ყოველი წარმატება. მათ გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. მადლობა დინამოს გულშემატკივარს, რომელიც მუდამ ამხნევებს დინამოს და ყოველთის ვგრძნობდი მათ მხარდაჭერას და სიყვარულს.

ვამაყობ, რომ დინამოში ვთამაშობდი და ვიყავი ამ დიდი გუნდის კაპიტანი. მადლობა დინამო,” – წერს კიტეიშვილი.

თბილისის “დინამომ” რუსულ “ნეფტეხიმიკს” სძლია (ვიდეო)

დღეს თბილისის “დინამომ” მეორე თურქული შეკრების პირველი ამხანაგური მატჩი გამართა, რომელშიც რუსეთის “ნეფტეხიმიკს” დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა მეტოქე. შეხვედრამ მთლიანად კახი კაჭარავას გუნდის უპირატესობით ჩაიარა და შეიძლება ითქვას, რომ ანგარიში უფრო სოლიდურიც უნდა ყოფილიყო. მატჩის დებიუტში აკაკი შულაია და ბუდუ ზივზივაძე სახიფათო პოზიციებიდან უტევდნენ მეტოქის კარს, თუმცა მათ თავურებს სიძლიერე დააკლდათ. თამაშს ოთარ კიტეიშვილი და ლაშა თოთაძეც ამწვავებდნენ, მაგრამ უშედეგოდ.

მატჩის მეორე ნახევარი თბილისელებმა ისევ შეტევებით განაახლეს და 56-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძის აქტიურობას მეტოქის კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი მოჰყვა. პენალტი ზუსტად ოთარ კიტეიშვილმა შეასრულა და როგორც შემდეგში აღმოჩნდა მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. თბილისელებმა დარჩენილ დროში დიდი ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს და არაერთი კუთხურიც მოაწოდეს, მაგრამ ყველა უშედეგოდ. მატჩის ბოლოსკენ სერგი პეტკოს ძლიერად გასროლილი მეტოქის კარის ხარიხამ მოიგერია და შეხვედრაც დასრულდა, ანგარიშით 1:0.

გოლი: 1:0 კიტეიშვილი (პენ) 56’

“დინამო”: ბულისკერია (გოშაძე 46), თოთაძე, ლუცევიჩი, რუხაია (პეტკო 46), კობოური (ხარაბაძე 76), ქარდავა, ივანისენია (კუცია 76), შულაია, კიტეიშვილი, ივანიშვილი (ბოგუნოვი 76), ზივზივაძე (ერგემლიძე 76)

“ნეფტეხიმიკი”: მალაშენკო, კომისოვი, კიბარდინი, მოროზოვი, კამენშჩიკოვი, კუზნეცოვი, კანაევ, პოტაპოვი, შადრინი, გილიაზეტდინოვი, ბოჩკოვი

ქართველი ფეხბურთელების პროგნოზი ჩემპიონთა ლიგის ფინალზე

3 ივნისს კარდიფში, “ნეიშენალ სთეიდიუმზე” ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება. სეზონის გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს ტურინის “იუვენტუსი” და მადრიდის “რეალი” დაუპირისპირდებიან.

Fanebi.Com-ი ამ უმნიშვნელოვანესი შეხვედრის წინ ცნობილ ქართველ ფეხბურთელებს დაუკავშირდა და მათ ფინალთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება სთხოვა.

გიორგი ქვილითაია (“რაპიდი”, ავსტრია): “ჩემი აზრით, “იუვენტუსი” მოიგებს. “ბარსელონას” ქომაგი ვარ და არც მინდა “რეალმა” გაიმარჯვოს. როცა “ბარსას” მშრალად მოუგებ, ამით ყველაფერი ნათქვამია. ვთვლი, რომ “იუვე” წელს საოცარი გუნდია.”

ჯიმი ტაბიძე (“ურალი”, რუსეთი): “მართალია, “ბარსელონას” გულშემატკივარი ვარ, მაგრამ, ჩემი აზრით, “რეალი” მოიგებს ჩემპიონთა ლიგას. ის ერთი თავით მაღლა დგას მეტოქეზე. თუმცა, სხვა ეტაპებისგან განსხვავებით, ფინალი ერთი თამაშია და არაფერი არ არის გამორიცხული.”

