პაპუნაშვილის ფრე “ოსასუნასთან”

სეგუნდა დივიზიონში მოასპარეზე “სარაგოსამ” დღეს “ოსასუნას” უმასპინძლა და საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში, ფრედ 1-1 ითამაშა.

მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო ახალგაზრდა ქართველი შემტევი, გიორგი პაპუნაშვილი, მან მოედანზე 75 წუთი დაჰყო და საკმაოდ კარგად ითამაშა.

პირველ ადგილოსანთან მოპოვებული ერთი ქულის შემდეგ, “სარაგოსას” 13 ქულა აქვს და მეათე ადგილზეა.

“ხიმნასტიკმა” “რაიო ვალეკანოს” სძლია – კაკაბაძემ 120 წუთი შეუცვლელად ითამაშა!

დღეს ესპანეთის სამეფო თასის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “რაიო ვალეკანო” საკუთარ მოედანზე ტარაგონას “ხიმნასტიკს” დაუპირისპირდა. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელში ქართველი მარჯვენა მცველი, ოთარ კაკაბაძე გამოდის, რომელმაც გასულ სანაკრებო პაუზაზე ჩვენი ნაკრების რიგებში ორივე შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა (ირლანდია – 6 ოქტ.; უელსი – 9 ოქტ.).

ეს დაპირისპირება კი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველი გოლი სტუმრებმა 24-ე წუთზე გაიტანეს; თავის გამოჩენა ელვირ მალოკუმ შეძლო. ამ ტაიმში გოლი აღარ გასულა.

მეორე ნახევარში, 51-ე წუთზე მანუჩომ გაათანაბრა. ამის შემდეგ დარჩენილ ძირითად დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

დაინიშნა დამატებითი ტაიმები, სადაც გუნდებმა გამარჯვებულის გამოვლენა ვერ შეძლეს. 120 წუთი, ანგარიშით, 1-1 დასრულდა.

თერთმეტმეტრიანების სერიაში “ხიმნასტიკმა,” ანგარიშით, 5:4 იმარჯვა. თავისი პენალტი ზუსტად შეასრულა ჩვენმა თანამემამულემ, რომლის გუნდიც 1/16 ფინალში გავიდა!

“რაპიდმა” ავსტრიის თასზე იმარჯვა; ქვილითაიამ სასტარტოდან დაიწყო!

დღეს ავსტრიის თასის 1/16 ფინალის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში ერთმანეთს “ლეობენდორფი” და “რაპიდი” დაუპირისპირდნენ. სწორედ ამ უკანასკნელში თამაშობს გიორგი ქვილითაია. საგულისხმოა, რომ ჩვენმა სპორტსმენმა დაპირისპირება ძირითადიდან დაიწყო.

პირველ ტაიმში გოლი არ გასულა.

მეორე ნახევარში შეხვედრის ერთადერთი გოლი კრისტოფ შოესვენდტერმა გაიტანა და “რაპიდს”, ანგარიშით, 1-0 გაამარჯვებინა.

გიორგიმ მოედანზე 76 წუთი გაატარა.

ვაკო გვილია: “ჩვენი მიზანი მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია!”

ბელარუსულ “ბატეში” ქართველი მოთამაშე, ვაკო გვილია გამოდის. იგი ამ კლუბში გასულ ზაფხულზე გადავიდა. ჩვენი სპორტსმენის გუნდი ევროპის ლიგის პლე-ოფიდან გამოვარდა , თუმცა ქვეყნის ჩემპიონატში ძალიან კარგად აქვს საქმე. “ბატემ” 22-ე ტურის შეხვედრა “ნემან გროდნოსთან”, ანგარიშით, 4-0 მოიგო და ამჟამად 54 ქულით პირველ ადგილზეა. ბელარუსული კლუბი მეორე ადგილოსანს 15 ქულით უსწრებს.

Fanebi.Com-ი დაუკავშრდა ვაკოს და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

– “ნემან გროდნოსთან” პრემიერ ლიგის ბოლო ტურში 4-0 იმარჯვეთ. შეაფასეთ ეს შეხვედრა როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური თვალსაზრისით…

– თამაში ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ, კიდევ გვქონდა უხვად მომენტები. ბევრი შანსი ვერ გამოვიყენეთ. რაც შეეხება ჩემს ასპარეზობას… ამის შეფასება მწვრთნელის კომპეტენციაა. მე ვაანალიზებ საკუთარ თამაშს. გამომაქვს დასკვნა შეცდომებიდან და ვემზადები შემდეგი მატჩისთვის.

– “ბატეს” 22 ტურის შემდეგ 54 ქულა აქვს და მეორე ადგილოსანს 15 ქულით უსწრებს. ჩემპიონატის დასრულებამდე 8 ტურია. თქვენი აზრით, გუნდი უკვე ჩემპიონია?

