მარტინ ონილმა “ნოტინგემ ფორესტი” ჩაიბარა

ინგლისის ჩემპიონშიფში მოასპარეზე “ნოტინგემ ფორესტმა” გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მარტინ ონილი დანიშნა.

მიუხედავად იმისა, რომ “მეტყევეები” ჩემპიონშიფის პლეი-ოფის ზონაში ადგილს ინარჩუნებენ, კლუბის ხელმძღვანელობა სეზონის სტარტით უკმაყოფილო იყო და გუნდის თავკაცის პოსტიდან აიტორ კარანკა დაითხოვა, რომელმაც გასულ ზაფხულს 14 ახალწვეული დაიმატა.

მარტინ ონილი 2011 წლის ივნისის შემდეგ “ნოტინგემ ფორესტის” მე-11 მთავარი მწვრთნელი გახლავთ. შეგახსენებთ, რომ 66 წლის სპეციალისტი ბოლოს ირლანდიის ნაკრებს თავკაცობდა, რომელიც ნოემბერში დატოვა.

მარტინ ონილი მოთამაშის რანგში “ნოტინგემ ფორესტის” ღირსებას 1971–1981 წლებში იცავდა და გუნდთან ერთად ორჯერ ევროპის ჩემპიონთა თასიც მოიგო.

მაურიციო სარი მსაჯის შეცდომის დასამტკიცებლად პრესკონფერენციაზე ნოუთბუქით მივიდა (ფოტო)

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი მიიჩნევს, რომ “ტოტენჰემ ჰოთსპურის” წინააღმდეგ გამართული ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალური მატჩის მიმდინარეობისას შეხვედრის არბიტრები შეცდნენ, რამაც შედეგზე გავლენა იქონია. “ლურჯების” თავკაცი ამის დასამტკიცებლად მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ნოუთბუქით მივიდა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი “დეზების” თავდამსხმელმა ჰარი კეინმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა, რომელიც თვითონვე მოიპოვა, თუმცა “ჩელსის” იტალიელი დამრიგებელი თვლის, რომ იმ მომენტში ინგლისელი ფეხბურთელი თამაშგარე მდგომარეობაში იყო.

“მე ამ ეპიზოდს ჩვენი კამერით ვუყურე. თამაშგარე მდგომარეობა იყო. ჩვენი კამერა ზუსტად კეინის გასწვრივ იდგა. თამაშგარეში იყო თავი და მუხლი. არა მგონია, რომ ინგლისელ არბიტრებს ვიდეოგამეორების სისტემის გამოყენება შეეძლოთ. გვერდითი მსაჯი გაჩერდა და ბურთს არ მიჰყვა. თუ დარწმუნებული არ ხარ, გააგრძელე მომენტი, მიჰყევი ბურთს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღე გადაწყვეტილება. ამ შეცდომამ შედეგზე გავლენა იქონია.

ინგლისელმა მსაჯებმა ვიდეოგამეორების სისტემას ალღო უნდა აუღონ. თავიდან იტალიაშიც უჭირდათ ამ ტექნოლოგიასთან მუშაობა”, – თქვა სარიმ “სქაი სპორტსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

ფაბრეგასის ახალი კლუბი ცნობილია

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. კერძოდ, ესპანელი ფეხბურთელი “მონაკოს” ღირსებას დაიცავს.

ლონდონელთა თავკაცი მაურიციო სარი სესკ ფაბრეგასს “ჩელსის” ძირითადი შემადგენლობის წევრად არ მოიაზრებდა, რამაც 31 წლის ფეხბურთელს “სტემფორდ ბრიჯიდან” აბარგება გადააწყვეტინა.

შაბათს ფაბრეგასმა “ლურჯების” რიგებში უკანასკნელი მატჩი ჩაატარა, რომელიც ლონდონელებმა “ნოტინგემ ფორესტის” წინააღმდეგ ჩაატარეს და 2:0 იმარჯვეს. ესპანელი ფეხბურთელი შეხვედრის მიწურულს შეცვალეს, ქომაგებმა ის მქუხარე აპლოდისმენტის გააცილეს, ფაბრეგასმა კი ცრემლები ვერ შეიკავა.

“სქაი სპორტსის” ცნობით, დღეს სესკ ფაბრეგასი მონაკოში გაემგზავრება და ადგილობრივ კლუბთან კონტრაქტის ბოლო დეტალებს განიხილავს, რის შემდეგაც მხარეებს შორის შრომით ხელშეკრულებას ხელი მოეწერება.

“ჩელსიმ” იგუაინზე უარი თქვა

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი გონსალო იგუაინი, რომელიც დღესდღეობით იჯარის წესით “მილანში” თამაშობს, ლონდონის “ჩელსიში” არ გადავა.

