კონტე: “ამ მარცხის შემდეგ ორი ღამე არ მეძინა”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე გამოტყდა, რომ ინგლისის პრემიერლიგის მე-6 ტურში “არსენალთან” განადგურების შემდეგ (0:3) ორი ღამე არ ეძინა.

“არ მეძინა. ასეთი მატჩის, ასეთი მარცხის შემდეგ ჩემთვის ჩვეულებრივი მოვლენაა უძილობა. არა ერთი, არამედ ორი ღამე არ მეძინა. როდესაც არ მძინავს, ვფიქრობ. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია.

მნიშვნელოვანია, რომ ჩემი გამოცდილება გამოვიყენო და გუნდი მალე დავაბრუნო გამარჯვების გზაზე. თუ გვინდა, რომ სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში ვიყოთ, თამაში აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ”, – ციტირებს კონტეს სიტყვებს Football Italia.

კონტე: “სეზონის ბოლოს ჩემპიონობისთვის ხუთი-ექვსი გუნდი იბრძოლებს”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე არ თვლის, რომ ინგლისის პრემიერლიგის წლევანდელი გათამაშების უპირობო ფავორიტები მანჩესტერული გუნდები არიან. იტალიელი სპეციალისტის თქმით, სეზონის ბოლოს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ხუთი-ექვსი გუნდი იქნება ჩართული.

“ფავორიტებზე საუბარი არ მიყვარს. გასულმა სეზონმა გვიჩვენა, რომ გუნდი, რომელიც ფავორიტად არ ითვლება, შესაძლოა, ჩემპიონი გახდეს.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” და “მანჩესტერ სიტი” შესანიშნავი გუნდები არიან, რომლებიც ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კიდევ უფრო გაძლიერდნენ. ამის მიუხედავად, ვთვლი, რომ სეზონის ბოლოს ტიტულისთვის ბრძოლაში ხუთი-ექვსი გუნდი იქნება ჩართული”, – ციტირებს კონტეს სიტყვებს Goal.com-ი.

ანტონიო კონტე ლილის სტადიონის მინდვრით უკიმაყოფილოა

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ლილის სტადიონის მინდვრით უკმაყოფილო დარჩა. შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს “სკუადრა აძურა” ლილში ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

“ეს მოედანი ევროპის ჩემპიონატის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ამით ჩემი ფეხბურთელების გამართლებას არ ვცდილობ, ვინაიდან ირლანდიელებსაც აქ მოუწევთ თამაში. ჩვენ უკეთეს ხარისხს მოველოდით. ძალზედ სამწუხაროა. ევროპის ჩემპიონატი კარგად ორგანიზებულია, მაგრამ მოედნის საფარი მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს”, – ციტირებს კონტეს სიტყვებს lequipe.fr

იტალიის პრემიერ-მინისტრი “სკუადრა აძურას” ფეხბურთელებს შეხვდა

საფრანგეთში გამგზავრებამდე იტალიის ნაკრების ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი შეხვდა.

მაღალჩინოსანი ანტონიო კონტესა და “სკუადრა აძურას” წევრებს 40 წუთის განმავლობაში ესაუბრა.

“თავი კარგად უნდა წარმოაჩინოთ. ტურნირზე თქვენი ასპარეზობა შესამჩნევი უნდა იყოს. კარგია, რომ სპორტი კვლავ გახდა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ძირითადი საიმიჯო ფაქტორი”, – ციტირებს რენცის სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ იტალიელები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბელგიელების, შვედებისა და ირლანდიელების წინააღმდეგ ითამაშებენ.

კონტემ იტალიის ნაკრების ფეხბურთელებს კვების რაციონში შეზღუდვები დაუწესა

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ევროპის ჩემპიონატის პერიოდში გუნდის ფეხბურთელებს კვების რაციონში გარკვეული შეზღუდვები დაუწესა.

