ვალვერდე: “დემბელეს თამაშით გახარებული ვარ”

ესპანეთის სუპერ თასის შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონამ” ანდალუსიის “სევილია” ანგარიშით, 2-1 დაამარცხა და სეზონის პირველ ტიტულს დაეუფლა. გამარჯვების გოლი გაიტანა უსმან დემბელემ, რომელმაც გუშინ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა.

“ბლაგურნას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ფრანგ ახალგაზრდაზე ისაუბრა.

“არ ვიცი, თუ მას კარგი თამაშისთვის ისეთი შეხვედრები სჭირდება, როგორიც დღეს იყო. ეს პირადად უნდა ჰკითხოთ. ის ჩვენთან ერთადაა და მის მიმართ დიდი მოლოდინი გაგვაჩნია. უსმანი დღევანდელი გამარჯვების მონაწილე იყო. მან გოლიც გაიტანა. ამით ძალიან გახარებული ვარ. 

ზოგადად, კმაყოფილების გრძნობა დამეუფლა, რადგან ძლიერი მეტოქე გვყავდა და დავამარცხეთ. ვიცოდით, რომ ამ მატჩის გარემოებები განსხვავებული იქნებოდა. რთული თამაში გამოვიდა. თავიდან ვაგებდით, თუმცა ჩამორჩენის აღმოფხვრა და წინ გასვლა შევძელით. ზოგი ფეხბურთელი, არდადეგების შემდეგ, პირდაპირ ამ თამაშისთვის დაბრუნდა და ამანაც თავისი გავლენა იქონია,” – ამბობს ვალვერდე.

ერნესტო ვალვერდე: “არ მოვიტყუებ თავს და ვიტყვი, რომ ინიესტა შეუცვლელია”

დღეს ლა ლიგა სანტანდერის 34-ე ტურში კატალონიის “ბარსელონა” ლა კორუნიის “დეპორტივოს” დაუპირისპირდება. საგულისხმოა, რომ “ბლაგურნას” ქულაც ყოფნის ჩემპიონობისთვის.

კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა, სადაც ის ანდრეს ინიესტას გუნდიდან წასვლასაც შეეხო.

“ანდრესს ვესაუბრე. თუმცა, ამის განხილვა არ მსურს. არ მინდა, თავი მოვიტყუო – ვიცი, რომ ინიესტა შეუცვლელია. რთულია, ვთქვა, რას გავაკეთებთ, რომ მისი მსგავსი ფეხბურთელი ვიპოვოთ. როცა ასეთი მოთამაშე გუნდს ტოვებს, ბალანსის ძებნა სხვა რამეში უნდა დაიწყო. ეს კი, ადვილი საქმე არაა,” – ამბობს ვალვერდე.

ვალვერდეს კომენტარი “რომასთან” მარცხის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრაში “რომამ” “ბარსელონა”, მოულოდნელად, 3-0 გაანადგურა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე ესაუბრა.

“ისინი ძალიან ძლიერები იყვნენ. სეზონი გრძელია. ეს ფეხბურთია. ყველაფერი შენს საწინააღმდეგოდ ხდება. ამას არ ველოდით. ახლა, ძალიან ცუდად ვართ. თუმცა, უნდა აღვიდგინოთ ძალები და დარჩენილ ორ ტურნირზე გადავერთოთ. სამწუხაროა, რომ ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ. “რომამ” კი საუკეთესოდ ითამაშა,” – ამბობს ვალვერდე.

ერნესტო ვალვერდე: “ატლეტიკოს” დამარცხება არაფრის გარანტიაა, თუმცა ნაბიჯი წინ გადავდგით”

გუშინ “კამპ ნოუზე” “ბარსელონამ” “ატლეტიკო” ლა ლიგა სანტანდერის 27-ე ტურში მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 1-0 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ კატალონიელთა დამრიეგებლმა, ერნესტო ვალვერდემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“უმნიშვნელოვანესი თამაში იყო. რა თქმა უნდა, არაა ერთი და იგივე, როცა რვა ქულით უსწრებ მეტოქეს და მეორე შემთხვევაში – ორით. ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ. თუმცა, ნაბიჯი წინ გადავდგით. ამაყი ვარ, რადგან საკმაოდ ძლიერ მეტოქეებს ღირსეულ წინააღმდეგობას ვუწევთ.”

