რამდენიმე დღის წინ, ყოფილი უკრაინელი ფეხბურთელი, ანდრეი შევჩენკო მილანში იმყოფებოდა, სადაც რა თქმა უნდა, “მილანელო” და “როსონერის” წევრები მოინახულა.
ცხადია, იტალიელმა ჟურნალისტებმა დრო იხელთეს და შევჩენკოს ინტერვიუ ჩამოართვეს.
– როგორ გრძნობთ თავს “მილანელოზე”?
– როდესაც “მილანელოზე” მოვდივარ, ყოველთვის ბედნიერი ვარ. თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ვხვდები ძველ მეგობრებს და აქედან წასვლის სურვილი აღარც კი მიჩნდება. სამწვრთნელო კურსებს გავდივარ. მასიმილიანო ალეგრის ვესაუბრე, მან თავისი ხედვები გამიზიარა, რაც ვფიქრობ, მომავალში აუცილებლად გამომადგება.
– ყოფილ თანაგუნდელებთან ისევ მეგობრობთ?
– რა თქმა უნდა. მათთან ხშირად ვსაუბრობ. გატუზომ და ინძაგიმ სამწვრთნელო კარიერა უკვე დაიწყეს. შესაძლოა, მალე მათ გზას მეც გავუდგე.
– “სან სიროზე” თბილად შეგხვდნენ. (შევჩენკო და მალდინი “ლაციოსთან” გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ – ავტ.)
– მინდა, რომ გულშემატკივრებს დიდი მადლობა გადავუხადო. ისინი ყოველთვის ჩემს გულში არიან და როცა აქ მოვდივარ, ძველი დრო მახსენდება. მიხარია, რომ იმ დიდი ოჯახის ერთ-ერთი წევრი მეც ვარ, რომელსაც “მილანი” ჰქვია.
– რას გვეტყვით “ლაციოსთან” გამართულ შეხვედრაზე?
– “მილანმა” მოგება დაიმსახურა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ვერ მოახერხა. მიხარია, რომ კაკამ გოლი გაიტანა. ჩემი აზრით, “როსონერის” ბევრად უკეთ თამაში შეუძლია, უბრალოდ, გუნდს ამ პერიოდში, პატარა ჩავარდნა აქვს.
– რას გვეტყვით კაკაზე?
– დრო გადის, მაგრამ კაკა კვლავაც მოტივირებული და შრომისმოყვარეა. მან “მილანისთვის” ბევრი რამ გააკეთა და კარგია, რომ ისევ აქ დაბრუნდა.
– მოგწონთ ელ შაარავი? თქვენ მას სტადიონზე ესაუბრეთ.
– ელ შაარავი ახლა რთულ მდგომარეობაშია, რადგან ტრავმა აწუხებს. თუმცა, სტეფანს ვუთხარი, რომ მშვიდად უნდა იყოს, ტრავმას მალე მოირჩენს და გუნდს ისევ დაეხმარება. ის ძალიან ნიჭიერია.
– რომელი წელი იყო საუკეთესო, “მილანში” ყოფნისას?
– გამოვარჩევდი იმ წელს, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტურინის “იუვენტუსი” დავამარცხეთ. როდესაც ბოლო პენალტი შევასრულე და გოლი გავიტანე, ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი.
დიტო ჭიჭინაძე