ინგლისელებს ერთდროულად ორ იტალიურ გრანდთან მოუწევდათ მოლაპარაკება და აღნიშნული პროცესის სირთულის გამო “ჩელსიმ”არგენტინელი ფეხბურთელის ტრანსფერზე უარი თქვა. როგორც გამოცემა Goal-ი იტყობინება, ლონდონელები ახალი თავდამსხმელის ძებნას აგრძელებენ, რომელმაც გუნდიდან ალვარო მორატას შესაძლო წასვლის შემდეგ გამოთავისუფლებული ადგილი უნდა დაიკავოს.

სნეიდერი: “რეალს” “აიაქსთან” გაუჭირდება”

ამსტერდამის “აიაქსისა” და მადრიდის “რეალის” ყოფილმა ნახევარმცველმა უესლი სნიედერმა უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე აღნიშნულ კლუბებს შორის გასამართი დაპირისპირების შესახებ საიუბრა.

“რეალის” დასამარცხებლად საუკეთესო პერიოდია. აშკარაა, რომ მადრიდული კლუბი წინა წლების მსგავსად ძლიერი ვეღარ არის. “აიაქსი” ახალგაზრდული გუნდია, თუმცა მისი არდაფასება არ შეიძლება. საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ და კარგად თამაშობენ, განსაკუთრებით ამსტერდამში. მადრიდელებს იოლი შეხვედრა არ ელით.

კი ბატონო, “რეალი” ფავოტირია, მაგრამ თუ “აიაქსი” შინ გასამართ პირველ შეხვედრას სასურველი შედეგით დაასრულებს, მადრიდელებს გაუჭირდებათ. ეს ორმატჩიანი დაპირისპირება “აიაქსის” ახალი მთავარი მწვრთნელისთვის კარგი გამოცდა იქნება”, – თქვა სნეიდერმა “მარკასთვის” მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ წყვილის პირველი მატჩი 13 თებერვალს ჩატარდება, საპასუხო შეხვედრა კი 5 მარტს გაიმართება.

ჟერარ პიკე ესპანური კლუბის მფლობელი გახდა

“ბარსელონას” მცველი ჟერარ პიკე საფეხბურთო კლუბ “ანდორას” მფლობელი გახდა, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის რანგით მეხუთე დივიზიონში ასპარეზობს.

პიკეს კომპანია Kosmos-მა “ანდორას” 200 ათასი ევროს ღირებულების ვალდებულება დაფარა. დღეს გამართულ ასამბლეაზე კლუბის წევრებმა ჟერარ პიკე ხმათა 99,9 პროცენტით “ანდორას” ხელმძღვანელად დაამტკიცეს.

თურქმა ფეხბურთელმა მალდივიზე დასასვენებლად ავადმყოფობა მოიმიზეზა და მატჩი გააცდინა (ფოტო)

თურქი ფეხბურთელი “შატალოზე” წავიდა. “გალათასარაის” მცველმა სერდარ აზიზმა ავადმყოფობა მოიმიზეზა და კლუბის ხელმძღვანელობას სატელეფონო კავშირით ამცნო, რომ “სივასპორთან” გასამართ მატჩზე ვერ გამოცხადდებოდა.

სინამდვილეში აზიზი მალდივის კუნძულებზე ისვენებდა, თუმცა ფეხბურთელს მეუღლის გაფრთხილება დაავიწყდა, რომელმაც სოციალურ ქსელში ამის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა.

კლუბში სერდარ აზიზის საქციელით ძალზედ აღშფოთებულან და მის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ მიუღიათ სანქცია – “გალათასარაიმ” 28 წლის ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა.

უნაი ემერის “არსენალში” ბანეგას ხილვა სურს

ლონდონის “არსენლმა” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა, “სევილიადან” ევერ ბანეგა გადმოიბაროს.

“თოქსპორტის” ცნობით, “მეთოფეთა” მთავარ მწვრთნელ უნაი ემერის ძალიან სურს საკუთარ გუნდში არგენტინელი ფეხბურთელის ხილვა, რომელსაც “ვალენსიასა” და “სევილიაში” მუშაობის პერიოდში თავკაცობდა.

ლონდონელები ევერ ბანეგას ტრანსფერის გაჩარხვას ჯერ კიდევ ზაფხულში ცდილობდნენ, თუმცა მაშინ გარიგება ჩაიშალა. 30 წლის ნახევარმცველის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევროა.

ევერ ბანეგამ ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 16 მატჩში სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

გიორგი არაბიძე შესაძლოა, უკრაინაში დაბრუნდეს

გიორგი არაბიძე შესაძლოა, უკრაინის ჩემპიონატში დაბრუნდეს. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელით ჩერნიგოვის “დესნა” გახლავთ დაინტერესებული, რომელიც ზამთარში გუნდის გაძლიერებას აპირებს.

