ბესიკ დეკანოიძე: “ნეფთჩისთან” გამარჯვებაზე ვფიქრობთ”

უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის “ჩიხურა” ბაქოს “ნეფთჩის” დაუპირისპირდება. იმერული გუნდის თავდამსხმელმა ბესიკ დეკანოიძემ azerisport-ის ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა.

— მზად ხართ ბაქოელებთან გასამართი მატჩისთვის?
— ჯერ მზადება არ დაგვისრულებია. მატჩს სრულად მომზადებულნი შევხვდებით.

— რას ფიქრობთ დამდეგ მატჩზე?
— “ნეფთჩი” ძალიან კარგი გუნდია, თუმცა ეს ჩვენ არ გვაშინებს, რადგან მომდევნო ეტაპზე გასვლა გვინდა.

— როგორ დაძლიეთ “ბურსასპორის” ბარიერი?
— ვიცით, რომ სენსაცია მოვახდინეთ. ბოლომდე ვიბრძოლეთ, რაც საბოლოო წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორი გახდა.

— ამ ზაფხულს ორჯერ შეხვდით “ნეფთჩის” მოსამზადებელი პერიოდის დროს, არცერთი მატჩი არ წაგიგიათ. ახლა უკვე ოფიციალური შეხვედრის დრო დადგა. რა შედეგი დაგაკმაყოფილებთ ბაქოში გასამართ მატჩში?
— ბუნებრივია, ჩვენ გამარჯვებაზე ვფიქრობთ. ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ დავძლიოთ “ნეფთჩი” ბაქოში.

— თქვენი აზრით, ეს იოლი იქნება?
— რა თქმა უნდა, არა. “ნეფთჩი” ძლიერი მეტოქეა. ასეთი გუნდის წინააღმდეგ ბოლომდე უნდა ვითამაშოთ.

როგორც აქამდე მოგახსენეთ, ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის ხვალ გასამართი მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

 

“ნეფთჩის” თავკაცი: “ზესტაფონი” “ჩიხურაზე” ძლიერია”

როგორც მოგეხსენებათ, უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის “ჩიხურა” ბაქოს “ნეფთჩის” დაუპირისპირდება. ეს აზერბაიჯანული გუნდი ქართველებისთვის კარგად ნაცნობია: ორი წლის წინათ, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე “ნეფთჩისა” და “ზესტაფონის” გზები გადაიყარა. პირველი შეხვედრა ბაქოელებმა შინ ანგარიშით 3:0 მოიგეს, მეორე კი ფრედ, 2:2 დასრულდა.

საგულისხმოა, რომ მიმდინარე წლის ივნისის თვეში “ჩიხურასა” და “ნეფთჩის” შორის ორი ამხანაგური მატჩი გაიმართა. პირველ შემთხვევაში სოსო ფრუიძის გუნდმა 3:2 იმარჯვა, მეორე მატჩი კი 1:1 დასრულდა.

“ნეფთჩის” თავკაცი ბეიუკაღა გაჯიევი თავს იმშვიდებს და azerisport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ “ზესტაფონი” დღევანდელ “ჩიხურაზე” ძლიერია.

— რას იტყოდით “ჩიხურას” შესახებ?
— ამ გუნდთან საკონტროლო მატჩები ჩავატარეთ, თუმცა ამ შეხვედრებზე დაყრდნობით არაფრის თქმა არ შეიძლება. ჩვენთვის უფრო სასარგებლო იქნება “ბურსასპორის” წინააღმდეგ მათ მიერ ჩატარებული მატჩის ვიდეოჩანაწერის ხილვა. მეტოქეს პატივს ვცემთ.

— შესაძლოა თუ არა “ჩიხურას” შედარება “ზესტაფონთან”, რომელსაც თქვენი გუნდი შარშანწინ შეხვდა?
— რთული სათქმელია. მცირე ინფორმაცია მაქვს იმის შესახებ, თუ როგორ თამაშობს “ჩიხურა” ეროვნულ ჩემპიონატში. ვფიქრობ, რომ დასახელებული გუნდები თანაბარი ძალისანი არიან, “ზესტაფონ” უფრო ძლიერიც კია.

 

ინგლისური კლუბი აზერბაიჯანელმა ბიზნესმენმა შეიძინა

ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში მოასპარეზე კლუბი „შეფილდ უენსდეი“ აზერბაიჯანელმა ბიზნესმენმა ჰაფიზ მამედოვმა შეიძინა.

მამედოვი ასევე გახლავთ ბაქოს „ბაკისა“ და ფრანგული „ლანსის“ მფლობელი.

ინგლისის ჩემპიონშიფის 2013-2014 წლების სეზონი „შეფილდმა“ მე-16 პოზიციაზე დაასრულა.

„შეფილდ უენსდეი“ 1867 წელს დაარსდა და მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ უძველეს კლუბად ითვლება.

 

მეკარე, რომელმაც პენალტი მოიგერია, გააძევეს

აზერბაიჯანის პრემიერლიგის ეგიდით „გაბალასა“ და ბაქოს „რევანს“ შორის გამართულ მატჩში (0:0) საინტერესო რამ მოხდა. სტუმართა გუნდის კარის მიმართულებით დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმა პოლონელმა კიპერმა ლუკაშ საპელამ მოიგერია, რის შემდეგაც უცენზურო ჟესტი გააკეთა და მსაჯმა ის მოედნიდან გააძევა.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

 

გელაშვილის დუბლი აზერბაიჯანის ჩემპიონატში

3 ნოემბერს, აზერბაიჯანის ჩემპიონატში მეთორმეტე ტურის მატჩები გაიმართა. ნიკოლოზ გელაშვილის “ყარაბაღმა” საკუთარ მოედანზე “გაბალა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:3 დაამარცხა.

ქართველმა ფორვარდმა მასპინძელი გუნდის გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო, მან მეტოქის კარი ორჯერ დალაშქრა, ხოლო ერთხელ კი, თანაგუნდელს საგოლე პასი გაუკეთა. გელაშვილმა თავი 26-ე და 50-ე წუთებზე გამოიჩინა, მოედნიდან კი 75-ე წუთზე გაიყვანეს.

ამრიგად, “ყარაბაღი” 27 ქულით, აზერბაიჯანის ჩემპიონატში პირველ ადგილს იკავებს და მეორე პოზიციაზე მყოფ “ნეფთჩის” ორი ქულით უსწრებს.

დიტო ჭიჭინაძე