„მესის ასპერგერის სინდრომი აქვს“

„ბარსელონასა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი რომარიო ამბობს, რომ კატალონიური გუნდის თავდამსხმელ ლიონელ მესის ასპერგერის სინდრომი აქვს. ასპერგერის სინდრომი აუტიზმის ერთ-ერთი ფორმაა. აღნიშნული სინდრომის მქონე ადამიანებს ნორმალური ინტელექტისა და განვითარებული მეტყველების ფონზე ახასიათებთ სოციალური ურთიერთობების დეფიციტი, კომუნიკაციის სირთულე და უცნაური, ექსცენტრიული ქცევები. როგორც წესი, ასპერგერის სინდრომის მქონე ადამიანები ვიწრო, შეზღუდულ ინტერესებზე აკეთებენ სრულ კონცენტრაციას.

„იცით თუ არა, რომ მესის ასპერგერის სინდრომი აქვს? ეს აუტიზმის მსუბუქი ფორმაა, რომელიც მას საშუალებას აძლევს კონცენტრაცია ფეხბურთზე გააკეთოს. აუტიზმის ასევე ჰქონდათ ნიუტონსა და აინშტაინს. ვიმედოვნებ, რომ მესი სირთულეებს გაუმკლავდება და ლამაზი თამაშით კვლავ დაგვატკბობს“, – დაწერა რომარიომ თავის მიკრობლოგზე.