ისტორიული ფაქტი – მოედანზე შესრულებული სარეკლამო ხრიკი პელეს მონაწილეობით

დღეს რუბრიკაში „ისტორიული ფაქტი“ წარმოგიდგენთ 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მომხდარ შემთხვევას, რომელიც ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელ პელესა და ერთ-ერთ სპორტულ ფირმას შეეხება.

იმ პერიოდში ორი გერმანული სპორტული ფირმის – „ადიდასისა“ და „პუმას“ შორის გაჩაღებული კონკურენცია პიკს აღწევდა. 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე კომპანიებმა ე.წ. „პელეს პაქტიც“ კი გააფორმეს, რაც გულისხმობდა იმას, რომ ამ ლეგენდარულ ფეხბურთელს სარეკლამო კამპანიებში არ გამოიყენებდნენ, თუმცა ცდუნება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ…

„პუმა“ პელეს დაუკავშირდა და ერთგვარ სარეკლამო ხრიკში მონაწილეობა შესთავაზა. სპორტულმა ფირმამ ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს 120 ათასი დოლარი იმისთვის გადაუხადა, რომ მას 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წამით ადრე შეეკრა ბუცების თასმები. ბუნებრივია, ტელეტრანსლაციის დროს ეს პროცესი ახლო კადრით აჩვენეს და კარგად გამოჩნდა, თუ რომელი ფირმის ბუცი ეცვა პელეს. ეს „პუმას“ Formstripe-ი გახლდათ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი „პელეს პაქტის“ შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა.

ასეთი რეკლამა ბევრად უფრო იაფი და ეფექტური დაჯდა, ვიდრე მოედნის გარშემო სარეკლამო აბრების მოწყობა. შემდგომში ამ ხრიკს გერმანული კომპანიის წარმატების ერთ-ერთ ფაქტორად მოიაზრებდნენ.