საბა კვირკველია (“ლოკომოტივი”, რუსეთი): “ბავშვობიდან “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების ფანი ვარ. მინდა, რომ “ბებერმა ქალბატონმა” მოიგოს. ამის შესაძლებლობა რომ არ ქონდეს, ფინალშიც ვერ გავიდოდა.”

საბა ლობჟანიძე (“დინამო”, საქართველო): “იუვე” მოიგებს ნებისმიერ შემთხვევაში. ხუთი წლიდან ამ კლუბისა და დელ პიეროს გულშემატკივარი ვარ. ორივეს ძალიან მაგარი სეზონი ჰქონდა და ორივე იმსახურებს გამარჯვებას. მაგრამ მინდა, რომ სამში ბუფონმა აწიოს თასი!”

ნიკა კვეკვესკირი (“ტობოლი”, ყაზახეთი): “რომელი მოიგებს, რთული სათქმელია. თუმცა, ჩემი სურვილია, “იუვენტუსს” ხვდეს ეს პატივი წილად. მინდა, რომ ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ბუფონია, ერთხელ მაინც გახდეს ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელი. თუ ეს ასე მოხდა, დარწმუნებული ვარ “ჯიჯი” ოქროს ბურთსაც მოიპოვებს, რომელსაც, ასევე, ცალსახად იმსახურებს. მოკლედ, ისე გამოდის, რომ ძალიან სუბიექტური ვარ და მხოლოდ ერთ ადამიანს ვგულშემატკივრობ ფინალში.(იღიმის, ავტ.).”

ლადო დვალიშვილი (“ატირაუ”, ყაზახეთი): “იუვეს” მოგება მინდა. სწორედ მას ვგულშემატკივრობ. ბუფონი იმსახურებს ამ ტიტულის მოგებას!”

ოთარ კიტეიშვილი (“დინამო”, საქართველო): “პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. ორივე გუნდი მაგარ ფორმაშია. მაგრამ მაინც “იუვეს” ვფიქრობ. რატომ? ამას მხოლოდ ინტუიციით ვამბობ. ისეთი გუნდები თამაშობენ, რა იქონიებს ზეგავლენას შეხვედრაზე და როგორ წარიმართება იგი, ამის თქმა ძალიან ძნელია.”

ვაკო გვილია (“ბატე”, ბელორუსი): “ჩემპიონთა ლიგას “იუვენტუსი” მოიგებს. ისინი ამ თასისკენ მიისწრაფვიან უკვე რამდენიმე წელია, დაუღალავად და დიდი სიყვარულით აკეთებენ თავიანთ საქმეს! ამ სეზონს კი გამორჩეულად კარგად ატარებენ! მარტო “ბარსელონასთან” ჩატარებული ორივე მატჩი რად ღირს! მე დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი გაიმარჯვებენ. ბავშვიბიდან “იუვეს” გულშემატკივარი ვარ (იცინის, ავტ.). ბუფონი, ბოლოს და ბოლოს, აღმართავს მისთვის სანატრელ თასს და გაიმარჯვებს ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში!”

გიორგი არაბიძე (“შახტარი”, უკრაინა): “ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგას “რეალი” მოიგებს. ეს გუნდი “იუვენტუსზე” მაღალი დონის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და, შესაბამისად, დონით მასზე მაღლა დგას. მადრიდელები ფავორიტები არიან!”

ბაჩო არაბული (“დინამო”, საქართველო): “სიმართლე რომ ვთქვა, ნამდვილად არ ვიცი, ვინაა ფავორიტი და ვის აქვს მეტი შანსი. ჩემი აზრით, ასეთი თანაბარი გუნდები დიდი ხანია არ ყოფილან ფინალში. “რეალის” უპირატესობა ინდივიდუალურად ძლიერ ფეხბურთელებშია. “იუვე” უფრო გუნდური თამაშით გამოირჩევა. საბოლოოდ, ვიტყვყი, რომ შანსები 50/50-ზეა.”

გიორგი ნავალოსვკი (“ნეფთჩი”, აზერბაიჯანი): “ჩემი აზრით, “იუვე” მოიგებს. არ მინდა, “რეალი” გახდეს გამარჯვებული. არ ვიცი, რომელი გუნდი სჯობს, თუმცა იტალიელების გამარჯვებას ვფიქრობ.”

ბუბა დაუშვილი (“დიოშგიორი”, უნგრეთი): “რეალი” მოიგებს, იმიტომ, რომ “რეალია”.