გიორგი არაბიძემ პროფესიული კარიერა თბილისის “ლოკომოტივში” დაიწყო, რომლის რიგებშიც ჩატარებულ 33 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა და რამდენიმე უცხოური კლუბის ყურადღება მიიპყრო. არაბიძემ 2015 წელს კარიერა დონეცკის “შახტარში” გააგრძელა, თუმცა უკრაინული კლუბის მთავარ გუნდში მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა. 2017 წელს არაბიძეს საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა. მას “ჯვაროსანთა” რიგებში ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში სამი ბურთი აქვს გატანილი.

2018 წლის ზაფხულში გიორგი არაბიძე “შახტარიდან” პორტუგალიურ “ნასიონალში” გადაბარგდა”, თუმცა პირინეის ნახევარკუნზულზე ქართველმა ფეხბურთელმა ფეხი ვერ მოიკიდა. მას მიმდინარე სეზონში მხოლოდ ხუთი შეხვედრა აქვს ჩატარებული.

“დესნას” უკრაინის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიცია უკავია.

მესიმ რონალდუს უპასუხა: “ახალი გამოწვევებისთვის ლიგის შეცვლა არ მჭირდება”

რამდენიმე კვირის წინ ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ იტალიის სერია A-ში ლიონელ მესის გადმოსვლა ისურვა:

“კარგი იქნებოდა, თუ მესი ჩემ მსგავსად მოიქცეოდა და ახალ გამოწვევას მიიღებდა, თუმცა თუ ის “ბარსელონაში” ბედნიერია, მის არჩევანს პატივს ვცემ”.

ლეო მესიმ რონალდუს ამ მოწვევაზე კომენტარი “მარკასთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა:

“არანაირი ცვლილება არ მჭიდება. მე მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვთამაშობ, სადაც ახალი გამოწვევები ყოველწლიურად ჩნდება. ახალი მიზნებისთვის გუნდის ან ლიგის გამოცვლა არ მჭიდება. სახლში ვარ, საუკეთესო გუნდში ვთამაშობ და რაიმეს შეცვლის სურვილი არ მაქვს.

რონალდუსთან პრიმერადივიზიონში პაექრობა სასიამოვნო იყო. კრიშტიანუს დარი ფეხბურთელი ნებისმიერ გუნდს დააკლდებოდა. ჩვენი ორთაბრძოლა საინტერესო იყო, მაგრამ მე მოედანზეც და მოედნის მიღმაც ჩემს გუნდზე ვარ ფოკუსირებული”.

რუმენიგე: “ალონსოსგან კარგი მწვრთნელი დადგება და იმედია, ის “ბაიერნში” დაბრუნდება”

მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელი დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე იმედოვნებს, რომ ჩაბი ალონსო გუნდში მწვრთნელის რანგში დაბრუნდება. შეგახსენებთ, რომ ესპანელმა ნახევარმცველმა 2017 წელს პროფესიული კარიერა დაასრულა და ბავარიული გუნდი დატოვა. დღესდღეობით ის მადრიდის “რეალის” ბავშვთა გუნდს წვრთნის.

“მინდა, რომ ოდესღაც ჩაბი ალონსო “ბაიერნში” დაბრუნდეს. დღეს ის მწვრთნელის რანგში ვითარდება. ვფიქრობ, რომ მისგან კარგი სპეციალისტი დადგება. ალონსო ბუნებრივი ავტორიტეტით გამოირჩევა და კარიერის განმავლობაში საუკეთესო მწვრთნელებთან მოუწია მუშაობა”, – ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს “კიკერი”.

ჩაბი ალონსო მიუნხენის “ბაიერნის” ღირსებას 2014-დან 2017 წლამდე იცავდა.

აზერბაიჯანის ნაკრების თავკაცის პოსტზე ფერნანდო იეროს კანდიდატურას განიხილავდნენ

აზერბაიჯანის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გურბალ გურბანოვის გათავისუფლების შემდეგ ქევყნის ფეხბურთის ფედერაცია ახალი სპეციალისტის ძიებაშია.

კანდიდატთა შორის დასახელებული იყო მადრიდის “რეალის” ყოფილი კაპიტანი ფერნანდო იერო, თუმცა გაურკვეველი მიზეზის გამო აზერბაიჯანელებმა მასზე უარი თქვეს.

შეგახსენებთ, რომ 50 წლის ფერნანდო იერო 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებს თავკაცობდა, რომელიც ტურნირს მერვედფინალურ ეტაპზე რუსეთის ნაკრებთან დაპირისპირებისას (1:1, პენ. 3:4) გამოეთიშა.