რომან ფიფია: “ლეგიონერებიდან ძირითად გუნდში მხოლოდ სამი მოთამაშე დარჩება”

თბილისის “დინამოს” პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლეგიონერებზე იასაუბრა.

“ლეგიონერებიდან ძირითად გუნდში მხოლოდ ველევი და სკრიბე დარჩებიან. ასევე, რჩება რენე, რომლის ტრანსფერიც არ შედგა. ამ საკითხზე სამწვრთნელო შტაბთან ვისაუბრეთ. დანარჩენების დატოვება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. მეკარეს დეკემბერში შევცვლით. ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში მოსულ ლეგიონერებს ძალიან ცუდი სტატისტიკა აქვთ. ჩვენ თანმიმდევრობით უნდა მივყვეთ იმ გეგმას, რომელიც დავისახეთ,” – განაცხადა ფიფიამ.

საჩხერის “ჩიხურამ” და თბილისის “დინამომ” უგოლო ფრე გააგორეს

დღეს სტარტი აიღო საქართველოს ეროვნულმა ჩემპიონატმა. ერთ-ერთ შეხვედრაში “ივანწმინდა არენაზე” საჩხერის “ჩიხურამ” თბილისის “დინამოს” უმასპინძლა.

შეხვედრა სტუმრებმა დაიწყეს. პირველი წუთები გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ორივე გუნდი ცდილობდა  შეტევას. პირველი რეალური მომენტი “დინამოს” შეექმნა. პაპუნაშვილმა მოედნის მისადგომებიდან სტანდარტი შეასრულა, ბურთი საჯარიმოში ჩავარდა, დვალიშვილი თავით დარტყმას ცდილობდა, თუმცა კაშიამ ხელი შეუშალა. მე-19 წუთზე ცინცაძეს ჰქონდა საოცარი მომენტი – მან საჯარიმოს გარედან გაისროლა, დინო ჰამზიჩმა შორეულ ცხრიანში წასული ბურთის მოგერიება ძლივს მოახერხა.

“ჩიხურაც” გააქტირუდა. კონკრეტულად, სარდალიშვილმა შეუტია და მის წინააღმდეგ რენემ დაარღვია თამაშის წესი. ჩიკვაიძეს დაბალი დარტყმით უნდოდა საჯარიმოში ბურთის შეგდება, მაგრამ “დინამოს” მოთამაშეებმა ბურთი ადვილად გამოიტანეს. ამ მომენტს მიკელ ალვარომ უპასუხა, ისევ და ისევ, შორეული დარტყმით, მაგრამ ჰამზიჩს ამ ბურთის ხელში დაჭერა არ გასჭირვებია.

28 წუთზე კაშიამ ითამაშა კიტეიშვილის წინააღმდეგ ცუდად. მსაჯმა მას ყვითელი ბარათი უჩვენა. ლამის საჯარიმოს ხაზზე დანიშნული ჯარიმა ცინცაძემ შასრულა და ცოცხალ კედელს გაარტყა. სულ ცოტა ხნის შემდეგ, კი სარდალიშვილმა მუცელში მოარტყა ფეხი პაპუნაშვილს და ყვითელი ბარათიც მიიღო.

უხეში თამაშით “დინამოც” არ ჩამორჩა “ჩიხურას”. რენე ფერეირამ საჩხერელთა ფეხბურთელი წააქცია. განუგრავამ ჩააწოდა, თუმცა ბურთი კარს გადასცდა.

მეორე ტაიმიც იგივე სცენარით წარიმართა. ორივე გუნდი ცდილობდა საკუთარი კარის მშრალად შენახვას და მეტ-ნაკლებად – შეტევასაც. 52-ე წუთზე დეკანოიძემ დაარტყა ჯარიმა, მაგრამ  ამაოდ.

ცოტა ხანში დვალიშვილს მიუვიდა ფლანგზე ბურთი. მან მარტივად შეიგდო საჯარიმოში და მარცხენა ფეხით ძლიერად დაარტყა, თუმცა ბურთი კარს ასცდა.