“რთული იყო მოგვეგო, რადგან ისინი თავს კარგად იცავდნენ. ნელ-ნელა წინ მივდივართ.კმაყოფილი ვარ გუნდის ასპარეზობით,” – ამბობს ვალვერდე.

ვალვერდე: “ატლეტიკოსთან” მატჩი? ეს ფინალი არაა!”

დღეს ლა ლიგა სანტანდერის 27-ე ტურის შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონა” მადრიდის “ატლეტიკოს დაუპირისპირდება. გუნდებს შორის დაშორება სულ ხუთი ქულაა. აქედან გამომდინარე, ამ მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს. კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ერესტო ვალვერდემ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“ეს ლა ლიგის ფინალი არაა. ეს გამარჯვებულისთვის მნიშვნელოვანი სამი ქულა იქნება. თუმცა, საბოლოოდ არცერთი არ დამარცხდება. “ატლეტიკო” თავს კარგად იცავს. ასევე, მათ პრესინგიც შესანიშნავად გამოსდით. განსაკუთრებით კარგად ამას ისინი თამაშის დასაწყისში აკეთებენ. ჩვენ ორ ძლიერ გუნდს წარმოვადგენთ და სამი ქულა ძალიან გვინდა.”

“მსაჯობა? არ ვფიქრობ, რომ რეფერის ვინაობა ჩვენზე გავლენას იქონიებს. წინა მატჩში გაბრაზებამ ახლა დადებითად იმოქმედა და უფრო ძლიერები გაგვხადა. შესაბამისად, მხოლოდ იმაზე ვართ კონცენტრირებულნი, რომ ჩვენს სტილში ვითამაშოთ და წარმატებას მივაღწუოთ,” – ამბობს ვალვერდე.

ვალვერდე: “პიკეს აღნიშვნაში დასაძრახი არაფერია”

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის 22-ე ტურის შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონა” დერბიში “ესპანიოლს” დაუპირისპირდა და მეტოქესთან ფრე, 1-1 ითამაშა.

საგულისხმოა, რომ 82-ე წუთზე ანგარიში ხერარდ პიკემ გაათანაბრა და მან მეტოქის სტადიონზე შეკრებილ პუბლიკას გაჩუმებისკენ მოუწოდა. ამ ჟესტზე და ზოგადად მატჩზე, შეხვედრის შემდეგ “ბარსას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ისაუბრა.

“ვიცით, რა მნიშნელობა აქვს ასეთ შეხვედრებს. იმასაც ზუსტად ვაცნობიერებდით, როგორი რთული მატჩი გველოდა წინ. პირველ ნახევარში ბევრი შეცდომა დავუშვით. თუმცა, მეორე ტაიმში უფრო გავხურდით, გამოვიღვიძეთ და საქმეც გამოვასწორეთ. ნებისმიერი ორთაბრძოლა მეტი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი შეჯახება, რადგან ეს დერბია და აქ ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია.”

“პიკეს აღნიშვნა? ეს ზუსტად რომ ასეთი მეტოქეების წინაშე ხდება. მან პრინციპულ მოწინააღმდეგეს გაუტანა და ასე გამოხატა. ამაში დასაძრახი არაფერია,” – ამბობს ვალვერდე.

ვალვერდე: “კოუნტინიო კარგი მოთამაშეა, თუმცა ჩემი ფეხბურთელები უფრო მომწონს”

დღეს კატალონიის “ბარსელონა” კოპა დელ რეის მერვედფინალში ვიგოს ესტუმრება და “სელტას” დაუპრისპირდება.

მნიშვნელოვანი მატჩის წინ, “ბლაგურნას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ პრესკონფერენცია გამართა.