– გეთანხმებით, 15 ქულა – ეს ძალიანდ დიდი უპირატესობაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს მოდუნების უფლება. ეს დაუშვებელია! როცა უახლოეს მდევარ გუნდს თეორიული შანსიც კი არ ექნება, აი მაშინ იქნება “ბატე” ჩემპიონი!

– ევროპის ლიგის პლეიოფში “ასტანასთან” დამარცხდით ორი მატჩის ჯამში. შესაბამისად, წელს ევროპის ლიგაზე ვერ ითამაშებთ. პლეიოფში წარუმატებლობის მიზეზებზე რას გვეტყვი?

– რეალურად, პრობლემებმა ტავი ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე იჩინა. მაშინ “დანდალკთან” დავმარცხდით. ვფიქრობ, ადგილი ჰქონდა ზემდეტად თავდაჯერებულობას და ცოტათი მოდუნებული იყო გუნდი.

ხოლო, როცა ევროპის ლიგის პლეი-ოფში გადავერთეთ, “ასტანასთან” გასვლაზე ორი გოლი გავუშვით ჩვენი შეცდომების გამო. სახლში გვქონდა შანსი, ვიგებდით, ანგარიშით, 1-0, მაგრამ როცა გაგვითანაბრეს, უკვე სასურველი შედეგის მიღწევა ძალიან რთული იყო.

– შეუძლია “ბატეს” მომავალში ძველებურად წარმატებულად ითამაშოს ევროტურნირებზე?

– რა თქმა უნდა, შეუძლია! შემდეგ საეზონში ჩვენ კონკრეტული მიზანი გვაქვს და ეს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა. აქედანვე ვიწყებთ მზადებას ყველა კუთხით. უფლის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება!

ჰოლანდიაში მოთამაშე ქართველი ლეგიონერი: “ჰოლანდიელებზე მეტი ტალანტი გვყავს”

საქართველოს საზღვრებს გარეთ ბევრი ემიგრანტი ცხოვრობს, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო მოუწიათ ქვეყნის დატოვება. იქ დასახლებული ქართველი ახალგაზრდები გარემოს შესაბამისად იყენებენ და თავიანთ ნიჭს დიდ გასაქანს აძლევენ. ასეთ ადამიანთა რიგებში, რა თქმა უნდა, შედიან ახალაბედა ფეხბურთელები, რომლებიც უცხოური გუნდების აკადემიებში ირიცხებიან და ცდილობენ უმაღლესი დონის სპორტსმენებად ჩამოყალიბდნენ.

Fanebi.Com-ი ეძებს ისეთ მოთამაშეებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ აგორებენ ბურთს. ეს ადამიანები ქართველების უმეტესობისთვის საერთოდ არაა ნაცნობი, მათი ასაკიდან გამომდინარე, მაგრამ შესაძლებელია, ძალიან მალე ნებისმიერი მათგანის თამაშს ტელევიზორიდან მივადევნოთ თვალი.

ჩვენ აქტიური ძიების შემდეგ მივაგენით ჰოლანდიის რიგით მესამე ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელ გიგი გურგენიძეს, რომელიც გასულ ზაფხულს ჩავიდა ევროპულ ქვეყანაში და ამსტერდამის “ჰილვერსუმში” დაიწყო თამაში. ის მხოლოდ 17 წლისაა და უკვე ნახსენები კლუბის პირველ გუნდში ასპარეზობს ცენტრალური მცველის პოზიციაზე, მასზე გაცილებით დიდ მოთამაშეებთან ერთად. მეტს აღარ გავაგრძელებ, მოდით მივყვეთ ინტერვიუს და ისე გავიცნოთ ეს ახალგზარდა.

– გიგი, მოგესალმები. უპირველეს ყოვლისა, ქართველი მკითხველისთვის საინტერესო იქნება, რომ გვითხრა, კონკრეტულად როდის ჩახვედი ჰოლანდიაში და რამდენი ხანია მანდ თამაშობ?

– გამარჯობა. მე ზუსტად ერთი წლის წინ დავტოვე საქართველო და წამოვედი ამ ქვეყანაში. იმ ზაფხულშივე დავიწყე თამაში დედაქალაქის გუნდში, “ჰილვერსუმში”.

– სანამ უცხოურ კარიერაზე განვაგრძობდეთ საუბარს, მოკლედ რომ გვითხრა, საქართველოში რა ასაკიდან დაიწყე ფეხბურთის თამაში და რომელი გუნდების აკადემიაში იყავი?