74-ე წუთზე ყოფილ “ჩიხურელს”, ჯამბულ ჯიღაურს ჰქონდა მომენტი. საჯარიმოდან გამოვარდნილი მაღალი ბურთი, ტექნიკურად დაარტყა იმერელთა კარისკენ, თუმცა დინო ჰამზიჩმა უბადლოდ ითამაშა და ანგარიშის გახნსას ხელი შეუშალა. სულ მალე პაპუნაშვილმა ახლოდან დაურტყა “ჩიხურელთა” მეკარეს, თუმცა უცხოელ ლეგიონერს ბურთი ხელებში მიუვიდა.

“დინამო” უფრო გააქტიურდა. პაპუნაშვილმა 81-ეზე კუთხური მოაწოდა. დაახლოებით, 5-6 მეტრიდან ცინცაძემ თავით დაარტყა, თუმცა კარს მაღლიდან გადააცილა.

შეხვედრაში საინტერესო აღარაფერი მომხდარა და, საბოლოოდ, იგი უგოლო ფრით – 0-0 დასრულდა.

საჩხერის “ჩიხურა”: დინო ჰამზიჩი, თორნიკე გრიგალაშვილი, გიორგი განუგრავა, მიშიკო სარდალიშვილი, გიორგი ივანიშვილი (ირაკლი ლექვთაძე 87 წთ.), ლაშა ჩიკვაიძე, თორნიკე გორგიაშვილი (გიორგი გაბედავა, 9 წთ.), დენის დობროვოლსკი, შოთა კაშია, გიორგი რეხვიაშვილი, ბესო დეკანოიძე (დიმიტრი ტატანაშვილი, 62 წთ.).

სათადარიგო შემადგენლობა: კონსტანტინე სეფიაშვილი, გიორგი გაბედავა, თორნიკე მუმლაძე, გიორგი კორიფაძე, დიმიტრი ტატანაშვილი, ლევან კაკუბავა, ირაკლი ლექვთაძე.

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე.

თბილისის “დინამო”: ანტონ სკრიბე, უჩა ლობჟანიძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, მათე ცინცაძე, ვლადიმერ დვალიშვილი (ჯამბულ ჯიღაური 67 წთ.), გიორგი პაპუნაშვილი, ოთარ კიტეიშვილი (ლაშა პარუნაშვილი, 90 წთ.), მათიას კურიე (ვახტანგ ჭანტურიშვილი, 56 წთ), მიკელ ალვარო, რენე ფერეირა, მატია შპიჩიჩი.

სათადარიგო შემადგენლობები: გიორგი ლომაია, ვახტანგ ჭანტურიშვილი, ლაშა პარუნაშვილი, გიორგი თევზაძე, ბექა მიქელთაძე, ჯამბულ ჯიღაური, ზაზა თევზაძე.

მთავარი მწვრთნელი: იურაი იარაბეკი.

გაფრთხილებები: კაშია (34 წთ), სარდალიშვილი (35 წთ.), გაბედავა (85 წთ.), რენე (38 წთ.), ამისულაშვილი (42 წთ.).

 

 

8 წუთში მორჩენილი სიზმარი

“ხვალ დღესასწაული გვექნება!” ამ სიტყვებით დაიწყო წინასამატჩო პრესკონფერენცია თბილისის  “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, იურაი იარაბეკმა. ეს არ იყო ჩვეულებრივი სიტყვები… ეს იყო ის, რაც ნახევრად გადაწურულ იმედის ნაპერწკალს აღვივებდა და გვპირდებოდა, რომ მომავალ დღეს გასამართი შეხვედრა ზაგრების “დინამოსთან” იქნებოდა ტკბილი სიზმარი ქართული ფეხბურთისა და თითოეული გულშემატკივრის ცხოვრებაში.

ზემოთ ნათქვამს დაემატა უჩა ლობჟანიძის დამაჯერებლად წარმოთქმული ფრაზა: “მომდევნო ეტაპზე გასვლა სრულიად შესაძლებელია, ჩვენ ეს უნდა ვირწმუნოთ”… ტკბილი სიზმარის იმედის ნაპერწკალი კიდევ უფრო გაღვივდა…

