მესიმ გაიტანა, არგენტინის ნაკრებმა ისევ ვერ მოიგო (ვიდეო)

20 ივნისს, კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში არგენტინის ნაკრები პარაგვაის დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.

შეხვედრაში ანგარიში 37-ე წუთზე პარაგვაელთა ნახევარმცველმა რიჩარდ სანჩესმა გახსნა. არგენტინელებმა წონასწორობა 57-ე წუთზე აღადგინეს. პარაგვაის ნაკრების მცველმა პირისმა საჯარიმოში ხელით ითამაშა, რის გამოც თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. პენალტი ლიონელ მესიმ ზუსტად შეასრულა და ანგარიში 1:1 გახადა.

ამ ფრის შემდეგ, არგენტინის ნაკრები 1 ქულით B ჯგუფში ბოლო ადგილზეა. 1 ქულა აქვს ყატარსაც, რომელიც ბურთების უკეთესი შეფარდების გამო მესამე პოზიციაზეა და არგენტინას ბოლო ტურში დაუპირისპირდება. ჯგუფის ლიდერი კოლუმბიაა, ხოლო მეორე ადგილს პარაგვაი იკავებს.

იხილეთ მესის გოლი და მომენტები

მატჩის მიმოხილვა

კონფლიქტი ხორვატიასთან მატჩის შემდეგ: “ათჯერ მკითხე, ვისი ყოფნა მინდოდა შემადგენლობაში”

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, ხორვატიასთან განცდილი მარცხის შემდეგ არგენტინელთა ბანაკში მომხდარი კონფლიქტის დეტალებს სანდო არგენტინული წყარო (Ole) გვაცნობს.

ამის შესახებ ჟურნალისტი არიელ სენოსიანი თავის წიგნში, “მუნდიალის ისტორია”, წერს. ციტირებულ ნაწილში ნათლად ჩანს, თუ როგორ განუდგნენ ნაკრების ფეხბურთელები ხორხე სამპაოლის.

ერთ-ერთი არგენტინელი ფეხბურთელი: “წარმოდგენა არ გვაქვს, რას ამბობთ. უკვე აღარ გენდობით და გვინდა, საკუთარი აზრი დავაფიქსიროთ.”

სამპაოლი: “აზრი, რის შესახებ?”

არგენტინელი ფეხბურთელი: “ყველაფერზე”.

სამპაოლი: “ანუ, გინდათ, რომ თქვენ თვითონ შეადგინოთ შემადგენლობა, ივარჯიშოთ და ყველაფერი თქვენით გააკეთოთ?”

მესი: “უკვე ათჯერ მკითხე, ვინ მინდოდა ყოფილიყო შემადგენლობაში და ვინ – არა. არასოდეს არ დამისახელებია რომელიმე ფეხბურთელის სახელი. თქვით, ოდესმე მითქვამს?”

ამის შემდეგ საუბარში არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კლაუდიო ტაპია ერთვება და სამპაოლის ამ სიტყვებით მიმართავს – “სჯობს, დანებდე”.

ოფიციალურად: ხორხე სამპაოლი არგენტინის ნაკრებიდან დაითხოვეს

როგორც მოსალოდნელი იყო, არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ ხორხე სამპაოლი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა. ამ ინფორმაციას ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, მხარეებმა კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებით ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ნაკრებს სამპაოლის შტაბი სრული შემადგენლობით დატოვებს.

ცნობილი ხდება ისიც, რომ სამაპოლი კონტრაქტის გაწყვეტის კომპენსირებისთვის 2 მილიონს მიიღებს და არა 20 მილიონს, რაც კონტრაქტში იყო გაწერილი.

შეგახსენებთ, რომ სამპაოლიმ არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალამდე მიიყვანა, სადაც “ალბისელესტე” შემდეგში მსოფლიო ჩემპიონთან, საფრანგეთის ნაკრებთან დამარცხდა.

არგენტინელი მსხვილი ბიზნესმენები, ფედერაციასთან ერთად გვარდიოლას ტრანსფერზე მუშაობენ

არგენტინის ფეხბურთის ფედერაციაში უკვე დაიწყეს “ალბისელესტეს” თავკაცის პოსტზე ხორხე სამპაოლის შემცვლელის ძიება. უცხოური პრესის ცნობით, არგენტინაში ნაკრების ჩაბარების პოტენციურ კანდიდატად პეპ გვარდიოლას მიიჩნევენ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საქმეში ფედერაციის მაღალჩინოსნებთან ერთად რამდენიმე მსხვილი ბიზნესმენიც არის ჩართული. სამხრეთ ამერიკელებს სწორედ პეპ გვარდიოლას მეთაურობით სურთ მუნდიალზე გასვლა.

გვარდიოლას “მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. ეს უკანასკნელი წელიწადში 23 მილიონ ევროს იღებს ხელფასის სახით და მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სმწვრთნელი გახლავთ.

არგენტინელები კი მას ხელფასის სახით 12 მილიონ ევროს სთავაზობენ.

