ქართველი მწვრთნელების უფლებებს დღეიდან სპეციალური მემორანდუმი დაიცავს

დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ სპეციალური პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც PRO ლიცენზიის კურსის მონაწილე თხუთმეტმა ქართველმა მწვრთნელმა ახალ მემორანდუმს მოაწერა ხელი.

აღნიშნული მემორანდუმი ქართულ საფეხბურთო რეალობაში უპრეცენდენტოა. დღეიდან, მემორანდუმის თანახმად, მწვრთნელებს, რომლებმაც მას ხელი მოაწერეს, დამსაქმებლის მხრიდან მინიმალური სახელფასო ზღვარი ექნებათ. როგორც მწვრთნელთა სალიცენზიო კურსების ხელმძღვანელმა, გაიოზ დარსაძემ განაცხადა, აღნიშნული მემორანდული მწვრთნელთა უფლებებს დაიცავს.

გაიოზ დარსაძე: „როგორც მოგეხსენებათ, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი PRO ლიცენზიის კურსები ტარდება. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა. ქართველი მწვრთნელები თანამედროვე ფეხბურთის შესახებ მნიშვნელოვან ტენდენციებს იგებენ. დღევანდელ შეხვედრას, შეგვიძლია, ისტორიული ვუწოდოთ, ვინაიდან, რეალურად, ქართულ ფეხბურთს სამწვრთნელო სკოლა არ ჰქონდა. მწვრთნელები ვაკუუმში მოექცნენ და იმ უთანასწორო ბრძოლის მსხვერპლები გახდნენ, რომელიც თანამედროვე ფეხბურთში არსებობს. აქედან გამომდინარე, ქართველი მწვრთნელების მიმართ მოთხოვნები გაზრდილია, მაგრამ არავინ არ დაკვირვებულა იმას, რომ ეს ადამიანები დაუცველები არიან. იგულისხმება, როგორც საფეხბურთო კონტრაქტები, ასევე მათი ხანგრძლივობა და დაბალი ანაზღაურება. ჩვენ გვაქვს უცხოელი სპეციალისტების მუშაობის მაგალითები, რომლებსაც მყარი კონტრაქტები ჰქონდათ. დღეს არც ერთ ქართველ მწვრთნელს ასეთი კონტრაქტი არ აქვს. არსებობს შრომით ხელშეკრულება, რომელიც მათ უფლებებს არ იცავს. გათავისუფლების შემდეგ, სპეციალისტები კომპენსაციას არ იღებენ, მაშინ, როდესაც ევროპაში მწვრთნელებს გათავისუფლების შემდეგ სრულ კომპენსაციას უხდიან. ჩვენ ვიცით, თუ რა თანხებზეა საუბარი. იგივეა დევიდ მოიესის ან რომელიმე სხვა სპეციალისტის მაგალითი.

გარდა ამისა, თანამედროვე ფეხბურთში საკმაოდ მაღალი მოთხოვნებია. შესაბამის განათლებას მწვრთნელები იგებენ, თუმცა წარმატების მისაღწევად მხოლოდ გუნდის თავკაცი საკმარისი არ არის. არის ინფრასტრუქტურის პრობლემებიც და ამ მხვრივაც სპეციალისტებს უთანასწორო გარემოში უწევთ მუშაობა. გარდა ამისა, არ არის ეფექტურად განვითარებული ბავშვთა ფეხბურთი. დაახლოებით, ამ სიტუაციის შედარება მანქანის მძღოლთან შეიძლება – თუ კარგ მძღოლს არ ჰყავს კარგი მანქანა, მისთვის წარმატების მიღწევა ძალიან ძნელი იქნება. ყველა ამ საკითხს მხოლოდ მწვრთნელები ვერ გადაწყვეტენ. არც ისინი არიან მამა აბრამის ბატკნები, თუმცა, ამ შემთხვევაში, ისინი დაცვას საჭიროებენ. მათი მუშაობა მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა განისაზღვროს, მწვრთნელებს მინიმუმ ერთწლიანი კონტრაქტი უნდა ჰქონდეთ. ვადაზე ადრე კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში, მათ კომპენსაცია აუცილებლად უნდა მიიღონ. სწორედ ამ ყველაფერმა PRO ლიცენზიის კანდიდატთა მხრიდან ამ მანიფესტზე ხელის მოწერა განაპირობა. სამუშაოდ არავინ წავა, თუ ხსენებული პირობები არ შესრულდება„.

სოსო ფრუიძე („ჩიხურას“ მთავარი მწვრთნელი): „ეს მემორანდუმი კლუბებს მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს. გვიხარია, რომ იგი გაფორმდა. მწვრთნელის დაუცველობა ყოველთვის მინდორზეც ისახება. დაუცველობის გამო სპეციალისტმა, შეიძლება, არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს“.