დღე დასრულდა…

ალბათ, ღამით ბევრი, როგორც მე, ფიქრობდა სულ რამდენიმე საათში გასამართ შეხვედრაზე… “2:0? კი, დიდი უპირატესობაა… მაგრამ დღეს ხომ დავინახე, როგორი შემართულები იყვნენ ჩვენი ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი?” ვეკითხებოდი ჩემს თავს, “ხომ დავინახე რა განწყობა იყო ჟურნალისტებში? მედიის კრიტიკოს წარმომადგენლებშიც კი!” უცებ ლამაზი სიზმრის იმედი უფრო გამიღვივდა და რაღაც სასიამოვნო ვიგრძენი. სწორედ ამ დროს გამახსენდა გულშემატკივრები: “დღეს, სულ ოციოდე კაცი რომ იდგა და შეძახილების წარმოთქმაში ვარჯიშობდა… უსმენდი და მთელს ტანში ჟრუანტელი გივლიდა…” ვეუბნებოდი გულში საკუთარ თავს. საოცარ ხასიათზე დავდექი, თითქოს, ის 2:0 სულ გადამავიწყდა, თითქოს, ჩემს ტვინში სცენარი დაიწერა, რომლის მიხედვითაც ხვალინდელი შეხვედრა განვითარდებოდა და იმ მატჩის შემდეგ ჩვენი მოთამაშეები ნამდვილი გმირები იქნებოდნენ. დიახ! როგორც ბევრს, იმ ღამეს მეც საბოლოოდ ვირწმუნე ტკბილი სიზმრის და სხვა სიზმრებში წავედი…

თენდება… “დინამო”… თვალს ვახელ… “დინამო”… ვიღებ ტელეფონს… ვუცქერ ჩვენი ბოლო იმედის ლოგოს… მეღიმება… “დინამო”… ვხსნი სოციალურ ქსელს და პირველივე სტატიაზე, რომელიც გაყიდული ბილეთების შესახებ შეიცავდა ინფორმაციას, გადავდივარ… კარგ ხასიათზე ვდგები და უკვე წარმოვიდგენ მეტ-ნაკლებად შევსილ, მაგრამ მაინც ხალხმრავალ “დინამო არენას”, რომლის ტრიბუნებიდანაც ლამაზი სიზმრის იმედით აღვსილი გულშემატკივრები ბოლო ხმაზე ყვირიან ჩვენი გუნდის სახელს… “საოცარია! წინ, “დინამო”!” –  გავიფიქრე გულში.

უკვე დღე დაიწყო და მოუთმენლად ველი ერთ წამს – სასტვენის ხმას, რომელიც მატჩის დაწყებას გვანიშნებს. მთელი დღის განმავლობაში ძალიან ბევრი გამამხნევებელი, სამოტივაციო და ცხელი გულით დაწერილი პოსტი ვნახე, რომლებსაც ჩემი განწყობა პოზიტივის პიკისკენ მიჰყავდა. იყო, ძალიან ცოტა უიმედო და, მეტიც, ბოროტულად, ბოღმიანად დაწერილი პოსტები, რომლებმაც ვერაფერი უქნა ჩემს ხასიათს; დარწმუნებული ვარ, ვერც სხვა ნამდვილი ფანების ხასიათს!

შეხვედრა ახლოვდება… უკვე შვიდის ნახევარია… სულ ცოტაც… და სიზმარიც დაიწყება! არც ერთ შემთხვევაში! არა! ეს არ უნდა იყოს კოშმარი! რომ მოვიგოთ, ევროპის ლიგის ჯგუფური ხომ ჯიბეში გვაქვს! წინ, ჩვენო გუნდო! წინ, იმედო! გავიფიქრე, დავხურე ლეპტოპი, მოვემზადე, სამუშაოდ საჭირო ტექნიკა ორ ჩანთაში მოვათავსე, აკრედიტაციები ავიღე და ჩემს მეგობართან ერთად “დინამო არენისკენ” გავემართე… მართლა გავემართე! ამაყად გავემართე! თავაწეული გავემართე! იმედის ნაპერწკალითურთ! თუმცა, რაღა ნაპერწკალი? ჩემს გულში იმედის ცეცხლი გიზგიზებდა! ლამაზი სიზმრის იმედის… წინ, “დინამო”!