მარადონა: “მესის გარეშე არგენტინა ერთი ჩვეულებრივი გუნდია”

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, დიეგო არმანდო მარადონამ, არგენტინის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ პრესასთან ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ “ალბისელესტე” მერვედფინალში საფრანგეთთან დამარცხდა (3:4).

“კინოთეატრში უფრო ვიყავით, ვიდრე მოედანზე, რადგანაც თვალს დაანონსებულ სიკვდილს ვადევნებდით. ასეც მოხდა. მოსალოდნელი იყო ასეთი შედეგი.

საფრანგეთმა მესისა და ნახევარდაცვის ჩაკეტვა შეძლო. ლეო გუნდის დახმარებას ვერ ახერხებდა, მის გარეშე კი არგენტინა ერთი ჩვეულებრივი, ნორმალური დონის გუნდია.

კიდევ ერთმა მსოფლიო ჩემპიონატმა ჩაიარა და ჩვენ ისევ ვერაფერი მოვიგეთ. სამწუხაროა, რომ არგენტინის ნაკრები კიდევ ერთ მუნდიალს შეხვდა მოუმზადებლად,” – აცხადებს მარადონა.

მასკერანო საფრანგეთთან თამაშის შემდეგ: “ძალიან გაბრაზებულები ვართ”

არგენტინის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველმა, ხავიერ მასკერანო, საფრანგეთის ნაკრებთან განცდილი მარცხის (3:4) შემდეგ პრესასთან ისაუბრა. როგორც იცით, ამის შემდეგ მან სანაკრებო კარიერა დაასრულა.

“იცით, რომ ეს ჩემი ბოლო თამაში იყო ნაკრების მაისურით. ახლა ღრმა ანალიზის დრო ნამდვილად არ არის. ჩვენ ძალიან გაბრაზებულები ვართ. ვიცით, როგორ დავწყვიტეთ ფანებს გული. ისინი ჩვენგან ქვეყნის სახელის დაცვას ელოდნენ.

დღეს ჩვენ ძლიერ მეტოქესთან დავმარცხდით. ეს ჩვენი საერთო მარცხია. ტურნირის მიმდინარეობისას ცუდი და კარგი მომენტები გვქონდა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი ასე დასრულდა.

რაც შეეხება მესის, ის საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ მასაც კი არ შეუძლია, მარტო მოიგოს,” – აცხადებს მასკერანო.

ნიგერიის მწვრთნელი: “ოთხ წელში ძალიან ძლიერები ვიქნებით”

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ნიგერია არგენტინასთან ანგარიშით, 1-2 დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა. აფრიკელთა მთავარმა მწვრთნელმა, გენროტ რორმა ჟურნალისტებთან მატჩისშემდგომი კომენტარი გააკეთა.

“ჩვენ ახლაგაზრდა ფეხბურთელები გვყავს, რომელთაც მცირე გამოცდილება აქვთ. თუმცა, ოთხ წელში ძალიან ძლიერები ვიქნებით. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, რომელთაც დიდი გზა გამოიარეს, რათა აქ მოხვედრილიყვნენ. მატჩების უმეტესობაში თავს ისე ვგრძნობდით, თითქოს, სტუმრად ვთამაშობდით. თუმცა, აქ საქმე გულშემატკივართა რაოდენობას კი არა, მათი მხარდაჭერის ხარისხს ეხება. ვფიქრობ, ამ ასპექტში ერთ-ერთი საუკეთესონო ვიყავით,” – ამბობს რორი.

დეჟა ვუ: როხომ წინა მსოფლიოს ჩემპიონატზეც ნიგერიას გამარჯვების გოლი გაუტანა (ვიდეო)

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში არგენტინამ ნიგერია ანგარიშით, 2-1 დაამარცხა და მერვედფინალში გასვლა მოახერხა. საგულისხმოა, რომ გამარჯვების გოლის გატანა ლათინოამერიკელთა მხრიდან მარკოს როხომ მოახერხა. სწორედ მან ითამაშა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ არგენტინა ჯგუფში არ ჩარჩა.

საინტერესო ფაქტია ის, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველს 2014 წლის 25 ივნისს, ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, ზუსტად ნიგერიასთან გამარჯვების გოლი აქვს გატანილი. ანგარიში 2:2 იყო, როცა მარკოსმა 50-ეზე შეაგდო. მანამდე კი დუბლები ლიონელ მესისა და აჰმედ მუსას ჰქონდათ გაფორმებული. იმ გაარჯვებით ალეხანდრო ხავიერ საბელიას გუნდმა ცხრა ქულა მოაგროვა და პირველი ადგილით გავიდა ჯგუფიდან.

იხილეთ როხოს გოლი

 

 

ემოციების პიკი: არგენტინის ნაკრებმა ბოლო წუთებზე მოიგო (ვიდეო)

მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის D ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ბოლო მომენტამდე ოთხივე ნაკრები ინარჩუნებდა მომდევნო ეტაპზე გასვლის შანს.