– “შევარდენში” 7 წელი ვიყავი, ხოლო უკვე 14 წლისამ 35-ე სკოლაში ვითამაშე. იმ სეზონში მეორე ლიგაში ვიასპარეზე. ანუ, ფაქტობრივად, უკვე სამი წელია ჩემს ასაკში აღარ მითამაშია. არადა, ამ დროს ხომ ზუსტად მაგას აქვს ხიბლი…

– ანუ შენს ასაკში თამაში გირჩევნია პირველ გუნდში გამოცდილების მიღებას?

– კი, მით უმეტეს, ჰოლანდიაში. ამის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ფიზიკურად ძალიან რთულია, გაუძლო იმ დატვირთვებს, რასაც ჩემზე 5, 10 და უფრო მეტი წლით დიდი სპორტსმენები უძლებენ. მე ნელ-ნელა შევეჩვიე და ნამდვილად აღარ მინდა ასაკობრივ გუნდში დაბრუნება.

– რომ აგვიხსნა კონკრეტულად, შენი გუნდი ჰოლანდიის ჩემპიონატის რომელ ლიგაში თამაშობს?

– მოკლედ, როგორც აღვნიშნე, გამოვდივარ “ჰილვერსუმში”, რომელიც ასპარეზობს ჰოლანდიის მესამე ლიგის C ზონაში.

  – “ზონის” არსი უკეთ რომ განგვიმარტო…

– ანუ, ყველა ლიგა (მეორე, მესამე…) დაყოფილია “ზონებად”: “A”, “B”, “C”… “C”-ში უფრო სუსტი გუნდები ასპარეზობენ, “B”-ში შედარებით ძლიერი და ა.შ. მაგალითად, მესამე ლიგის “C” და “B” ზონებს შორის არის პლეი-ოფები და სამ გუნდს აქვს იმის შანსი, რომ ერთით მაღალ საფეხურზე იასპარეზოს.

– როგორც ვიცი, მეორე ლიგასა და ერედივიზიონში უფრო რთული მოთხოვნებია, ასეა?

– კი, ნამდვილად ასეა. მარტივად რომ ვთქვათ, მესამე ლიგა ნახევრადპროფესიონალურია, დანარჩენი ორი კი პროფესიონალური. აქედან უფრო ზემოთა ლიგებში გადასასვლელად გუნდს სჭირდება კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილება, სპონსორი, მოედანი, ბიუჯეტი, სხვა ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ.

– შენ შეგიძლია, ამ მომენტში, შემოთავაზების შემთხვევაში, უფრო მაღალ ლიგაში გადახვიდე?

– მე 17 წლის ვარ და პროფესიონალური კონტრაქტის გაფორემება არ შემიძლია. უკვე გითხარით, რომ ზედა ორი საფეხური პროფესიონალურია, მე სადაც ვარ – ნახევრადპროფესიონალური. აქედან გამომდინარე, კონტრაქტის გაფორმება და, შესაბამისად, უფრო მაღალი დონის გუნდში თამაში მხოლოდ 18 წლის რომ გავხდები, მაშინ შემეძლება.

– უკვე დეტალურად განგვიმარტე ჩემპიონატის სტრუქტურა და წესები. ახლა, კონკერტულად, შენს გუნდზე გადავიდეთ. გასულ ზაფხულში ჩამოხვედი აქ. გაგიჭირდა ადაპტაცია ჰოლანდიურ ფეხბურთთან?

– კი, ძალიან ძნელი იყო. ძალიან დიდ დატვირთვას ვიღებდი. ამ მხრივ, რთული გამოდგა პირველი თვე, განსაკუთრებით. ვარჯიშის მერე მთლიანად ძალაგამოცლილი ვიყავი. რაც შეეხება თამაშებს, მწვრთნელი თავიდან 20-20 წუთი მათამაშებდა. შემდეგ, ნელ-ნელა ადაპტაცია გავიარე და მან დრო გამიზარდა.

– საბოლოო ჯამში, რამდენ შეხვედრაში მიიღე მონაწილეობა?

– სულ გუნდმა ითამაშა 28 ოფიციალური და 4 ამხანაგური. ოფიციალური 28-დან 18-ში მივიღე მონაწილეობა, რაც შეეხება ამხანაგურებს, ყველა მათგანში ვიასპარეზე. საბოლოო ჯამში, გავაკეთე 3 საგოლე გადაცემა და ერთხელ მეტოქის კარის აღება შევძელი.

– შენი აზრით, რა არის განსხვავება ქართულ და ჰოლანდიურ ფეხბურთს შორის?