შეხვედრის დაწყებამდე საათ-ნახევრით ადრე მივედი სტადიონზე. “დინამო არენის” მისადგომები უკვე ხალხით იყო გადაჭედილი. “ამ ადმიანებსაც ის აქვთ გულში, რაც მე,” – გავიფიქრე და გამეღიმა. სამარშუტო ტაქსიდან ჩამოვხტი, აკრედიტაციები ჩამოვიკიდე, მეგობარს, რომელიც ტრიბუნებზე დასაჯდომად მიდიოდა, დავემშვიდობე და გამარჯვება ვუსურვე.  მე კი ამაყად გავემართე იმ კარისკენ, საიდანაც მედია უნდა შესულიყო პრეს-ლოჟაში. შევედი, ავედი კიბეებზე და მარცხნივ, სამუშაოდ განკუთვნილი მაგიდებისკენ უნდა წავსულიყავი, მაგრამ… შევყოვნდი… “ტრიბუნები, მოედანი, რომელიც ხელის გულივით, მოსჩანს…” – გავიფიქრე… “სწორედ აქ უნდა მოვახერხოთ დღეს ოცნების ახდენა!” უცებ გაშტერებული თვალები შევატრიალე პრეს-ლოჟისკენ და დავინახე ჩემი მეგობარი, Fanebi.Com-ის რედაქტორი, დიტო ჭიჭინაძე, რომელიც უკვე კომფორტულად მოკალათებულიყო მაღლა მდგომ მაგიდასთან. ავედი, მივესალმე მას და ნაცნობ კოლეგებს და მეც დავჯექი, გავშალე ლეპტოპი; თამაშზე დავიწყეთ საუბარი. “მასაც სწორედ ის სჭირს, რაც მე,” – გავიფიქრე – “მისი გულიც ლამაზი სიზრმის იმედითაა სავსე”… მესიამოვნა… “მასაც და ყველასაც!” ნელ-ნელა ტრიბუნები შეივსო, ჩვენც გავიგეთ სასტარტო შემადგენლობები, რომლის შესახებ სტატია ოპერატიულად განვათავსეთ საიტზე.

ჰოდა, ასე…

იწყება…

ფეხბურთელები მოედნაზე გამოვიდნენ… მთელი სტადიონი შეძახილებით, ტაშით, ზოგი დადუმებული, მაგრამ ანთებული თვალებით შეეგება მათ… “მიდით, რა, მიდით,” – ყველა ამას ფიქრობდა, დაახლოებით. სპორტსმენები და მსაჯთა ბრიგადა ერთმანეთს მიესალმნენ…

ჰოდა, ასეთქო…

დაიწყო… იმედია, ტკბილი სიზმარი და არა კოშმარი…

სასტარტო სასტვენზე ერთი კიდევ იქუხა სტადიონმა, შემდეგ კი ყველამ გულისყურით, წყნარად დაიწყო შეხვედრის ყურება… მატჩის დეტალურ მიმოხილვას აღარ დავიწყებ, ყველამ კარგად ვიცით რა მოხდა… მხოლოდ, მნიშვნელოვან დეტალებზე გავამახვილებ ყურადღეაბს…

გამოდმინარე იქედან, რომ მინიმუმ 2 გოლი გვქონდა გასატანი, ჩვენ შევუტიეთ. მიუხედავად ამისა, პირველად მეტოქე სუდანიმ დაგვირტყა. მახოსვს პირველი გასროლა თბილისური გუნდის მხრიდანაც. იმ მომენტში ჭანტურიშვილმა დაარტყა და თითქმის წყნარი სტადიონი, უცებ იქცა გააფთრებულ ბრბოდ, რომელიც სკამებიდან წამოხტა და თავში ხელი წაიშინა… წაიშინა, იმიტომ რომ ქართველმა მოთამაშემ საწადელს ვერ მიაღწია… ნეტავ მარტო ეს მომეტი ყოფილიყო ჩვენთვის თავში ხელის წასაშენი… ან, ნეტავ მხოლოდ ჩვენი ფეხბურთელების აცილებულ ბურთებს დავემწუხრებინეთ.. ნეტავ… ჰოდა, ეს “ნეტავ” არ გამართლდა და შეხვედრის მერვე წუთზე ჯარიმა დაინიშნა თბილისური კლუბის საჯარიმოს მისადგომებთან… ბევრმა, არაფრად ჩააგდო ეს სტანდარტი… დღეს, “დინამოს” ხომ უნდა გავეხარებინეთ? დაარტყამდა, სახიფათო იყო, მაგრამ ან ააცილებდა ან კედელს მოხვდებოდა, ან მეკარე…. მეკარეს უნდა აეღო… კი, უნდა აეღო… როგმა დაარტყა… გაიტანა… სად იდგა სკრიბე? რაც არ უნდა სასაცილო იყოს, ლამის, საჯარიმოს ხაზიდან შესრულებული სტანდარტის დროს, მეკარე თითქმის ცოცხალი კედლის უკან იდგა! ჰო, ჰო, სასაცილოა, სატირალი უფრო…