არგენტინისა და ნიგერიის ნაკრებების მატჩს მთელი მსოფლიო მოელოდა, ხორხე სამპაოლი საუკეთესო არგენტინის ნაკრებს დაგვპირდა, თუმცა მსგავსი ვერაფერი ვიხილეთ. მართალია, არგენტინელები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გამარჯვება მხოლოდ ბოლო წუთებზე მოიპოვეს.

ანგარიში შეხვედრის მე-14 წუთზე ლეო მესიმ გახსნა, მესის გოლს ვიქტორ მოზესმა 51-ე წუთზე უპასუხა თერთმეტმეტრიანის საშუალებით. ყველაფერს წერტილი მარკოს როხომ დაუსვა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში არსებული გაუგებრობით ისარგებლა და გადამწყვეტი გოლიც შეაგდო – 2-1.

ასე რომ, არგენტინა 1/8-ფინალშია, სადაც მას უძლიერესი საფრანგეთის ნაკრები დაუპირისპირდება.

მსოფლიოს ჩემპიონატი
D ჯგუფი (3 ტური)
არგენტინა – ნიგერია 2-1 (1-0)
გოლები: ლეო მესი 14′, მარკოს როხო 86′ – ვიქტორ მოზესი (პენ.) 51′

ნიგერია – არგენტინა (ძირითადი შემადგენლობები)

დღეს, 22:00 საათზე მსოფლიოს ჩემპიონატის D ჯგუფში, მესამე ტურში ნიგერია არგენტინას დაუპირისპირდება. სამხრეთამერიკელებს მერვედფინალში გასასვლელად, მხოლოდ და მხოლოდ, მოგება აწყობთ.

გთავაზობთ გუნდების სასტარტო შემადგენლობებს.

ნიგერია: უზოჰო, იდოვო, ნდიდი, ეკონგი, ბალოგუნი, მუსა, ეტებო, მიკელი, მოზესი, იჰეანაჩო, ომერუო.

არგენტინა: არმანი, მერკადო, ტაგლიაფიკო, ბანეგა, იგუაინი, მესი, დი მარია, მასკერანო, პერესი, მარკოს როხო, ოტამენდი.

დი მარია: “რეალი” მოითხოვდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გამომეტოვებინა”

მადრიდის “რეალის” ყოფილი გარემარბი, ანხელ დი მარია, რომელიაც 2014 წლიდან “პარი სენ-ჟერმენის” ღირსებას იცავს, პრესასთან გულღიად საუბრობს და აცხადებს, თუ რა ხდებოდა იმ წლის ზაფხულში.

“ყველამ იცოდა, რომ “რეალს” ხამეს როდრიგესის ყიდვა უნდოდა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ და მისთვის ადგილის გასათავისუფლებად, ჩემს გაყიდვას გეგმავდნენ. ეს მაშინვე ვიცოდი.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ტრავმის გართულების შანსი იყო და მათ არ უნდოდათ, რომ თავიანთი პროდუქრი დაზიანებულიყო. “რეალის” ექიმებმა წერილი გამომიგზავნეს, მე კი წაუკითხავად დავხიე ის და ვთქვი “გადაწყვეტილებებს მე ვიღებ”.

მზად ვიყავი ფინალში მეთამაშა, თუნდაც კარიერის დასრულების ტოლფასი ყოფილიყო. მაგრამ არც ის მინდოდა, გუნდის საქმე გამეფუჭებინა. მწვრთნელთან მივედი და ყველაფერი მოვუყევი, ვუთხარი რომ მის გადაწყვეტილებას დავემორჩილებოდი.

მატჩის წინ, მწვრთნელმა არჩევანი ენცო პერესზე გააკეთა, რადგანაც ის ასი პროცენტით მზად იყო. მე ამ გადწყვეტილებას მშვიდად შევხვდი,” – აცხადებს დი მარია.

სამპაოლი: “ხვალ არგენტინის ნაკრების საუკეთესო თამაშს იხილავთ”

არგენტინის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი ნიგერიასთან მატჩში გულშემატკივარს ბრწყინვალე სანახაობას პირდება. შეგახსენებთ, რომ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად “ალბისელესტემ” აუცილებლად უნდა მოიგოს აღნიშნული მატჩი.

“ხვალინდელ მატჩს ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამ მატჩზეა დამოკიდებული, გავალთ თუ არა შემდეგ ეტაპზე – ამიტომაც, ჩვენი გულშემატკივარი ნაკრების საუკეთესო თამაშს იხილავს

მტკივნეული მარცხის შემდეგ რამდენიმე დღემ გაიარა და ახლა ყველაფერი გაანალიზებული მაქვს. ყველაფერი ჩემს თავშია, მაგრამ სასტარტო შემადგენლობის გამჟღავნებას ახლა არ ვაპირებ.

გუნდის შედეგზე პასუხისგმებებლი მე ვარ. ახლა მხოლოდ დეტალებს ვამუშავებთ, მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ 1/8-ფინალებში მოსახვედრად,” – აცხადებს სამპაოლი.