“კოუნტინიო ძალიან კარგი ფეხბურთელია, თუმცა ის სხვა კლუბს ეკუთვნის. ბრაზილიელი მომწონს, თუმცა ჩემი ბიჭების მიმართ უფრო დიდი სიმპათია მაქვს. არ ვიცი, რა იქნება მომავალში. უსმან დემბელეს ყოლით ბედნერი ვარ. იმედია, ის სასარგებლო ფეხბურთელი გამოდგება. ფრანგმა სწორედ მაშინ მიიღო ტრავმა, როცა გუნდთან ადაპტაციას ცდილობდა. ვნახოთ, თუ შელძებს ის ჩვენს დახმარებას. ახლა იგი სათამაშოდ მზადაა.”

“სელტას” წინააღმდეგ უკვე ვითამაშეთ და ვიცით, როგორ წარვმართოთ მატჩი. მათ თავიანთ მოედანზე ვერკინებით. ნუ დაგვავიწყდება, რომ “ბალაიდოსის” ბინადრები საკმაოდ აგრესიულები არიან. ეს იქნება შეხვედრა ორ კარგ გუნდს შორის. მათ დიდ პატივს ვცემთ. “სელტა” ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გუნდი იყო იმ კლუბებს შორის, რომელთაც ფრე ვეთამაშეთ. ახლა პროგრესირდნენ, მწვრთნელიც შეიცვალეს და გაცილებით უფრო საშიშნი არიან,” – ამბობს ვალვერდე.

ვალვერდე: “კლასიკო”? ეს საფეხბურთო გაკვეთილი იყო”

დღეს ესპანეთის ლა ლიგა სანტანდერის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალი” კატალონიის “ბარსელონას” საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა და მეტოქესთან ანგარიშით, 0:3 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაზე “ბლაგურნას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ისაუბრა.

“ეს საფეხბურთო გაკვეთილი იყო. ამ სპორტში გუნდები ხშირად აღზევდებიან და ეცემიან. მაგალითად, “რეალი” სეზონის დასაწყისში ჩვენზე უკეთესი იყო, თუმცა “კლასიკოში” მათ ვაჯობეთ. შესაძლოა, ყველაფერი ისევ შეტრიალდეს. სწორედ ამიტომ, მუდმივი შრომა და კონცენტრაციაა საჭირო. ნახევარი საქმე გაკეთებული გვაქვს? ჩვენ სეზონის მატჩებში მოსაპოვებელი ქულების ნახევრისთვის არ მიგვიღწევია. წინ კიდევ დიდი ბრძოლაა. ჯერ არაფერი გადაწყევტილა,” – ამბობს ვალვერდე.

ინიესტა: “ელ კლასიკომდე” სატურნირო ცხრილს არ ვუყურებ”

23 დეკემბერს მადრიდის რეალი” ლა ლიგა სანტანდერის მეცხრამეტე ტურში კატალონიის “ბარსელონას” “სანტიაგო ბერნაბეუზე” მიიღებს.

“ელ კლასიკოს” წინ “ბლაგურნას” ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ კომენტარი გააკეთა.

“მატჩამდე სატურნირო ცხრილს არ ვუყურებ. ახლა არ შემიძლია გითხრათ, რას გრძნობენ ჩემი გუნდელები, როგორი ენთუზიაზმით არიან ისინი განწყობილნი. ეს მნიშვნელოვანი მატჩია და აზრი არ აქვს, რომელ ადგილზე იმყოფები. მთავარია, გავიდეთ მოედანზე და ჩვენს სტილს არ ვუღალატოთ. გვინდა, ლა ლიგის მოგებისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგათ.”

“წაგებული სუპერთასი? ის სხვა ტურნირი და სხვა დრო იყო.  ახლა, უკეთეს კონდიციებში ვართ. წარუმატებელ ორმატჩიან დუელს შაბათს გასამართ დაპირისპირებასთან არაფერი აქვს საერთო. ეს სხვა გამოწვევაა და ღირსეულად უნდა მივიღოთ!” – აცხადებს ანდრესი.

