“კორინთიანსი” პატოს სანაცვლოდ 25 მილიონს ითხოვს

“კორინთიანსის” სპორტულმა დირექტორმა ედუარდუ ფერეირამ განაცხადა, რომ კლუბი მზად არის, ალეშანდრე პატოს 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიოს.

“ჯერჯერობით ეს ყველაფერი მხოლოდ ჭორებია, თუმცა თუ პატოს სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს შემოგვთავაზებენ, ჩვენ მას გავყიდით. სხვა შემთხვევაში, იგი იანვარში “კორინთიანსში” დაბრუნდება”, – ციტირებს ფერეირას სიტყვებს “გლობო”.

შეგახსენებთ, რომ ალეშანდრე პატო იჯარის წესით “სან პაულუში” თამაშობს. 26 წლის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 26 მატჩში 9 გოლი გაიტანა.

 

დუნგას პატო არ სჭირდება

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლოს დუნგამ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ოქტომბერში გასამართი მატჩებისთვის განაცხადში “სან პაულუს” თავდამსხმელ ალეშანდრე პატოს არ უხმო. “სელესაოს” თავკაცმა მის ნაცვლად გუნდში “სანტოსის”  35 წლის ფორვარდი რიკარდო ოლივეირა მიიწვია.

“ოლივეირა ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. იგი იტანს როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ფეხით, საჯარიმო მოედნიდან და მის გარედან, საშინაო და გასვლით მატჩებში. რიკარდო ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს და ჩვენც სწორედ ამ ამპლუის ფეხბურთელი გვჭირდება. პატო ფლანგზე მოქმედებს, სადაც უკვე გვყავს დუგლას კოსტა.

როდესაც დუგლას კოსტა პირველად გამოვიძახე, ამბობდნენ, რომ იგი სანაკრებო მოთამაშე არ არის, თუმცა მიუნხენის “ბაიერნში” გადასვლის შემდეგ საკმაოდ კარგ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა”, – დუნგას სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

ცნობისათვის, ბრაზილიის ჩემპიონატის 28-ე ტურის შემდეგ ბომბარდირთა დავას რიკარდო ოლივეირა 17 გოლით ლიდერობს, პატოს კი 9 გატანილი ბურთი აქვს.

ბრაზილიის ეროვნული გუნდი 9 ოქტომბერს ჩილეში ითამაშებს, 14 ოქტომბერს კი ვენესუელის ნაკრებს დაუხვდება.

 

პატო “ინტერში” გადასასვლელად მზადაა

“კორინთიანსის” თავდამსხმელი ალეშანდრე პატო შესაძლოა, მილანში დაბრუნდეს, თუმცა არა “როსონერიში”, არამედ “ინტერში”.

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა “ნერიაძურის” თავისი მოთხოვნები გააცნო.

წყაროს თანახმად, პატომ შესაძლოა, “კორინთიანსთან” მოქმედი კონტრაქტი გაწყვიტოს და “ინტერს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდეს.

25 წლის ფეხბურთელს “კორინთიანსთან” მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2015 წლის დეკემბერში ეწურება, თუმცა კლუბი უკვე რამდენიმე თვეა, პატოს საიმიჯო უფლებების გამოყენებისთვის შესაბამის თანხას არ უხდის, რის გამოც მხარეებს ერთმანეთთან სასამართლოში დავა აქვთ.

 

პატო ისევ დაშავდა

“მილანის” ყოფილი თავდამსხმელი ალეშანდრე პატო, რომელიც დღესდღეობით “სან პაულუში” თამაშობს, კვლავ დაშავდა. 25 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მარცხენა ბარძაყის ტრავმა კოპა სუდამერიკანას ეგიდით “უაჩიპატოს” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (1:0) მიიიღო.

“უეცარი მწარე ტკივილი ვიგრძენი და მოედნის დატოვება ვარჩიე, რადგან ჩემი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება აღარ მქონდა. მდგომარეობა უმჯობესდება და ვიმედოვნებ, მოედანს მალე დავუბრუნდები. მინდა, პირველი ადგილისთვის ბრძოლა გავაგრძელო”, – ციტირებს პატოს სიტყვებს Tuttomercatoweb -ი.

„კორინთიანსი“ პატოს თაობაზე წინადადებებს ელის

ბრაზილიური „კორინთიანსის“ ხელმძღვანელები არ მალავენ, რომ ალეშანდრე პატოს მისაღებ ფასში გაყიდვაზე ფიქრობენ.

„პატო ჯერ ძალიან ახალგაზრდაა. არ ვნანობთ, რომ იგი შევიძინეთ. მისი გაყიდვის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება შეგვიძლია, ისევე, როგორც სხვა მოთამაშეთა გაშვებაზე“, – აღნიშნა კლუბის სპორტულმა დირექტორმა რობერტო დე ანდრადემ.

„ასეა თუ ისე, იმისთვის, რომ პატოს ტრანსფერი შედგეს, დაინტერესებულმა კლუბებმა წინადადებით უნდა მოგვმართონ. თავად ალეშანდრეს კი სხვაგან გადასვლის სურვილის შესახებ ჩვენთვის არაფერი უთქვამს“, – დაარულა დე ანდრადემ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ალეშანდრე პატო „ინტერში“?

მილანის „ინტერი“ თავდამსხმელის ძიებაშია. „ნერიაძური“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში რამდენიმე ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს, ერთ-ერთი მიზანი კი, ბრაზილიელი თავდამსხმელი ალეშანდრე პატო გახლავთ.

რას იტყვის „კორინთიანსი“?
ბრაზილიური კლუბი მზად არის, გაუშვას პატო მას შემდეგ, რაც მან თავისი გაფუჭებული პენალტის გამო (დიდას წინააღმდეგ) ფანების უმრავლესობის სიმპათია დაკარგა.

რას ფიქრობს პატო?
პატოს სურს მისთვის უფრო ნაცნობ მილანში დაბრუნება, თუმცა არა „შავ-წითლების“ რიგებში, ვინაიდან მას უნდა, რომ თავის ყოფილ გუნდს დაანახოს, მათ თუ რა დონის შეცდომა დაუშვეს მისი გაყიდვით.

სხვა კლუბები?
პატოს მიმართ ინტერესს ლონდონური კლუბები – „არსენალი“ და „ტოტენჰემი“ იჩენენ, ხოლო თურქულ „ბეშიქთაშს“ უარი ეთქვა.

„კორინთიანსი“ პატოს ევროპაში გასაშვებად მზადაა

ბრაზილიური „კორინთიანსის“ ხელმძღვანელობა 24 წლის თავდამსხმელის ალეშანდრე პატოს გაყიდვის ვარიანტს არ გამორიცხავს.

შესაბამისად, „მილანის“ ყოფილი მოთამაშე უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა, კვლავ ევროპაში დაბრუნდეს.

ბოლო დროს, როგორც ევროპული, ასევე სამხრეთ ამერიკული პრესა ალეშანდრეს „ტოტენჰემის“ ან „არსენალის“ რიგებში გადასვლაზე აქტიურად წერდა.

ამ ყველაფერს „კორინთიანსის“ პრეზიდენტი მარიო გობი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ იგი ალეშანდრეს მხოლოდ ევროპაში გაშვებას დათანხმდება, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ტრანსფერის სანაცვლოდ რომელიმე კლუბი სოლიდურ თანხად გადაიხდის.

შეგახსენებთ, რომ „კორინთიანსის“ ფერებს პატო მიმდინარე წლის იანვრის თვიდან იცავს.

ალექსანდრე მატევოსოვი