“ლა სტამპა” იუწყება, რომ კონტინენტის პირველობის პერიოდში “სკუადრა აძურას” ფეხბურთელებს შემდეგი პროდუქტების მიღება აეკრძალებათ: პიცა, მაკარონი, გრისინი (ტრადიციული იტალიური პურის ჩხირები), სტაფილო, ნაყინი, ჩიფსი, კრუასანი და სხვა ტკბილეული.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე ფეხბურთელთა კვების რაციონს ჯერ კიდევ ტურინის “იუვენტუსში” მუშაობის პერიოდში ეკიდებოდა დიდი ყურადღებით.

აბრამოვიჩმა “ჩელსის” მომდევნო თავკაცად კონტე აარჩია

როგორც ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “კორიერე დელო სპორტი” იუწყება, ლონდონის “ჩელსის” მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა უკვე გადაწყვიტა, თუ ვინ გაუძღვება მომდევნო სეზონიდან გუნდს. წყაროს თანახმად, ინგლისურ კლუბს იტალიელი სპეციალისტი ანტონიო კონტე ჩაიბარებს.

გარდა ამისა, ცნობილია ისიც, რომ აბრამოვიჩი კონტეს მონაკოში შეხვდა. სხვადასხვა წყაროების თანახმად, “ჩელსის” მფლობელი იტალიელ სპეციალისტს სამწლიან კონტრაქტსა და წელიწადში ჯამაგირის სახით 6 მილიონ ევროს სთავაზობს.

“ჩელსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე აქამდე ოთხ იტალიელ მწვრთნელს უმუშავია: ჯანლუკა ვიალი, რობერტო დი მატეო, კარლო ანჩელოტი და კლაუდიო რანიერი.

აქვე შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტესა და იტალიის ფეხბურთის ფედერაციას შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა ამა წლის 31 ივლისს გასდის.

 

გალიანი: “კონტეს “მილანის” თავკაცის პოსტს ვთავაზობდით”

“მილანის” გენერალურმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანტონიო კონტეს ხილვა სურდა.

“მართალია ის, რომ კონტეს “მილანის” თავკაცის პოსტს ვთავაზობდით, თუმცა მან იტალიის ნაკრებში მუშაობა ამჯობინა. ახლა ის ეროვნულ გუნდს წვრთნის. რა იქნება მომავალში? ვინ იცის”, – ციტირებს გალიანის სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ “მილანს” იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მერვე პოზიცია უკავია.

 

იტალიამ “ოქროს ბურთის” გამოკითხვას ბოიკოტი გამოუცხადა

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ და კაპიტანმა ჯანლუიჯი ბუფონმა “ოქროს ბურთის” გამოკითხვას ბოიკოტი გამოუცხადეს. Football Italia-ს ცნობით, ამ პროტესტის მიზეზი ის გახდა, რომ ფიფამ ბუფონი 23 პრეტენდენტს შორის არ შეიყვანა.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ჯანლუიჯი ბუფონმა იტალიის ჩემპიონატი მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშა.

გავრცელებული ინფორმაციით, კონტესა და ბუფონს პროტესტი გამოხატვა იტალიის ფეხბურთის ფედერაციიდან ურჩიეს.

იტალიიდან “ოქროს ბურთის” გამოკითხვაში მხოლოდ ჟურნალისტმა კონდო პაოლომ მიიღო მონაწილეობა, რომლის არჩევანიც ასეთია: 1. ლიონელ მესი; 2. რობერტ ლევანდოვსკი; 3. ნეიმარი.

 

“რეალის” თავკაცის პოსტზე კაპელოსა და კონტეს კანდიდატურებს მოიაზრებენ

ფაბიო კაპელომ შესაძლოა, მადრიდის “რეალი” მესამედ ჩაიბაროს. “მარკას” ცნობით, რაფაელ ბენიტესის შესაძლო შემცვლელებად სწორედ კაპელოსა და იტალიის ნაკრების თავკაც ანტონიო კონტეს კანდიდატურებს განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ კაპელო “რეალს” 1996/97 და 2006/07 წლებში თავკაცობდა და ორივე შემთხვევაში გუნდი გააჩემპიონა, თუმცა ქომაგები მას არასანახაობრივი თამაშის ჩვენების გამო აკრიტიკებდნენ.