როგმა დაარტყა, გაიტანა და უცებ… სიჩუმე, წყვდიადი, თურმე ეს სიზმარი მხოლოდ რვა წუთი გაგრძელდა…დანარჩენი, კოშარი იქნებოდა… ზაგრების “დინამომ” გაიტანა და დაგვადუმა… იმედის აგიზგიზებული ცეცხლი, კი არ გაანელა, ერთიანად მოსპო, ჩააქრო… მოანაგავა ტკბილი სიზმრის იმედი… გაგვაჩუმა… ისე გაგვაჩუმა, რომ იმ მომენტში ადამიანებს ერთმანეთისთვისაც კი სათქმელი არაფერი გვქონდა…

საშინლად ვიგრძენი თავი… იმ მომენტში რაც გავიფიქრე, ნეტავ შემეძლოს, ავდგე და წავიდეთქო… წავიდე და აქედან რომ გავალ ყველაფერი დამავიწყდესთქო… იქნებოდა ეს ღალატი საკუთარი გუნდისთვის? არა, ეს იქნებოდა საფუძვლიანად იმედგაცრუვებული რიგითი გულშემატკივირის ქცევა, რომელსაც უბრალოდ მობეზრდა… მაგრამ იმედი ბოლოსაც არ კვდებაო და მეტ-ნაკლები შემართებით განვაგრძე თამაშის ყურება და მისი მიმოხილვის წერა… მატჩის დანარჩენი დროიდან ერთადერთი, რაც კარგად დამამახსოვრდა და დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, იყო “დინამოს” ფანკლუბი, რომელიც გაუჩერებლად, შეუსვენებლად, დიდი იმედით გაჰყვიროდა შეძახილებს.

საბოლოოდ, ორი მატჩის ჯამში დავმარცხდით 3:0. შეხვედრა დასრულდა და მეც “შერეული ზონისკენ” გავემართე. ვინც არ იცის, ვეტყვი, რომ ეს ის ადგილია, სადაც მოთამაშეები შხაპის მიღების შემდეგ გამოდიან და ჟურნალისტების კითხვებს პასუხობენ. მივედი აღნიშნულ ადგილზე, თან ვფიქრობდი, რა უნდა მეკითხა იმ ადამიანებისთვის, რომელბსაც შეეძლოთ, გმირები გამხდარიყვნენ და უშანსოდ დამარცხდნენ… ვფიქრობდი მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე… “შერეულ ზონაში” მივედი და იქ სულ სამიოდე ჟურნალისტი იდგა. ალბათ, ფაქტობრივად, მედიის ათობით წარმომადგენლიდან, არავის ჰქონდა სპორტსმენებთან საუბრის სურვილი. სამაგიეროდ, საპრესკონფერენციო დარბაზი რომ გამოვიარე, ის იყო სავსე.

მოკლედ, დიდხანს ველოდეთ “დინამოელებს”. პირველი, ალექსანდრე ამისულაშვილი გამოვიდა… დიდი იმედგაცრუება ეწერა სახეზე…არ უნდოდა გაჩერება სასაუბროდ, თუმცა ომახიანად და ოდნავ მომღიმარი (გასამხნევებლად) სახით შევძახეთ: “ამი, ამი, ორიოდე სიტყვა და წადი…” გუნდის კაპიტანმა წაგების მიზეზებზე ისაუბრა, ბოლოს ისიც თქვა, რომ პოლიტიკოსივით დაპირებებს ვერ გასცემდა იმის შესახებ, თუ რა იქნებოდა ევროპის ლიგის ფლეი-ოფში და წავიდა. ასევე, დვალიშვილი და ჭანტურიშვილი გვესაუბრა… მათაც იმავე სტილში ილაპარაკეს და წავიდნენ…

ჰოდა, წავიდა ტკბილი სიზმრის იმედიც… თუმცა, ის უკვე მერვე წუთზე წასული იყო… დასრულებული იყო… დანარჩენი კოშმარი გამოდგა, წინა დღის შემართება და იმედები კი – ამაო და არარეალური…

იმედია, ტკბილ სიზმარს ფლეი-ოფში ვიხილავთ… იმედია, იმედია!