რონალდინიო „დააყაჩაღეს“ (ვიდეო)

საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში რონალდინიოს „ატლეტიკო მინეირო“ მაროკოულ „კასაბლანკასთან“ ანგარიშით 1:3 დამარცხდა. ბრაზილიელთა მხრიდან ეს ერთადერთი გოლი საჯარიმო დარტყმით სწორედ რონალდინიომ გაიტანა (იხილეთ გოლის ვიდეო).

მატჩის შემდეგ „კასაბლანკას“ ფეხბურთელები სათითაოდ გადაეხვივნენ „მინეიროს“ მე-10 ნომერს და რაც შეძლეს, თითქმის ყველაფერი გახადეს.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ბრაზილიური კლუბი ჩინურ „გუანჩჟოუ ევერგრანდს“ დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა შაბათს, თბილისის დროით 20:30 საათზე აიღებს სტარტს.

ფინალური მატჩი მიუნხენის „ბაიერნსა“ და „კასაბლანკას“ შორის შაბათს შედგება და ჩვენი დროით 23:30 საათზე დაიწყება.

რონალდინიომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ულამაზესი ჯარიმა გაიტანა

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე, “კასაბლანკასა” და “ატლეტიკო მინეიროს” შორის დაპირისპირებაში, ბრაზილიური გუნდი ლეგენდარულმა მოთამაშემ, რონალდინიომ მეტოქეს ჯარიმიდან ულამაზესი გოლი გაუტანა.

რონალდინიო ისევ ფორმაშია: ბრაზილიელი ვარჯიშზე ტექნიკის დემონსტრირებას ახდენს

როგორც ჩანს, ბრაზილიური “ატლეტიკო მინეიროს” ფეხბურთელი, რონალდინიო ისევ ფორმაშია, რაზეც ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული ვიდეო მეტყველებს.

რონალდინიო გოლებით დაბრუნდა (ვიდეო)

როგორც იქნა, რონალდინიომ ტრავმა მოიშუშა, მოედანს დაუბრუნდა და პირველივე მატჩში გაიტანა გოლი (უფრო სწორად გოლები!). ბრაზილიის სერია A-ს ეგიდით  „ატლეტიკო მინეიროსა“ და „ვიტორიას“ შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. შეხვედრის მე-6 წუთისთვის „ვიტორიას“ უკვე ორი ბურთი ჰქონდა გატანილი, თუმცა „მინეირომ“ რონალდინიოს დახმარებით სიტუაციის შემოტრიალება შეძლო. სახელგანთქმულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში ლამაზი საჯარიმო დარტყმით ერთი ბურთი გაქვითა, რონალდინიომ მეორე გოლი შეხვედრის 90-ე წუთზე პენალტით გაიტანა და გუნდს ქულა მოუტანა – 2:2.

გთავაზობთ რონალდინიოს მიერ აღნიშნულ მატჩში გატანილი პირველი გოლის ამსახველ ვიდეომასალას.

 

რონალდინიო: “ჩემი მიზანი ისაა, რომ ყოველთვის საუკეთესო ფორმაში ვიყო”

2013 წლის, 25 ივლისს, ბრაზილიურმა “ატლეტიკო მინეირომ” ლიბერტადორესის თასის ფინალში პარაგვაული “ოლიმპია” დაამარცხა და სამხრეთ ამერიკის საუკეთესო კლუბის წოდება მოიპოვა.

ბრაზილიური გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი გამოცდილმა ფეხბურთელმა, რონალდინიომ დაიდო. სამწუხაროდ, გაუჩომ 27 სექტემბერს მძიმე ტრავმა მიიღო. თავდაპირველი პროგნოზის მიხედვით, “ბარსელონასა” და “მილანის” ყოფილ მოთამაშეს სამი თვე უნდა გასცდენოდა. შესაბამისად, ის დეკემბერში, ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებდა. თუმცა, არსებობს იმის შანსი, რომ ყველასათვის გამორჩეულმა ფეხბურთელმა და ადამიანმა დეკემბერში თამაში შეძლოს.

FIFA.com-მა რონალდინიოს ინტერვიუ ჩამოართვა, რომელსაც ჩვენ აქვე გთავაზობთ.

– მას შემდეგ, რაც “ატლეტიკო მინეიროში” გადახვედით, ძირითადად, ცენტრიდან, შემტევ ნახევარმცველად თამაშობთ. ადრე კი, მარცხენა თავდამსხმელად გიყენებდნენ. რა შეიცვალა თქვენს თამაშში?
– როდესაც პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა დავიწყე, მაშინ სწორედ ცენტრიდან ვუტევდი. შემდეგ, “პარი სენ-ჟერმენში” გადავედი, სადაც მარცხენა თავდამსხმელად მიყენებდნენ, ასე ხდებოდა “ბარსელონაშიც”. საბოლოოდ, როცა “ატლეტიკო მინეიროში” მოვედი, მწვრთნელმა მკითხრა, რომელ პოზიციაზე მოვიაზრებდი ჩემს თავს. მე კი ვუპასუხე, რომ ყველაზე მეტად გუნდისათვის სარგებელის მოტანა შემტევი ნახევარმცველის პოზიციიდან შემეძლო. მიყვარს, როდესაც მთავარი შემქმნელი მე ვარ.