 

კონტე შესაძლოა, “იუვენტუსში” დაბრუნდეს

იტალიის ნაკრების დამრიგებელმა ანტონიო კონტემ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შესაძლოა, საკლუბო დონეზე მწვრთნელობა გააგრძელოს.

“ლა გაძეტა დელო სპორტი” წერს, რომ მომავალი წლის ზაფხულში კონტე შესაძლოა, ტურინის “იუვენტუსში” დაბრუნდეს, ხოლო “ბებერი სინიორას” ამჟამინდელმა თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ სეზონის ბოლოს კლუბი დატოვოს და კარიერა ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელოს.

არც ის არის გამორიცხული, რომ თუ სინიშა მიხაილოვიჩი “მილანს” ზედა სამეულში ვერ მოახვედრებს, “როსონერის” მთავარი მწვრთნელის პოსტი კონტეს შესთავაზონ.

 

კონტე: “ევრო-2016-ის ფავორიტები არ ვართ, მაგრამ ნებისმიერ გუნდს შევუქმნით პრობლემას”

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე “სკუადრა აძურას” შანსები შეაფასა. შეგახსენებთ, რომ იტალიელებმა კონტინენტის პირველობაზე თამაშის უფლება უკვე გაინაღდეს.

“ჩვენ არ ვართ ფავორიტები, მაგრამ საფრანგეთში ნებისმიერ გუნდს შევუქმნით პრობლემას.

მინდა ისეთი გუნდი ვიხილო, რომლითაც იტალიელები იამაყებენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ჩემპიონები უნდა გავხდეთ. საუბარი მაქვს ლამაზი და სწრაფი ფეხბურთის ჩვენებაზე.

იმედი მაქვს, სერია A-ს დასრულების შემდეგ მომზადებისთვის შანსი მომეცემა. პატარა საომარი მანქანა უნდა მოვამზადო”, – ციტირებს კონტეს სიტყვებს Football Italia.

 

ტრაპატონი: “შევეგუოთ, რომ იტალიის ნაკრებს მესისა და რონალდუს დონის ფეხბურთელი არ ჰყავს”

იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჯოვანი ტრაპატონიმ გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს მუშაობა შეაფასა. ტრაპატონის აზრით, კონტე “სკუადრა აძურასთან” ერთად შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმუმს აღწევს.

“იტალიის ნაკრებს ლიონელ მესისა და კიშტიანუ რონალდუს დონის ფეხბურთელი არ ჰყავს და ამას უნდა შევეგუოთ. აქედან გამომდინარე, კმაყოფილნი უნდა ვიყოთ იმით, რასაც ამ ეტაპზე მივაღწიეთ.

ბულგარეთისა (1:0) და მალტის (1:0) ნაკრებებთან გამართულ მატჩებში ექვსი ქულა მოვიპოვეთ და საკმაოდ რთულ ჯგუფს ვლიდერობთ. კონტე კარგად მუშაობს. იგი გუნდისგან მაქსიმუმის მიღებას ახერხებს. ფეხბურთელები მას ენდობიან. მთელი საფეხბურთო საზოგადოებაც მათ უნდა შეუერთდეს. დარწმუნებული ვარ, რომ იტალიის ნაკრები 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი იქნება. კრიტიკა ჩვენი გუნდის მისამართით გაზვიადებულია, თუმცა ამას მიჩვეულნი ვართ”, – ტრაპატონის კომენტარი იტალიურმა გამოცემა “ტუტოსპორტმა” გამოაქვეყნა.