ზეპ ბლატერსა და ბრაზილიის პრეზიდენტს შორის სატელეფონო დიალოგი შედგა

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელმა იოზეფ ბლატერმა ბრაზილიის პრეზიდენტ დილმა რუსეფთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ არსებული პრობლემების მიუხედავად, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული იქნება.

რუსეფმა განაცხადა, რომ მასსა და ბლატერს შორის ათწუთიანი სატელეფონო დიალოგი შედგა. ფიფას ხელმძღვანელმა ბრაზილიის პრეზიდენტი 10 ივნისს, მუნდიალის დაწყებამდე ორი დღით ადრე, სან პაულუში, ფიფას კონგრესის გახსნაზე დაპატიჟა.

„ბლატერი დარწმუნებულია, რომ ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატი ყველა დროის საუკეთესო ტურნირი იქნება“, – რუსეფის სიტყვებს „როიტერი“ ავრცელებს.

ბექა დოგრაშვილი

კოსტა რიკის ნაკრების თავკაცი ფეხბურთელებს ტელეფონის გამოყენებას აუკრძალავს

კოსტა რიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხორხე ლუის პინტო თავის ფეხბურთელებს მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩების მოსამზადებელ პერიოდში მობილური ტელეფონის გამოყენებას აუკრძალავს. იქვე კოლუმბიელი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ მის გუნდს მეტოქეების არ ეშინია.

„მუნდიალის შეხვედრების მოსამზადებელ პერიოდში ტელეფონებს არ დავუშვებ. მატჩის შემდეგ – კი ბატონო. კარგი ჯგუფია, მოწინააღმდეგეების არ გვეშინია. მეტოქედ კარგი გუნდები გვყავს, თუმცა ისინი არც მონსტრებით და არც არაამქვეყნიური არსებებით არ არიან დაკომპლექტებულნი“, – პინტოს სიტყვებს RCN -ი ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ კოსტა რიკას მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად ინგლისის, იტალიისა და ურუგვაის ნაკრებები ჰყავს.

მუნდიალის დაწყებამდე 64 დღე დარჩა.

 

2014 წლის მუნდიალი – კალათების ოფიციალური შემადგენლობა

ფიფამ ოფიციალურად გაამხილა კალათების შემადგენლობა, რითაც მოხდება 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრის განსაზღვრა.

კალათა I: არგენტინა, ბრაზილია, ბელგია, კოლუმბია, გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, ურუგვაი;

კალათა II: ალჟირი, კამერუნი, ჩილე, კოტ დივუარი, ეკვადორი, განა, ნიგერია;

კალათა III: ავსტრალია, კოსტა რიკა , ჰონდურასი, ირანი, იაპონია, სამხრეთ კორეა, მექსიკა, ამერიკის შეერთებული შტატები;

კალათა IV: ბოსნია/ჰერცეგოვინა, ხორვატია, ინგლისი, საფრანგეთი, საბერძნეთი, იტალია, ჰოლანდია, პორტუგალია, რუსეთი.

როგორც ხედავთ, მეორე კალათაში 7 გუნდია, მეოთხეში კი – 9. წილისყრის დაწყებამდე მეოთხე კალათიდან შემთხვევითი წესით ერთი გუნდი მეორე კალათაში გადაინაცვლებს. შესაბამისად, 32 გუნდი ოთხ კალათაში თანაბრად გადანაწილდება, რის შემდეგაც ნაკრებები A, B, C, D, E, F, G და H ჯგუფებში განითესებიან.

წილისყრა 6 დეკემბერს გაიმართება.

 

2014 წლის მუნდიალი – კალათების სავარაუდო შემადგენლობა

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე 32 ნაკრებიდან 31-ის ვინაობა ცნობილია. Fanebi.Com-ი წარმოგიდგენთ კალათების შემადგენლობას, რითაც მოხდება წილისყრის განსაზღვრა. მართალია, ეს ჯერ არაოფიციალურია, თუმცა დიდი ალბათობით სწორედ ასე გადანაწილდებიან გუნდები კალათებში.