ირაკლი სირბილაძე (“კპვ”, ფინეთი): “შანსები 50/50-ზეა. მე ორივე გუნდის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ მგონია, რომ “იუვე” მოიგებს. ალეგრის ფიზიკურად უფრო მომზადებული და ტაქტიკურად გამართული გუნდი ჰყავს. ვფიქრობ, ტურინელები გაიმარჯვებენ.”

ოთო კაკაბაძე (“ხიმნასტიკი”, ესპანეთი): “მიუხედავად იმისა, რომ, რატომღაც, “იუვენტუსის” მოგება გამიხარდება, ვფიქრობ, “რეალი” მას უშანსოდ დატოვებს.” (იცინის, ავტ.).

კიტეიშვილი: “არ გვეშინია იმ გუნდის, რომელიც ევროტურნირებზე ხშირად ხვდება!”

ხვალ “ჩემპიონთა ლიგის” მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართება. თავის მატჩს გამართავს თბილისის “დინამო”, რომელიც ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, ადგილობრივ “დინამოს” დაუპირისპირდება.

Fanebi.Com-ი დაუკავშირდა ქართული გუნდის ერთ-ერთ მოთამაშეს, ოთარ კიტეიშვილს და ნახსენებ თამაშთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთხოვა.

“ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ  ზაგრების “დინამო” ძალიან რთული მეტოქეა. ისინი ბოლო წლებში ხშირად თამაშობენ ევროტურნირებზე, მაგრამ ჩვენ მათი არ გვეშინია!  გვაქვს ჩვენი თავის იმედი. გპირდებით, თითოეული ფეხბურთელი მაქსიმუმს გააკეთებს წარმატების მისაღწევად. მოკლედ, არანაირი ფსიქოლოგიური პრობლემა კოლექტივს არ აქვს.”

“რაც შეეხება ფიზიკურ ფაქტორს… ამ მხრივ არის რაღაც ტრავმები, მაგრამ გვაქვს იმის რესურსი, რომ დანაკლისი სრულიად შევავსოთ და ნახსენები პრობლემა გუნდის ასპარეზობაზე ოდნავადაც არ აისახოს.”

“მთავარი მიზანი პირველ შეხვერდაში არწაგება იქნება. ყველაფერი კი თბილისში გადაწყდება,” – განაცხადა ახალგაზრდა “დინამოელმა”.

კიტეიშვილი: “პირველი გოლის შემდეგ მეტოქე გატყდა”

თბილისის “დინამომ” “ჩემპიონთა ლიგის” მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საკუთარ მოედანზე ერევნის “ალაშკერტს” უმასპინძლა და სომხური კლუბი ანგარიშით 2-0 დაამარცხა. გოლები ოთარ კიტეიშვილმა და გიორგი ქვილითაიამ გაიტანეს.

პირველი გოლის ავტორმა Fanebi.Com-თან ისაუბრა…

“ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ფავორიტები ვიყავით და, რა თქმა უნდა, მოსაგებად გავედით მოედანზე. მეტოქე  თავიდანვე აგრესიულად ცდილობდა თამაშს, თუმცა გავიტანეთ თუ არა პირველი გოლი, მარტივად რომ ვთქვათ, ისინი გატყდნენ. ამის შემდეგ ჩვენ ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით. ამან შედეგი გამოიღო და პენალტი დაინიშნა ჩვენს სასარგებლოდ. საბედნიეროდ, ქვილითაიამ გამოიყენა თერთმეტრიანი და ორამდე გავზარდეთ უპირატესობა. მეტოქესაც ჰქონდა მომენტები, მაგრამ ჩვენ თავს კარგად ვიცავდით.”

“საბოლოოდ, იმას ვიტყვი, რომ 2-0 ჩვენთვის სასურველი შედეგია. უპირველესი დავალება გოლის არგაშვება იყო, რაც კარგად შევასრულეთ. გამომდინარე იქედან, რომ ორ ბურთიანი უპირატესობა გვაქვს, თუ ვინმემ უნდა იფიქროს გოლებზე მეორე თამაშში, ეს “ალაშკერტია”. ჩვენი მთავარი ამოცანა განმეორებით შევხედრაში საკუთარი კარის მშრალად შენახვა იქნება,” – განუცხადა Fanebi.Com-ს დღევანდელ მატჩში პირველი გოლის ავტორმა.