“ბარსელონას” “იუვენტუსთან” შეხვედრაში ექვსი ფეხბურთელი დააკლდება

ზეგ კატალონიის “ბარსელონა” ტურინში, “იუვენტუსს” დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის ეგიდით შედგება.

საგულისხმოა, რომ “ბლაგურნას” იტალიაში ექვსი ფეხბურთელი ვერ წაჰყვება. რაფინიას, უსმან დემბელეს, ხავიერ მასკერანოს, არდა თურანს, სერხი რობერტოსა და ანდრე გომეშს ტრავმები აქვთ. სოწრედ ამიტომ, კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ პირველ გუნდში ისეთ ახალგაზრდებს უხმო, როგორებიცაა: ორტალა, კუენკა, ფალი, ვიტინიო, მოისესი, მარკი.

“ბარსელონა” ხვალ გაემგზავრება იტალიაში. გეტყვით, რომ ესპანელებს ფრეც აწყობთ, რათა ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდნენ: მათ ათი ქულა აქვთ და სამით უსწრებენ მეორეადგილოსან “ბებერ ქალბატონს”, რომელსაც “კამპ ნოუზე” 3:0 სძლიეს. ვალვერდეს ბიჭები მეექვსე ტურის მატჩს სახლში, “სპორტინგთან” გამართავენ.

ვალვერდე: “გამოცდილი ფეხბურთელი ისეთ მოძრაობას არ გააკეთებდა, რაც დემბელემ ტრავმის დროს ქნა”

ლა ლიგა სანტანდერის უკანასკნელ ტურში კატალონიის “ბარსელონას” შემტევმა, უსმან დემბელემ საკუთარი არასწორი მოძრაობით თავი დაიზიანა, რის გამოც იგი სამიდან ოთხ თვემდე იუქმებს.

“არ ვიცი, რა მოხდება მის ტრავმასთან დაკავშირებით. მინდა, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს უსმანი მოედანზე. ცხადია, რომ დემბელე არის ფეხბურთელი, რომელსაც არასდროს ჰქონია პრობლემა კუნთზე და ასეთი მკურნალობის გამოცდილება არ აქვს.”

“ჩემი აზრით, გამოცდილი ფეხბურთელი არასდროს გააკეთებდა იმ მოძრაობას, რომელიც მან გააკეთა. თუმცა, ახლა მთავარია, იგი მოთმინებით იყოს და ნელ-ნელ გამოჯანმრთელდეს. მისი სწორი მკურნალობა და ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესი, ახლა მნიშვნელოვანია,” – აცხადებს ვალვერდე.

 

 

პიკე: “ბარსელონას” გულშემატკივრებს მოსაწყენი ერთგოლიანი მატჩების ყურება არ უნდათ”

კატალონიის “ბარსელონას” შემადგენლობა უკვე შეიკრიბა და დაიწყო მზადება მომავალი სეზონისთვის.

გუშინ ჟურნალისტებთან ხერარდ პიკემ ისაუბრა.

“ჩვენთვის მხოლოდ მოგება არაა მთავარი. “ბარსას” ერთ-ერთი პირველი პრიორიტეტი ლამაზი ფეხბურთის თამაშია. ამის გამკეთებლები კი გუნდში ნამდვილად არიან. გვინდა, რომ ნებისმიერ მატჩზე მოსულ გულშემატკივარს სპექტაკლი ვუჩვენოთ. ჩვენი აპსარეზობა არ უნდა იყოს მოსაწყენი. დაცვითი ფეხბურთის თამაში და 1-0 მოგება ფანებისთვის მომაბეზრებელი იქნება.”

“ვალვერდე გამოცდილი მწვრთნელია. იგი ლა ლიგაში ბევრ გუნდს ხელმძღვანელობდა და დიდი ცოდნა დაუგროვდა. ასევე, ერნესტო “ბარსელონას” ფეხბურთელიც იყო და მისი ფილოსოფია ნამდვილად ესმის. მას შეუძლია ამ ყველაფრის ერთმანეთთან შეზავება და საუკეთესო შედეგის მიღება!” – აცხადებს პიკე.