ბრაზილიის მუნდიალის მონაწილე ნაკრებთა ვინაობა სრულად თბილისის დროით ხვალინდელი დღის დილის 05:00 საათზე გახდება ცნობილი, როდესაც ურუგვაისა და იორდანიის ნაკრებთა შორის მატჩი დასრულდება. პირველი შეხვედრა სამხრეთ ამერიკელებმა დიდი უპირატესობით, ანგარიშით 5:0 მოიგეს და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ფაქტობრივად გაინაღდეს.

ტრადიციულად, 32 გუნდი ოთხ კალათაში გადანაწილდება. პირველ კალათაში მოხვდება ტურნირის მასპინძელი ბრაზილიის ნაკრები და ფიფას ოქტომბრის თვის რეიტინგით 7 საუკეთესო გუნდი. ესენია: 1) ესპანეთი, 2) გერმანია, 3) არგენტინა, 4) კოლუმბია, 5) ბელგია, 6) ურუგვაი*, 7) შვეიცარია.

რა პრინციპით შეივსება მეორე კალათა, ეს ფიფას ჯერჯერობით არ განუცხადებია, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გუნდები როგორც წინა მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ახლაც გეოგრაფიული პრინციპით დალაგდებიან.

მე-2 კალათაში უნდა მოხვდნენ აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ნაკრებები, მე-3 კალათაში – აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ნაკრებები, მე-4 კალათაში კი – ევროპის ნაკრები გუნდები.

თუმცა, მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე იმ ევროპულ ნაკრებთა რაოდენობა, რომლებიც ფიფას რეიტინგის ტოპ-შვიდეულში არ შედიან, 9 არის და არა – 8. ამიტომ, ყველაზე ცუდი რეიტინგის მქონე ევროპული ნაკრები მე-3 კალათაში გადაინაცვლებს, ასეთი გუნდი კი საფრანგეთი გახლავთ. „მამლები“ ვერ მოხვდებიან ჯგუფში სხვა ევროპულ ნაკრებთან ერთად. აქედან გამომდინარე, პირველი კალათიდან შესაძლებელია საფრანგეთის მეტოქედ მოგვევლინოს არგენტინის, კოლუმბიის, ურუგვაის ან ბრაზილიის ნაკრებებიდან ერთ-ერთი.

გთავაზობთ კალათების არაოფიციალურ შემადგენლობას:

 კალათა I (ფიფას რეიტინგის ტოპ-შვიდეული)
 ნაკრები  ადგილი ფიფას რეიტინგში
 ბრაზილია (მასპინძელი) 11
 ესპანეთი 1
 გერმანია 2
 არგენტინა 3
 კოლუმბია 4
 ბელგია 5
 ურუგვაი* 6
 შვეიცარია 7
 კალათა II (აზია+ჩრდ. ამერიკა)
 ნაკრები  ადგილი ფიფას რეიტინგში
 აშშ 13
 მექსიკა 24
 კოსტა-რიკა 31
 ჰონდურასი 34
 იაპონია 44
 ირანი 49
 სამხრეთ კორეა 56
 ავსტრალია 57
 კალათა III (სამხ. ამერიკა+1 ევროპული ნაკრები)
 ნაკრები  ადგილი ფიფას რეიტინგში
 ჩილე 12
 კოტ-დივუარი 17
 ეკვადორი 22
 განა 23
 ალჟირი 32
 ნიგერია 33
 კამერუნი 59
 საფრანგეთი 21
 კალათა IV (ევროპა)
 ნაკრები  ადგილი ფიფას რეიტინგში
 ჰოლანდია 8
 იტალია 9
 ინგლისი 10
 პორტუგალია 14
 საბერძნეთი 15
 ბოსნია/ჰერცეგოვინა 16
 ხორვატია 18
 რუსეთი 19

* ურუგვაის ნაკრებს ჯერ არ გაუნაღდებია მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება.

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა 6 დეკემბერს შედგება.

ბექა  დოგრაშვილი