– განსხვავება არის ის პირობები, რომელშიც ჰოლანდიაში მოთამაშე სპორტსმენია. ამ პირობებს კი სხვადასხვა კომპონენტი ქმნის. პირველ რიგში, ინფრასტრუქტურა, რომელიც ნამდვილ ფეხბურთელად გაგრძნობინებს თავს. რა თქმა უნდა, აღსანიშნავია, პროფესიონალი კადრები, დაყწებული მწვრთნელებით, დამთავრებული სკაუტებით. ამ უკანასკნელის რაოდენობა თამაშებზე 30-35-ს უდრის. სწორედ პროფესიონალი კადრები ქმნიან იმ გამართულ და კომფორტულ სისტემას, რომელშიც შემდეგ დიდი  ნიჭის მქონე ახალგაზრდას აღარ უჭირს საკუთარი პოტენციალის რეალიზება და ნამდვილ ფეხბურთელად ჩამოყალიბება.

– ჰოლანდიაში ფეხბურთის თამაში უფასოა…

დიახ, ეს წესი ჰოლანდიურ ფეხბურთს კიდევ ერთ თვისებას სძენს – მასობრიობას. იმას ვგულსიხმობ, რომ ნებისმიერი ასაკისა და ფინანსური შესაძლებლობის ადამიანს შეუძლია, მივიდეს გუნდში და იშრომოს განვითარებისთვის. საბოლოოდ, პროფესიონალად ჩამოყალიბებული ფეხბურთელი ხომ ქვეყანას ან მის რომელიმე გუნდს ადგება.

– არის რამე ისეთი, რაშიც ჰოლანდიელებს ვჯობივართ?

–  თქვენ წარმოიდგინეთ, ყველაზე მთავარი რამეა ეს: ჰოლანდიელებზე გაცილებით ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს, რომლებსაც საკუთარი ნიჭის რეალიზებისთვის შესაბამისი პირობები სჭირდებათ.

– თუ გვყავს ტალანტები, მაშინ რამდენიმე უმაღლესი დონის ფეხბურთელი მაინც რატომ არაა საქართველოში?

– იმიტომ , რომ ის არ გვაქვს ჭარბად, რაც ჰოლანდიელ ფეხბურთელებს გააჩნიათ და რაც უკვე ვთქვი: პროფესიონალი, მიზნისკენ მიმართული ადამიანები, რომლებსაც სხვა არაფერი ინეტერესი აქვთ, გარდა იმისა, რომ კარგი ფეხბურთელები გაზარდონ. ეს, ჩემი აზრით, უმთავრესია. თუმცა, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურისა და ფინანსების დეფიციტიც თავის როლს თამაშობენ.

– გასაგებია. ახლა ასე გკითხავ, ვთქვათ, ეს სისტემა გაიმართა. ყველა მწვრთნელმა თუ სკაუტმა საკუთარ საქმეზე ბოლომდე იფიქრა და მატერიალური რესურსის სიმცირესაც აღარ ვუჩივით. ქართველი ფეხბურთელის ხაისათზე რას მეტყვი? ხშირადაა, როცა ისინი აღწევენ რაღაც წარმატებას, აღარ ცდილობენ განვითარებას და კმაყოფილდებიან იმით, რაც იშოვნეს და აქვთ…

– მესმის, რასაც ამბობ. მაგრამ იცი რა?  ჰოლანდიაშიც კი არიან ეგეთები, რომლებიც თავიანთ პოტენციალს ბევრი რამის გამო ვერ ავითარებენ. თუმცა, როგორც ამ ქვეყანაში, ასევე საქართველოშიც არიან მშრომელები, რომლებსაც შეუძლიათ, ძალიან დიდი წარმატების მიღწევა, კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ მათ პირობებს შევუქმნით! ამის მაგალითი გვაქვს, ქეცბაია, მაგალითად. რა თქმა უნდა, შოთი არველაძე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომელიც ჰოლანდიაში ბევრს კერპად ჰყავს ქცეული.

– ქართულ ფეხბურთზე ვსაუბრობთ და არ შემიძლია, არ გკითხო, ახალგაზრდული ნაკრებიდან გქონდა შემოთავაზება?

– ახლაგაზრდული ნაკრებიდან მუდმივად იყო ინტერესი. ამის შესახებ სისტემატიურად მატყობინებდნენ, ბოლოს მაისურაძეს ველაპარაკე მარტის იმ ელიტრაუნდის წინ, რომელშიც სამიდან სამივე შეხვედრა წავაგეთ. საბოლოოდ, მე არ გამომიძახეს, თუმცა, არაფერია ეს ყოველივე. ყველას მიეცემა საკუთარი შანსი და სწორედ მაშინ უნდა დაამტკიცოს, რა შეუძლია.

– ბოლოს, აუცილებლად გკითხავ, შენი აზრით გარდა ნიჭისა და საჭირო პირობებისა, რა არის აუცილებელი ახალგაზრდისთვის, რომ იქცეს პროფესიონალ მოთამაშედ?

– პასუხი მარტივი და ბევრისთვის ნათელია – შრომა! არაფერია ტალანტი, თუ შრომა არ შეგიძლია და მუდმივად არ იბრძვი შენი თავის გასავითარებლად.