“ხიმნასტიკმა” “რაიო ვალეკანოს” სძლია – კაკაბაძემ 120 წუთი შეუცვლელად ითამაშა!

დღეს ესპანეთის სამეფო თასის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “რაიო ვალეკანო” საკუთარ მოედანზე ტარაგონას “ხიმნასტიკს” დაუპირისპირდა. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელში ქართველი მარჯვენა მცველი, ოთარ კაკაბაძე გამოდის, რომელმაც გასულ სანაკრებო პაუზაზე ჩვენი ნაკრების რიგებში ორივე შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა (ირლანდია – 6 ოქტ.; უელსი – 9 ოქტ.).

ეს დაპირისპირება კი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველი გოლი სტუმრებმა 24-ე წუთზე გაიტანეს; თავის გამოჩენა ელვირ მალოკუმ შეძლო. ამ ტაიმში გოლი აღარ გასულა.

მეორე ნახევარში, 51-ე წუთზე მანუჩომ გაათანაბრა. ამის შემდეგ დარჩენილ ძირითად დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

დაინიშნა დამატებითი ტაიმები, სადაც გუნდებმა გამარჯვებულის გამოვლენა ვერ შეძლეს. 120 წუთი, ანგარიშით, 1-1 დასრულდა.

თერთმეტმეტრიანების სერიაში “ხიმნასტიკმა,” ანგარიშით, 5:4 იმარჯვა. თავისი პენალტი ზუსტად შეასრულა ჩვენმა თანამემამულემ, რომლის გუნდიც 1/16 ფინალში გავიდა!