ოთარ გაბელია: „გაიოზმაც თქვა, რომ გვყავდა კარგი მწვრთნელები, თუმცა ხსენებული პრობლემების გამო ისინი წარმატებას ვერ აღწევდნენ. ბევრმა ქართველმა მწვრთნელმა კურსები რომში და ჟენევაში გაიარა. იქ ჩვენი ბრიგადა ერთ-ერთ საუკეთესოდაც კი დაასახელეს.

მნიშვნელოვანია, რომ მწვრთნელთა უფლებები დაცული იყოს, რადგან ოჯახები ამ ხალხსაც ჰყავს და სამუშაოდ მათ სათანადო პირობები უნდა შეექმნათ.

ეს მემორანდუმი კლუბის პრეზიდენტებისთვისაც კარგია, რადგან, მწვრთნელის გაშვების შემთხვევაში, მათ სხვა სპეციალისტის მოსაყვანად, დამატებითი თანხების დახარჯვა მოუწევთ“.

პრესკონფერენციის ბოლოს, გაიოზ დარსაძემ ისიც დაამატა, რომ 2016/2017 წლების სეზონიდან საქართველოში მწვრთნელად მუშაობის უფლება მხოლოდ PRO ლიცენზიის მქონე პირებს ექნებათ, რისი დახმარებითაც კლუბებში არაკომპეტენტური კადრები ვეღარ იმუშავებენ.

ოთარ გაბელია ბრიტანული Evening Times-ის წინააღმდეგ ჩივილს აპირებს

ოთარ გაბელია ბრიტანული გამოცემა “ივნინგ თაიმსის” წინააღმდეგ ჩივილს აპირებს.

გაზეთში რამდენიმე დღის წინათ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას შესახებ სტატია დაიბეჭდა, რომელშიც გაბელიას ციტატაც იყო მოხმობილი, თუმცა, როგორც ირკვევა, ეს გაბელიას სიტყვები არ ყოფილა.

“თამაშის მოსაგებად უნდა შეუტიო, თუმცა ქეცბაიას თავკაცობით ამას ვერ ვახერხებთ. ის ჯიუტი მწვრთნელია, რომელიც კრიტიკას ვერ იღებს. მესმის, დაცვით ფეხბურთი ითამაშო ესპანეთისა და გერმანიის ნაკრებების წინააღმდეგ, მაგრამ შინ ირლანდიასთანაც? ჩემი აზრით, ქეცბაია ამ მატჩებამდე უნდა გადამდგარიყო”, – “ივნინგ თაიმსში” სწორედ ეს კომენტარი არის გაბელიას სიტყვებად გასაღებული.

“სასამართლოში უნდა ვუჩივლო ამ გაზეთს. ბრიტანულ გაზეთთან კი არა, ჟურნალისტთანაც კი კავშირი არ მქონია “ვესტ ჰემთან” მატჩის შემდეგ. რატომ მოიგონეს ასეთი რამ?! რატომ ვიტყოდი ნაკრებზე და თემურ ქეცბაიაზე იმას, რის საპირისპიროც რამდენმე დღის წინათ ქართველ ჟურნალისტებს ვუთხარი?! ქეცბაიას წასვლაზე კი არა, ვთქვი, რომ ეს შესარჩევი ციკლი მან უნდა ჩაამთავროს და საქმე ბოლომდე მიიყვანოს. ვთქვი ისიც, რომ საქართველოს ნაკრებს მაღალი კლასის ფეხბურთელები არ ჰყავს და ასეთ პირობებში ძნელია, მწვრთნელს მაღალი შედეგი რომ მოსთხოვო. ფეხბურთელების საწყენად არ ვამბობ, მაგრამ ფაქტია, საქართველოს ნაკრებს დღეს ჰყავს კარგი მოთამაშეები, მაგრამ ვერც ერთი დააკმაყოფილებს, მაგალითად ესპანეთისა და საფრანგეთის დონეს. ან კიდევ, რატომ უნდა წავიდეს მწვრთნელი შუა გზიდან?! კარგი იქნება, თუ ქეცბაია ნაკრებში შესარჩევი ეტაპის ბოლომდე დარჩება. ისეთი სიტყვები, რაც იმ სტატიაშია მოყვანილი, ჟურნალისტისთვის კი არა, შინაურ წრეშიც არსად მითქვამს და ვინც მიცნობს, კარგად იცის, რისი მთქმელი ვარ და რისი – არა”, – ციტირებს ოთარ გაბელიას სიტყვებს “ჩვენი თამაში”.

