იმ შემთხვევაში, თუ პიერ-ემერიკ ობამეიანგის კარიერის კონკრეტულ დეტალებს არ იცნობთ, შესაძლოა, ამ ფეხბურთელზე მცდარი წარმოდგენა შეგექმნათ. არაკლასიკური ტანსაცმელი, ძვირფასი თვლებით გაწყობილი დრაკონის ბუცები, თმის გიჟური ვარცხნილობები გაბონელ შემტევს უბრალო თავქარიან ფეხბურთელად წარმოგვიჩენს, მაგრამ კარიერის მანძილზე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სულ სხვა რამეზე მეტყველებს.
“2012 წელს კატარული კლუბისგან წინადადება მივიღე, ისინი 10 მილიონ ევროს მთავაზობენ ხელფასის სახით. იქ რომ წავსულიყავი, ჩემი ოჯახი მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე უზრუნველყოფილი იქნებოდა, მაგრამ “სენტ-ეტიენში” დარჩენა გადავწყვიტე, სადაც თვეში 70 000 ევროს მიხდიდნენ. დარწმუნებული ვიყავი, რომ მომავალში ჩემი შესაძლებლობების წყალობით უფრო მეტს მივაღწევდი,” – აცხადებს ობამეიანგი L’Equipe-სთან საუბრისას.
ერთი წლის შემდეგ ობამეიანგი ისევ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინ დადგა: “სენტ-ეტიენში” უნდოდათ, “ნიუკასლში” გადავსულიყავი, მაგრამ “ბორუსიაში” წავედი, სადაც ნაკლები თანხა მელოდა. თუმცა, ისინი ჩემპიონთა ლიგის ფინალისტები იყვნენ,” – იხსენებს ობამეიანგი.
ამ გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი იურგენ კლოპი და პიერ ემერიკ-უფროსი გახლდათ, რომელმაც საფუძვლიანად შეისწავლა “ბორუსიელთა” სისტემა და ეს თავისი შვილისთვის საუკეთესო ვარიანტად მიიჩნია.
გასულ ზაფხულს აფრიკელმა ფეხბურთელმა გაცილებით უფრო სარფიანი შემოთავაზება მიიღო, ამჯერად ჩინური კლუბებისგან. მართალია, ობამეიანგს “მილანში” დაბრუნება უნდოდა, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა და “სიგნალ იდუნა პარკზე” დარჩა. “ბორუსიაში” რთული სიტუაციაა, ობამეიანგს თითქმის ყოველ მატჩში გააქვს, მაგრამ გერმანული კლუბი ტიტულისთვის ბრძოლას ვერ ახერხებს. გაბონელის შესანარჩუნებლად “ბორუსია” ამ უკანასკნელს ხელფასს უზრდის.
დღეს კი ჯერი “არსენალზეა”. “მეთოფეები” პიერ-ემერიკ ობამეიანგს ხელფასის გაორმაგებას და ტიტულისთვის ბრძოლის უკეთეს შესაძლებლობას სთავაზობენ. უცხოური ტაბლოიდები, მათ შორის გერმანული Bild, იუწყებიან, რომ გაბონელი აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს ლონდონურ კლუბთან. რაც არ უნდა მოხდეს, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ის ცივ გონებაზე მიიღებს გადაწყვეტილებას.
შესაძლოა, ახლა ობამეიანგს გეგმები აერიოს, ან სხვა კლუბში გადავიდეს, მაგრამ მის ცხოვრებაში არ იქნებოდა “ბორუსია”, არც “არსენალის” შემოთავაზება, არც ჩემპიონთა ლიგის ფეხბურთი, არც აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება, ფულის გამო კატარში რომ წასულიყო. ასე რომ, იქნებ, ის მართლაც განსხვავებულია.