– “ატლეტიკო მინეირომ” ლიბერტადორესის თასის მოგება მოახერხა. არის თუ არა ეს გუნდის მთავარი მწვრთნელის, კუკას დამსახურება?
– რა თქმა უნდა. კუკა ძალიან დიდ პატივისცემას იმსახურებს. მან ყველაფერი კარგად დაგეგმა, ხოლო ჩვენ ისე ვითამაშეთ, როგორც საჭირო იყო.

– დაგეხმარებათ თუ არა ევროპულ ფეხბურთში მიღებული გამოცდილება იმაში, რომ მაროკოში ჩასატარებელ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გუნდს დიდი დახმარება გაუწიოთ?
– ამ თემაზე ხშირად ვსაუბრობ. ჩემს გარდა, გუნდში სხვა გამოცდილი ფეხბურთელებიც არიან. მაგალითად: ჟოზუე, ჟო, ჯილბერტო სილვა. მათ ინგლისისა და გერმანიის ჩემპიონატებში უთამაშიათ. ყველა ქვეყანაში განსხვავებული სათამაშო სტილია ჩამოყალიბებული, ამიტომ ვფიქრობ, ჩვენი გამოცდილება გუნდს აუცილებლად წაადგება.

– გვარდიოლას კარგად იცნობთ. როგორ ფიქრობთ, მან “ბაიერნის” სათამაშო სტილი შეცვალა?
– სიამრთლე გითხრათ, დიდი ანალიზი არ გამიკეთებია, მაგრამ ვფიქრობ, რომ “ბაიერნის” სტილში რაღაც ცვლილებები შეინიშნება. ნათელია, რომ გვარდიოლას მისვლის შემდეგ, მიუნხენელები ბურთის ფლობაზე უფრო მეტ აქცენტს აკეთებენ და მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს სივრცეებს არ უტოვებენ.

– როდესაც “ბარსელონაში” თამაშობდით, მაშინ გვარდიოლა “ბარსელონა B-ს” თავკაცობდა. გეგონათ, რომ გვარდიოლა ასეთი წარმატებული მწვრთნელი იქნებოდა?
– დიახ, მეგონა. “ბარსელონას” იდეოლოგია ასეთი იყო: ყველა ასაკობრივ გუნდს პირველი გუნდის მსგავსად უნდა ეთამაშა. როდესაც ფეხბურთელი წამოიზრდებოდა, ის პირველ გუნდში სათამაშოდ მზად იყო. ასეთი სიტუაცია იყო მწვრთნელთან დაკავშირებითაც.

– “ატლეტიკო მინეიროში” გადმოსვლის შემდეგ, ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში თამაშის შანსი მოგეცათ…
– ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებამ ძალიან გამახარა. მე და ლუიშ ფელიპე სკოლარის ერთმანეთთან მშვენიერი ურთიერთობა გვაკავშირებს. ის ძალიან პირდაპირი ადამიანია. ვიცი, რომ კიდევ არსებობს ჩემი ნაკრებში დაბრუნების შანსი. სკოლარი დიდებული მწვრთნელია, ამიტომ ის სიტუაციას ყველაზე კარგად შეაფასებს.

– როგორც უკვე ავღნიშნეთ, კლუბში ცენტრიდან უტევთ. ხედავთ თუ არა თქვენს თავს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში?
– ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. მე ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შემიძლია.

– ფიქრობთ თუ არა იმაზე, რომ 2014 წლის მუნდიალზე მოხვდეთ?
– რა თქმა უნდა. ჩემი მიზანი ისაა, რომ ყოველთვის საუკეთესო ფორმაში ვიყო. დანარჩენი კი, მწვრთნელის გადასაწყვეტია.

დიტო ჭიჭინაძე

რონალდინიო ვარჯიშზე ხალისობს

ინტერნეტ-სივრცეში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ხალისობს “ატლეტიკო მინეიროს” ვარჯიშზე რონალდინიო გაუჩო.

რონალდინიო თავის სტიქიაშია

ინტერნეტ-სივრცეში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორი გოლები გააქვს და როგორ პასებს აკეთებს “ატლეტიკო მინეიროს” ფეხბურთელი რონალდინიო.

რონალდინიოს მშვენიერი გოლი ვარჯიშზე

ინტერნეტ-სივრცეში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორი გოლი გააქვს ლეგენდარულ რონალდინიოს “ატლეტიკო მინეიროს” ვარჯიშზე.