 

ვეტერანებმა სფფ-ის 2013 წლის საქმიანობა შეაჯამეს

„მიხეილ მესხის“ სტადიონის მედიაცენტრში, ქართველი ვეტერანი ფეხბურთელები სპორტულ ჟურნალისტებს შეხვდნენ.

პრესკონფერენციას ვაჟა ჟვანია, მურთაზ ხურცილავა, ოთარ გაბელია და ლევან ნოდია ესწრებოდნენ. ვეტერანებმა მოკლედ შეაფასეს განვლილი წელი და გაკეთებულ თუ გასაკეთებელ საქმეებზე ისაუბრეს.

„ჩვენი, ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის სლოგანია – გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე დამსახურებულ ვეტერანებს და ამ მიმართულებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ძალიან ბევრს აკეთებს. გვინდა, მადლიერება გამოვხატოთ სახელმწიფოს, „ქართუ ჯგუფის“ და „დინამო“ თბილისის მიმართ, რასაც ისინი აკეთებენ ვეტერანებისთვის.

ვფიქრობ, ფედერაცია სწორი მიმართულებით მიდის და შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს. ხაზი მინდა გავუსვა საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წარმატებებს, რაც უკვე ტრადიციად იქცა. არ შემიძლია, არ გამოვარჩიო ვასილ მაისურაძე და მისი 19-წლამდელები. ეს არის გამორჩეული გუნდი და გამორჩეული თაობა, რომელიც 2-3 წელში თავის სიტყვას იტყვის.

როცა ვეტერანები ამხანაგურ თამაშებს ვატარებთ, ან სადმე მივდივართ, ყველა ხარჯს ფეხბურთის ფედერაცია ფარავს. თუ ვინმეს იუბილეა, ან ვინმე გარდაიცვალა, ფედერაცია ყველანაირად გვერდში გვიდგას. აქვე გეტყვით, რომ ფედერაცია დაეხმარა ნუკრი კაკილაშვილს, ზორბეგ ებრალიძეს, ვახტანგ კოპალეიშვილს, დავით გოგიას ოპერაციების გაკეთებაში. ინტენსიურად გამოდის წიგნები ქართველ ვეტერანებზე, ქართული ფეხბურთის ლეგენდებზე და ამასაც ფედერაცია აფინანსებს.

ჩვენ გულნატკენები ვართ, რომ ყაველაშვილმა და ჯამარაულმა რაღაც წყალგამყოფივით გაავლეს და თავის თავს „ახალგაზრდა ვეტერანებს“ ეძახიან… ვერაფრით გავიგე, რა არის ეს „ახალგაზრდა ვეტერანი“… ვეტერანი ვეტერანია“ – განაცხადა ვაჟა ჟვანიამ.

მურთაზ ხურცილავა: „საქმეები წინა წლებშიც კეთდებოდა, მაგრამ ასეთი მასშტაბით არა. მიმდინარეობს მოედნების, ბაზების მშენებლობები; ხორციელდება არაერთი საინტერესო პროექტი და ამის დაუნახავობა არ შეიძლება. ზვიად სიჭინავას მინუსად ჩაუთვალეს, რომ რამაზ შენგელიას დაკრძალვის ხარჯები გაიღო… როგორ, რამაზ შენგელიას ოჯახს ფედერაცია არ უნდა დახმარებოდა?!

რა თქმა უნდა, პრობლემაა ჩვენი ეროვნული ჩემპიონატი, მისი დონე, მაყურებელთა დასწრება… ამაზე გული ძალიან მტკივა. გულშემატკივარი სტადიონზე ფეხბურთელებმა უნდა მიიყვანონ – სხვანაირად მე არ ვიცი…“

ოთარ გაბელია: „ალბათ, ყველას დაავიწყდა, რა პირობებში უხდებოდა ნაკრებს ვარჯიში და თამაში წლების განმავლობაში. ფედერაციას რაც ევალება, იმას აკეთებს. სწორედ, ესაა მისი მოვალეობა, რომ შექმნას სათანადო ინფრასტრუქტურული და საფეხბურთო პირობები. ასეთი რამ არასდროს ყოფილა, რომ ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს ამდენი შეკრება, ტურნირი და ამხანაგური თამაში ჰქონოდათ.“

ლევან ნოდია: „რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან განვიცდით ეროვნული ნაკრების წარუმატებლობას. მე თემურ ქეცბაიას პოზიცია აბსოლუტურად მესმის. ეს არის პროფესიონალური მიდგომა. დისციპლინა უმთავრესია. თანაც, ფეხბურთელი ნაკრებში ზედმეტი კილოგრამებით არ უნდა ჩამოდიოდეს… თვითონ უნდა გრძნობდნენ ამ პასუხისმგებლობას. “

სფფ-ის პრესსამსახური